Home რუბრიკები საზოგადოება ისევ ბარაბა ავირჩიეთ…

ისევ ბარაბა ავირჩიეთ…

GEWORLD.GE:
“აჰა, მოდის ღრუბლებით და იხილავს ყოველი თვალი; იხილავენ ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი. და დაიწყებს გოდებას მის წინაშე დედამიწის ყოველი ტომი. ჰო, ამინ. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული, ამბობს უფალი, რომელიც არის, იყო და იქნება, ყოვლისმპყრობელი”. შფოთავს სამყარო მეორედ მოსვლის მოლოდინში, უკანასკნელი მაჯისცემა შორიდან ჩაესმის და საშინელი სამსჯავროს წინაშე აურაცხელი ცოდვებით წარსდგება, რომლისგან გათავისუფლება ჯვარზე გაკრული ავაზაკის რწმენით არის შესაძლებელი _ “მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა”. “ინება მან ავაზაკის შეყვანა სამოთხეში; მყისვე სიტყვა თქვა და ავაზაკი სამოთხეში შეიყვანა. ქრისტეს არ დასჭირვებია ლოცვა, თუმცა კი მან ადამის შემდეგ ყველას იქ შესვლის გზა დაუხშო, რადგან დააწესა ცეცხლოვანი მახვილი სამოთხის დასაცავად, მაგრამ ქრისტემ თვითუფლებრივად გახსნა სამოთხე და შეიყვანა ავაზაკი”.

უფალს განა მეორე ავაზაკისთვის დაენანებოდა სამოთხე? მან თვითონ თქვა უარი საუკუნო ნეტარებაზე და ღვთის გმობაში ჩავარდა, მაშინ, როცა მარჯვენით გაკრულმა ჯვარცმულ ადამიანში ღმერთი დაინახა და რწმენით შეჰღაღადა. დიადი რწმენაა! რა შეიძლება დაემატოს ამ რწმენას, არ ვიცი! ისინი, რომლებიც ხედავდნენ მკვდრეთით აღდგომილ ქრისტეს, მერყეობდნენ, მან კი ირწმუნა იგი, რომელსაც ხედავდა მასთან ერთად ჯვარცმულს. როდესაც ისინი მერყეობდნენ, მაშინ მან ირწმუნა, როგორი ნაყოფი მოიწია ქრისტემ ამ ხმელი ძელისგან! მართლაც, რა თქვა უფალმა? “ამინ გეტყვი შენ, დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში”. იმ მონანულ ცოდვილთან ერთად ყველასთვის გახდა შესაძლებელი ცხონება, მაგრამ მთვარი იარაღი უნდა ავამოქმედოთ _ რწმენა, რაც თავმდაბლობით და ისევ რწმენით მიიღწევა.
ჩვენ, ყველა დიდი მონდომებით “ვემზადებით” უფალთან მეორედ შესახვედრად, რაც, ძირითადად, მხოლოდ საუბრებით და ცრუ სასწაულებით შემოიფარგლება. ყველა ეპოქას ახასიათებდა მეორედ მოსვლის ნიშნები და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი, მაგრამ წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი უკანასკნელი დროის მოღვაწეების შესახებ წმინდა მამათა სწავლების გათვალისწინებით შემდეგს ბრძანებდა: “ისინი, ვინც ჭეშმარიტად იშრომებენ ღმერთისთვის, კეთილგონივრულად დაიფარავენ თავს ხალხისგან და განცხადებულ ნიშნებსა და სასწაულებს არ მოახდენენ. ისინი, ღვაწლით შემოსილნი, ცხოვრების გზას თავმდაბლად განვლენ და სასუფეველში იმ მამებზე უფრო დიდი აღმოჩნდებიან, ვინც მრავალი სასწაულით გაითქვა სახელი”.
