Home რუბრიკები საზოგადოება 21 ოქტომბრის ინფოდაიჯესტი

21 ოქტომბრის ინფოდაიჯესტი

ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციას საზოგადეობრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადასცემს

ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციას საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გადაცემს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ხათუნა ბერძენიშვილმა განუცხადა.

„სამწუხაროა, რომ ჩვენი არაერთგზის შეთავაზების მიუხედავად, ისინი პირდაპირ კონტაქტზე არ გამოდიან. ასე, საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით ვიგებ, რა გადაწყვეტილებას იღებენ. ახლაც სააგენტოთი მწერენ ტელეფონის ნომერს, რომელზეც უნდა დავუკავშირდეთ. ჩვენი წინადადება ძალაში რჩება, მთავარია, მათგან ვინმე გამოვიდეს პირდაპირ კონტაქტზე. როდესაც დანიშნავს პრესკონფერენციას, პირდაპირი ეთერის შესახებ ჩვენი პირობა ძალაში იქნება“, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.
„27 ოქტომბრიდან ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ქართული მედიისთვის (ელექტრონული, ბეჭდვითი) საკუთარ ბიზნესცენტრში გამართოს პრესკონფერენცია, თუ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ (ან რომელიმე ნაციონალური არხი) უზრუნველყოფს პირდაპირი ეთერით მის ტრანსლირებას“, – ნათქვამია ივანიშვილის პრესსამდივნოს  მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია პირდაპირ ეთერში გაეშუქებინა.

ივანიშვილის პრესსამდივნო მედიას სოციალურ ქსელებში ბიზნესმენის სახელით გავრცელებული ინფომაციების გამოყენებას არ ურჩევს

ოპოზიციონერი მაგნატის ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებით, „ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მათ მიერ ოფიციალურად არ იქნება გავრცელებული, სიმართლეს არ შეესაბამება“.

როგორც პრესსამდივნოს განცხადებაშია ნათქვამი, „ინფორმაციები, რომელიც სოციალურ ქსელებში ბიზნესმენის სახელით ვრცელდება, სიმართლეს არ შეესაბამება“.

„ ცრუ  ინფორმაციები  ძირითადად ბატონი  ბიძინა ივანიშვილის  სახელით შექმნილ  გვერდებზეა განთავსებული, რასაც დაინტერესებული  მხარე  შეგნებულად  დეზინფორმაციისთვის იყენებს. კატეგორიულად  ვაცხადებთ, რომ  ნებისმიერი  ინფორმაცია, რომელიც  ჩვენს  მიერ  ოფიციალურად  არ  იქნება  გავრცელებული,  სიმართლეს არ  შეესაბამება  და  მას, როგორც  ინფორმაციას, ნუ გამოიყენებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რუსეთის ხელისუფლებას მართვის „ხულიგნურ“ და „კაგებეშნიკურ“ სტილს უწუნებენ

სწორედ ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობა რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის საქართველოს მიმართ გამოთქმულ მუქარას იმის შესახებ, რომ „თუ არ დააყენებენ, კბილებში მიიღებენ“.

„რუსეთის ხელისუფლების განცხადებებში ხულიგნური სტილი ახალი არ არის. ისინი თვლიან, რომ ეს მათთვის კარგი და შესაბამისი სტილია და ცოტა “კაგებეშნიკური” და ცოტა ძველბიჭური საუბარი მათი საფირმო ნიშანია. ზოგიერთს კი, ვინც ფიქრობს, რომ ისინი დასავლეთს დაუახლოვდებიან  და კორუფციას შეებრძოლებიან, ან წარმოდგენა არ აქვს პოლიტიკაზე, ან ჰგონია, რომ ნებისმიერი დავალება, რომელსაც  ოლიგარქიული ფულის დასაცავად მიიღებენ, უნდა შეასრულონ,“ – აცხადებს დეპუტატი გოკა გაბაშვილი.

გაბაშვილის თანაგუნდელ ნუგზარ წიკლაურის შეფასებით კი, „მედვედევის როლი, როგორც მასხარისა, რუსეთის საპრეზიდენტო პოსტზე პუტინის დაბრუნებით კარგად გამოჩნდა“.

