საქართველოში ახალი ამბების მნიშვნელოვანი ნაწილი არა აწმყოს, არამედ მომავალს ეხება. პრაქტიკულად ყოველდღე ვიგებთ, რომ რაღაც აშენდება, შეიქმნება, უკიდურეს შემთხვევაში _ გარემონტდება. მოხდება თუ არა ეს რეალურად, არავინ იცის, თუმცა აქ მთავარია სხვა რამ: მსგავსი “ნიუსების” ხვედრითი წილი განუხრელად იზრდება, ხოლო წარმოსახვითი რეალობა ქვეყნის ცხოვრებაში სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს.
მილიონი სამუშაო ადგილი, ათასი ახალი საწარმო, ასი ახალი საავადმყოფო (თუ რამდენი იყო)… _ თითოეულმა ამ დაპირებამ გადაჭარბებული მოლოდინები შექმნა, რაც აიძულებდა ნებისმიერ ხელისუფლებას, მუდამ ემტკიცებინა, რომ “რაღაც მაინც კეთდება,. მაგრამ ვინაიდან რეალური მიღწევები მიკროსკოპული იყო, პოლიტიკოსები ცდილობდნენ, “სიმძიმის ცენტრი” მომავალში გადაეტანათ. ერთია, როდესაც მდგრადი განვითარების საილუსტრაციოდ ახალ სამვარსკვლავიან ბორდელზე საუბარი გიწევს და სულ სხვაა, როდესაც დაახლოებით ასეთ ფრაზას წარმოთქვამ: “საქართველოში ასინქრონული ძრავის მქონე ლოკომოტივისა და მისი სათადარიგო ნაწილების საწარმო აშენდება”. ეს “ასინქრონული” ძალიან შთამბეჭდავად ჟღერს, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცის, რას ნიშნავს ეს სიტყვა. ან კიდევ: “საქართველოში მაღალტექნოლოგიური საავიაციო ქარხნის მშენებლობა დაიწყება”, რომელიც, პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, “აწარმოებს წამყვანი საავიაციო კომპანიების თვითმფრინავების ნაწილებს. საუბარია ბოინგის, ბომბარდირის, სუხოის და ა.შ. თითქმის ყველა ტიპის თვითმფრინავების დეტალების წარმოებაზე”. მან არ დააზუსტა, რა დეტალებზეა საუბარი, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ “მაღალტექნოლოგიურობა” ეჭვქვეშ არავის დაეყენებინა. თუმცა იქ, სადაც დავით ნარმანია მეტროსადგურ “ვარკეთილში” შეკიდული ჭერის დამონტაჟებას “მოდერნიზაციას” ეძახდა, ნებისმიერი საავიაციო ინიციატივა აპრიორი მაღალტექნოლოგიურია. ამ საქმეში ჩართულია საპარტნიორო ფონდი. მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვათ, ქარხანა აშენდება (ან არ აშენდება) მომავალში, დავით საგანელიძე კი თავის კოლოსალურ ხელფასს აწმყოში მიიღებს და ეს დროსა და სივრცეში კაპიტალის განაწილების ჩვეულებრივი ქართული სქემაა.
კიდევ ერთი სიახლე ავიაციის სფეროდან: “სს “თამ” (თბილავიამშენი) ახალი მოიერიშე თვითმფრინავის _ “ჯე 31 – ბორას” შექმნაზე მუშაობს, რომელიც “სუ 25”-ის მოდერნიზებული ვერსია იქნება, ამის შესახებ თბილავიამშენის დირექტორმა ნოდარ ბერიძემ “ბმ.ჯე”-ს განუცხადა. “ეს იქნება სრულიად ახალი საბრძოლო თვითმფრინავი, რომელშიც რუსული წარმოების არც ერთი დეტალი არ იქნება. ამჟამად ძრავის მოძიების პროცესში ვართ, რომელიც ამერიკული ან ევროპული წარმოების იქნება. თვითმფრინავი საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და მას აზიისა და აფრიკის ბაზარზე გავყიდით. მისი ფასი 20-25 მილიონი დოლარი იქნება”. თავი დავანებოთ იმას, რომ კლასიკური მოიერიშეების ეპოქა დასრულდა. აქ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური შემადგენელი. ძრავა შერჩეული ჯერ არ არის და, ვისაც ავიაციის ოდნავ გაეგება, ალბათ, იტყვის, რომ ამ ეტაპზე საუბარი იმაზე, რომ თვითმფრინავი “იქნება” და განსაზღვრულ ფასად კონკრეტულ ბაზრებზე გაიყიდება, უკიდურესად ოპტიმისტურია. მიუხედავად ამისა, არაერთი მოქალაქე აღიქვამს აღწერილ პერსპექტივას, როგორც სავსებით რეალურს, და სოციალურ ქსელებში უკვე “ბორას” საბრძოლო გამოყენების ნიუანსებზე მსჯელობს. როგორც ჩანს, ჩვენს კოლექციას მორიგი “ვუნდერვაფე” (ჯადოსნური იარაღი) შეემატა _ ქვეყანაში, სადაც არათუ ავტობუსების “ატვერტოჩნი სბორკა”, არამედ შეკიდული ჭერის დამონტაჟება სერიოზული ტექნოლოგიური გამოწვევა გახდა. არის ასეთი მარადმწვანე “ნიუსი მომავლიდან” ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნის თაობაზე _ ალბათ, მისი კურსდამთავრებულები დაამონტაჟებენ.
