Home რუბრიკები სამართალი დაკავებული ინკასატორები სპეცოპერაციის დეტალებს იხსენებენ

დაკავებული ინკასატორები სპეცოპერაციის დეტალებს იხსენებენ

ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ, ბანკ “ქართუს” 6 თანამშრომელი დააკავეს. შსს-ს ცნობით, მათ თან დიდი ოდენობით ნაღდი ფული ჰქონდათ. სპეცოპერაციის შედეგად ჩამორთმეული თანხა _ ორი მილიონი აშშ დოლარი და ერთი მილიონი ევრო _ ბანკი “ქართუსთვის” ჯერაც არ დაუბრუნებიათ, თუმცა, დაკავებულებისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. ისინი მოწმის სტატუსით დაკითხეს და იმავე დღეს გაათავისუფლეს. როგორც ბანკის თანამშრომლები აცხადებენ, მათ მიმართ აგრესიულ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, სამართალდამცავებს არც პოლიციის ფორმა ეცვათ, არც დაკავების ორდერი წარმოუდგენიათ და არც დაკავების მიზეზი აუხსნიათ.

მიუხედავად დანაკარგისა და ინციდენტისა, ბანკი “ქართუ” ჯერჯერობით შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას. “საქართველო და მსოფლიო” ბანკ “ქართუს” თანამშრომლებს, ინციდენტის უშუალოდ მონაწილეებს გაესაუბრა.
“ქართუ ჯგუფის” თანამშრომლების განცხადებით, ისინი მორიგ საბანკო ოპერაციას ასრულებდნენ, როდესაც მოულოდნელად პოლიციამ დააკავა.

“ქართუ ჯგუფის” მოლარე, ირმა ქეთიშვილი: “საქართველოს ბანკში”, ჩვეულებისამებრ, ინკასაციის მანქანით წავედით რათა, სალაროს გამაგრების მიზნით, თანხა გამოგვეტანა. ყველა წესის დაცვით შევასრულეთ ჩვენი მოვალეობა, დავითვალეთ, შევამოწმეთ თანხა და გადავეცით ინკასატორებს. გამოსვლისას, “საქართველოს ბანკის” შენობაშივე დაგვაკავა პოლიციამ.

_თუ წარმოგიდგინეს სამართალდამცავის მოწმობა ან დაკავების ორდერი?

_ ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე წაგვიყვანეს და ჩვენთვის არანაირი საბუთი არ წარმოუდგენიათ. მიზეზიც არ უთქვამთ. მიგვიყვანეს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში და დაახლოებით ერთი საათის მანძილზე, ისიც კი არ ვიცოდით რისთვის დაგვაკავეს. როდესაც ვეკითხებოდით, რატომ დაგვაკავეთო, არაფერს გვეუბნებოდნენ. დაკავებულები თუ ვიყავით, ესეც არავის უთქვამს. ერთი საათის შემდეგ განგვიმარტეს, რომ დაკავებულები ვიყავით და დაახლოებით საღამოს ცხრა საათისთვის უკვე მოწმის სტატუსით დაგვკითხეს. თითოეულ ჩვენგანს გამომძიებელი მოგვიჩინეს და დაწვრილებით გამოგვკითხეს თუ რა მიზნით, რა ოპერაციას ვასრულებდით და დაახლოებით ღამის 11 საათზე გაგვანთავისუფლეს.

როგორც “ქართუ ჯგუფის” ინკასატორი არჩილ ჯაფარაშვილი ამბობს, მართალია, სამართალდამცავები კი ამბობდნენ, რომ პოლიციიდან იყვნენ, მაგრამ ოფიციალურად არც მათთვის აუხსნიათ დაკავების მიზეზი. “დაკავების ორდერი არ წარმოუდგენიათ ისე ჩაგვსვეს ავტომანქანაში და პოლიციის განყოფილებაში წაგვიყვანეს. მე ინკასატორი ვარ და თანხა მეჭირა ხელში, მოვიდნენ და რა თანხაა და რამდენიაო. სიმართლე გითხრათ, მე არც ვიცოდი რა რაოდენობის თანხა იყო, რადგან ფულის დათვლა და შემოწმება მოლარეების მოვალეობაა. მათ შეამოწმეს და დალუქეს თანხა, ჩემი მოვალეობა მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

_ ამ დროისთვის ყველა დაკავებული გათავისუფლებულია?