“მიუგო უფალმა და უთხრა მათ: გაფთხილდით, ვინმემ არ გაცდუნოთ თქვენ; რადგან მრავალი მოვა ჩემი სახელით და იტყვის, მე ვარ ქრისტე და მრავალს აცდუნებენ. და გაიგებთ ომებზე და ომების ამბებს; იხილეთ და ნუ შეძრწუნდებით, რადგან ეს ყოველივე უნდა იყოს, მაგრამ ჯერ არ არის აღსასრული. რადგან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება შიმშილი, ჭირი და მიწისძვრები ადგილ-ადგილ. ხოლო ეს ყოველივე ტკივილების დასაწყისია. მაშინ ჩაგაგდებენ თქვენ გასაჭირში და დაგხოცავენ თქვენ, და იქნებით მოძულებულნი ყველა წარმართისაგან ჩემი სახელის გამო”.
ქრისტეს მეორედ მოსვლას ანტიქრისტეს გამეფება და დროებითი ბატონობა უსწრებს. ანტიქრისტეს პიროვნებაში თავს მოიყრის ბოროტება მთელი თავისი სისრულით და ძალით, რაც კი შეიძლება ზიდოს ადამიანთა ბუნებამ. მას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდება, რომელთა ნებისყოფა სუსტი და უსახურია, ძალაუფლების მოყვარე ადამიანები კი საკუთარ თავთან ერთად სხვებსაც დაღუპავენ, რადგან მათ ბოროტებასთან ექნებათ წილი ნაყარი. დაიწყება მორწმუნეთა დევდა და შევიწროება. იგი თითქმის ყველგან დაიდგამს საბრძანებელს, მაგრამ უფლის მსახურ ერს ვერ შეეხება მისი ბოროტი მზერა. “ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ჩვენთვის, ქართველი ერი კი ბევრჯერ ეცვა ჯვარს ქრისტესათვის, საქართველოს მკერდი გადაუღეღეს და ამ მკერდზე, როგორც კლდეზე, სარწმუნოებას, საყდარი დაუდგეს, ქვად ჩვენი ძვლები იხმარეს, კირად _ ჩვენი სისხლი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას”.
თუმცა ხშირად ვიდექით არჩევანის წინაშე და საკუთარი ტყავის გადასარჩენად, ვეძებდით “ხსნას”. პეტრე მოციქულის მსგავსად, ვიდრე მამლის ხმობამდე, არაერთხელ უარვყავით უფალი და სარწმუნოების “შენარჩუნების” მიზნით, ისევ სარწმუნოებას ვღალატობდით. მეფე რუსუდანი, პაპ ონორიო მესამეს წერდა: “უწმიდესს პაპს, მამას და ყველა ქრისტიანების მთავარს, წმიდა პეტრეს საყდარზე მჯდომარეს. ჩვენ მდაბალი რუსუდან აფხაზთა დედოფალი, თქვენი ერთგული მხევალი და ასული უმდაბლესად თავს გიკრავთ და მოგესალმებით”. სიმართლე, ვიცით რომ მწარე მოსასმენია, მაგრამ თავის დროზე, მეფე რუსუდანს, უფლის წინაშე რომ დაედრიკა თავი, პაპთან არ მოუხდებოდა ასე “თავმდაბლურად” წარდგინება. ეს ის რუსუდანია, საკუთარი ძმისწული რომ შეიძულა და საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, ქართველების ულამაზესი თამარი, გურჯი ხათუნად აქცია, მერე კი თბილისი გადაწვა, რადგან ქალაქი ასე უფრო ადვილად “გადაურჩებოდა” ჯალალ ედ დინის შემოსევას.
საინტერესოა, რას წერდა, ასე “მოწყალე” პაპს ბაგრატიონთა ასული: “ხოლო აწ დიდად გავიხარეთ, რა შევიტყვეთ, რომ თქვენის ბრძანებით იმპერატორი სირიაში უნდა წავიდეს წმინდა ადგილების დასახსნელად. გთხოვთ, გვაცნობოთ, თუ როდის უნდა გამოიაროს იმპერატორმა, რათა ჩვენც წმინდა ადგილების დასახსნელად გავგზავნოთ ჩვენი მხედართმთავარი ივანე მთელის ჯარით იმ ადგილს, სადაც თქვენ ინებებთ. ეგრეთვე, გაუწყბთ, რომ ამ ჩვენმა მხედართმთავარმა და ჩვენის სამეფოს სხვა მთავრებმა მიიღეს ჯვაროსნობა და წასვლას ელიან. ამ წერილის მომტანს, ჩვენს საყვარელ დავითს, ანის ეპისკოპოზს, ისე ერწმუნეთ ყველაფერში, ვითომც ჩვენის პირისაგან გსმენოდესთ. თქვენთა წმიდა ლოცვათა შინა მოგვიხსენიეთ”.
