GEWORLD.GE:
ოპოზიციის ერთი ნაწილი ხელისუფლებასთან გარიგებული რომაა, ეს ყველას კარგად მოგვეხსენება. გარდა კულუარებიდან გაჟონილი ინფორმაციებისა, ოპოზიციონერების ერთმანეთის მიმართ გაჟღერებული ბრალდებებისა, სააკაშვილისა და ზოგი ვაიოპოზიციონერის ალიანსი დოკუმენტებითაც გამყარდა. ყველაზე სკანდალური, ცხადია, ლევან გაჩეჩილაძისა და სააკაშვილის ფარული შეხვედრა და ბადრი ბიწაძის მიერ ამ შეხვედრის დეტალების გამომზეურება იყო. ბიწაძემ საკუთარი ხელით ჩამოწიკწიკებული მოთხოვნები დაუბეჭდა გაზეთში გაჩეჩილაძეს _ ყველა ის მოთხოვნა, რის საფასურადაც გაჩეჩილაძე მზად იყო, ოპოზიციური მუხტი გაენელებინა ხალხში და ხელისუფლების გეგმით ეთამაშა.
გამორიცხული არ არის, მალე კიდევ ერთ «ოპოზიციონერს» აუფრიალონ მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში დაწერილი მრავალფურცლიანი მოთხოვნები _ ეს კაციც მზად იყო, ამ მოთხოვნების სანაცვლოდ, ოპოზიციიდან ხელისუფლებასთან არათუ ფარულად ეთანამშრომლა, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნებულიყო. ეს კაცი ცნობილი პოლიტიკური ვაჭარი ეროსი კიწმარიშვილი გახლავთ, ხოლო შეთანხმება 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიის წინ მოხდა, როცა ამერიკიდან დაბრუნებული კიწმარიშვილი ვადამდე დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილის გუნდის წევრი გახდა და მისი პიარ-მენეჯერობაც იკისრა, მერე რუსეთშიც დანიშნეს ელჩად. არადა, ყველას კარგად გვახსოვს, კიწმარიშვილი «ვარდების რევოლუციის» მერე პრემიერ-მინისტრობასაც ითხოვდა, ამის გამო ზურაბ ჟვანიას დაუპირისპირდა; ბოლოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარედ დანიშნეს და ვიცე-პრემიერობასა და სოლიდურ ბიზნესს დაჰპირდნენ; მერე ეროსი საერთოდ «მოტეხეს», «რუსთავი 2»-ც წაართვეს (აიძულეს, 10 მილიონ დოლარად გაეყიდა), პალატის თავმჯდომარეობიდანაც მოხსნეს და, ცხადია, არც ვიცე-პრემიერობა აღირსეს. ამის მერე კიწმარიშვილი აიბარგა და აშშ-ში წავიდა.
2007 წლის ცნობილი მოვლენების მერე, როცა სააკაშვილმა ცალკე მიტინგი დაარბია და ცალკე _ «ტელეიმედი», საერთაშორისო მხარდაჭერა დაკარგა და რევოლუცია კარს ჰქონდა მომდგარი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბრძანებით, იძულებული გახდა, პრეზიდენტის პოსტიდან გადამდგარიყო და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაენიშნა. ეს იყო სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ყველაზე მძიმე და მყიფე პერიოდი. ის ხელისუფლების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დადგა. მიშა მზად იყო, მოსისხლე მტერსაც შერიგებოდა, ოღონდ ხელახლა პრეზიდენტი გამხდარიყო.
