GEWORLD.GE:
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამ ქართული ოპოზიციის ერთი ნაწილი ისე გაამწარა, უშვერი სიტყვებით ლანძღეს და ცინიზმნარევი განცხადებებით აიკლეს ეს კაცი. არადა, წესით, თუ ოპოზიციონერი ხარ, თუ ხელისუფლების შეცვლის მართლა მოსურნე ხარ, მინიმუმ, ხმა უნდა გაიკმინდო ახალი ოპოზიციური ძალის გამოჩენისას, ვიდრე საბოლოოდ გაირკვევა, რა სახით, რა მეთოდებით აპირებს ეს ძალა ბრძოლას. შესაძლოა, სინქრონულად და შეთანხმებულად არ იმოქმედო მასთან, რაკიღა თქვენი პარტნიორობა არ შედგა, მაგრამ შენი წვლილი მაინც უნდა შეიტანო ხელისუფლების შეცვლის პროცესში. მაგრამ მოხდა საპირისპირო _ კაცს, რომელსაც ლამის მთელი საქართველო ეთაყვანება, ყველაზე აქტიური კრიტიკოსები ოპოზიციაში გამოუჩნდნენ. «ნაციონალთა» განცხადებები, მათთან შედარებით, უფრო მოზომილი და ზრდილობიანი იყო. ვგულისხმობ «ახალ მემარჯვენეებს», «ქრისტიან-დემოკრატებს», «ედპ»-ს და სხვა ჯურის ვერცხლისმოყვარეთ, რომელთაც დალაგებული გეგმები აურია ივანიშვილის პოლიტიკურმა გააქტიურებამ.
ცხადია, საზოგადოების ერთი ნაწილი დაიბნა, ვერ გაიგო ამ ვითომ ოპოზიციამ რატომ დაიწყო ივანიშვილის კრიტიკა ეგზომ შემართებით, «ნაციონალებს» რატომ ეჯიბრებიან ამ კაცის ლანძღვაში. ის, რომ ეს პოლიტ-პარტიები ფსევდოოპოზიციური ძალები არიან, «ნაცმოძრაობის» სატელიტები, ეს ზოგადი განმარტებაა. მოდით, უფრო კონკრეტულად განვმარტოთ, თუ რატომ შეაშინა ამ პარტიათა ლიდერები ივანიშვილის მოულოდნელმა გააქტიურებამ.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ, ცხადია, უპირველესად, «ნაცმოძრაობას» აურია დავთრები. მათ, პრაქტიკულად, სამომავლო საპარლამენტო არჩევნებისთვის ყველა პრობლემა მოგვარებული ჰქონდათ.
26 მაისის სისხლიანი დარბევისა და ბურჯანაძე _ «სახალხო კრების» პროექტის ჩავარდნით, «ნაციონალები» დარწმუნდნენ, რომ უარესი საფრთხე მათ აღარ მოელოდათ. 2012 წლის არჩევნებს, როგორც მოესურვებოდათ, ისე ჩაატარებდნენ _ საკონსტიტუციო უმრავლესობით თავად მოვიდოდნენ პარლამენტში, რამდენიმე ათეულ მანდატს კი, ზემოთ რომ ჩამოვთვალე, იმ ფსევდოოპოზიციურ ძალებს გადაუნაწილებდნენ.
გამყრელიძესა და მის გუნდს, «ქრისტიან-დემოკრატებს», დავითაიას «ევროპულ საქართველოს», ბაჩუკი ქარდავასა და «ედპ»-ს, შესაძლოა, 2-3 პარტიასაც, გარანტირებული ჰქონდათ პარლამენტში შესვლა. ზოგი (ალბათ, გიორგი თარგამაძისა და დავით გამყრელიძის პარტიები) იმდენ პროცენტს აიღებდა მომავალ არჩევნებში, საფრაქციოდ საჭირო დეპუტაციას გაიყვანდა, ზოგი თავად ორიოდ თანაპარტიელთან ერთად მოხვდებოდა პარლამენტში, ზოგი კი საკუთარ ჭიას გაახარებდა და ერთკაციანი პარტიის «თავკაცები» მაჟორიტარულ არჩევნებს მოიგებდნენ («ნაციონალები» მოაგებინებდნენ) სადმე. მოკლედ, ამ ხალხს გარანტირებული ჰქონდა 2016 წლის ბოლომდე მშვიდი და უშფოთველი ცხოვრება _ მავანს ვიცე-სპიკერობა უმცირესობის კვოტით, მავანს უმცირესობის ლიდერობა, ზოგი ფრაქციის თავმჯდომარე გახდებოდა, დანარჩენები კი სხვადასხვა კომიტეტში თავმჯდომარის მოადგილეობას გაინაღდებდნენ.