_ ყველა გაგვანთავისუფლეს, თუმცა, ინკასატორები მოლარეებზე გვიან გამოუშვეს და გვთხოვეს, რომ სანამ გამოძიება არ დასრულდება, ქალაქიდან არ გავიდეთ.

_ გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ბანკი ქართუს” თანამშრომლების პროვოცირება სურდათ ამ ნაბიჯით, თუ ჰქონდა პოლიციელების მხრიდან რაიმე მსგავს ქმედებას ადგილი?

“ქართუ ჯგუფის” ინკასატორი ზაზა ყაველაშვილი: ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სამართალდამცავები თავადაც გაურკვევლობაში იყვნენ. ალბათ ეგონათ, რომელიმე ჩვენგანი ბანკის თანამშრომელი არ აღმოჩნდებოდა. როცა საბუთები შეამოწმეს და დარწმუნდნენ, რომ არანაირ უკანონო ქმედებას არ ვასრულებდით იარაღი და საბუთები დაგვიბრუნეს და გამოვიშვეს.

აღსანიშნავია, რომ იმავე დღეს, “კურიერის” საინფორმაციო გამოშვებაში გამოაცხადეს, თითქოს დაკავებულებს შორის ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრებიც იყვნენ. რაც აბსურდია. მხოლოდ ბანკის თანამშრომლები დაგვაკავეს. თუმცა, არც სიმართლის გარკვევის შემდეგ არავის უთქვამს, რომ ტელევიზიამ მცდარი ინფორმაცია გადასცა.

სანამ დაგვაკავებდნენ, მოულოდნელად გაძლიერდა ბანკის დაცვა. მოგეხსენებათ მე ინკასატორი ვარ და ვინაიდან, უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩემი მოვალეობაა, სიტუაციას ვაკვირდებოდი. ცოტა საეჭვო ვითარება შეიქმნა, მაგრამ ასეთი რამ თუ მოხდებოდა და სპეცოპერაცია თუ ტარდებოდა ჩვენს წინააღმდეგ, მაგას ვერ ვიფიქრებდი. არავინ იცის, შესაძლოა ელოდნენ კიდეც შეიარაღებულ წინააღმდგობას, ჩვენი მხრიდან ეს შესაძლებელიც იყო, მაგრამ ასეთი საქციელი უაზრობა იქნებოდა და ამას მსხვერპლი მოჰყვებოდა.

“ქართუ ჯგუფის” მოლარე, ინგა ჯავახია: ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო თუ მსგავსი რამ მოხდებოდა. მართალია, ბანკში საუბრობდნენ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების პოლიცია მოვიდაო, მაგრამ ჩვენს დასაკავებლად თუ იყვნენ მოსულები, ვერც წარმოვიდგენდი.

უსაფრთხოებისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი გოჩა ჩიკვილაძე ამბობს, რომ თანამშრომლების დაკავების შესახებ მოულოდნელად შეიტყო. “დაკავების მომენტში, სანამ ტელეფონს ჩამოართმევდნენ, ერთმა ინკასატორმა მოასწრო და დაგვირეკა. როცა ადგილზე მივედით, რა თქმა უნდა იქ უკვე აღარავინ დაგვხვდა. “საქართველოს ბანკის” დაცვის სამსახურმა გვაცნობა, რომ ინკასაციის მანქანიანად, ყველა ჩვენი თანამშრომელი წაიყვანეს. შემდეგ გავარკვიეთ, სადაც იყვნენ და მივედით, დავწერეთ განცხადება და ვთხოვეთ სამართალდამცავებს, კანონიერი ზომები მიეღოთ.”

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბან “ქართუს” თანამშრომლები ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. რა ხდება ამჟამად, ცნობილია თუ არა კონკრეტული ბრალდებულების ვინაობა?

_ ძველი თბილისის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა ზურაბ პავლიაშვილმა მითხრა, რომ მათ მართლაც დააკავეს ბანკ “ქართუს” ინკასაციის მანქანა, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ფულის გათეთრებას ჰქონდა ადგილი, რაც წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება, ერთი ბანკიდან _ მეორეში ინკასაციით გადატანილი თანხა ფულის გათეთრებად მიიჩნიო? ფული თუ თეთრდება ამას ორი მხარე აქვს და გამოდის, რომ “საქართველოს ბანკიც” ათეთრდებდა ფულს? არადა, მათთან პრეტენზია არავის ჰქონია.