როგორც აფთრები გრძნობენ მკვდარი ადამიანის თუ არსების ბოლოსწინა ამოსუნთქვას, ეროსიმ ისევე იგრძნო, სააკაშვილის პოლიტიკური სიკვდილის ჟამმა დაჰკრაო და ამერიკიდან გელა ბეჟუაშვილის მეშვეობით დაუკავშირდა _ შენთან შეხვედრა მინდაო. შეხვედრა შედგა. რა შესთავაზა ეროსიმ სააკაშვილს, დეტალურად უცნობია ჩვენთვის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეს კაცი იქცა სააკაშვილის საპრეზიდენტო კამპანიის პიარ-მენეჯერად, დიდი ამაგი დასდო და რუსეთში ელჩობასაც გამოჰკრა ხელი. თუმცა ელჩობა სასაცილოდ მოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, რასაც რეალურად სააკაშვილისგან ითხოვდა კიწმარიშვილი. ეროსიმ საკუთარი ხელით ჩამოუწიკწიკა თაბახის ფურცლებზე თავისი მოძალებული მადა სააკაშვილს. მიშამაც სეიფში შეინახა, მაგრამ ნამუსი არ შეუნახა.
თუ გახსოვთ, ერთ-ერთი მორიგი ნაციონალური შოუს დროს, როცა სააკაშვილი ხალხს ხვდებოდა, ტრაქტორებსა და შაბიამანზე ლაპარაკობდა, ოპოზიციონერების ლანძღვაზე გადავიდა, ტრადიციულად, გაკვრით, ირონიით ახსენა, ახლაც ვინახავ ერთი ოპოზიციონერის იმ მოთხოვნებს, რომელმაც საკუთარი ხელით თაბახის ორი ფურცელი შეავსო ჩემ თვალწინ, თუ რა სახის ბიზნესებს ითხოვდაო. სააკაშვილს არ დაუკონკრეტებია, ვინ იყო ეს ოპოზიციონერი, მაგრამ მე ვაკონკრეტებ _ ეს ეროსი კიწმარიშვილი გახლდათ.
ახლა იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებიც კიწმარიშვილმა წაუყენა იმ დროს პრეზიდენტყოფილსა და პრეზიდენტობის კანდიდატს _ მიხეილ სააკაშვილს.
უპირველესად, ცხადია, კიწმარიშვილი ითხოვდა «რუსთავი 2»-ის იმ წილს, რომელიც თავის დროზე ძალით გააყიდინეს, მაგრამ 10 მილიონის დაბრუნებას, რომელიც ოქრუაშვილმა გადაუხადა ქიბარ ხალვაშის ხელით, არ აპირებდა. ეროსიმ ალტერნატიული ვარიანტიც შესთავაზა მიშას. თუ «რუსთავი 2»-ს არ გადმომცემ და ეს პრობლემაა, მაშინ სატელიტური მაუწყებლობის სიხშირე და ახალი ტელეარხის გასაკეთებელი თანხა მომეცი, ხარჯთაღრიცხვას კი ამ დღეებში მოგართმევო. მართლა მიუტანა ეს ფინანსური გეგმა ეროსიმ სააკაშვილს _ ახალი ტელევიზიის შექმნა 20 მილიონი დოლარი ჯდებოდა. კიწმარიშვილის პოლიტიკური მოთხოვნა იყო, სააკაშვილს არჩევნების მერე ის დაენიშნა იმჟამად გაერთიანებული ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად (ამ არჩევნების მერე გამოეყო ეკონომიკის სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამინისტრო).
მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც კიწმარიშვილი ითხოვდა სათავისოდ თუ თავისი მეუღლისთვის. კიწმარიშვილს სურდა, მის მეუღლეს, ია კიწმარიშვილს ჰქონოდა ექსკლუზიური უფლება, საქართველოში მოდის საერთაშორისო კვირეული ჩაეტარებინა, რასაც, ცხადია, დააფინანსებდნენ კიწმარიშვილისგან დატერორებული ბიზნესმენები.
ია კიწმარიშვილი უნდა დანიშნულიყო კულტურის სამინისტროს ღონისძიებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელად (ამჟამად ამ პოსტზე მარინა ბერიძე მუშაობს). მოკლედ, მთელი ნაციონალურ-კულტურული ღონისძიებების შეფი ეროსის მეუღლე უნდა ყოფილიყო, მერე გენახათ თქვენ მოდის კვირეულები და თვიურები თუ სილამაზის ათასგვარი კონკურსები. ბეწვზე ვართ გადარჩენილები!