და რას ნიშნავს ეს ყველაფერი ამ ხალხისთვის? 4-წლიან კომფორტულ ცხოვრებას სახელმწიფოს ხარჯზე _ საბიუჯეტო ავტომობილი, მძღოლი, მდივანი, თანაშემწე, მაღალი ხელფასი და პრემიები, ნათესავ-მეგობრების დასაქმება პრესტიჟულ სამსახურებში, საკუთარი ბიზნესის მფარველობა («მემარჯვენეები» ავიღოთ თუნდაც, რომელსაც «ბიზნეს პარტიასაც» ეძახიან. ყველა «მემარჯვენე» ლიდერს ბიზნესი აქვს. «ნაციონალებმა», თუ რომელიმე ჭეშმარიტ ოპოზიციონერს «ბუტკა» ჰქონდა, ისიც მიუკეტეს. რატომღაც, «მემარჯვენეთა» ლიდერების ბიზნესს დღემდე არავინ შეხებია), შიგადაშიგ, სახელმწიფო ტენდერებში თავიანთი «მეგობრების» ფირმების ლობისტობა, რომელთა უკან რეალურად თავად იდგებოდნენ, და მთელი 4 წელი უფასო პიარი ნაციონალური ტელეარხებითა და სხვა მედიასაშუალებებით.
ჰო, კინაღამ დამავიწყდა _ ამ «ოპოზიციონერებს» წინ მრავალი მოგზაურობა ელოდათ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში. ცხადია, სახელმწიფოს ხარჯზე «იგულავებდნენ» ხან სტრასბურგში, ხან ბრიუსელსა და ამერიკაში. ასეა, გული რომ არ დასწყვიტონ, «ნაციონალები» თითო-ოროლა ოპოზიციონერსაც გააყოლებენ ხოლმე ხელს უცხოეთში ვიზიტებისას. მოკლედ, ეს ფსევდოოპოზიცია ყველაფერს აკეთებდა საიმისოდ, რომ მომავალი 4 წელი მათ და «ნაცმოძრაობას» უზრუნველად ეტარებინათ ერთად და სიამტკბილობით.
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ის უმრავლესობით აპირებს პარლამენტში მოსვლას. ეს კაცი სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის, მისთვის სიტყვა და საქმე ერთია. ეს კარგად იციან მოწინააღმდეგეებმა _ «ნაციონალებმა» და მისმა პოლიტიკურმა სატელიტებმა. ამდენად, მომავალ პარლამენტში, არათუ ფსევდოოპოზიციის ადგილი «დაიკარგა», ისიც სათუო გახდა, თავად «ნაცმოძრაობა» თუ მოვა უმრავლესობით. საქმე იქით მიდის, რომ 2012 წელს ორადორი პოლიტიკური ძალა გაიყოფს საპარლამენტო მანდატებს _ «ნაცმოძრაობა» და ბიძინა ივანიშვილის გარშემო შემოკრებილი პოლიტიკური პარტიები. ეს ფსევდოოპოზიცია, ავტომატურად «მოტეხილია» პარლამენტიდან, მათ პარლამენტში შესათრევად «ნაციონალებს» სად ეცლებათ, როცა საკუთარი თავი ექნებათ გადასარჩენი პოლიტიკაში. და იმას, რა სიკეთეც ზემოთ ჩამოვთვალე, ფსევდოოპოზიცია, ცხადია, დაემშვიდობება. აი, ერთი მიზეზი, რის გამოც მიშას ნაყიდი ოპოზიციონერები ივანიშვილს რიხით დაუპირისპირდნენ.
ახლა კი ამ გააფთრებული დაპირისპირების მეორე მიზეზზე მოგახსენებთ. ბიძინა ივანიშვილს გააჩნია სოლიდური ფინანსური რესურსი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად. «ნაცმოძრაობას», ცხადია, ასევე სოლიდური ფინანსები დასჭირდება მასთან საბრძოლველად, მის დასამარცხებლად. ევროპა-ამერიკას თავისი გასჭირვებია, ამერიკა ცოტა ხნის წინ ტექნიკურ დეფოლტს გადაურჩა, ევროპაში ეკონომიკური კრიზისი მძლავრობს, ანუ საარჩევნოდ «ნაცმოძრაობას» უცხოეთიდან არავინ დააფინანსებს.
