Home რუბრიკები პოლიტიკა ბრჭყვიალა თბილისური შირმის უკან სიღატაკე და უსაშველობაა!

ბრჭყვიალა თბილისური შირმის უკან სიღატაკე და უსაშველობაა!

მიმომხილველები რუსეთის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის გამოხდომებს სულ უფრო ხშირად ადარებენ სახიფათო თამაშს ზამთრის ძილისგან გაღვიძებულ დათვთან, რომელსაც ცხოვრების ბუნებრივი რეჟიმი დაურღვიეს. “შატუნი” ამ დროს ისეა გაავებული, რომ წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება. ამერიკელი მასწავლებლების მიერ წაქეზებული სააკაშვილი ამ რეალობას არ ითვალისწინებს და საქართველოს სახელისუფლო სტრუქტურებს აიძულებს, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც რუსეთის უკიდურეს გაღიზიანებას იწვევს. წერილი, რომელსაც დღეს გთავაზობთ, ამ საკითხს ეძღვნება.
გასულ კვირაში აშშ-ის სენატმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელიც მიეძღვნა საქართველოში შექმნილი მდგომარეობისა და ამ რესპუბლიკის ამერიკასთან ურთიერთობის განვითარების პერსპექტივას. დოკუმენტში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც, სენატორების აზრით, “რუსეთის მიერაა ოკუპირებული”, ხოლო იქ არსებული სიტუაცია არასტაბილურია, რაც მოითხოვს ამ რეგიონებში საერთაშორისო დამკვირვებლების კონტიგენტების განლაგებას.

რა ხდება სინამდვილეში აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობის კულისებს მიღმა? რა როლის შესრულებას დააკისრებენ საქართველოს უახლოეს დროში? მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი დღეს აშკარად ვერ ანაზღაურებს ამერიკელების მიერ მის შესანახად რეგულარულად დახარჯულ ფულს.
ამერიკელები დაინტერესებული არიან რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო პოზიციებისთვის საფუძვლების მერყეობით. ამ მიმართებით ერთ-ერთ მთავარ პუნქტად მიჩნეულია სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩავარდნა. თუ ამას მოახერხებენ, ისეთი სკანდალი აგორდება, რომლის მსგავსი ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში იშვიათია. ამით კი რუსეთის საერთაშორისო პრესტიჟი კოლოსალურად დაზარალდება.
2010 წლის 19 ნოემბერს საქართველოში გაიმართა ხელმძღვანელი ორგანოების კომპლექსური სხდომა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის საკითხებზე, რომელიც დახურულ ფორმატში ჩატარდა. გამოჟონილი ინფორმაციით გაირკვა, რომ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ოლიმპიური თამაშების ჩატარების წინააღმდეგ საპროტესტო კამპანიის ჩატარების შესახებ. ქართველმა დეპუტატებმა  საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართეს, გადაიტანონ ოლიმპიადა სხვა ქვეყანაში.
2014 წლის თამაშების საწინააღმდეგოდ წამოაყენეს სამი ძირითადი არგუმენტი: ეკოლოგიის დარღვევა, არასაკმარისი უსაფრთხოება და ისტორიული მიზანშეუწონლობა. ამ უკანასკნელში იგულისხმება “ჩერქეზი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის იმპერიის მიერ მოწყობილი გენოციდი”.
რეზოლუციის საბაბად გამოიყენეს 1864 წლის 21 მაისის მოვლენები, როცა რუსეთის ჯარებმა აიღეს ჩერქეზული წინააღმდეგობის უკანასკნელი ცენტრი კბადეში (ამჟამად – კრასნაია პოლიანა). იმ დღეს დიდმა მთავარმა მიხაილ ნიკოლაევიჩმა ამ ადგილას ჩაიბარა რუსეთის ჯარების აღლუმი.