ეროსი კიწმარიშვილი ითხოვდა ფარმაცევტულ ბაზარზე ადგილის გამოყოფას, ანუ არსებული ფარმა-კომპანიების შევიწროებას. მას ერთ-ერთი ამერიკული ფარმა კომპანია შემოჰყავდა საქართველოში, რომლის წარმომადგენელი და მეწილეც, ცხადია, არაოფიციალურად, ეროსი იქნებოდა. ის ითხოვდა, პირველ ეტაპზე 80 აფთიაქისთვის (40 _ თბილისში, 40 _ რეგიონებში) საჭირო ფართის გამოყოფას და აუქციონის წესით მათ შეძენას. ცხადია, მას სურდა, ყველა აფთიაქი თბილისში, თელავსა თუ ბათუმში ქალაქის ცენტრში და კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში ყოფილიყო. ეს თავისთავად ნიშნავდა, უკვე მოქმედ კომპანიებთან ხელისუფლების დაპირისპირებას. არადა, ამ ფარმაკომპანიების მფლობელები სააკაშვილის საარჩევნო კომპანიებისა და მისი სხვა ნება-სურვილის უსიტყვოდ დამფინანსებელ-აღმასრულებლები იყვნენ და არიან. ეროსის მითითებულიც აქვს _ საწყის ეტაპზე ის ითხოვს ფარმაბაზრის 12 პროცენტს.
ეროსი კიწმარიშვილის ინტერესები რკინიგზასაც გადასწვდა. ამ დროს უკვე არსებობდა რკინიგზის თბილისის ზღვაზე გადატანის პროექტი. ეროსი მოითხოვდა, რომ ახალი რკინიგზის მშენებლობას ბეტონით ექსკლუზიურად მოამარაგებდა ერთ-ერთი კანადური კომპანია, რომელსაც თავად შემოიყვანდა საქართველოში. ამით, არც მეტი, არც ნაკლები, კიწმარიშვილი თავის რეკომენდატორს სააკაშვილთან, გელა ბეჟუაშვილს უპირისპირდებოდა. ყველასთვის ცნობილია, რომ «ჰაიდელბერგცემენტი» ძმები ბეჟუაშვილებისაა და ყველა სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტი ამ კომპანიის ცემენტით ხორციელდება. სახელმწიფო მხოლოდ «ჰაიდელბერგცემენტისგან» ყიდულობს პროდუქციას. თუმცა, როცა საქმე დიდ ბიზნესს, დიდ ფულს ეხება, იქ მეგობრობა და გაწეული სამსახური რა სახსენებელია?! მით უფრო, რომ ეროსი კიწმარიშვილმა ერთ კვირაში გელა ბეჟუაშვილს მადლობა იმით გადაუხადა, რომ მისი კონკურენტობა, მეტიც, მისი და მისი ძმისთვის ბიზნესის წართმევა დააპირა. საამისოდ ეროსის მხოლოდ სააკაშვილის ნებართვა სჭირდებოდა, ეკონომიკის მინისტრი თავად იქნებოდა, შპს «საქართველოს რკინიგზის» 100-პროცენტიანი წილი სახელმწიფო საკუთრებაა, ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება და იქ გამართულ ყველა ტენდერსა და აუქციონს ეკონომიკის სამინისტრო აკონტროლებს. ამდენად, ეროსი კანადური კომპანიის სასათბუთე პირობებში ჩაყენებას თავადვე მოახერხებდა, ის ხომ ეკონომიკის მინისტრობას უმიზნებდა.
ეროსი ასევე ითხოვდა, მაქსიმალურად შეღავათიან ფასად მისთვის მიეყიდათ რუსთაველის გამზირზე მდებარე «ოფიცერთა კლუბის» შენობა. იქ ეროსი «პრეს-კაფეს» გახსნას აპირებდა, ბომონდური ჟურნალისტიკის თავშეყრის ადგილი იქნებოდა, ერთ-ერთ პრესტიჟულ და შემოსავლიან კაფედ იქცეოდა თბილისში. ცხადია, ეროსის ისიც გათვლილი ჰქონდა, რომ თბილისში ჩამოსული უცხოელი ჟურნალისტებიც ამ კაფეს ხშირი სტუმრები იქნებოდნენ. როგორც ხვდებით, კიწმარიშვილს ეს საქმეც «გაემაზა» _ ყოფილ ოფიცერთა სახლში ზურაბ წერეთელმა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გააკეთა.