წერილიდან ცხადად ჩანს, რომ რუსუდანი პაპს აღიარებს მამად და ყველა ქრისტიანის მთავრად. საინტერესოა, რა გაუჭირდა თამარ მეფის ასულს ასე ძალიან, რომ მის ლოცვას მინდობილი ჯვაროსნებთან ერთად აპირებდა გალაშქრებას წმინდა ადგილების “გასათავისუფლებლად”, მაშინ, როცა თბილისის სიონს ვერ მოუარა და უგუმბათო საყდრიდან მტარვალი დამპყრობელი მეტეხის ხიდთან ასიათას ქართველს ამზადებდა მოწამეობისთვის. მტკვარი სისხლისფრად მიედინებოდა, “ღრმადმორწმუნე” რუსუდანი კი პაპს ერთგულებას ეფიცებოდა და “უგუნურ ჭიდილში” თავდადებისთვის ემზადებოდა (მსოფლიო ისტორიოგრაფიაში ჯვაროსნული ლაშქრობები ცნობილია, როგორც უგუნური ჭიდილი, სინამდვილეში რომის პაპის მიერ მოწყობილი სასაკლაო, მიზნად აღმოსავლეთის სიმდიდრის დაპატრონებას ისახავდა, საბაბი კი ქრისტეს საფლავის გათავისუფლება იყო).
არანაკლებ მნიშვნელოვანია პაპის წერილი რუსუდანისადმი; “მამობრივის სახიერებით მივიღეთ და გულმოდგინებით ყურადვიღეთ თქვენი უმაღლესობის წერილი, სავსე მხურვალე მორწმუნეობის სურნელებით. უფლისამიერ დიდათ განვიხარეთ თქვენის ერთგულებით ჩვენდამი და რომის ეკლესიისადმი, რომელიც არის დედა და მოძღვარი ყოველთა ქრისტიანეთა. გვასიამოვნა, აგრეთვე, თქვენმა კეთილმა სურვილმა წმიდა ადგილების დახსნისამ, იმ ადგილებისამ, სადაც გამოუთქმელის სიყვარულით ჯვარზედ სიკვდილი ინება უფალმა იესო ქრისტემ კაცთა ნათესავის სამარადისო სიკვდილისაგან დახსნისა და ცხონებისათვის”.
საქართველოს მეფის ასეთი სიახლოვე რომის პაპთან იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს ქვეყანას გააზრებული არ ჰქონდა მართალი სარწმუნოების არსი და მნიშვნელობა. რა შედეგი მოუტანა მეცამეტე საუკუნის საქართველოს რომთან ასეთი “სასიყვარულო” წერილების მიმოწერამ, ყველასთვის ცნობილია. ყოვლადმოწყალე უფალმა განსაცდელი იმიტომ მოგვივლინა, რომ მის გზას გადავუხვიეთ და დოგმატებშიც ცვლილებების შეტანა მოვინდომეთ. ამის შედეგი იყო ის, რომ ქართულ ფეოდალურ საზოგადოებაში თავი იჩინა შინაგანმა კრიზისმა, რამაც შეარყია ქვეყნის ძლიერება და გახდა გარეშე მტერთან ბრძოლაში ქართველთა მძიმე დამარცხებების მიზეზი. კერძოდ, საქართველოში რამდენიმეჯერ წარმატებით ილაშქრა ჯალალ ედ დინმა, რომლის შემდეგ მისი თარეშით დასუსტებული საქართველო უფრო ძლიერი მტრის – მონღოლების პირისპირ აღმოჩნდა. 1243 წელს რუსუდან დედოფალი იძულებული გახდა, ოფიციალურად ეცნო მონღოლთა ყაენის უპირატესობა. საბოლოოდ კი ჩვენი ქვეყანა სამეფოებად დაიშალა.
