Home რუბრიკები პოლიტიკა ჟურნალისტის საბუთებით აღჭურვილი სოდ-ის თანამშრომლები ივანიშვილზე კომპრომატის „მოსაჩხრეკად“ მოსკოვში გაემგზავრნენ

ჟურნალისტის საბუთებით აღჭურვილი სოდ-ის თანამშრომლები ივანიშვილზე კომპრომატის „მოსაჩხრეკად“ მოსკოვში გაემგზავრნენ

მიხეილ სააკაშვილსა და მის უახლოეს გარემოცვას უკვე გაუარა პირველმა ელდამ, რომელიც მათ ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენით დაეცათ. სახელისუფლებო გუნდში დიდი შიშიანობაა ჩამოვარდნილი. ნაციონალური კულუარებიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციები ჟონავს. თანაც, უწინდელისგან განსხვავებით, ერთი უცნაურობა შეინიშნება: ნაც-ელიტასთან დაახლოებული პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკთა ერთი ნაწილი, გულში გულშემატკივრობს კიდეც ბიძინა ივანიშვილს. ამ ადამიანის უდიდესმა ავტორიტეტმა, ხალხის უდიდესმა სიყვარულმა, მეტიც, მისდამი ქართული საზოგადოების ერთგვარმა მოწიწებულმა დამოკიდებულებამ, საფიქრალი თავად ნაციონალურ ბომონდსაც გაუჩინა.

ნაცმოძრაობის მაღალ ეშელონებში მრავლად გამოჩნდნენ სოლიდური პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან სანდო შუამავალს ეძებენ, ისეთს, რომელიც მათ არ გამოააშკარავებს და ივანიშვილს ერთადერთ გზავნილს მიუტანს _ მართალია, საპირისპირო ბანაკში ვიმყოფებით, მაგრამ პირად მტრად ნუ ჩამთვლით, მიშას შიშით, არ აგვაწიოკოს და ციხეში არ გამოგვკეტოს, ხმას ვერ ვიღებთო. მოკლედ, მავანნი აქეთ სააკაშვილი _ მერაბიშვილის შიშით ღიად ივანიშვილისადმი სიმპათიის გამოჩენას ერიდებიან და თან ცდილობენ, ამ კაცთან მისასვლელი გზა მოიძიონ სამომავლოდ. ასეთი ადამიანები მრავლად არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მთავრობაში და პარლამენტშიც. თუმცა, ხელისუფლების, უკეთ, იმ პირთა ჯგუფის პოზიცია, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, უცვლელია:
 

1. ბიძინა ივანიშვილი უნდა განადგურდეს პოლიტიკურად, ვიდრე ის პარტიული სტრუქტურების ჩამოყალიბება _ სრულყოფას მოასწრებს და ერთგული ადამიანებისგან, მყარ დასაყრდენსა და გარემოცვას შექმნის;

2. ბიძინა ივანიშვილს, ყველა გზით _ კანონიერით, უკანონო, საკადრისით და უკადრებელით, როგორმე უნდა შეუმცირონ ფინანსური რესურსი.

საქართველოში ივანიშვილის ბიზნეს-სტრუქტურებს რომ სერიოზული საფრთხე ემუქრება, ეს უდაოდ, მაგრამ სააკაშვილი და მისი მრჩევლები თავს იმაზე იმტვრევენ, რა მოუხერხონ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-აქტივებს უცხოეთში, მათ შორის რუსეთში. ნაცმოძრაობა, შავ დღეშია, სააკაშვილიც და მისი გუნდის ყველა წევრი ცალსახად აღიარებს, რომ აქამდე არნახული სიძლიერის ძალას შეეჯახნენ.

ნაცმოძრაობა უკვე მუშაობს სტრატეგიულ გეგმაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გასანადგურებლად იქმნება, ამ გეგმის ყველა პუნქტი და დეტალი უცნობია. მაგრამ ერთი რამ ცხადია და კულუარულადაც ცნობილი გახდა ჩვენთვის _ ნაცები ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას, მის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებით აპირებენ. ამის ნიშნები ნაცმოძრაობის ტელევიზიების და მათ მიერ კონტროლირებად სხვა მედიასაშუალებებში უკვე გამოჩნდა, მათ შორის, ფსევდოოპოზიციურ გაზეთებშიც.

