Home რუბრიკები საზოგადოება ელიზბარ ჯაველიძე: „ეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კეთდება“

ელიზბარ ჯაველიძე: „ეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კეთდება“

ცნობილი გახდა, რომ დღეიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლები ხელფასს „ქართუ ბანკის“ ნაცვლად, „ლიბერთი ბანკის“ ბარათებით მიიღებენ. დღეს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები და წევრ-კორესპონდენტები ბარათების ასაღებად აკადემიაში სასწრაფოდ დაიბარეს.
„ქართუ ბანკიდან“ სახელფასო ანგარიშის „ლიბერთი ბანკში“ გადატანა ამ დღეებში განხორციელდა.  მეცნიერებათა აკადემიაში არ აკონკრეტებენ, თუ რა გახდა ბანკის შეცვლის მიზეზი და არც  ზუსტ დროს ასახელებენ, თუ როდის გადაწყდა სახელფასო ანგარიშის ერთი ბანკიდან მეორეში გადატანა.

მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები და წევრ-კორესპონდენტები დღემდე „ქართუ ბანკის“ ბარათით ორი სახის თანხას იღებდნენ – სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ხელფასს და ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის მიერ დაწესებულ გრანტს.
საქველმოქმედო ფონდის მიერ გამოყოფილი გრანტი  აკადემიკოსისათვის ყოველთვიურად 1000 ლარით, ხოლო წევრ-კორესპონდეტისთვის – 500 ლარით არის განსაზღვრული.
ამ საკითხთან დაკავშირებით „საქართველო და მსოფლიო“ მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტს ელიზბარ ჯაველიძეს დაუკავშრდა:
– დღეს აკადემიაში იყავით დაბარებულები პლასტიკური ბარათის ასაღებად. როგორი განწყობაა ზოგადად მეცნიერებში ამ ფაქტთან დაკავშირებით?
– გუშინ დამირეკეს და მითხრეს, უნდა მოხვიდე, ბარათი აიღოო. ვიყავი დღეს აკადემიაში. დიდი რიგი იყო. ყველანი დამცირებულები ვიდექით. არავინ არაფერს გვეკითხება– რა ხდება, ან რატომ ხდება.
– თქვენთვის თუა ცნობილი, რა გახდა ბანკის შეცვლის მიზეზი და როდის გადაწყდა ეს საკითხი?
– ვერ გეტყვით, როდის გადაწყდა, მაგრამ ფაქტი ერთია: დღემდე ხელფასს „ქართუ ბანკში“ ვიღებდით. არანაირი გართულება არ ყოფილა არასდროს. თავის დროზე და ყოველგვარი გართულებების გარეშე მიმდინარეობდა ეს პროცესი. მიზეზი, რის გამოც ბანკს უარი ეთქვა ჩვენთვის ხელფასების გაცემაზე, ალბათ, ყველამ კარგად ვიცით, –  რადგან ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი უმრავლესობით აპირებს პარლამენტში მოსვლას. ასევე ისიც, რომ მიხელის სააკაშვილს ჩაუფლავდა გადაწყვეტილება, რომელიც მას დიდი ხანია გულს ეფონებოდა, პრემიერმინისტრის სავარძელს უმიზნებდა და ამის გამო კონსტიტუციაც შეაკრეჭ–შემოაკრეჭინა.  ამიტომ ბიძინა ივანიშვილი გამოცხადდა  ქვეყნის მტრად, პუტინის აგენტად.  ეს კაცი რომ წლების განმავლობაში საქართველოს კეთილდღეობისთვის მილიარდობით ლარს ხარჯავდა, თითქოს აღარავის ახსოვს. როდესაც შიმშილით კუჭი გვიხმებოდა, იქნებოდა მწერალი, ხელოვანი, მეცნიერი თუ სხვა, ეს კაცი გვედგა გვერდით. ამას ყველაფერს ხაზი გადაუსვეს და თურმე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არაა. კაცზე, რომელმაც სამების ეკლესია ააშენა, როგორ შეიძლება თქვა, რომ საქართველოს მოქალაქე არაა?
ესაა ამ ხელისუფლების უგნურობის, ჭკუათხელობის კიდევ ერთი გამოხატულება, რითაც თითქოს „ქართუ ბანკს“ აზარალებენ. სინამდვილეში ესაა შეურაცხყოფა მეცნიერების და „მეცნიერებათა აკადემიის“. სანამ ესენი იქნებიან და იყაჩაღებენ, ყოველთვის ასეთი რამ დაგვემართება.
– თუ არის თქვენთვის ცნობილი, უშუალოდ ვინ მიიღო გადაწყვეტილება?
– დარეკეს მეცნიერებათა აკადემიაში და უთხრეს, თქვენ ხელფასს ამიერიდან „ლიბერთი ბანკში“ აიღებთო. მეცნიერთა აკადემიას ვინ კითხავს ასეთი გადაწყვეტილებების მიღებას. სახელმწიფო გვაძლევს ხელფასს.
– ცნობილი გახდა ასევე, რომ მეცნიერები ვეღარ აიღებთ „ქართუს“ სოციალურ დახმარებასაც. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
– ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამთ, თუმცა ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი. თუ სოციალური დახმარება შეგვიწყვიტეს, მაშინ ნახეთ რა მოხდება. სოციალური დახმარების მიმღები სულ 50 ათასი ოჯახია, რომელიც ამ შეწევნით ცხოვრობს. ხელისუფლებას რომ მილიონები აქვს თვითონ, ხალხის მდგომარეობა არ აინტერესებს. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ როგორმე ივანიშვილი შეავიწროვონ. ამ კაცს ვერაფერს უზამენ, მაგრამ მიზანი არის ქართველი ხალხის გაჩანაგება, მით უმეტეს, ინტელიგენციისა და მეცნიერების. სააკაშვილს უნდა ბოლომდე ჩაგვრეცხოს და კანალიზაციის წყალს გაგვატანოს.
ესაუბრა
ლილი მიროტაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here