ცხადია, უცხოელები ფულს პირდაპირ არჩევნების დასაფინანსებლად არ იძლევიან ხოლმე, ისინი იძლევიან ეკონომიკური პროექტების დასაფინანსებელ ფულს _ გრანტის, შეღავათიანი კრედიტის სახით და აძლევენ სახელმწიფოს. მერე, ამ თანხის ნაწილი, როგორც წესი, «ტყდება» და მიდის, «ნაციონალურ ყულაბაში» ან კონკრეტული «ნაცბოსების» საბანკო ანგარიშებზე, რომელთა ნაწილსაც მერე ისევ არჩევნებს, ანუ საკუთარი კეთილდღეობის გახანგრძლივებას ახმარენ.
ამ ეტაპზე არც ამერიკის, არც ევროკავშირის წევრი რომელიმე ქვეყნის მთავრობა და არც ერთი საერთაშორსო ფინანსური ინსტიტუტი (მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი და ა.შ.) არ აპირებს, ერთი დოლარის მიცემასაც კი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რადგან ყველას საკუთარი თავი ასტკივებია და თავიანთი ეკონომიკა აქვთ გადასარჩენი. მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს, სხვა რა გზა აქვს, შინაური სახსრებით უნდა დაუპირისპირდნენ ივანიშვილს _ საბიუჯეტო ფულით, ბიზნესის დატერორებით (ტერორი ახლა ნახეთ!) ამოღებული ფულით.
ჰოდა, როცა «ნაცმოძრაობას» თავად უჭირს, ფეხზე არ დაიკიდებს სატელიტ პარტიებსა და ფასადურ დემოკრატიას, რისთვისაც მათ იყენებდა? ცხადია, დაიკიდებს! ამ ფსევდო-ოპოზიციურ პარტიებსაც შეუწყდებათ სახელმწიფო დაფინანსება, რომელსაც ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით იღებენ; კითხვის ნიშნის ქვეშ დგება გამყრელიძე-თარგამაძის პარტიების შეთანხმების ის პუნქტიც, რომლის თანახმადაც, წლიურად მილიონი უნდა მიიღონ ამ პოლიტსუბიექტებმა. პირად საუბრებში «ნაციონალები» უკვე აცხადებენ, რომ ახალი რეალობაა პოლიტიკაში და ძველ ტვირთს მოისვრიან, _ ანუ ყველანაირ საბიუჯეტო ფინანსურ ინექციას შეუწყვეტენ.
მოკლედ, საკუთარი პარტიების შენახვა პოლიტლიდერებს თავადვე მოუწევთ.
გარდა ამისა, ზოგიერთ პოლიტიკურ ლიდერს იმ ფინანსურ დახმარებასაც შეუწყვეტენ, რასაც უკანონოდ, პრინციპში, ქრთამის სახით აძლევდა მათ «ნაცმოძრაობა» და ამის შემსრულებელი _ ფულის მშოვნელი და გადამცემი გივი თარგამაძე გახლდათ. ამ ეტაპზე მტკიცებულებები _ რომელი ლიდერი რა ფასად ჰყავდათ «ნაციონალებს» _ არ გამაჩნია, მაგრამ სამომავლოდ ამ «შავ სიას» აუცილებლად შემოგთავაზებთ. ძალიან, ძალიან ცუდ დღეში არიან ჩვენი «ოპოზიციონერები» _ ისინი მალე სახელმწიფო დაფინანსებასაც დაკარგავენ და გივი თარგამაძის ყოველთვიურ «შემოწირულობასაც».
მესამე მიზეზი, რის გამოც ფსევდოოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს დაეტაკა, ისევ ფულს უკავშირდება. წეღან «მემარჯვენეების» საეჭვოდ ხელშეუხებელი ბიზნესი ვახსენე. ამგვარი ბიზნესი, შორეულ ახლობლებზე გადაფორმებული, ცხადია, ყველა «ოპოზიციური» პარტიის ლიდერს აქვს. ვიმეორებ: სააკაშვილს დიდი და «შინაური ფული» დასჭირდება ივანიშვილთან დასაპირისპირებლად. საამისოდ ათას მაქინაციას მიმართავს.
