Home რუბრიკები პოლიტიკა რა ხდება „ქართუბანკის“ გარშემო – დეტალები პირველი პირისგან

რა ხდება „ქართუბანკის“ გარშემო – დეტალები პირველი პირისგან

,,კაშკაშა სიცივის სურნელმა დაჰბერა,“ – წერს უილიამ ფოლკნერი თავის რომანში “ხმაური და შიში”.

ასეთი სიცივის შემობერვასავით იყო გუშინდელი ფაქტი, როცა “საქართველოს ბანკის” სათაო ოფისიდან გამოსული “ქართუბანკის” ინკასაციის მანქანას თავს დაესხნენ სპეცდანიშნულებისა და პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც “ქართუს” საკუთრების ( 2 მილიონი აშშ დოლარი და ერთი მილიონი ევრო) ესქპროპრიაცია ჰყვეს.

ამ ბანკის მოლარეები და ინკასატორები პოლიციაში დაჰკითხეს და გვიან ღამით გაათავისუფლეს.

ქონება მიტაცებულია, ქართული საზოგადოებრიობა – აღშფოთებული. რას ფიქრობს ამის თაობაზე „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი?

–  ახალ თანამდებობაზე მუშაობის დაწყება არც დაგაცადეს, პირველსავე დღეს ბანკის ფული წაგართვეს, დაგაყაჩაღეს…
– დაგვაყაჩაღეს! სამწუხაროდ, სხვანაირი შეფასების საფუძველი არ მომცეს ამათ. ეს იყო აბსოლუტურად უკანონო და უსამართლო ქმედება. ეტყობა, საქართველოში ბევრმა არ იცის, რას ნიშნავს ფულის გათეთრება.

–  რასაც ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ.

– რა არის ფულის გათეთრება, ამაზე კანონიც გვაქვს შემოღებული და შესაბამისად, ორი სამსახურიც არის შექმნილი – ერთი ეროვნულ ბანკთან, მეორე – პროკურატურასთან. დეტალურად გაწერილია ყველაფერი, საიდანაც აშკარაა, რომ „გათეთრება“ არაფრით არ შეიძლება იყოს ორ ბანკს შორის ურთიერთობა.

რა ოპერაციაც გუშინ განხორციელდა ორ ბანკს შორის, ეს არის გამაგრების ოპერაცია. მოგეხსენებათ, რომ ბანკებს გარკვეული ანგარიშსწორებისთვის სჭირდებათ ნაღდი ფულიც და უნაღდოც, რომელიც გაცილებით მეტია. სხვადასხვა ბანკს სხვადასხვა ბრუნვა აქვს. მაგალითად, ბანკებს, რომლებიც ემსახურება სავაჭრო ობიექტებს, ნაღდი ფული მეტი აქვს. ბანკს, რომელსაც პენსიების მომსახურება აქვს დაკისრებული,  ყოველთვის სჭირდება ნაღდი ფულით გამაგრება და ა. შ. ის კი არა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომ ვიყავი, ძალიან ხშირად თვითმფრინავს ვაგზავნიდი უცხოეთიდან დოლარების ჩამოსატანად, უფრო ხშირად გერმანიიდან ჩამოგვქონდა. ეს არის შენივე, კანონიერი, ოფიციალურად არსებული ფული, რომელსაც განკარგავ. ნაღდ ფულად აქცევ.

ფულის გათეთრება ნიშნავს, მაგალითად, როცა ფული მიღებულია ნარკობიზნესიდან, იარაღით უკანონო ვაჭრობის გზით. კრიმინალური საქმიანობით მოპოვებულ ფულზეა ლაპარაკი, რომელიც გსურს, აქციო ლეგალურ პატიოსან ფულად.

როგორ შეიძლება, რომ ჩემი ფული, რომელიც ირიცხებოდა, ამ შემთხვევაში „კომერც ბანკში“, გერმანიაში (იქ რომ კონტროლია დაწესებული „შავ ფულზე“, ისეთი უნდა!), მეორე ნაწილი  ამერიკის „დოიჩებანკში“ გადავურიცხეთ ანალოგიურ ბანკებს, სადაც „საქართველოს ბანკს“ გახსნილი აქვს ანგარიშები, იქ გადავიტანეთ, იყო ფულის გათეთრების ოპერაცია?!

ამ შემთხვევაში სამი უდიდესი ბანკია ჩართული ამ ოპერაციაში და შენ მეუბნები, რომ მე ნარკოტიკების ფული გადამქონდა?

ალოგიკურობის მწვერვალია.