სამეგრელოს გუბერნატორად დღეს გურამ მისაბიშვილს წარადგენენ

დღეს, 5 საათზე, სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის პოსტზე სენაკის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს გურამ მისაბიშვილს წარადგენენ. ამის შესახებ commersant -ს ფოთის მერმა ვახტანგ ლემონჯავამ განუცხადა.

შეგახსენებთ: პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, სამეგრელო–ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ გუშინ სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ბაკურ კვეზერელი შეცვალა.

საქართველოს ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელი გურამ ენუქიძე გარდაიცვალა

საქართველოს ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელი გურამ ენუქიძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის 1976-1978 წლებში საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სახელმწიფო კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ამის შემდეგ კი მას სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობა ეკავა. გურამ ენუქიძეს შაბათს, საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ.

რობერტ სტურუა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას მოითხოვს

რეჟისორი რობერტ სტურუა ოპოზიციონერი მაგნატის ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას მოითხოვს.

„არა – დიქტატურას! და დროზე დაუბრუნონ ქართველ ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა… ქართველობას ვერ წაართმევენ!“ –  აცხადებს სტურუა facebook-ის საკუთარ გვერდზე.

დედოფლისწყაროს საავადმყოფოს უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

დედოფლისწყაროს საავადმყოფოს უფროსი ომარ ქებაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მან ამ პოზიციაზე მხოლოდ 6 თვის განმავლობაში იმუშავა. რა გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ინფორმაციას ამის შესახებ რადიო „ჰერეთი“ ავრცელებს.

დღესვე ცნობილი გახდა საავადმყოფოს ახალი უფროსის ვინაობა. ახალ ხელმძღვანელად სასწრაფო სამედიცინო დახმარება „03“-ის უფროსი მარინა ზურიკაშვილი დაინიშნება. მუშაობას ის ამ თანამდებობაზე ორშაბათიდან დაიწყებს.

სოფელ გლდანში ხანძარი გაჩნდა

თბილისის შემოგარენში, სოფელ გლდანში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავზე ხანძარი გაჩნდა. დამწვარია 60 კვადრატული მეტრის ფართობი.

შემთხვევისას სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვიც. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ძლიერი ქარის გამო, ცეცხლის მეზობელ სახლებზე გავრცელების საშიშროებაც იყო, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა მეხანძრეებმა მალევე შეძლეს.

ამ დროისათვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ხელვაჩაურში მეწყერი ჩამოწვა

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ორთაბათუმში გადაუღებელი წვიმების შედეგად მეწყერი ჩამოწვა. მოსახლეობა გარესამყაროსგან მოწყვეტილია და სოფელთან დაკავშირება  მხოლოდ შემოვლითი გზით არის შესაძლებელი.

ადგილზე მობილიზებულია  სპეცტექნიკა, თუმცა უამინდობის გამო გზის  აღდგენითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება. ორთაბათუმის რწმუნებული მერაბ ძნელაძე  ვარაუდობს, რომ მდგომარეობა დღის მეორე ნახევარში გაუმჯობესდება.

მისი თქმით, სტიქიას მოსახლეობისთვის არავითარი ზარალი არ მიუყენებია.

ყაზბეგში დღეს გამოიდარებს

სინოპტიკოსები ყაზბეგის რაიონში დღეიდან გამოდარებას ელოდებიან. სინოპტიკოსების ინფორმაციით, მაღალმთიან რეგიონებში დღეს ნალექი შეწყდება. ყაზბეგის რაიონში თითქმის აღარ თოვს.

გამოდარებასთან ერთად ყაზბეგის რაიონში გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვებიც მოიხსნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ყაზბეგსა და შატილში გუშინდელისგან განსხვავებით, დღეს გადაადგილება თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ თოვლის გამო გუშინ ავტომობილების მოძრაობა შეზღუდული იყო როგორც  ყაზბეგში, ისე შატილში.

რუსთაველის გამზირზე ავტოავარიის შედეგად ორი მუშა დაშავდა

რუსთაველის გამზირზე „ფორდის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა ამწე კრანს დაეჯახა, რომელზეც ორი მუშა იმყოფებოდა. შეჯახების შედეგად მუშები მანქანიდან ჩამოცვიდნენ და სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს.