სასაცილოა, რომ ნაციონალური მედია, ხაზი რომ გაუსვას ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირებს, რუსულ პროექტად რომ წარმოაჩინოს იგი, ხშირად ბორის ივანიშვილად მოიხსენიებს. ასე იცნობენ ივანიშვილს რუსეთში _ რატომ და როდის დაარქვეს ეს მეორე სახელი ივანიშვილს რუსეთში, ეს, ალბათ გაირკვევა. თუმცა, დამეთანხმებით, პიარის თვალსაზრისით უსუსური არგუმენტია, მეტი რა დარჩენიათ _ ამ კაცის ცხოვრებაში ადეიშვილი _ მერაბიშვილის უწყებები 2 კვირაა იქექებიან და ერთი რაა, ერთი ხელმოსაჭიდი კომპრომატი ვერ მოიძიეს.

ნაცკულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, თავად სააკაშვილიც მიხვდა, რომ თავისი საყვარელი იარაღით _ პიარტექნოლოგიებით ივანიშვილის უმწიკვლო რეპუტაციას, ისე, რომ ხალხს ეს კაცი შეაჯავროს, ვერ მოახერხებს. თუმცაღა, პირველად მაინც ამ იარაღის გამოყენებას აპირებს, ცხადია, უფრო მასშტაბურად და ამაზრზენი მეთოდებით. ვიდრე ბოლო დღეებში ანხორციელებენ ამას ნაცმედიის წარმომადგენლები.

საამისოდ, მოსკოვში უკვე გაემგზავრნენ, ჟურნალისტების საბუთებით აღჭურვილი სოდ-ის თანამშრომლები, ასევე, სააკაშვილთან დაახლოებული რამდენიმე ბიზნესმენი, რომელთაც რუსეთში აქვთ ბიზნესი და ფართო ბიზნეს-კონტაქტები. ეს ბიზნესმენები, ჟურნალისტებად გასაღებულ სოდელებს, შეეცდებიან, მოუძებნონ ისეთი ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილზე აუგს რასმე იტყვიან. ივანიშვილი რუსეთში 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა და საქმიანობდა, თხუთმეტიოდე წელი იქ დაჰყო და დიდი ფულიც იქ იშოვნა _ ეს ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი უაღრესად ფაქიზად ეკიდება ადამიანებთან ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოტყუებული ბიზნეს-პარტნიორი კი არა, ჩვეულებრივი ადამიანი არ არსებობს არც რუსეთში და არც საქართველოში, უნდა ველოდოთ, რომ ასეთებს სოდელები მაინც მოძებნიან _ გადაუხდიან და ათას სიბინძურეს ალაპარაკებენ მასზე, მერე ამას დაატრიალებენ ნაციონალურ არხებზე და ვიღაც მაინც დაიჯერებს, რომ ეს სიბრიყვე სიმართლეა. თუმცა, ცხადია, არც ივანიშვილის პრესსამსახური იქნება უქმად და ნათელს მოჰფენს ამ ცრუ-კამპანიასა და მის დეტალებს.

მიხეილ სააკაშვილს, თურმე კაბინეტში რუსეთის უშველებელი რუკა დაუკიდია, სადაც მონიშნულია ყველა ის გუბერნია, ქალაქი თუ სოფელი, სადაც ივანიშვილი ერთხელ მაინც გავლით ყოფილა, დიდი სანიშნებლებით კი ის ქალაქებია შეფერადებული, სადაც ივანიშვილს ბიზნეს-კომპანიების სათაო ოფისები და ფილიალები იყო და არის განთავსებული. სააკაშვილი ყველგან აპირებს “დესანტის” გადასხმას, მალე, სახელისუფლებო ტელევიზიების ჟურნალისტებს მოუწევთ საძსულველ რუსეთში ხშირ-ხშირი და ხანგრძლივი მივლინებები. მათთვის ლამის ერთი ფასი აქვს _ ოღონდ ივანიშვილზე ვინმეს ავი ათქმევინონ, აღარ დაეძებენ, ვინ იქნება, რიგითი ქუჩაში გამვლელი, რომელსაც ამ კაცთან და მის ბიზნეს საქმიანობასთან შეხება არ ჰქონია, თუ ივანიშვილის ბიზნესკონკურენტები. ჰო, სააკაშვილი სანთლით ეძებს ივანიშვილზე განაწყენებულ რუს ბიზნესმენებს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტორს, რომ როგორმე ამ კაცის სახელი რუსულ, კრიმინალურ ბიზნესს დაუკავშირონ, მიაწებონ კრიმინალურ ავტორიტეტებს თუ უკვე ყოფილ, მაგრამ სახელგატეხილ რუს ოლიგარქებს. თუმცა, საეჭვოა, რაიმე იპოვნონ _ ივანიშვილის უნიკალურობაზე როცა ვლაპარაკობთ, უპირველესად, მისი ცხოვრების ბეგ-რაუნდი იგულისხმება _ ამ სამიოდე წლის წინ, ქართველ ჟურნალისტთა მთელი ჯგუფი მუშაობდა, მაგრამ მის ცხოვრებისეულ თუ ბიზნეს-წარსულში, ერთი შავი ლაქა ვერ იპოვნეს, გადააქოთეს ყველა რუსული ინტერნეტ-საიტები. მაგრამ ერთი ფრაზა ვერ აღმოაჩინეს. ნებისმიერი წრისა და რანგის ადამიანის მიერ, ივანიშვილზე აუგად ნათქვამი. თუმცა, ვანო მერაბიშვილს ფული აქვს, ის ათქმევინებს ავსა და აუგს ივანიშვილზე ადამიანებს, გადაუხდის და ისე. მერე, ამ დეზინფორმაციას შეაჩეჩებს ხალხს. ბრიყვები დაიჯერებენ, ცხადია. სამწუხაროდ, ასეთები არც თუ მცირედნი არიან ჩვენში.

