Home რუბრიკები პოლიტიკა რა დგას სინამდვილეში „ქართუბანკის“ სოლიდარობის აქციის მიღმა?

რა დგას სინამდვილეში „ქართუბანკის“ სოლიდარობის აქციის მიღმა?

საქართველო მართლაც უნიკალური ქვეყანაა. მხოლოდ აქ შეიძლება, მილიარდერს სოლიდარობა გაღატაკებულმა პენსიონერებმა და უმუშევრებმა გამოუცხადონ და ლარიანი ანაბრები გახსნან მის კუთვნილ ბანკში.

„აქუვიზიის“ ვერსიით, ეს არაორდინარული ინიციატივა ყოფილ „მხედრიონელს“, კულტურის ყოფილ მინისტრს, ნობელის პრემიის ნომინანტ დავით მაღრაძეს ეკუთვნის (აღარაფერს ვიტყვით იმაზე, რომ იგი სააკაშვილის მმართველობის სწორედ იმ პერიოდს აკრიტიკებს, როცა თავად „ვარდოსანი“ ხელისუფლების ახალი ჰიმნის ტექსტზე თავდავიწყებით მუშაობდა). სინამდვილეში, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „ქართუბანკის“ სოლიდარობის აქცია რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. მაღრაძემდე ასეულობით „ფეისბუქელმა“ „ქართუში“ ანგარიშიც გახსნა და საჩუქრად „გოლდენბარათებიც“ მიიღო. დღეს კი  ჭავჭავაძის გამზირზე, ბანკ „ქართუსთან“ დილიდანვე უამრავი მოქალაქე შეიკრიბა და ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად ბანკ „ქართუში“ ანგარიშებს ხსნიდა. შენობამ ხალხი ვერ დაიტია და მოქალაქეები ანგარიშისთვის საჭირო განაცხადებს ქუჩაშიც ავსებდნენ. ბანკთან, უმუშევრებისა და პენსიონერების გარდა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და თვით ტელეკომპანია „კავკასიის“ პატრონი დავით აქუბარდია მივიდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს უსამართლოდ ექცევა და მის ბანკში ანგარიშის გახსნით სოლიდარობას უცხადებენ.
62 არასამთავრობო ორგანიზაცია (უცნობია, იგივენი, თუ – სხვა) „გადაარჩინე სიცოცხლის“ ინიციატივით, დღეიდან ოპოზიციონერი მაგნატის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმოწერების შეგროვება იწყებს.
ისინი „ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნას არა მარტო როგორც უკანონო ქმედებისთვის, არამედ ზოგადად დემოკრატიის განვითარებისთვის მიმართულ ბრძოლად“ განიხილავენ.

ამასობაში კი მოქალაქე ნიკოლოზ მაისურაძეს მტაცებლებმა 5 სული ძროხა შეუჭამეს. არასამთავრობო ორგანიზაციები მის მიმართ სოლიდარობას არ გამოხატავენ, – სად სცალიათ, მილიარდერის უფლებებს იცავენ! ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთის მოსახლეობა კი განწირულად ითხოვს მონადირეთა ჯგუფის შექმნას და მგლების ლიკვიდაციას. „მგლები ძალიან მომრავლდნენ. საღამოს ძროხა თუ გარეთ დარჩა, ანადგურებენ. მინდორში გვიანობამდე ვეღარ ვრჩებით, საშიშია”, – ამბობენ გიორგეთის მაცხოვრებლები.