იმ დროს, რომელზეც ვსაუბრობთ, თბილისში ნამდვილი სამშენებლო ბუმი იყო. კიწმარიშვილს სამშენებლო ბიზნესშიც ჰქონდა ინტერესი. საკუთარი სამშენებლო კომპანიისთვის თანხების მოზიდვას თავადვე აპირებდა, მაგრამ სააკაშვილისგან მოითხოვდა, დაბა წყნეთში, უკეთ, წყნეთიდან სამადლოსკენ მიმავალ გზაზე, მისთვის გამოეყოთ 10 ჰექტარი მიწა. არადა, ამ ადგილას ტყეებია, რომელთაც რეკრეაციული ზონის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.
კიწმარიშვილს სურდა, ამ ტყეებს რეკრეაციული ზონის სტატუსი მოხსნოდა, იქ შესულიყო მისი სამშენებლო კომპანია და იქ მულტიფუნქციური კომპლექსი გაეშენებინა _ დაბალი, მაქსიმუმ, ერთსართულიანი, მრავალსადარბაზოიანი კორპუსები, მაღაზიები, მარკეტები, სალონები… მოკლედ, მინი-ქალაქის გაშენებას აპირებდა, თანაც, ადგილია ისეთი, სამოთხეს არ ჩამოუვარდება. ფასიც შესაბამისი ექნებოდა და ეროსი დიდ ფულს იშოვნიდა. ეროსი ამ 10 ჰექტრის სიმბოლურ ფასად ყიდვას ეშურებოდა, თორემ, თუნდაც სახელმწიფო ფასში, წყნეთში მიწაც რომ იყიდო (80-150 ლარი 1 კვ.მ.) და კორპუსი ააშენო, დიდ მოგებას ვერ ნახავ, რადგან მთიანი, განსაკუთრებული რელიეფის რეგიონია და 5-სართულიან კორპუსზე მაღლის აშენება არ შეიძლება ოფიციალურად. მოგებას კი სამშენებლო ბიზნესში სწორედ მაღალსართულიანი კორპუსები იძლევა _ სწორედ, 4-5 სართულის მერე მიდიხარ მოგებაზე, მანამდე, რაც ჩადე, იმას იღებ. ეროსი კიწმარიშვილი დეველოპერულ კომპანია «იბერიასთან» ერთად აპირებდა ამ პროექტის ხორცშესხმას.
კიწმარიშვილის მორიგი სამიზნე ლატარიის ბიზნესი იყო. ის ითხოვდა ექსკლუზიურ უფლებას, სრულ მონოპოლიას ლატარიის ბიზნესში, ანუ ითხოვდა იმავეს, რასაც ამჟამად «საქართველოს ლატარიის კომპანია» ფლობს და რომელსაც დავით კეზერაშვილი აკონტროლებს. «საქართველოს ლატარიის კომპანიის» უკან ფორმალურად ჩინელი ბიზნესმენები დგანან, ეროსის კომპანიის უკან კი ფრანგული ბიზნესი და ფული იქნებოდა.
სამშენებლო (და არა მარტო) ინტერესები კიწმარიშვილს ბათუმშიც ჰქონდა. ეროსი სააკაშვილს სთხოვდა, მისთვის მიეყიდათ (ცხადია, სიმბოლურ ფასად) ბათუმში, ე. წ. ბერეგის გადაღმა მდებარე «დომბიტას» შენობა. ეს შენობა ამორტიზირებული და აუქციონისთვის ისედაც გამზადებული იყო. ეროსი მის დანგრევასა და მრავალსართულიანი კორპუსის აშენებას აპირებდა. ამჟამად ეს შენობა დანგრეულია, ის ლევან ვარშალომიძის ფავორიტ ბიზნესმენს, თენგიზ ბაკურიძეს აჩუქეს. ბაკურიძემ შენობა დაანგრია და, კიწმარიშვილისა არ იყოს, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას მალე დაასრულებს.
