ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაციის საკითხმა დიდი მღელვარება გამოიწვია: ლეგალიზაციის მომხრეა საზოგადოების უმცირესობა, ხოლო უმრავლესობა ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ნარკოტიკების ლეგალიზაციას.
_ დაპირისპირებული მხარეები, სამწუხაროდ, არ არიან გარკვეულნი საქმის ვითარებაში, _ ამბობს ჩვენი რედაქციის სტუმარი, ცნობილი ადვოკატი დიანა გვიშიანი. _ ნაწილი თვლის, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არის ავადმყოფი და მას სჭირდება სახელმწიფოს დახმარება სპეციალურ სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებით; ნაწილს კი მიაჩნია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები ხელს უწყობენ ნარკომანიის გავრცელებას. ვკითხოთ აზრი იურისტებს, ექიმებს, ნარკოტიკზე დამოკიდებულებს, მათი ოჯახის წევრებს და განვსაზღვროთ ყველა საფრთხე, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზაციასთან. საზოგადოება მიიჩნევს, რომ არსებობს მხოლოდ მომხმარებელი და გამსაღებელი, მაგრამ ასე არ არის.
_ მესამე პირიც არსებობს?
_ დიახ, არის მესამე პირიც. საქართველოს კანონი “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” განმარტავს, რომ არსებობს სამი კატეგორია: ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი და ნარკოტიკული დანაშაულის ხელშემწყობი. მომხმარებელი არის პირი, რომელსაც კლინიკურად დაუდგინდა მოხმარება; გამსაღებელი არის ის, ვისაც, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მტკიცებულებათა ერთობლიობით დაუდასტურდა ნარკოტიკული საშუალების გასაღება. რაც შეეხება ნარკოტიკული დანაშაულის ხელშემწყობ პირს, მასზე არავინ საუბრობს.
_ ვინ არის ეს “ხელშემწყობი პირი”?
_ ეს არის პირი, რომელსაც დააქვს, ინახავს, იძენს ნარკოტიკულ საშუალებას. ჩამოთვლილი სამი კატეგორია მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. თუ ვინმე მოგვცემს იმის გარანტიას, რომ მომხმარებელი არ გახდება ხელშემწყობი პირი და შემდგომ გამსაღებელი, მაშინ კიდევ შეიძლება ვიფიქროთ ლეგალიზაციაზე, თუმცა ასეთი გარანტიის მიცემა შეუძლებლად მიმაჩნია. აგრეთვე, არ შეიძლება ჩავთვალოთ ნარკომომხმარებლად ისეთი ადამიანი, რომელსაც აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, ამასთანავე, ვერ უმტკიცდება გასაღების ფაქტი და არც კლინიკურად დგინდება მის მიერ ნარკოტიკის მოხმარება. დღეს სწორედ ასეთი ადამიანები იხდიან სასჯელს არა როგორც მომხმარებლები, არამედ როგორც ხელშემწყობი პირები.
_ ციხეში მომხმარებელი არ ზის?
_ დღეს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულით _ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება _ ციხეში არავინ ზის.
_ მაშინ, რატომ ხმაურობს “თეთრი ხმაური”, თუ მძიმედ დაავადებული ადამიანი, იგივე ნარკომანი საპყრობილეში არ არის?
_ “თეთრი ხმაურის” ლიდერებმა ან არ იციან კანონმდებლობა და ამიტომ აღიქვამენ ხელშემწყობ პირს მომხმარებლად და, ბუნებრივია, უჩნდებათ პროტესტი, უკმაყოფილება სასამართლოს გადაწყვეტილებით; ან “თეთრი ხმაურის” მეთაურები ძალიან კარგად ერკვევიან კანონმდებლობაში, მაგრამ პატიოსნად ასრულებენ თავიანთი პატრონების, გნებავთ, დამფინანსებლების დაკვეთას. მათ პროტესტს სხვანაირად ვერ ავხსნი.
_ ნაციონალების მმართველობის პერიოდში თუ იჭერდნენ მომხმარებლებს?
_ წინა ხელისუფლების პერიოდში მოქმედებდა შეკრებითობის კანონი, რომლითაც ნარკომომხმარებელს ნარკოტიკის მოხმარების თითოეულ შემთხვევაზე ესაზღვრებოდა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, ხუთ მოხმარებაზე _ ხუთი წლით, შვიდ მოხმარებაზე _ შვიდი წლით და ა.შ. დღეს, სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, ასეთ პირებს ციხეში არ სვამენ, ხოლო იმ პირებს, რომლებიც აღიარებენ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას, უფორმებენ საპროცესო შეთანხმებას პირობით სასჯელზე. ჩემს პრაქტიკაში მქონია ბევრი სისხლის სამართლის საქმე ნარკოდანაშაულზე, აქედან გამომდინარე, კარგად ვარ გათვითცნობიერებული ამ საკითხში. თუ ბრალდებული არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო სასამართლოზე მას დაუდასტურდება ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ფაქტი, მოსამართლეს არ აქვს უფლება, იმაზე ნაკლები სასჯელი მიუსაჯოს, ვიდრე ამას სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს.