თითქმის ანალოგიური პროექტის განხორციელებას აპირებს სააკაშვილი უკრაინაშიც. ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-სტრუქტურებს, როგორც ნაციონალები ირწმუნებიან, გარკვეული შეხება უკრაინასთან, უკრაინელ ბიზნესმენებთან ჰქონდა. მართალია, ეს იყო ეპიზოდური და ხანმოკლე კავშირები, მაგრამ გასაქექად უღირს სააკაშვილს _ იქნებ იქ მაინც იპოვნონ რამე ისეთი, რომ სახელი გაუტეხონ კონკურენტს, ან ისეთი მაინც, ტყუილი იყოს და მერე სიმართლეს დაამსგავსონ. კიევში ამ მიზნით, ანუ ბიძინა ივანიშვილზე არარსებული კომპრომატების მოსაძიებლად, ცნობილია, “უკრაინოლოგი” გივი თარგამაძე მიავლინეს. თარგამაძე თავის უკრაინელ ნაცნობ-პოლიტიკოსთა შემწეობით შეხვდება იმ ბიზნესმენებს, (ვინც ცოცხალია), რომელთაც უმცირესი დროით მაინც ჰქონდათ ურთიერთობა ივანიშვილთან, მისი ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლებთან ან, ზოგადად, მის ბიზნესთან. თარგამაძე, თუკი ჯერ მოიძია ასეთი ხალხი და მერე დაიყოლია ივანიშვილის გასალანძღად, სააკაშვილი მზადაა, სოლიდურად გადაიხადოს.

სააკაშვილის ანტიივანიშვილისეული პიარ-კამპანიის ძირითადი ნაწილი საქართველოში იწარმოებს, “კომპრომატებს” სააკაშვილის სპეცსამსახურები და ჟურნალისტები საქართველოში ივანიშვილის ბიზნეს-კომპანიებში მოიძიებენ. ცხადია, რეალურად ვერც ვერაფერს იპოვნიან, მაგრამ აქაც მთავარი პიარია _ ყველანაირად ეცდებიან მის ბიზნესში დასაქმებული ხალხი გადმოიბირონ, დააშინონ, დააშანტაჟონ და ივანიშვილზე ნებისმიერი სიბინძურე ალაპარაკონ. ხარისხსა და მასშტაბებს მნიშვნელობა არა აქვს. ვთქვათ, ასეთიც გამოდგება. სავსე მთვარეობისას ბიძინა ივანიშვილი მაქციად იქცევა-ხოლმე და საჩხერე-ჭიათურის ტყეებში, ღამით შემორჩენილ მწყემსებს ყელს ღადრავდა. ანდა, ასეთიც გამოდგება: ივანიშვილმა ერთ დღეს, საჩხერის რაიონის მთელი მოსახლეობის მოხმარებული დენის საფასური 4 საათით გვიან გადაიხადა და საჩხერლებს, მთელი 4 საათი ელექტროენერგია არ ჰქონდათ, ამ დროს კი, საჩხერის საავადმყოფოში პაციენტს სასწრაფო ოპერაციას უკეთებდნენ და იძულებულნი გახდნენ, _ “დვიჟოკი” ჩაერთოთ და ისე დაესრულებინათ ოპერაცია. მერე რა, რომ ბიძინა ივანიშვილი წლებია, საჩხერის რაიონის მოსახლეობას არა მარტო ელ. ენერგიის საფასურს უხდის, მერე რა, რომ საჩხერის საავადმყოფოს “დვიჟოკები” ივანიშვილის ნაყიდია და საწვავსაც მისი ფულით ასხამენ, მერე რა, რომ ეს სუპერთანამედროვე საავადმყოფო ბიძინა ივანიშვილმა ააშენა, 2003 წელს გახსნა (“ვარდების რევოლუციამდე” ანუ ჩვენს ერამდე) და მთავარი ექიმიდან დაწყებული, დარაჯით დამთავრებული, საავადმყოფოს ყველა თანამშრომელს ხელფასს საკუთარი ჯიბიდან უხდის, _ მთავარი აქ ისაა, რომ 4 საათით გაითიშა დენი საჩხერეში.