მინდორში არა, მაგრამ ციხეში ასეთივე მდგომარეობაში არიან ჩვენი პრემიერმინისტრის მიერ ქვეყანაში შემოტყუებული და „ნაობახტში“ გამწესებული ებრაელი ბიზნესმენები – რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი. ისრაელის საელჩოს მოთმინების ფიალა აევსო და სასჯელაღსრულებისა და იურიდიული დახმარების მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს და სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს წერილობით მიმართა. ისრაელის ელჩმა საქართველოში იცხაკ გერბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა: „საპყრობილეში ებრაელი ბიზნესმენების, რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის უფლებების დარღვევის ფაქტები უნდა აღმოიფხვრას და აღარ განმეორდეს”.  ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატმა, ვინ იცის, რამდენჯერ გააკეთა განცხადება, რომ საპატიმროში მათი უფლებები ირღვევა; კერძოდ,  ნიღბიანი სპეცრაზმელები უმიზეზოდ ჩხრეკენ მათ საკნებს ღამის საათებში, არ აძლევენ წამლებს, მათ ეზღუდებათ სატელეფონო საუბრების უფლება.

სამაგიეროდ, ლაპარაკის უფლებას არავინ უზღუდავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ნინო კალანდაძეს, რომლის გაუაზრებელმა გამონათქვამებმა უკვე მერამდენეჯერ გამოიწვია საერთაშორისო რეზონანსი: სომხური მედია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ნინო კალანდაძეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. როგორც ერთ-ერთი სომხური გამოცემა  წერს, „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთის პრეზიდენტი ქართველ კოლეგაზე განაწყენებულია და სწორედ ამ მიზეზით გადადო საქართველოში ვიზიტი“. ამის შესახებ კალანდაძემ მორიგ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. სომხური მხარე აღშფოთებულია იმით, რომ კალანდაძე „ სომხეთის პრეზიდენტის „პრესსპიკერის“ როლში გამოვიდა. მისი თქმით, სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი გადადებული არ არის, მისი საბოლოო ვადა არ იყო ცნობილი, რაც ამ ეტაპზე ზუსტდება. ქალბატონმა კალანდაძემ, პირველ რიგში, ბოდიში უნდა მოიხადოს, რამდენადაც სწორედ მან გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, რომლის თანახმად, სომხეთის პრეზიდენტი ნოემბრის დასაწყისში საქართველოს უნდა სწვეოდა. გარდა ამისა, ჩვენი ინფორმაციით, კალანდაძემ ძალიან იჩქარა, რადგან მაშინაც კი ვიზიტის დრო შეთანხმებული არ იყო, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქედმაღლობა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს”, – წერს  სომხური გამოცემა.

ვიდრე ნინო კალანდაძე, საკუთარი ენის გადამკიდე, მეზობლებთან საქართველოს ურთიერთობებს „აწესრიგებს“, მისი უფროსი – მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ფინეთში გაემგზავრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვაშაძის შეხვედრა ფინელ კოლეგასთან, ევროპულ საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან ალექსანდრე შტუბთან, ასევე საერთაშორისო განვითარების მინისტრთან და საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გრიგოლ ვაშაძე სამეცნიერო-კვლევით ცენტრში უსაფრთხოების თემაზე სიტყვით გამოვა.

სიტყვით აშშ-ში საქართველოს ელჩი თემურ იაკობაშვილიც გამოვიდა, ოღონდ – ჰოპკინსის უნივერსიტეტში. იაკობაშვილი ამტკიცებს, რომ რევოლუციის შემდეგ საქართველოში რეფორმები ერთდროულად ყველა მიმართულებით დაიწყო. „საერთაშორისო გამჭვირვალეობამ საქართველოში კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც ქართველების 3% ამბობს, რომ იძლევა ქრთამს, ან იღებს ან გაუგია მსგავსი ფაქტების შესახებ. საზოგადოებრივი შეგნების მსგავსად ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი პირველი ქვეყანა ვართ. ეს არ არის ისეთი მარტივი, რომ მხოლოდ პოლიციის დათხოვნა იყოს საკმარისი. საჭიროა პოლიციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა”, – განაცხადა იაკობაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთში საპასპორტო შემოწმებისასაც კი სასაზღვრო დაცვა ისე გიყურებს, როგორც პოტენციურ მტერს. ელჩი ამერიკელებთან საუბრისას არ აზუსტებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს დილა-შუადღე-საღამოს სულ მტერს ეძახის და აბა, როგორ შემოგხედავენ საზღვარზე?