თუ „ქართუ ბანკი“ „საქართველოს ბანკთან“ ფულს ათეთრებდა და „საქართველოს ბანკის“ ტერიტორიაზე აკავებენ ჩვენი ბანკის თანამშრომლებს, რატომ არ აპატიმრებენ „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლებს?! ხომ თანამონაწილეები არიან?

– ერთმა თვითნასწავლმა, პროსახელისუფლო ექსპერტმა „კავკასიაზე“ საუბრისას განაცხადა, რომ ეს ფული შეიძლება ნარკოტიკების გაყიდვით იყო შემოსული და გადმორიცხული ბიძინა ივანიშვილისთვისო. ეს რა, ფანტაზიაა თუ „დანაშაულის მხილებისთვის შემზადება?“

– ავადმყოფური ფანტაზიაა. მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა, რომლებიც დავასახელე, ვერ დაადგინეს ამ თანხის „შავი წარმომავლობა“ და იმ მონდომებულმა კაცმა შემოგვიგდო ეჭვი – „დასაშვები ალბათობა“!

ხომ შეიძლება, რომ ასე, მხოლოდ ეჭვით,  ავდგეთ და ყველა ფული დავაპატიმროთ?! მაგათი ლოგიკით ასეა. მაგრამ რა საფუძველი ჰქონდათ ამისთანა? რა კავშირშია ეს „დაპატიმრებული ფული“ – ნაღდი თუ უნაღდო, მოლარეებთან  და ინკასატორებთან?  ჯერ დაადგინეთ, რომ შავია და შემდეგ დააპატიმრეთ ყველა, ვინც ამ უკანონობით არის დაკავებული.

შეიძლება მე დამაპატიმრონ, მაგრამ ინკასატორი რა შუაშია?! ფული ნაღდია თუ უნაღდო, არ განსაზღვრავს მის სიშავეს!

– იმ ბანკებს, თქვენ რომ დაასახელეთ, თუ ჰქონდათ რეაქცია ამ „ექსპროპრიაციის“ ფაქტზე?

–  ჯერ არა. არ იყვნენ საქმის კურსში. მე მინდა,  დღესვე შევხვდე იმ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც, უკვე 20 წელიწადია, იღვწიან საქართველოში საბანკო სისტემის სრულყოფისათვის, ბიზნესის თავისუფლებისათვის და ა.შ. ლაპარაკი იმაზე კი არაა, რომ მე მინდა მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ხელისუფლება გალანძღოს და შეწყვიტოს მასთან თანამშრომლობა, არამედ დაგვეხმაროს ცივილიზებული ნაბიჯების გადადგმაში ჩვენც, ხელისუფლებასაც. ეს ჩვენი დაზღვევაც იქნება გარკვეულწილად, მაგრამ – ჩემი კი არა, ჩვენი კლიენტების. ასეთი ვანდალური აქტების შედეგად შეიძლება კლიენტები დავკარგოთ.

–  თქვენ ამბობთ ვანდალური აქტიო, სხვები აფასებენ როგორც ტერორისტულ აქტს.

– შეიძლება ასეც ითქვას. მით უფრო უნდა ვეძებოთ გამაგრება სხვა ბანკში, მაინც უნდა მოვიტანოთ ფული, რადგან გვჭირდება… მათ, ვინც ამ დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობდა, პოლიციელების ფორმა არ ეცვათ, ინკასატორები კი ვალდებულნი არიან, იარაღით დაიცვან ფული, რომელიც გადააქვთ… ბეწვზე ვართ გადარჩენილები სისხლისღვრას, შესაძლო პროვოკაციას. შემდეგ იტყოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავს დაესხა საქართველოს ხელისუფლებასო.

– ესე იგი, თავდასხმის ეს ოპერაცია ჩატარდა ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის მიზნით?

– რა თქმა უნდა! ბიძინა ივანიშვილი რომ არ იყოს ამ ბანკის მთავარი დამფუძნებელი, „ქართუ ბანკი“ მიჩნეული იქნებოდა ჩეულებრივ ბანკად, რომელიც ნორმალურ პირობებში იმუშავებდა. ივანიშვილის დაცვას იარაღი რომ ჩამოართვეს, ეს ხომ წმინდა წყლის პროვოკაციაა. ვიღაცას ეგონა, რომ ბატონი ბიძინა გაუწევდა შეიარაღებულ წინააღმდეგობას. მე როგორც ვიცი, ბატონ ბიძინას დაცვის ბიჭებისთვის უთქვამს – ჩააბარეთ ყველა იარაღი და, თუ გინდათ, წადით სახლებშიო.

ხომ უნდა გაიგოს ამ ხელისუფლებამ, რომ ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები!

