გასული წლის მაისში დონალდ ტრამპის მიერ USAID-ის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშნული მარკ გრინი რამდენიმე დღის წინათ სირიაში ჩავიდა. “მოვინახულე რაკა გენერალ ვოტელთან (ჯოზეფ ლ. ვოტელი _ აშშ–ის სახმელეთო ჯარების გენერალი, 2014-2016 წლებში ერთობლივი სპეცოპერაციების სამმართველოს ხელმძღვანელი, 2016 წლიდან ახლო აღმოსავლეთში აშშ–ის შეიარაღებული ძალების სარდალი _ ლ.მ.) ერთად. ამერიკის ჰუმანიტარული ინიციატივები სტაბილიზაციისთვის იმედის მარცვალს აღვივებს. ის ხელს უწყობს ჩვენს ნაციონალურ უსაფრთხოებას”, _ დაწერა გრინმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში”.
USAID-ი არასდროს ყოფილა ჩაფლავებასთან ასე ახლოს. ჰუმანიტარული ინიციატივების დაკავშირება ნაციონალურ უსაფრთხოებასთან _ ეს დიდი გულახდილობაა.
USAID-ი (United States Agency for International Development _ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) _ აშშ-ის ერთ-ერთი ავტორიტეტული სტრუქტურაა, რომელსაც გავლენა აქვს სამთავრობო გადაწყვეტილებებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, სადაც უამრავ პროექტსა და არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებს.
აღსანიშნავია, რომ USAID-ის მეშვეობით, “საქველმოქმედო ღონისძიებების” დაფინანსების საბაბით, 2013 წელს უკრაინაში 3,4 მლრდ დოლარი გადაიქაჩა ოპოზიციის დასაფინანსებლად, რუსეთში, 2 ათეული წლის განმავლობაში, _ 2,7 მლრდ დოლარი, თუმცა 2012 წელს, რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნით, USAID-მა ამ ქვეყანაში მოღვაწეობა შეწყვიტა. მიზეზი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იყო ის, რომ USAID-ის წარმომადგენლების მუშაობა არ შეესაბამებოდა ორმხრივი ჰუმანიტარული თანამშრომლობის მიზნებს და ეს სააგენტო, ძირითადად, აფინანსებდა ანტისახელისუფლებო პოლიტიკურ პროცესებს. ანუ, რუსეთში დროულად აღკვეთეს ე.წ. ფერადი რევოლუცია, საქართველო კი ვერ გადაურჩა “ვარდების რევოლუციას” და ამერიკელების მარიონეტი სააკაშვილის 9-წლიან სისხლიან რეჟიმს, უკრაინა _ “ნარინჯისფერ რევოლუციას”, მაიდანსა და კორუფციაში ჩაფლული პოროშენკოს მთავრობას, თუმცა უსააკაშვილოდ არც იქ ჩაუვლია პოლიტიკურ პროცესებს.
USAID-ის ხელმძღვანელობა ყოველთვის იყო დაკავშირებული აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან, რადგან დაკომპლექტებული გახლდათ ამ სპეცსამსახურის გადამდგარი თანამშრომლებისგან, და განცხადება ჰუმანიტარულ მიზნებზე _ ეს მხოლოდ საფარველია. ამ სააგენტოს ძირითადი მისია ძირგამომთხრელი მოღვაწეობაა იმ ქვეყნებში, რომელთა ხელისუფლებებიც ლოიალურად არ არიან განწყობილნი აშშ-ის მიმართ. ასე რომ, მარკ გრინის რაკაში ვიზიტი ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს: ამერიკელები არ თვლიან, რომ სირიაში ომი დამთავრდა. ისინი მორიგი “ფერადი რევოლუციის” მოსაწყობად ემზადებიან.
ცნობისთვის: “ვიკიპედიის” ინფორმაციით, USAID-ი თავისი გარდამავალი ინიციატივების განყოფილების (OTI) მეშვეობით აფინანსებს ძირგამომთხრელ ოპერაციებს. მაგალითად, ასეთია ZunZuneo კუბის მთავრობის წინააღმდეგ, რომლის შესახებაც კონგრესსაც კი არ აწვდიდნენ ინფორმაციას.
მას შემდეგ, რაც ZunZuneo –ს შესახებ მასალები დაიბეჭდა გაზეთებში, რამდენიმე კონგრესმენის რეაქცია უარყოფითი იყო. მაგალითად, პატრიკ ლეხმა განაცხადა, რომ “საიდუმლო ოპერაცია მთავრობის შესაცვლელად USAID-ის მეშვეობით არ უნდა ტარდებოდეს”.
შემდეგი სკანდალი, რომელიც 2014 წელს აგორდა, დაკავშირებული იყო კუბაზე ახალგაზრდული ანტისახელისუფლო მოძრაობის შექმნასთან კუბელი რეპერების თაოსნობით, რომლებსაც ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ აშშ–ისთვის მოქმედებდნენ. ოპერაციაში გამოიყენეს სერბები, რომლებიც დაიქირავეს ვაშინგტონში Creativo Associaties International–ის დახმარებით, დაფინანსება ხდებოდა პანამის ერთ–ერთი კომპანიისა და ლიხტენშტეინის ბანკის მიერ. დაფინანსების სქემის სირთულის გამო აშშ–ის ხაზინამ დაბლოკა ეს საბანკო ოპერაციები.
უილიამ ბლუმი, ჟურნალისტი და ისტორიკოსი, რომელიც აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა, აღნიშნავდა, რომ 1960-70-იან წლებში USAID-ი მჭიდროდ თანამშრომლობდა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან _ ამ სპეცსამსახურის აგენტები უცხოეთში USAID-ის თანამშრომლის სახელს იყვნენ ამოფარებულნი.
მოამზადა
ლუკა მაისურაძემ