მეფეს, ნაცვლად იმისა, რომ გონიერება გამოეჩინა და საკუთარი შეცდომები შეენანა, სასოწარკვეთილი, 1239 წელს ისევ რომის პაპთან აგზავნიდა წერილს, უთვლიდა თავზე დამტყდარი უბედურების ამბავს და დახმარებას სთხოვდა, პასუხად მიიღო პაპის წერილი, დათარიღებული 1240 წლის 13 იანვრით, რომელიც არაფერს საიმედოს არ შეიცავდა: “აწ საყვარელნო შვილნო, ნუღარ გაგიკვირდებათ, თუ რომის ეკლესიის მხედრობა არ მოდის თქვენ შესაწევნელად თათრების წინააღმდეგ. სარკინოზნი, რომლებსაც სირიაში ვეომებით, არ გამოუშვებენ მანდეთ ჩვენს მხედრობას. ამ თქვენმა ამბავმა ძლივს მოაღწია ჩვენამდე. ქრისტიანე სარწმუნოების დაცვისათვის დაუცხრომელად ვეომებით მტერსა იტალიასა, სირიასა და ესპანეთში. ამიტომ აღარ შეგვიძლია დაგეხმაროთ”.
თავისთავად ამ წერილმა მეფისთვის მოლოდინს გადააჭარბა და უფალმაც ასე დაანახა პაპის “უცდომელობა”. თუმცა ჩვენს ქვეყანას ვატიკანთან “თამაში”, ვინ იცის, რა დაუჯდა. “მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე”, პირველი მცნების დარღვევით სხვა დანარჩენი თავისთავად ირღვეოდა. მეთერთმეტე საუკუნეში გაყოფილი ეკლესიები ერთად ვერ ილოცებდნენ, რადგან მათ საერთო თითქმის არაფერი ჰქონდათ. ამიტომ დაიწყო ზრუნვა დიალოგისა და შერიგებისათვის; შედგა საეკლესიო კრება ფერარასა და ფლორენციაში (1438-39 წლებში), რომლებზეც მიღწეულ იქნა შეთანხმება, უნია, აქტი. მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტს მართლმადიდებლური ეკლესიების მესვეურებმაც მოაწერეს ხელი, ეკლესიათა ერთიანობა არ აღდგა, პირიქით: ბერძნული ეკლესიების დიდ ნაწილში ანტიუნიატური აჯანყება დაიწყო. კონსტანტინეპოლის საკათედრო ტაძრებს, რადგან იქ წირვის დროს პაპის სახელი წარმოითქმებოდა, მორწმუნეებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ბერების, ხუცებისა და მათი სულიერი შვილების დიდი არმია შეთანხმების უარყოფას მოითხოვდა და მასებს ანტისამთავრობო გამოსვლებისკენ მოუწოდებდა (ეს, ალბათ, იმათ გასაგონად, რომლებიც სამშობლოს და უფლის სიყვარულით გულანთებულ სასულიერო პირებს “პოლიტიკოსობაში” ამხელენ და გამოსწორებისკენ მიუთითებენ). და ეს მაშინ, როდესაც მათი სამშობლოს, ბიზანტიის ბედი ბეწვზე ეკიდა.
ემოცია ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელზეც გავრცელდა და მათგან ერთ-ერთმა მინისტრმა, ლუკა ნოტარისმა, პაპის მოციქულს _ კარდინალ ისიდორეს პირში მიახალა: “ჯობია სულთანის ჩალმას დავემორჩილოთ, ვიდრე პაპის ტიარას!”. მაშინდელი ბერ-მონაზვნები ავრცელებდნენ ხმებს და ხალხს აჯერებდნენ, რომ კონსტანტინეს ქალაქს ანგელოზები იცავენ, რის გამოც პაპისა და კათოლიკური ქვეყნების დახმარება მას არ სჭირდება; საგანგებო წამს, როდესაც მტერი კონსტანტინეპოლის კარიბჭეს მოადგება, ზეციური მხედრობა გამოჩნდება და ვაი მას, ვინც კურთხეულ ზღურბლს ავი ზრახვით გადმოაბიჯებს. მხოლოდ აია სოფიას კარის შელეწვამ და წამიერად ამდინარებულმა სისხლმა აუხილა მათ თვალი და დაანახა უგუნურების, ფანატიზმის, ცრუმორწმუნეობის და ზიზღის ნაყოფი. ასეთმა ფაქტმაც ვერ აუხილა რუსუდანს თვალი და მაინც ხელს პაპისკენ იშვერდა, ნაცვლად იმისა, მორწმუნე მრევლს გვერდით დადგომოდა და სარწმუნოებისათვის ის განეცადა, რაც ასი ათასმა ქართველმა იგრძნო _ ქრისტესთვის სიკვდილი.