მაგრამ ქართველ პარლამენტარებს მართლა თუ აწუხებდა წარსულის ობიექტური მოვლენები, მოუწევდათ სიტყვების “გენოციდი ჩერქეზების წინააღმდეგ” გვერდით დაეწერათ ადამიანების დაღუპვაში თავად-აზნაურობის პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც კავკასიაში იმპერიული პოლიტიკის მთავარი განმახორციელებელი იყო. ასობით ქართველი ოფიცერი მსახურობდა რუსეთის არმიაში.
აშკარად აბსურდულია პარლამენტარების მოთხოვნა _ თანამედროვე კანონის გამოყენება შორეული წარსულის მოვლენების მიმართ. რუსეთის მიერ XVIII-XIX საუკუნეებში კავკასიაში განხორციელებულ პოლიტიკას რეზოლუცია ახასიათებს, როგორც ჰააგის კონვენციასთან  “ხმელეთზე ომის კანონებისა და ჩვეულებათა შესახებ” შეუთავსებელს, რომელიც მიღებული იყო 1907 წელს. აკრიტიკებს რუსეთის იმდროინდელ პოლიტიკას გაეროს მიერ 1947 წლის დეკემბერში მიღებული კონვენციის პოზიციებიდან,  რომელიც ითვალისწინებს გენოციდის დანაშაულებათა თავიდან აცილებისა და დასჯის საკითხებს. მთელი ეს სამართლებრივი გაუგებრობა მიმართულია “ოლიმპიადა 2014”-ის წინააღმდეგ საერთაშორისო საბოტაჟისთვის პირობების შესაქმნელად.
მაგრამ, როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას არავითარი სენსაცია არ მოჰყოლია მსოფლიოში და არც რაიმე გავლენა მოუხდენია ოლიმპიადისთვის მზადების გეგმებზე. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, ეტყობა, არც შეუმჩნევია.
მაშ, ვინ იტყვის გადამწყვეტ სიტყვას? რა თქმა უნდა, _ საერთაშორისო დამკვირვებლები! თუ მათი გუნდების წევრები ჩავლენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ატეხენ განგაშს, რომ სოჭის მახლობლად, რუსეთის ფედერაციის საზღვარზე “არ არის სიმშვიდე”, მაშინ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იძულებული იქნება, მიიღოს საკითხი განსახილველად. დაიწყება ლაპარაკი “კავკასიურ ტერორიზმზე”, “ჩერქეზების გენოციდზე”, ევკალიპტების გაჩეხილ ტყეზე, ნარკოტრაფიკზე და ა.შ. და ა.შ. ცენტრში კი იდგება მიხეილ სააკაშვილი  კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მთავარი მზრუნველი.
რატომ ასრულებს საქართველოს ხელმძღვანელობა ბინძურ სამუშაოს, რომელსაც ჩვეულებრივ ხელს კიდებენ ყველაზე უიმედო და გაღატაკებული დიქტატურები? აკი, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო ფრიად მტკიცედ და თავდაჯერებულად დგას და დღეს თუ ხვალ მიიღებენ დასავლეთის თანამეგობრობაში?
მაგრამ ექსპერტებს სააკაშვილის ასეთი ოპტიმიზმი ძალზე გაზვიადებულად მიაჩნიათ. საქართველოს მოსახლეობა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბის ზღვარზე დგას. ასეთი მდგომარეობა ზოგჯერ სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისთვისაც არის დამახასიათებელი, მაგრამ საქართველოს მაგალითი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ეს ქვეყანა წარმოგვიდგება როგორც ხელისუფლების მოღვაწეობის ახალი მოდელი პოსტსაბჭოთა სივრცეში. ბრჭყვიალა შირმის უკან, რომელსაც უკანასკნელ წლებში ოფიციალური თბილისი იფარებს, სულ უფრო აშკარად იკვეთება სიღატაკისა და უსაშველობის სურათი.
გაეროს მონაცემებით, საქართველოში მცხოვრები 1,8 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. ერთი წლის წინათ მათი რაოდენობა ნაკლები იყო და 1,2 მილიონს უდრიდა. ეს ციფრები ღირს დაფიქრებად: რესპუბლიკა, რომელიც საბჭოთა კავშირში აყვავებული იყო, ვაშინგტონური ჩამოსხმის დემოკრატებმა უაზრო მდგომარეობამდე მიიყვანეს _ ყოველ მეორე ქართველს საკმარისი რაოდენობის პურიც კი არ გააჩნია.
ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში შრომისუნარიანი მოსახლეობის 14 პროცენტი უმუშევარია. რეალურად მათი რაოდენობა 30-35 პროცენტია.
ეკონომიკური რეფორმები უკიდურესად არაეფექტიანია. 2013 წლისთვის საქართველოს საგარეო ვალი 800 მილიონ დოლარს მიაღწევს. დღეისთვის ამ ვალის მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის 40 პროცენტზე მეტია, ხოლო 60 პროცენტს თუ მიაღწია, ქვეყანას გაკოტრებულად გამოაცხადებენ.
მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წარუმატებელი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ქვეყნის ბიუჯეტი, ფაქტობრივად, უცხოეთის წყაროებიდან შემოსული ფულით ფინანსდება, ეკონომიკის რეალური სექტორი სტაგნაციის მდგომარეობაში რჩება.
სააკაშვილის ხელისუფლებას ახალ-ახალ კრედიტებს აწვდიან საერთაშორისო საფინანსო სტრუქტურები, რაც ქვეყნის უფრო და უფრო დაკაბალებას იწვევს. მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ და ევროკავშირი დაჰპირდა თავის “ძაღლიშვილს”, რომ 3 წლის განმავლობაში საქართველოს გამოუყოფს სესხს 4,5 მილიარდი დოლარის ოდენობით.
2008 წლიდან მოყოლებული საქართველომ 4 მილიარდამდე დოლარი მიიღო. ამ თანხის ხარჯვაზე განსხვავებული აზრი არსებობს. ის, რაც თბილისმა მიიღო, დასაბრუნებელი იქნება, რადგან კრედიტია, სესხი. და აქ იწყება ყველაზე საინტერესო.
2008 წელს საქართველომ გამოუშვა 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები, რაც 2013 წლამდე უნდა დაეფარა. ამის გაკეთება დანგრეული ეკონომიკის პირობებში შეუძლებელი შეიქმნა, ამიტომ საქართველომ დამატებით გამოუშვა 500 მილიონი დოლარის ახალი ევროობლიგაციები. ძველს ახალი ვალი დაამატა, რომლის გადახდის ვადა 2021 წელს ამოიწურება. სააკაშვილმა, ფაქტობრივად, ეს ვალი ხელისუფლების მომავალ ფორმაციას დაუტოვა გადასახდელად.
დღეს დამკვიდრებულია პროპაგანდისტური შტამპი იმის შესახებ, რომ საქართველოში დაამარცხეს კორუფცია. სინამდვილეში კი ქვეყანაში ჩამოყალიბდა ელიტარული კორუფციის უნიკალური სისტემა. ამ სქემაში ადამიანების ჩართვა მიხეილ სააკაშვილის ნებართვით ხდება. ამ სისტემაში უზარმაზარი თანხა ტრიალებს. აქ მუშაობს პრინციპი “ხელი ხელს ბანს და ორივე ზემდგომის პირსო”.
სააკაშვილის რეჟიმს ისღა დარჩენია, რომ საყაჩაღოდ შარაგზაზე გამოვიდეს და ჩაუსაფრდეს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადას.
დიმიტრი სედოვი 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here