მტრებმა კი მოსკოვში „მტრულად ყურება“ არ იკმარეს და მოსკოვში ქართველი „კანონიერი ქურდი“ გიზო ქარდავა დააკავეს. 33 წლის ქარდავას დაკავებისას უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქის გაყალბებული პასპორტი აღმოაჩნდა. რუსი სამართალდამცველები ფლობდნენ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქარდავა დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი იყო, რომელიც ბინების გაქურდვით, ავტომანქანების გატაცებით და ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებით იყო დაკავებული. დეპორტაციამდე ქარდავა უცხოელი მოქალაქეების დაკავების ცენტრშია გადაყვანილი.

მართალია, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის პოლიციას არ ენდობა, მაგრამ სამაგიეროდ, პატიმართა რეკორდული რაოდენობის (სხვადასხვა მონაცემებით – 23 ათასიდან 45 ათასამდე) პატრონი მოსახლეობა, თურმე, სულ უფრო და უფრო მეტად ენდობა სასამართლოს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი აცხადებს, რომ „საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებული კვლევის მიხედვით, სასამართლოების მიმართ ნდობა გაიზარდა და 72% შეადგინა“. კუბლაშვილმა 8 საქალაქო და რაიონულ სასამართლოში გამოკითხვის შედეგები წარმოადგინა. უზენაესმა სასამართლომ 2 765 მოქალაქე გამოკითხა, საიდანაც 72% აცხადებს, რომ ენდობა სასამართლოს.
„აღნიშნული კვლევა განსაკუთრებული და გამორჩეული იყო იმითაც, რომ სასამართლოებში მისული მოქალაქეები ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის მიმართულებებით ცალ-ცალკე გამოიკითხნენ. კვლევის მიხედვით 72% ენდობა სასამართლოს, 14% კი – არ ენდობა“,-აღნიშნა კუბლაშვილმა.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით გამოკითხულ ადამიანებს, კუბლაშვილის განცხადებით, შედეგი საკმაოდ კარგია – 55%-მა განაცხადა, რომ ენდობიან სასამართლოს, ხოლო 17% ნაწილობრივ ენდობა სისხლის სამართლის სასამართლოს.  „ეს მეტყველებს იმ ტენდეციაზე, რომ 2005 წლიდან, მას შემდეგ, რაც რეფორმა დაიწყო, სასამართლოს მიმართ მოქალაქეთა ნდობა მუდმივად იზრდება. ეს შედეგი კი, რეფორმების შედეგად მივიღეთ”,-აღნიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.  კუბლაშვილის განცხადებით, მოქალაქეების ეს მიდგომა ობიექტურია, თუმცა მისივე თქმით, ბევრია სამუშაო, იმავე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, სადაც მოქალაქეთა ნდობა 55%-ია.

ერთი სიტყვით, თვითონ იჭერენ, თვითონ ატარებენ გამოკითხვას და მონაცემებსაც თავად იწერენ. აბა, რას იტყვიან, მოსახლეობა არ გვენდობაო?

ნდობა მოწყვლადი კატეგორიაა; ზოგი ივანიშვილს ენდობა, ზოგიც – სააკაშვილს. ისეთებიც მოიძებნებიან, რომელნიც ეროსი (ერასტი) კიწმარიშვილს და მის მიერ „ქართული პარტიიდან“ გარიცხულ კოტე გოგელიას ენდობიან.
ასეა თუ ისე, არ ენდოთ გამოკითხვებს, რომლის დროსაც სასამართლოს შენობაში გაჩერებენ და  „ნულოვანი ტოლერანტულობით“ სავსე თვალებით, შემპარავად გეკითხებიან: – ხომ მენდობი?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here