როგორ ფიქრობთ, როცა საკუთარი თავი აქვს გადასარჩენი, სააკაშვილი ვინმეს დაინდობს? ცხადია, არა! მათ შორის, _ არც ე. წ. ოპოზიციის ლიდერების ბიზნესს. ბოლოს და ბოლოს, ისინი ერთ ნავში სხედან და, თუ ჩაიძირებიან, ერთად ჩაიძირებიან. სააკაშვილმა კი, როცა კრიტიკული სიტუაციიდან გამოსასვლელია, მით უფრო, დასაღუპად განწირულია და მისი გადარჩენის უმთავრესი რესურსი ფულია, დანდობა არ იცის _ «ოპოზიციონერ» ბიზნესმენ-პოლიტიკოსებსაც ისევე მოსთხოვს, როგორც საკუთარი კარის ბიზნესმენებს; ვთქვათ, პაატა კურტანიძეს, დავით კეზერაშვილსა თუ დავით ბეჟუაშვილს. მოკლედ, ფსევდოოპოზიცია დიდ განსაცდელშია, სააკაშვილის ხელში მათ არა მარტო პოლიტიკურად გაკოტრება ემუქრებათ, არამედ ფინანსური დეფოლტიც.
აი, ამიტომ არ უნდა გეუცნაუროთ ამ ვაი-ოპოზიციონერების ლანძღვა-გინება ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ივანიშვილმა, ბადრი პატარკაციშვილისგან განსხვავებით, ყველა ჯურის პოლიტნაძირალას არ გაუღო კარი და შინ არ მიიპატიჟა. ამან დაღუპა პატარკაციშვილი, ყველაზე ერთგული ვინც ეგონა, პირველმა მან უღალატა _ გიორგი თარგამაძემ. მერე მოღალატეთა დიდი რიგი ჩამწკრივდა. ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის ხელის ბიჭებთან საქმე არ დაიჭირა და ამაზე გადაირია «ოპოზიცია». ახლა ეს ფსევდოოპოზიცია ამუნათებს ბიძინა ივანიშვილს _ გვეგონა, ეს კაცი ოპოზიციური სპექტრის გამაერთიანებლის როლს ითამაშებდა, შემოიკრებდა ოპოზიციურ ძალებს და ისე შევუტევდით «ნაცმოძრაობასო». კი, მართლა უნდოდა ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციის გაერთიანება, მაგრამ სადაა სპექტრი და ფერთა პალიტრა? ყველა ერთნაირი, უსახური და ცალსახად «ნაცმოძრაობის» სატელიტი აღმოჩნდა. არ უნდა ამ კაცს საკუთარ პარტიაში ვანო მერაბიშვილის მსტოვრები და ძალაზე ხართ?
ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე მილიონი დოლარი რომ გადაეგდო თითოეული პარტისთვის, თავისთან მიეწვია, ეს ფსევდოოპოზიციონერები, თავქუდმოგლეჯილები გაქუსლავდნენ, ფეხით ჩავიდოდნენ ჭორვილაში (ბევრი მათგანი ყოფილა კიდეც იქ, თურმე 2-3 დღე ელოდნენ ივანიშვილთან შეხვედრას, მაგრამ მას არ მიუღია _ შალვა ნათელაშვილი, მაგალითად. დიახ, ფულის სათხოვნელად ორჯერ იყო ჩასული ჭორვილაში შალიკო, მაგრამ ივანიშვილმა არ მიიკარა, ამიტომაც ასე გულმოდგინედ ლანძღავენ ლეიბორისტები ივანიშვილს). მაგრამ ივანიშვილმა ბრძოლის სხვა გზა არჩია _ ბინძური ხელებით, ბინძური ხალხით სუფთა საქმეს ვერ გააკეთებ. ეს არის მისი ცხოვრების კრედო და ამ პრინციპით მოქმედებს პოლიტიკაში. ეს პრინციპი ამ ვაი-ოპოზიციონერთათვის მიუღებელია, ბევრისთვის, საუბედუროდ, _ გაუგებარიც, რადგან პოლიტიკაში დამკვიდრების დღიდან, როგორც ქუჩის მეძავები, ისე გადადიოდნენ ერთი ხელისუფალიდან მეორის ხელში.
ამათ, მთავარია, გადაუხადე და გინდა, ლეღვის ფოთლად აიფარე და გინდა _ შიშველი უკანალის დასაფარავად.
ამათ ძვალი გადაუგდე მცირეოდენი ხორცის ნაჭრით და, ბიძინა ივანიშვილს კი არა, ნებისმიერს შეჰყეფენ და წკავწკავს აუტეხენ, ვისაც მიუქსევ.
ლევან ჯავახიშვილი