მეფემ მფარველობისთვის ცრუღმერთს მიმართა, ერმა კი ისევ უფალს მოუხმო და აბო თბილელის ბედი გაიზიარა. რუსი ღვთისმეტყველი ანტონ კარტაშევი ამბობს: “ისინი თავად არიან დამნაშავენი ამ დაყოფებშიც და ამ დაყოფებით ტკბობაშიც. არ აღმოჩნდა საკმარისი ქრისტიანული სიყვარული; ადამიანურმა ვნებებმა გადაწონეს და, აი, ეკლესია გაიყო. თავად გაყოფის ფაქტი ადასტურებს ეკლესიათა შეცოდებებს მათივე ადამიანური ბუნების გამო… აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაწყებული უხეში საარტილერიო ბრძოლა, ანათემის ჭურვები და ერთმანეთის გამანადგურებელი, ვითომცდა მსოფლიო კრებები, მორწმუნე ისტორიკოსზე შემაძრწუნებელ შთაბეჭდილებას ტოვებს, ურწმუნოთათვის კი შესანიშნავ მასალას იძლევა”.
“განიხეთქა ძოწეული შუენიერი ერთმორწმუნეობისა,” _ ესაა კირიონ მეორის სიტყვები, ტრაგიზმის შეგრძნება და ეკლესიათა დაკარგული ერთიანობის მონატრება.
მეფე რუსუდანისა და ივანე მხარგრძელის მიერ პაპ ონორიუს III-სადმი მიწერილი წერილებიდან ჩანს, რომ საქართველო რომთან ეკლესიურ კავშირს XIII საუკუნის 20-30 წლებში ჯერ კიდევ ინარჩუნებს; ქართველები აღიარებენ, რომ რომის ეპისკოპოსი “მთელი საქრისტიანოს მამა და მეთაურია”. ასე მოიქცა ბიზანტიის იმპერატორი მიხეილ პალეოლოგი, რომელმაც 1274 წელს კათოლიკობა აღიარა და მთელ აღმოსავლეთს პაპის უზენაესობის ცნობისკენ მოუწოდა. ამ მოწოდებას საბერძნეთის ბევრი ეკლესია არ დაემორჩილა. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ათონის მონასტრებმა გასწიეს. იმპერატორის ნებართვით, ჯვაროსნები 1280 წელს შეესივნენ ათონს და ბერებს უნიის მიღება მოსთხოვეს, რასაც ყველა მონასტერი დათანხმდა ივერონის გარდა. ამის გამო ამ სავანის რბევა-აწიოკება დაიწყო.
მართლმადიდებლობის ჭეშმარიტი დაცვა უმთავრესი ამოცანა იყო ჩვენი ქვეყნის მესვეურებისთვის, რაც დროთა განმავლობაში რყევას განიცდიდა. ასეთი აქტიური ურთიერთობა დასავლეთის ეკლესიასთან იმით იყო ნაკარნახევი, რომ ტახტის გადარჩენის მიზნით სარწმუნოების შეცვლასაც არ თაკილობდნენ, რაც თავისთავად არასასურველი შედეგებით მთავრდებოდა. XIII საუკუნიდან მოყოლებული რელიგიური პოლიტიკა მძიმე და იმდენად წარმოუდგენელი იყო ქართული ცნობიერებისთვის, რომ ქვეყანა დაშლამდე მიიყვანა.