გუშინ ტელევიზიით მოვისმინე, რომ უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოში დაცვა არ უნდა ჰყავდესო. ბიძინა ივანიშვილის საფრანგეთის მოქალაქეობით სპეკულირებდნენ. გააჩნია – ვის! ბუშის დაცვა საქართველოში არ უნდა შემოეშვათ? ისე არაადეკვატურად იქცევიან, რომ, მინიმუმ, განგაცვიფრებენ!

პროვოკაცია თუ გინდა მოუწყო ადამიანს, ცოტა მაინც ხომ უნდა დაფიქრდე წინასწარ? ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი ასეთი პროვოკაცია.

მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვიყავი. ცხონებულმა ნუგზარ საჯაიამ, რომელიც უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, მითხრა, რომ შემოვიდა ჩემთან პოლიციის უფროსი (არ  დავაზუსტებ!) და ედუარდ შევარდნაძისთვის გადასაცემად შემომიტანაო სადღეღამისო „სვოდკა“, რომელშიც ეწერა (ამას პირველად თქვენ გიყვებით!): ნოდარ ჯავახიშვილი ღამის სამ საათზე მოძრაობდა საკუთარი მანქანით უაზროდ მთვრალი, ბანაობდა საკუთარ ნარწყევში და სალონში ეჯდა სამი შიშველი ქალი. სუპერმენი ვყოფილვარ ამ პატაკის მიხედვით: ასეთ მდგომარეობაში მყოფს 150 კილომეტრის სიჩქარით მიმყავდა მანქანა (!). შევარდნაძეს ეს აბდაუბდა რომ წაუკითხავს, გადაუგდია ეს ნაჯღაბნი და უთქვამს: პროვოკაციას თუ უწყობთ, ცოტა ტვინიც მიაყოლეთო!

– „ქართუ ჯგუფის“ თანამშრომლები ხომ არ ღელავენ მოსალოდნელი პროვოკაციების შიშით?

–  მშვიდად არიან და ნორმალურად ემსახურებიან კლიენტებს… ეს უაზრო ქარბორბალაც გადაივლის, როგორც ყველა სხვა.

–  ესე იგი, თქვენი ბანკის კლიენტებმა შეიძლება მშვიდად იგრძნონ თავი? ხომ არ შეიმჩნევა პანიკის ნიშნები, ხომ არ დაიწყო ანაბრების გატანა?

– საბედნიეროდ, სერიოზული მოწოლა დღეს არ არის. ასეთი შემოტევის შემდეგ ჩვენთან რიგები უნდა იყოს. შეიძლება ითქვას, რომ ანგარიშების გატანის რაოდენობა ჩვეულებრივზე ცოტა მეტია, უმნიშვნელოა და, რა თქმა უნდა, კატასტროფა არ არის. აშინებენ ხალხს; არ ვიცი – ვინ, მაგრამ ეუბნებიან ჩვენს კლიენტებს – ბანკს შეექმნება პრობლემები, ამიტომ დახურეთ ანგარიშები და სხვაგან გადაიტანეთო.

–  გუშინდელი ფაქტის გამო ხალხი მზად იყო, გამოსულიყო ქუჩაში პროტესტის გამოსახატავად, რადგან ეს უკანონობა აღიქვა როგორც ხალხისთვის იმედის წართმევის მცდელობა.

– ბატონმა ბიძინამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს ექსტრემისტული მეთოდებით ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას.

ხელისუფლების გასაგონად მინდა განვაცხადო და მივმართო ჩვენს კლიენტურას: ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ დაუშვებს, რომ ვინმემ თუნდაც ერთი თეთრით იზარალოს. მოგეხსენებათ, რომ „ქართუ ბანკსა“ და „ქართუ ჯგუფში“ მისი ქონების ძალიან პატარა ნაწილია ჩადებული. ნუ აჰყვებიან პროვოკატორებს და ამით ნუ დაეხმარებიან ავისმდომთ, ჩვენთვის და მათთვის ავისმდომთ. თუ არ დაშინდებიან და მტკიცედ იდგებიან, გარწმუნებთ, რომ ეს შემოტევა მინელდება და უსახელოდ დასრულდება.
ესაუბრა არმაზ სანებლიძე
P.S. ,,კაშკაშა სიცივის სურნელმა დაჰბერა“  ბიძინა ივანიშვილის “ბანკი ქართუს” წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაციის დროს. ისეთი სიცივის, რომელიც ფულის გათეთრების შავი ბრალდებით სხვისთვის საფლავის გამთხრელებს ავს რასმეს უქადის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here