რა თქმა უნდა, პესიმიზმსა და მეორე უკიდურესობაში გადავარდნა (“ქართველებს არაფერი შეგვიძლია”) კარგს არაფერს მოგვიტანს, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება უარეს ფრუსტრაციამდე მიგვიყვანს. მთავრობა სარგებლობს იმით, რომ მოქალაქეებს არა მხოლოდ მაძღარ, არამედ განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრების პრეტენზია აქვთ და სიტუაციას ისე წარმოაჩენს, თითქოს ახლო მომავალში (ხვალ არა, ზეგ) ერთი მეორის მიყოლებით ათობით მაღალტექნოლოგიური საწარმო გაიხსნება. ბიზნესმენები გრძნობენ ტენდენციას და ანალოგიურ განცხადებებს აკეთებენ. ამ ტაქტიკას ხელისუფლებას თვითგადარჩენის ინსტინქტი კარნახობს და მისი გადასახედიდან ის სავსებით ლოგიკურია. აქ საინტერესოა სხვა რამ: მოქალაქეებს უპრობლემოდ შეუძლიათ, გადაამოწმონ, რას ამბობდნენ პოლიტიკოსები ოთხი, რვა თუ თორმეტი წლის წინათ; დათვალონ ის წარმოსახვითი საწარმოები, ბანალური საკონსერვოებით დაწყებული, ნავთობგადამამუშავებელი გიგანტებით დამთავრებული და სიცრუეზე სათანადო რეაგირება მოახდინონ, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებენ. შესაძლოა, მათ ნაწილს მომავალთან დაკავშირებული სიცრუე სჭირდება, როგორც ნარკომანს მორიგი დოზა.
ჩვენ შეგვიძლია გავშალოთ ეს მეტაფორა: სერიოზული ტრავმის შემდეგ პაციენტი შეიძლება ტკივილგამაყუჩებელს მიეჩვიოს, შემდეგ კი მძიმე ნარკოტიკებზე გადავიდეს, მსგავსი რამ არაერთგზის მომხდარა. როდესაც 90-იანების დასაწყისში საზოგადოებამ უდიდესი ტრავმა მიიღო, საუბრები მომავალზე მისთვის ტკივილგამაყუჩებლის როლს ასრულებდა. საგულისხმოა, რომ მაშინ მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა წინასწარმეტყველებებზე, ხოლო პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, როგორც წესი, ეკითხებოდნენ: “რა მოხდება?” და არა “რა ხდება?”, რადგან ისედაც ცხადი იყო, რომ გარშემო კარგი არაფერი ხდებოდა. პოლიტიკურმა ელიტამ სათანადოდ შეაფასა ეს ფაქტორი და მას შემდეგ, რაც სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, იმის ნაცვლად, რომ ხელი შეეწყო აწმყოში დაბრუნებისთვის, “ტკივილგამაყუჩებელზე” დამოკიდებული საზოგადოება ჩამოყალიბებულ ნარკომანად გადააქცია, რომლისათვის ჰალუცინაციების სამყარო გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის გარემო, რომელშიც რეალურად ცხოვრობს.
ხშირად თქმულა, რომ ქართულ ხასიათში არის რაღაც ისეთი, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების ლტოლვას მძიმე ნარკოტიკების მიმართ _ რეალობისგან მოწყვეტის ძნელად დასაძლევი სურვილი, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც სიტუაცია ქვეყანაში გაუსაძლისი გახდა.
თითოეული “ნიუსი მომავლიდან”, ფაქტობრივად, ნარკოტიკის ახალი დოზაა. საგულისხმოა, რომ ქვეყნის მმართველ პარტიას “ქართული ოცნება” ჰქვია, მისი სახელწოდებაც კი მიბმულია მომავალზე, თუმცა გაცილებით სამართლიანი იქნებოდა, მისთვის “ქართული ჰალუცინაცია” გვეწოდებინა.