“მართლმადიდებლობა არ იყო ჩვენთვის მხოლოდ რჯული, მხოლოდ რელიგია. ეს იყო ქართველობა, სრულიად საქართველო”. ამიტომ რისხვა რისხვაზე მოდიოდა, ჯერ ხვარაზმელები, შემდეგ მონღოლები, მოგვიანებით კი თემურ ლენგის ურდოები მუსრს ავლებდნენ სულიერი კულტურის ძეგლებს და სარწმუნოების ერთგულებისთვის არაერთ მონასტერში ბერ-მონაზონთა მსხვერპლშეწირვა ხდებოდა.
მტკივნეულია, მაგრამ ეკუმენური შეხედულებები გიორგი ბრწყინვალის დროსაც არსებობდა. მონღოლთა ბატონობამ სახელმწიფოსა და ეკლესიის ნაწილობრივი გამიჯვნა გამოიწვია. ქართულ რეალობაში ტოლერანტობის თავისებური ელემენტი გაჩნდა. მაგალითისთვის გიორგი ბრწყინვალის რელიგიებისადმი დამოკიდებულებაც კმარა. კერძოდ, ცნობილია მისი ლოიალური მიდგომა ისლამისა და კათოლიკური ეკლესიის მიმართ. სწორედ მისი მეფობის დროს გადმოიტანა რომის პაპმა იოანე XXII-მ აღმოსავლეთის მისიონერული ცენტრი ქალაქ სმირნიდან თბილისში, სადაც რომის კათოლიკური ეკლესიის საეპისკოპოსოც დაარსდა, მრავალრიცხოვანი სამღვდელოებით. იგი ეგვიპტურ წყაროებში მოხსენიებულია როგორც “იერუსალიმის წმინდა ადგილთა განმადიდებელი, ქრისტიანთა საყრდენი, რომის პაპის მეშველი, მუსლიმანთა მეგობარი”.
“ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემს წინააღმდეგაა,” _ ბრძანებს მაცხოვარი, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ცდომილებაში მყოფი ეკლესიის მიმართ უფრო მეტად დაფიქრებული დამოკიდებულება უნდა გვქონოდა. ვიცით, რა შეცოდების გამო დაეცა ბიზანტიის იმპერია და ჩვენთანაც წმინდა ნინოს ნაქადაგები სარწმუნოება “ირხეოდა ვითარცა ლერწამი, ქართაგან ძლიერთა”. არც რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე წარმოთქმული სიტყვები გვახსოვდა: “არა გეცრუვენით შენ, ჩვენო სიწმიდით მსობელო კათოლიკე ეკლესიაო”…
რწმენას ბზარი გაუჩნდა, რაც აზროვნებაში ცვლილებების შეტანით იყო ნაკარნახევი და ამიტომაც “მარიამობის თვეს წმიდას პაპასთან წავედით, მის პატარა სამწირველოში ხუცესმა წირა ჟამი,” _ იგონებს საბა-სულხანი, რომელიც ქვეყნის სახსნელად რომის პაპს ეახლა და მისგან ელოდება გადარჩენას, აღიარა რა კათოლიკობა და კონსტანტინოპოლში წმინდა ბასილის ორდენის წევრი გახდა. ამიტომაც “მერმე სამღვდელოთ შფოთი აღძრეს ჩემზედ, კრება და ბოროტის ქნა მოინდომეს, მაგრამ მეფე ვერ აიყოლიეს. სამი თვე კიდევ იბატონა და მერმე მეფე ბაქარ დასჯდა მეფედ, ვისთანაც ესოდენი ჭირი მენახა და ვისაც მეფობას ვცდილობდი, ათხუთმეტის წლისა იყო, მოატყუეს მცხეთას, ჩემი სიყვარული და სამსახური სულ დაავიწყეს, კრება მიყვეს და წმიდის პაპის გინება მომიდვეს, მე მართლმადიდებლობა ვერ უარვყავ (ანუ კათოლიკობა) და მრავალი ავი მოინდომეს”.