_ ალბათ, ბევრი კურიოზის მომსწრე ხართ…
_ ყოფილა უცნაურობებიც. მაგალითად, ნარკომომხმარებლის ოჯახის წევრებს არ სურდათ ჩემი დასაცავის გათავისუფლება. მეტიც, მამამისმა სასამართლო დარბაზში აგრესიულად გააპროტესტა მისი შვილისთვის მისჯილი მცირე სასჯელი და მოითხოვა მეტი. ერთხელ პროკურორთან პირობით სასჯელზე შევთანხმდით, მაგრამ მოვიდა ჩემი დასაცავის დედა და მთხოვა, მისი შვილი ექვსი თვით მაინც დაეტოვებინათ ციხეში, იქნებ რამენაირად გათავისუფლდეს ნარკოტიკებისგანო. მქონია შემთხვევა, როცა ვთხოვდი ოჯახის წევრებს, გადაეხადათ ბრალდებულისთვის შეფარდებული გირაოს თანხა, რათა დროულად გამოსულიყო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი შეძლებული ადამიანი იყო, კატეგორიული უარი მივიღე. მე მესმის ამ ადამიანების, რადგან წარმოდგენილი მაქვს ის ჯოჯოხეთი, რომელშიც ნარკომანის მშობლები, დები, ძმები, ბებიები და ბაბუები ცხოვრობენ…
_ ქალბატონო დიანა, ამოქმედებულია გამოსასწორებელი პროგრამები, მაგალითად, “სუბოტექსი”, “მეტადონი”. თქვენი აზრით, ეფექტიანია ეს პროგრამები?
_ ეს გამოსასწორებელი პროგრამები ხელს უწყობს ნარკომომხმარებლებს, თავი დააღწიონ უმძიმეს სენს, მაგრამ მათი ნაწილი, რომელიც ჩართულია ამ პროგრამებში, ამასთანავე, სხვაგანაც იღებს ნარკოტიკს. დაკავებისას ამბობენ, პროგრამაში ვართო, არადა, შემოწმების შემდეგ მათ სისხლში აღმოჩენილია ოპიუმი, ჰეროინი და ა.შ., ანუ “სუბოტექსისა” და “მეტადონის” პროგრამები ნარკომომხმარებელთა თავშესაფრად იქცა, რათა თავი აარიდონ სამართალდამცველებს და უშიშრად მიიღონ სხვა ნარკოტიკული საშუალებებიც. ნარკოლიბერალიზაცია არის ერის გენოციდი, მიზანმიმართული დანაშაულებრივი პოლიტიკა, რომელიც დაგეგმილია საქართველოს ფარგლებს გარეთ.
_ ხედავთ გამოსავალს?
_ გამოსავალი მხოლოდ საზოგადოების გამოღვიძებასა და გააქტიურებაშია. საზოგადოებამ ერისა და ქართული სახელმწიფოს მოღალატეებად უნდა გამოაცხადოს ყველა ის სახელმწიფო მოხელე, რომლებიც მხარს უჭერენ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციას. საზოგადოებამ უნდა მოსთხოვოს თავის მსახურ ხელისუფლებას, პროპაგანდა გაუწიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს არა ბრტყელ–ბრტყელი სიტყვებით ან ცრუ დაპირებებით, არამედ საქართველოს ყველა რეგიონში დიდი სპორტული კომპლექსების მშენებლობით; ასევე, საზოგადოებამ უნდა მოსთხოვოს ხელისუფლებას, რომ სკოლებში დააბრუნონ მოძღვრები, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების სულიერი სამყაროს გამდიდრებას. ეს შექმნის იმ გარემოს, რომელშიც ახალგაზრდა შეიცნობს ნარკომანიის მავნებლობას, სრულ უსარგებლობას; ის შვებას უნდა პოულობდეს არა ნარკოტიკში, არამედ განათლებაში, სამშობლოს სიყვარულში, მის ერთგულებაში, მის დაცვაში, მის გაძლიერებაში. საზოგადოებამ ნარკომანიას დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოუცხადოს, რადგან აქვს უფლება, იზრუნოს თავის ფიზიკურ, ფსიქიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე. საზოგადოებას აქვს უფლება, იზოლირებული იყოს ზნეობრივად დაცემული წევრებისგან, რომელთა ადგილი ან სამედიცინო, ან სასჯელაღსრულების დაწესებულებებშია, რათა გაწმინდოს თავისი საარსებო სივრცე.
ქართველი საზოგადოება ვალდებულია, თავი დაიცვას მომაკვდინებელი ინფექციისგან _ ნარკომანიისგან!
ესაუბრა
გიორგი კორძაძე