ბათუმის ბულვარში კიწმარიშვილს რამდენიმე ადგილას ბარების გახსნა სურდა. ლაპარაკია 10 ბარზე, რომლებიც ერთ ბრენდად იქნებოდა გაერთიანებული. ანალოგიური ბარების გახსნას ეროსი ქალაქში სხვადასხვა ადგილას აპირებდა. შემდგომში თბილისშიც უნდა გაეხსნა რამდენიმე ბარი. ცხადია, ბათუმსა (ბულვარს გარდა) და თბილისში ბარების გასახსნელად ეროსი ან უძრავ ფართებს ითხოვდა სააკაშვილისგან სიმბოლურ ფასად, ან _ მიწის ნაკვეთებს, ანალოგიური პირობებით. მოკლედ, კიწმარიშვილს ბარების ქსელის გახსნა ჰქონდა ჩაფიქრებული. სააკაშვილისთვის ისიც უთქვამს, ეს ბარები თანამედროვე ტექნოლოგიით, მინის სტრუქტურისგან იქნება აშენებული და ზღვისპირა ქალაქს და მის სანაპიროს მიესადაგებაო. მიშას უხუმრია _ ვანო მერაბიშვილი აშენებს შუშის შენობებს, დიდი გამოცდილება აქვს და იქნებ ვანოსთან კონსულტაცია გაგევლო, როცა მაგ საქმეს დაიწყებო.
ეროსი კიწმარიშვილმა კარგად იცის, დიდი და სწრაფი ფული სად იშოვება. მას ნავთობპროდუქტების ბიზნესშიც ჰქონდა თათის ჩაყოფის სურვილი. სააკაშვილისადმი დაწერილ «ბიზნეს-არზაში» გარკვევით წერია, რომ კიწმარიშვილი, არც მეტი, არც ნაკლები, ამერიკულ კომპანია «გალფით» აპირებდა ქართულ ბაზარზე შემოსვლას. თუ სააკაშვილი კიწმარიშვილის მოთხოვნას გაითვალისწინებდა, ცხადია, ერთი ან რამდენიმე კომპანია უნდა შეევიწროებინა ან, საერთოდ, ბაზრიდან გაეგდო. რეალურად ასეც მოხდა _ «გალფი» მართლა შემოვიდა ქართულ ბაზარზე, «სენტა» და «მაგნატი» შეიწირა, ოღონდ კიწმარიშვილი აქ აღარაფერ შუაშია _ «გალფის» უკან დათო კეზერაშვილი მოიაზრება.
ეროსი კიწმარიშვილი სილიკონის ბიზნესში ცხვირის ჩაყოფასა და პარლამენტარ მერაბ სამადაშვილთან დაჯახებასაც აპირებდა. ამ საქმის მოგვარებასაც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად აპირებდა. მიშას თურმე ეუბნებოდა, ოღონდ ზესტაფონის «ფეროს» ნარჩენებთან მიმიშვი და ისეთ კომპანიას შემოვიყვან, რომლის დამზადებული სილიკონისგანაც პამელა ანდერსონმა ძუძუები გაიზარდაო. იცის ეროსიმ მიშას სუსტი წერტილები, თურმე პამელას ძუძუების ხსენებაზე პრეზიდენტობის კანდიდატმა პირი გააწკლაპუნა და ეროსის უთხრა _ ჩაწერე, ეგეც ჩაწერე, ოღონდ პრეზიდენტი გავხდე და «ფეროს» ნარჩენებს კი არა, «ფეროსაც» გაჩუქებო.