აი, ასეთ უნიათო დღეში არიან ნაციონალები, ყელგამოღადრული იხვეწებიან, თუ ვინმემ რაიმე ურიგო იცით ივანიშვილზე, თქვით და გადაგიხდითო. და ასეთები უეჭველად გამოჩნდებიან. თუნდაც, 1991 წელს თბილისის მერი, 2010 წლის თბილისის მერობის კანდიდატი …… ვაშაძე. ეს კაცი ბიძინა ივანიშვილს ერთ-ერთ სამშენებლო პროექტში ჰყავდა ჩართული. საკმაოდ სოლიდური პოზიცია ეკავა, მაგრამ მას სამშენებლო მასალების მითვისება დაბრალდა, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ვაშაძე დაიჭირეს. ციხეში ჩასვეს. მას აქეთ, ვაშაძე შანსს არ უშვებს, ივანიშვილი არ ლანძღოს. უეჭველია, ამ კაცს ყველა ტელეარხს მოატარებენ ნაციონალები. მიუხედავად მხცოვანი ვიცე-მერისადმი ჩემი პატივისცემისა, უნდა ვთქვა _ ამ კაცმა ისიც იკადრა _ ბიძინა ივანიშვილს სამების საკათედრო ტაძრის მშენელობის საქმეში მისხალი წვლილი მიუძღვის მხოლოდ, ტაძარი სხვა ბიზნესმენებმა ააშენესო. აი, ასეთი ცოცხალი ტყუილების მფრქვეველების ძიებში არიან ნაციონალები. ვაშაძე კი თავს იმართლებს _ ახალდაბადებული ყრმასავით უმანკო ვიყავი, რამდენიმე კილოგრამი ლურსმანი დაიკარგა მშენებლობიდან და ამის გამო ჩამსვეს ციხეშიო. მინდა შევახსენო პატივცემულ ვიცე-მერს, რომ აქლემისა და ლურსმნის ქურდი, ორივე ქურდია. საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება კი, ივანიშვილის ლანძღვით კი არ უნდა ეცადოს სასამართლოს უნდა ედავოს უსამართლო განაჩენის გამო და დაამტკიცოს თავისი სიმართლე.

მიშა სააკაშვილის სპეცსამსახურები (კუდ-ი, სოდი, საგადასახადო დეპარტამენტი, ეროვნული ბანკი, საჰაჟო დეპარტამენტი… დიახ, ეს უკანასკნელიც სპეცსამსახურთა კატეგორიაში გადიან ამ ხელისუფლების ხელში), უკვე შეესივნენ ივანიშვილის ბიზნესს საქართველოში, ცდილობენ, რაიმე დარღვევა უპოვნონ. მართალია, ოფიციალურად არავინ არსად არ შესულა, მაგრამ ამ ზემოჩამოთვლილი სამსახურების თანამშრომლები, ნაცვლად იმისა, ის საქმე აკეთონ, რაც ევალებათ, სხედან და მონაცემთა ბაზაში, ივანივშილის ბიზნეს კომპანიათა და საქველმოქმედო ფონდის, სხვა სტრუქტურების ბოლო წლების საქმიანობას ჩხრეკენ, რაიმე “ისეთი აღმოაჩინონ”, საპიაროდ გამოიყენონ.

სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა უკვე გადასცა იმ პირთა შესახებ სრული ინფორმაცია მერაბიშვილს, რომლებიც იყვნენ ან არიან ივანიშვილის ბიზნეს და საქველმოქმედო საქმიანობასთან რაიმე ფორმით დაკავშირებულნი, ცხადია, სიას სათავეში ის ხალხი მოექცა, ვინც ამჟამად მუშაობენ ივანიშვილთან. სპეცსამსახურები ამ ხალხის ნაწილის ყიდვას ან დაშინებას შეეცდება, მიზანი იგივეა _ როგორმე გადაბრუნებული სიტყვა ათქმევინონ ივანიშვილზე. ამ ადამიანებზე უდიდესი ზეწოლა განხორციელდება. თუ ხელისუფლების ნებას არ დაყაბულდებიან, მათ ოჯახის წევრებს, ვინც სახელმწიფო სამსახურებშია დასაქმებული, დაითხოვენ, ასევე, მათ ნათესავებს. ბევრს უარესს უზამენ, საციხედაც გაიმეტებენ, მიზეზი ამათ არ დაელევათ _ ვინმეს ბალისტიკურ რაკეტას უპოვნიან ბაღჩაში ბრეზენტგადაფარებულ “სტელსის” ტიპის ბომბდამშენებს უპოვნიან სახლის უკან, ცხადია, რაკეტებით აღჭურვილს და იარაღის უკანონო შენახვისთვის გაასამართლებენ.

მართლა თავზარდაცემულნი არინ ნაციონალები. ივანიშვილის გარემოცვაში აგენტურა არა ჰყავთ, რომ მასთან საბრძოლველი სტრატეგია შესაბამის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ივანიშვილის მოსალოდნელი ქმედებების გათვლით ააგონ. პირველ ეტაპზე, როგორც მოგახსენებთ, ბინძური პიარ-კამპანიით აპირებენ ფონს გასვლას და ეს იქნება საქართველოს ისტორიაში, უპრეცედენტოდ ამაზრზენი პიარ-კამპანია, უპრეცედენტოდ თავზე ხელაღებული და სინდისგაყიდული პიარ-ტექნოლოგიების მიერ მომზადებული და იმ ჟურნალისტთა მიერ გავრცელებული, რომელნიც ყველაფერზე არიან წამსვლელნი, ოღონდ ნაციონალთა გულები მოინადირონ და სამსახური შეინარჩუნონ. თუმცა, ისეთებიც არიან, წასასვლელი არსად რომ არა აქვთ. მაგალითად, ერთ ჩემს ტელე-კოლეგას სულ არ ეხალისება ნაცმოძრაობის ქება და მისი ოპონენტების ლანძღვა, მაგრამ მამამისი “გაჭედეს” თავის დროზე სამართალდამცავებმა საპროცესო გარიგებას კი შვილმაც მოაწერა ხელი და ცხადია, სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ორივე _ მამა და შვილი _ ჟურნალისტი დათანხმდა. ერთ-ერთი ტელევიზიის კაშკაშა სახეა.

აი, ასეთი არეულ-დარეულობა და ქაოსია ნაცმოძრაბაში. მისი ბოსები დაბნეულნი არიან, ერიდებიან სააკაშვილს ცუდ ხასიათზე არ გადაეყარონ, გამარჯობის ნაცვლად ბიძინა ლანძღვა-გინებით ხვდებიან. მიხეილ სააკაშვილს ერთხელ უიმედოდ აღმოხდენია: შეუძლებელია, კაცს 4,5 მილიარდი დოლარი ჰქონდეს ნაშოვნი, მსოფლიოს უმდიდრეს 200 ადამიანთა შორისაა და მასზე ერთი კომპრომატი მაინც არ არსებობდეს, რომ ეს კაცი გავაფუჭოთო. მერე უიმედოდ გაუშლია ხელები _ ეტყობა, მართლა არ არსებობს, თორემ აქამდე მოვიძიებდიო.

სააკაშვილსა და მის გარემოცვას ისღა დარჩენია, რაც ბუნებაში არ არსებობს, ის ეძიონ, ეძიონ შავი კატა იმ ოთახში, სადაც ის არ არის. მოკლედ, “ნაცმოძრაობამ” ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში ჰებელისეული ლოზუნგი ააფრიალა: რაც უფრო დაუჯერებელია ტყუილი, მით უფრო დამაჯერებელია! თანაც, ფაშისტებს ამდენი მედია-საშუალება სად ჯანდაბაში ჰქონდათ და, ცხადია, არც თანამედროვე პიარ-ტექნოლოგიებისა იცოდნენ მაშინ რაიმე.

სააკაშვილი ამ მხრივ აშკარად წინ არის წასული.
ლევან ჯავახიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here