Home რუბრიკები საზოგადოება მურმან მალაზონია: ანქვაბი ყოველმხრივ ცდილობს, ვითარება მოაწესრიგოს

მურმან მალაზონია: ანქვაბი ყოველმხრივ ცდილობს, ვითარება მოაწესრიგოს

GEWORLD.GE:
გალის რაიონში, არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.ზუგდიდის ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთში ალექსანდრე ანქვაბის გაპრეზიდენტების შემდეგ ვითარება არა თუ გაუმჯობესდა, არამედ გაუარესდა კიდეც. ამბობენ, ანქვაბმა ამომრჩევლების იმედი ვერ გაამართლა და დანაპირები არ შეასრულაო. ამ ინფორმაციას არ ეთანხმებიან ზუგდიდში განთავსებული დევნილები, რომელთაც ხშირად უხდებათ მიმოსვლა გალსა და ზუგდიდს შორის.

აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 16 აგვისტოს ჩატარდა. როგორც აღნიშნავენ, ეს იყო დემოკრატიული არჩევნები და ღირსეულად გაიმარჯვა ალექსანდრე ანქვაბმა. აფხაზეთის მოსახლეობამ ხმა მისცა წესრიგს და კრიმინალთა პარპაშის აღკვეთას. 26 სექტემბერს შედგა ანქვაბის ინაუგურაცია. ასე რომ, ის, 1 თვეც არ არის, რაც ოფიციალურად აფხაზეთის პრეზიდენტია და როგორც დევნილები, გალში მცხოვრებნი, აცხადებდნენ, უკვე დაატყო მტკიცე ხელი.
ზუგდიდიდან გალის მიმართულებით და პირიქით ყოველდღიურად 15-მდე ავტობუსი და მიკროავტობუსი მოძრაობს.
ზუგდიდში განთავსებული «აფხაზეტრანსის» უფროსის მოადგილის _ მურმან მალაზონიას განმარტებით, ანქვაბის გაპრეზიდენტების შემდეგ ვითარება სასიკეთოდ შეიცვალა. «ანქვაბი ყოველმხრივ ცდილობს, ვითარება მოაწესრიგოს. ადრე გალსა და ზუგდიდს შორის მოძრავ ტრანსპორტს უმიზეზოდ აკავებდნენ, ამჟამად კი ვითარება შეცვლილია. იყო შემთხვევა, როცა ავტობუსი დააკავეს, მაგრამ, ვითარების გარკვევის შემდეგ, მძღოლი დაჯარიმების გარეშე მალევე გაუშვეს. ასე რომ, მგზავრობა უფრო უსაფრთხო გახდა, ამიტომაც იმატა მგზავრთა ნაკადმაც. გათვალისწინებულია, ენგურზე, ცენტრალური ხიდის გარდა, ოფიცილურად გაიხსნას ორი გადასასვლელი: ერთი ზუგდიდისა და გალის რაიონების დაბალი ზონის სოფლებს შორის, მეორე კი წალენჯიხის რაიონისა და გალის რაიონის მაღალი ზონის სოფლებს შორის. მძღოლებს აღარ მოუწევთ პარტიზანული მეთოდებით გადაადგილება,» _ აღნიშნა მურმან მალაზონიამ.
როგორც ამბობენ, ალექსანდრე ანქვაბი საპასპორტო პროცესის მოწესრიგებასაც აპირებს. აფხაზურ პასპორტს, რომლის საშუალებითაც გადაადგილდებიან დევნილები, აფხაზეთში მცხოვრები ქართველები თვეობით და წლობით ელოდებიან, დიდი რიგების გამო. ალექსანდრე ანქვაბი ჰპირდება მოსახლეობას, რომ ყოველგვარი პრობლემის გარეშე ისინი მიიღებენ პასპორტებს.
ასე რომ, გაუგებარია, რატომ ამახინჯებენ ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები აფხაზეთში არსებულ ვითარებას. ვინაა დაინტერესებული ასეთი ცრუ ინფორმაციების გავრცელებით?
ლადო ქირია,
ზუგდიდი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here