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ავარიის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

მიხეილ ალექსიძეს 53-ე საჯარო სკოლის დირექცია არც სკოლაში უშვებს და არც პირად საქმეს ატან

როგორც“პირWელს“ მიხეილ ალექსიძის დედამ ლალი ლეკიშვილმა აცნობა, მისი შვილი 53-ე საჯარო სკოლის ხმაურიან საქმეში არა ბრალდებულის, არამედ მოწმის სტატუსითაა დაკითხული. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რატომ არ უშვებენ სკოლაში მის შვილს, ან რატომ არ ატანენ სკოლიდან საბუთებს.

„ თუ იგი მართლა დამნაშავეა, 48 საათში უნდა წარედგინათ და თუ არ წარუდგინეს და უდანაშაულოა, მაშინ სკოლაში რატომ არ უშვებენ?!“ – აღნიშნა ლალი ლეკიშვილმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ამავე სკოლის მოსწავლე ირაკლი მჭედლიშვილს, ვის დასაცავადაც ალექსიძე დირექტორთან შევიდა და პრობლემები შეექმნა, ის 53-ე საჯარო სკოლიდან გადაიყვანეს და საბუთების გადატანის კუთხით პრობლემა არ შეჰქმნია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 53-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და დირექტორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე მოსწავლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით აღიძრა. მას შემდეგ მე–11  კლასელების საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსწავლეები სკოლის შენობის წინ შეიკრიბნენ და დირექტორისგან სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა მოითხოვეს.

სამთაწყაროში მიწების გაყიდვას აპროტესტებენ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში, მიწების დაბრუნების მოთხოვნით 70-მდე ადგილობრივი საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები სოფელში კახეთის გუბერნატორის და რაიონის ხელმძღვანელი პირების ჩასვლას ითხოვენ.

საქმე ეხება სოფელში არსებულ მიწის ნაკვეთებს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას იჯარით ჰქონდა აღებული. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათ აღნიშნული მიწების შეძენა ვერ მოახერხეს, შემდეგ კი ტერიტორიები ერთ-ერთმა თბილისელმა ბიზნესმენმა შეიძინა. ამის შესახებ რადიო “ჰერეთი” იუწყება. აქციის მონაწილეთა მტკიცებით, დღეს სოფელში არსებული მიწების უმეტესობა იტალიელი ინვესტორის ხელში აღმოჩნდა, რომელიც ზეთისხილის მეურნეობის განვითარებას გეგმავს.

ადგილობრივთა თქმით, ისინი არ დაუშვებენ საძოვრებისა და სახნავ-სათესი მიწების გარეშე დარჩენას.

აქციზური მარკების გამყალბებლები დაიჭირეს

საქართველოში ყალბი აქციზური მარკები იბეჭდებოდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითების მთელი ჯგუფი დააკავა, რომლებიც დაცულ  დოკუმენტაციას აყალბებდნენ და შავ ბაზარზე ყიდდნენ.

საუბარია ალკოჰოლური სასმელების აქციზურ მარკებზე, რომლებიც კონიაკს ერთვოდა და ბაზარზე ამ ფორმით გადიოდა. სარეალიზაციოდ თაღლითების ხუთკაციანი ჯგუფი აქციზურ მარკებს კომპიუტერში ასკანირებდა. შემდეგ კი ფოტოპრინტერით ბეჭდავდა. გამოძიება დამნაშავეთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის მე–200 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 4–დან 6 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

მუამარ კადაფის დაკრძალვა გადაიდო

ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის დაკრძალვა რამდენიმე დღით გადაიდო. „როიტერის“ ინფორმაციით, დაკრძალვა იქამდე გადაიდო, ვიდრე პოლკოვნიკის დაკრძალვის ადგილი არ იქნება შერჩეული. ამ დროისთვის კადაფის ცხედარი მისრატშია გადასვენებული.
შეგახსენებთ, რომ პოლკოვნიკი კადაფი გუშინ მშობლიურ ქალაქ სირტში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ტყვედ იქნა აყვანილი. ბრძოლების დროს იგი ფეხებში დაიჭრა. ავტომობილი, რომლითაც პოლკოვნიკი საავადმყოფოში გადაჰყავდათ, სროლებში მოყვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here