«აჯა მიშასადამი» ერთ ასეთ თხოვნასაც შეიცავს: ეროსი კიწმარიშვილს უნდა შემოეყვანა ერთ-ერთი, ასევე ამერიკული კომპანია სოციოლოგიური და სხვა სახის კვლევებისა და ყველა სახის კვლევას, რაც სახელმწიფოს დასჭირდებოდა საარჩევნო პერიოდში თუ სხვა დროს, ეს კომპანია ჩაატარებდა. კიწმარიშვილს სააკაშვილისთვის არ დაუმალავს, რომ იმ ყველა უცხოური კომპანიის უკან, რომლის შემოყვანასაც აპირებდა საქართველოში, თავად იდგა. ეს კომპანიები იქნებოდა შირმა, ეროსი მათი სახელის გამოყენების ნებართვისთვის გადაუხდიდა, სახრავი კი თავად დარჩებოდა (გამონაკლისი ლატარიის კომპანია იყო, აქ ამერიკელები რეალურად მიიღებდნენ მონაწილეობას ბიზნესში).
კიწმარიშვილის ბიზნესინტერესებში, აგრეთვე, შედიოდა ბავშვთა კვების პროდუქტების იმპორტი, ბათუმში იახტკლუბის გახსნა, ოღონდ ეროსი ნამდვილი იახტების გაქირავებას აპირებდა და არა _ კატერებისას. ამ პროექტის ხორცშესხმას კიწმარიშვილი თურქეთის კურორტ ქემელის იახტ-კლუბთან ერთად აპირებდა. კიწმარიშვილს სურდა, თავისი წილი ჰქონოდა სიგარეტის ბიზნესშიც. სააკაშვილს მან განუმარტა, რომ ამ საქმეს «ფილიპ-მორისის» დისტრიბუტორ კომპანიასთან ერთად გააკეთებდა.
ეროსი, ასევე, ჯართის ბიზნესშიც აპირებდა ჩართვას. მოკლედ, მადა მაქვსო, ეროსი კიწმარივილმა უნდა თქვას.
მაგრამ კიწმარიშვილმა ბოლოს დიდი ვერაფერი მიიღო. სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამოიყენა ეროსი და უკვე მეორედ, ნახმარი ერთჯერადი ხელთათმანივით მოისროლა, თუმცა ეროსი მრავალჯერადი გამოყენებისაა. პირველად ხომ ის «ვარდების რევოლუციის» მერე მოისროლეს, რაზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ. 2008 წელს უკვე მეორედ გადააგდეს პოლიტიკურ სანაგვეზე «ნაციონალებმა». სააკაშვილმა ეროსი დააჯერა _ რუსეთში წადი ელჩად, იქნებ ცოტა დაალაგო ეს არეული ურთიერთობა რუსეთთან და, რასაც დაგპირდი, ყველაფერს შეგისრულებ _ მალე გამოგიწვევ რუსეთიდან, ეკონომიკის მინისტრადაც დაგნიშნავ და, რაც მაგ ქაღალდზე ჩამომიწიკწიკე, ყველაფერს შეგისრულებო. მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა _ მალე, 2008 წელს აგვისტოს ომი დაიწყო, ეროსი უმუშევარი დარჩა და, ეკონომიკის მინისტრობა კი არა, ხეირიანი თანამდებობაც კი არ აღირსეს.
თუმცა ეროსიმ ომის დაწყებამდეც იცოდა, გადაგდებული რომ იყო _ 2008 წლის თებერვალში; სააკაშვილმა ჯერ ია კიწმარიშვილის პროექტი დაბლოკა საქართველოში მოდის საერთაშორისო კვირეულის ჩატარების შესახებ, რომელიც კულტურის სამინისტროსა და პრეზიდენტის ფონდს უნდა დაეფინანსებინა ქართველ ბიზნესმენებთან ერთად; ორ კვირაში თავად ია კიწმარიშვილი დაბლოკა კულტურის სამინისტროს ღონისძიებათა დეპარტამენტის პოსტზე _ კულტურის ახლადდანიშნულმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ კაბინეტში არ შეუშვა. მალევე კიწმარიშვილმა რუსეთში შეიტყო, რომ მის პროექტს, ლატარიების გათამაშების ერთ ხელში მოქცევის შესახებ, თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი უკვე ახორციელებდა. კეზერაშვილმა ეს საქმე ომის შემდეგ, თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომის მერე, დაასრულა.