ერმა “სიბრძე სიცრუისას” ავტორს სარწმუნოებიდან განდგომა ვერ აპატია. განუდგა ერიც. ლოცვებში მისი მოხსენიება რომის პაპივით გვეკრძალება. წმინდა ილია მართალი ბრძანებს: “სარწმუნოება ჭეშმარიტებაა გულისა და ორსახედ არ ჩაესახება ერთსა და იმავე გულს, როგორც ორსახე ჭეშმარიტებაა შეუძლებელი, ისე ორსახე სარწმუნოებაც, იგი ან ერთადერთია ერთ გულში, ან სულ არ არის სარწმუნოება, რომლის დიდი ნასკვი ადამიანის სულიერ წიაღშია, ორთვალა და ორგულა ვერ იქნება, რომ ჩვენიც იყოს და თქვენიც ერთსა და იმავე დროს. იგი ერთთვალა და ერთგულაა, თუ ასე ითქმის, ვერც თვალს და ვერც გულს ორად ვერ გაჰყოფს, რომ ერთსაც ჰხედავდეს მართლმადიდებლად და მეორესაც, ერთსაც განუზიაროს სასოება გულისა და მეორესაც. ამიტომაც შეურყეველი ერთგულება სხვის სარწმუნოებისა საკუთარის სარწმუნოების შერყევაა, უარყოფაა. თავდადებულნი ერთის სარწმუნოებისათვის, მეორესათვის თავდადებულნი ვერ იქნებიან და ნამეტნავად შეურყევენ ერთგულებისანი.
კაცი შეურყეველად მოსავია, მარტო იმ სარწმუოებისა, რომელსაც აღიარებს და გულში ატარებს, უამისოდ სარწმუნოება სარწმუნოება კი არ არის, სამოსელია, რომელსაც კაცი, როცა უნდა იხდის და როცა უნდა იცვამს”.
გამოდის, ქართველებსაც ხშირად გვქონია ცდომილება სარწმუნოებაში, რასაც ხმამაღლა არ ვამბობთ, მაგრამ ნაყოფი მისი მწარეა. ასე იქნება მაშინაც, როცა ზეციური საყვირის ხმა გაისმება და მორწმუნე და ცრუმორწმუნე თავიანთი საქმეებით განისჯებიან. საზეპურო ერს ზედმიწვნით მოეკითხება ცოცხალი რწმენის სიყვარული. დღეს, სამწუხაროდ, ჩვენ თანამედროვე “კორექტულობა” გაგვიჩნდა და ადამიანები მიისწრაფვიან საკუთარი თავის კეთილად წარმოჩენისკენ. საკუთარი “უმაღლესი ღირსების” გამოვლენის სურვილს ისინი იქამდე მიჰყავს, რომ ქედს იხრიან ორრქიანი ეშმაკის წინაშე, “დაე, იყოს ერთი რელიგია,” _ ამბობენ ისინი და ყველას ერთ სიბრტყეზე ათავსებენ. მოდერნისტული სული მიიჩნევს, რომ “საერთო ბაზრის დახლიდან სულიერი საგნებითაც კი შეიძლება ივაჭრო”.
თავის მაცხოვნებელ ვნებამდე და ჯვარზე სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე მოციქულებმა მაცხოვარს ჰკითხეს: “გვითხარი, როდის მოხდება ეს ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნო დასასრულისა”? მან უპასუხა: “ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ”. “და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც, ვინაიდან, როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც”.
ებრაელებიც მხსნელს ელოდებიან, თუმცა ის მოსული იყო და არ მიიღეს, განუდგნენ მას და ისევ ლოდინი დაუწყეს, ოღონდ _ მათ მიერ გამოგონილ მესიას. მეტეხთან კი ყოველ დეკემბერს მტკვარი ისევ იცვლის ფერს და უნებურად ასი ათასი მოწამის აღსასრული გახსენდება, თუმცა კი იმ ადგილს ევროპის მოედანი უწოდეს და ამით ცდილობენ დიადი წარსულის გადაფარვას, “ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია”. ჩვენ ისევ არჩევანის წინაშე ვდგავართ _ ბარაბა თუ უფალი? რა თქმა უნდა, _ “უფალი ჩემი, ღმერთი ჩემი”.
ვენახის მუშაკი ვართ, მაგრამ გვიან მივედით, ან იქნებ გზაში ვართ და მაინც “სწორ ჩუენდა ჰყუენ იგინი”.
მამა პეტრე
(კვარაცხელია)
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here