თქმული როდი ნიშნავს, რომ ფიქრი მომავალზე საზიანოა, როგორც ასეთი. პირიქით, პიროვნებისა და საზოგადოების უნარი _ ყოველდღიურ ფუსფუსს მოსწყდეს და მომავალზე დაფიქრდეს _ შესაძლებლობას აძლევს, გაცილებით მეტს მიაღწიოს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში რეციპიენტი პასიურია და ამავე დროს სუპერ-გენერალიზაციის ტყვეობაში იმყოფება, მას თუნდაც ერთი წარმოსახვითი საწარმოს გახსნიდან (ან დახურვიდან) გლობალური დასკვნები გამოაქვს.
მომავალზე ნარკოდამოკიდებულთა გვერდით წარსულზე ნარკოდამოკიდებულები ცხოვრობენ, ზოგი საბჭოთა ეპოქაში ჩარჩა, ზოგი _ 90-იანების დასაწყისში, ნაციონალები და მათი რადიკალი მოწინააღმდეგეები თითქოს ჩაიკეტნენ 2003-12 წლების პერიოდში, როგორც ძველი საყვარლები, რომლებმაც ვერა და ვერ დაასრულეს თავიანთი სადომაზოხისტური რომანი. ერთის მხრივ, ამ წარსულმა ჩვენ უაღრესად მნიშვნელოვანი გამოცდილება შეგვძინა, მაგრამ წარსულით ცხოვრება დაახლოებით იგივეა, რაც მიცვალებულის დამარხვაზე უარის თქმა. წარსულზე დამოკიდებული ადამიანი აწმყოში ორიენტაციას კარგავს, მომავალზე რომ არაფერი ვთქვათ.
შესაძლოა, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არ გვყოფნის გამბედაობა იმისთვის, რომ რეალობას თვალი გავუსწოროთ, რადგან ის ტრაგიკულ წინააღმდეგობაში მოდის იმ წარმოდგენებთან, რომელიც საკუთარ თავზე გვაქვს. გამორიცხული არაა, რომ, უბრალოდ, გვრცხვენია, რომ ასეთ პირობებში ვცხოვრობთ და ამას მთელი მსოფლიო ხედავს, ამიტომ ჩვენ ვებღაუჭებით სახელოვან წარსულს და ნათელ მომავალს, რომელსაც თვითონვე ვიგონებთ, რაშიც მთავრობა დიდ “დახმარებას” გვიწევს.
ასეთ მდგომარეობაში საზოგადოება ძალიან ჰგავს გაღატაკებულ აზნაურს, რომელიც გამუდმებით მოგვითხრობს თავის დიდ წინაპრებზე და ამასთანავე, ნებისმიერი სიტყვით და ჟესტიტაც კი მიანიშნებს თანამოსაუბრეებს, რომ განსაცდელი დროებითია და მალე სოციალურ პირამიდაში იმ ადგილს დაიკავებს, რომელიც ეკუთვნის. პრობლემა ისაა, რომ გარშემო სხვა არავინ თვლის, რომ მას (განხილულ შემთხვევაში კი ჩვენ, როგორც საზოგადოებას) რამე ეკუთვნის. წარსულზე, ზრდილობის გულისთვის, შეიძლება ორიოდე თბილი სიტყვა თქვან, მაგრამ მომავალთან დაკავშირებული ფანტაზიები ნამდვილად არავის აინტერესებს.
რეალობისგან მოწყვეტა უაღრესად საშიშია. 2007 წლის დეკემბერში მიხეილ სააკაშვილი ამბობდა: “ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი, და მე დარწმუნებული ვარ, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების კარგად ჩატარების შემთხვევაში ეს არის მართლაც კვირების ან თვეების საკითხი… “რუსებს წამოსცდათ რამდენჯერმე, რომ სამხრეთ ოსეთი მათ არ აინტერესებთ”… იმ პერიოდში, ჩვენ უბანში მისი ერთ-ერთი მომხრე დადიოდა და მუდამ იმეორებდა (ცხინვალზე): “ეს მალე მოხდება, აი, ნახავთ, ერთ დღეში მოხდება ყველაფერი, როგორც ჩვენ გვინდა”. უმრავლესობა მას სერიოზულად არ აღიქვამდა, ზოგი კი, განსაკუთრებით 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ, ზიზღით უყურებდა, მაგრამ მან თავისი ირაციონალური, კვაზირელიგიური რწმენით მოახერხა და რამდენიმე ადამიანი, უპირველესად, პენსიონერი აიყოლია და ისინი ერთად ელოდნენ სასწაულს. რაც ყველაზე სიმპტომატურია, “მქადაგებელი” თავს არ იწუხებდა განმარტებებით ან ვარაუდების ლოგიკური დასაბუთებით, არამედ, უბრალოდ, იმეორებდა: “მიშა ამას გააკეთებს. აი, ნახავთ _ ეს ერთ დღეში მოხდება…” შემდეგ კი მართლა მოხდა, ოღონდ არა ერთ დღეში, არამედ ხუთში და არა “ეს”, არამედ სრულიად სხვა რამ…
დიმიტრი მონიავა