მოკლედ, ეროსი კიწმარიშვილი პირში ჩალაგამოვლებული დატოვა მიშამ. სანაცვლოდ, მიშამ დაიტოვა ეროსის ხელით დაწერილი ის მოთხოვნები, რომლებზეც ზემოთ მოგახსენეთ. სავარაუდოდ, «ნაციონალები» მალე აუფრიალებენ ამ ფურცლებს კიწმარიშვილს _ მის მორიგ პოლიტიკურ გააქტიურებას ელიან და ამ კომპრომატით კიწმარიშვილის საბოლოოდ დასამარებას აპირებენ, ცხადია, _ პოლიტიკურად.
ლევან ჯავახიშვილი
P.S. 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, პაატა დავითაიას ხელმძღვანელობით, ამ ომის გამომწვევი მიზეზებისა და გარემოებების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია შეიქმნა. გეხსომებათ, რუსეთში ნაელჩარი ეროსი კიწმარიშვილი პირველი იყო, რომელმაც განაცხადა კომისიის სხდომაზე, _ პირველად ქართველებმა ისროლეს ცხინვალის მიმართულებით, ომი ქართულმა მხარემ დაიწყოო. გივი თარგამაძემ პასუხად ეროსის კალამი ესროლა და ჩვეულ ტონში მიაძახა: «შე ნაძირალა!».
ეროსი კიწმარიშვილს ისე შესტკივა გული საქართველოზე, როგორც მე _ ბურკინა-ფასოს მომავალზე, ეროსის მაშინ ისე ადარდებდა ქართულ-რუსული ომის წამომწყების თუ პირველად გამსროლელის გარკვევა, როგორც მე მაღელვებს ახლა მუამარ კადაფისა და მისი ოჯახის ბედი. უბრალოდ, ეროსიმ იმ სხდომაზე, უკვე გადაგდებულმა ნახმარი ჩვარივით, შურისძიება გადაწყვიტა და სწორედ ამ ფრაზით _ «ომი ქართულმა მხარემ დაიწყოო» _ იძია მიშაზე შური.
მიშას, რასაც ეროსის დაჰპირდა, იმის ნაწილი მაინც რომ შეესრულებინა (ომის დაწყებამდე რასაც მოასწრებდა), მაშინ რუსეთს ეროსიზე დიდი მაწყევარი არ ეყოლებოდა, ისევე, როგორც სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას _ მასზე უკეთესი დამცველი. რაც შეეხება გივი თარგამაძის გაცხარებას, თარგამაძეს სხვა «ნაციონალებზე» მაგარი ნერვები აქვს, თუნდაც, პეტრე ცისკარიშვილზე, რომელიც იმ დროს იმ დარბაზში იჯდა და ასე არ გაცხარებულა. საქმე ისაა, რომ იმგვარი შავ-ბნელი საქმეების მოგვარებას, ეროსი რომ ითხოვდა, მიშა ძირითადად გივი თარგამაძეს ავალებს _ ბიზნესის შევიწროება, ბიზნესმენების დატერორება მისი ლამის ოფიციალური საქმიანობაა. ამიტომაც ეროსის მოთხოვნები მიშამ თარგამაძეს გააცნო (ამ ამბის დეტალები და «ეროსის ნუსხა» ვანო მერაბიშვილს, კახა ლომაიასა და გიგა ბოკერიასაც ნანახი აქვთ). ჰოდა, სწორედ ამიტომ იყო, თარგამაძემ კალამი რომ ესროლა და სულ ნაძირალა და გარეწარი უძახა ეროსის. იცოდა გივიმ, რეალურად რაშიც იყო საქმე.
აი, ასეთი დახლი დაუდგა პოლიტიკურ დახლიდარს _ ეროსი კიწმარიშვილს.