ბანკში ყველაფერი წესრიგშია და შესაბამისი დოკუმეტაცია გვაქვს, ყველას შეუძლია იხილოს გარადიცხვის დოკუმენტები, რითიც დასტურდება რომ გერმანულ და ამერიკულ, საკმაოდ მსხვილ ბანკებთან არის გატარებული ყველა შესაბამისი ინფორმაცია და აბსურდია რასაც ამბობენ. ამდენი თანხაც იმიტომ დაგვჭირდა, რომ ამ დღეებში, ბანკიდან ანაბრების გატანის მაჩვენებელი გაიზარდა და რათა ჩვენი მომხმარებლებისთვის დისკომფორტი არ შეგვექმნა, “საქართველოს ბანკიდან” თანხის წამოღება გადავწყვიტეთ.

ბრალდებულად არავინ არ არის ცნობილი. ბანკის დაკავებული თანამშრომლები მოწმის სტატუსით დაკითხეს.

_ თანხა თუ დაგიბრუნეს თუ კვლავ სამართალდამცველებთან რჩება?

_ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამის ორგანოებს კვლავ მივმართეთ წერილობით და ავტომანქანის და ფულის დაბრუნება მოვითხოვეთ. არაფერი დაუბრუნებიათ და პასუხიც არავის გაუცია. კანონის თანახმად, თუ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და თანხა ფიგურირებს საქმეში, ეს თანხა, სისხლის სამართლის საქმის დასრულებამდე მფლობელს არ უბრუნდება. ამიტომ, ჩვენ იმედი არ გვაქვს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვინმე თანხას დაგვიბრუნებს, მაგრამ ვინაიდან ჩვენ მართლები ვართ, ამ თანხას ბოლოს მაინც დავიბრუნებთ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუიხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება) აღძრული, როდის დამთავრდება ეს სისხლის სამართლის საქმე, არ ვიცით.

_ ბანკ “ქართუს” თანამშრომლების დაკავების ფაქტი, ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ ბიზნესმენის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ და კრიმინალურ შეეტევად უკვე შეაფასა. რა ხდება ამჟამად, ბანკი შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას?

_ ბუნებრივია ეს ყველაფერი ჩვენი დამფუძნებლის საქმიანობას, მის პოლიტიკურ გააქტიურებას უკავშირდება. ჯერჯერობით მშვიდად ვაგრძელებთ მუშაობას, თუმცა, თანამშრომლებმა არ ვიცით რა შეიძლება მოხდეს, რადგან ჩვენთვის აღნიშნული ფაქტიც მოულოდნელი იყო.

ეს თანხა არ არის ჩვენი დონის ბანკისთვის იმხელა მნიშვნელობის, რომ ბანკის მუშაობა შეაფერხოს, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული ბანკები ჩვენთან თანამშრომლობას უკვე თავს არიდებენ. “საქართველოს ბანკმაც” საკმაოდ გაგვიჯანჯლა თანხის მოცემა. ჯერ გვაძლევდა თანხას, მერე უარი გვითხრა, ბოლოს დაგვთანხდა. ეროვნული ბანკიდანაც ძალიან მცირე თანხა მოგვცეს, უფრო მეტი გვსურდა და უარი გვითხრეს. ფაქტია, რომ ხელისშემშლელ პირობებს გვქიმნიან, მაგრამ ბანკში იმდენად კარგადაა საქმე აწყობილი, ჩვენს მუშაობას ასეთი მომენტები ვერ შეაფერხებს.

აღსანიშნავია, რომ ან ინციდენტის შემდეგ, ბანკის საქმიანობის შესამოწმებლად ეროვნული ბანკიდან მოვიდნენ. ბრძანების თანახმად, ბანკის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო, გადაწყდა ჩვენი საქმიანობის შემოწმება და ეროვნულმა ბანკმა, ორი თვის მანძილზე უნდა შეამოწმოს “ქართუ” ბანკის საქმიანობა. ჩვენ რა თქმა უნდა წინააღმდეგნი არ ვართ, შეგვამოწმონ. სხვა დროსაც შეუმოწმებიათ და არასდროს, არანაირი პრობლემა არ გვქონია.

P.S. დაუბრუნდება თუ არა კუთვნილი თანხა ბან “ქართუს” და როგორ დასრულდება საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებას ითვალისწინებს, არავინ იცის. ამ ეტაპზე, ბრალდებულების ვინაობაც იცნობია.
შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here