Home რუბრიკები პოლიტიკა კიკუც ხარ და…

კიკუც ხარ და…

GEWORLD.GE:
პოლიტიკოსებს რომ თავის ქება ყველაფერს ურჩევნიათ, ახალი ამბავი არ არის. ისიც ცნობილია, რომ, ვინც მათ ტყუილებს არ იჯერებს, ზომიერ საყვედურს არ აკმარებენ და ისეთი სიტყვებით მიმართავენ, რომელთაგან სიტყვა «უმადური» დედის ალერსია. დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც გუბაზ სანიკიძემ «საქონელი» გვიძახა, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილზე აცრილმა ნომერ პირველმა «მშრომელმა» «კიკუს» მაღალი წოდებით შეგვამკო. მთელი საზოგადოება, რომელიც, შალვა ნათელაშვილის ტერმინოლოგიით, თურმე «გაკიკუვდა», უმადური და დაუნახავია.
თურმე ნუ იტყვით და, უფასო სკოლა და საბავშვო ბაღი მისი პირადი დამსახურება ყოფილა. შალვას ბავშვები ბაღის ასაკისანი აღარ არიან, თორემ უსათუოდ ეცოდინებოდა, რომ ბაღი უფასო აღარ არის (ჩვენში დარჩეს და, _ არც სკოლა). თუმცა ასეც რომ იყოს, როგორ ახერხებდა მარად ოპოზიციაში მყოფი ნათელაშვილი ამ სიკეთეების კეთებას, როცა უმრავლესობაში მის მიერ ბანდიტებად მონათლული სხვა პარტიები იდგნენ?

აქ, სამართლიანობა მოითხოვს, ხაზი გავუსვათ, რომ პარტიები სახელებს იცვლიდნენ, თორემ პერსონალიები იგივე რჩებოდა _ ის ნომენკლატურული ელიტა, რომელმაც კომკავშირიდან (ან პიონერიიდან) «მოქალაქეთა კავშირის» გავლით «ნაციონალურ მოძრაობაში» ამოყო თავი. შალვა მუდამ ჩიოდა, რომ ამ კლანმა მას სოფლელობა არ აპატია. მაგრამ გამოხდა ხანი და თავად მათ დაიწყეს საუბარი «რუსთაველის ელიტაზე» და პარლამენტის ქუთაისში გადატანას დაუჭირეს მხარი. შალვას თბილისის პარლამენტში არ უშვებენ და ქუთაისისას ვინ დაანახებს?
თბილისის პარლამენტი ვახსენე და იქვე საკრებულო გამახსენდა. იგი ხომ სწორედ ადგილობრივი პარლამენტია! ნათელაშვილს ორჯერ ჰქონდა შანსი, თბილისის საკრებულოს ჩასდგომოდა სათავეში, მაგრამ მან ორივეჯერ გაუშვა ხელიდან შანსი, ამ გზით მაინც გამხდარიყო თბილისელი. ყველაზე გულდასაწყვეტი კი ის არის, რომ ორივეჯერ იმათ დაუთმო, ვისაც დღენიადაგ «ხმალამოღებული» ებრძოდა.
იმ სოციალურ შეღავათებს, რომლებიც 1998 წელს არჩეულმა საკრებულომ დაამტკიცა, 55 კაციდან 12 ლეიბორისტი რომ ვერ გაიტანდა, ამას ელემენტარული არითმეტიკა ჰყოფნის, მაგრამ იმას რაღა ვუყოთ, რომ იმავე საკრებულოში სწორედ ლეიბორისტებმა მოახერხეს ოპოზიციური უმრავლესობის გახეთქვა და იმჟამინდელი «მოქალაქეთა კავშირის» კვლავ უმრავლესობაში დაბრუნება!
ყოველ ამგვარ უცნაურ დამთხვევას შალვა ნათელაშვილი ყოველთვის მოხერხებულად უვლის გვერდს. მაგალითად, მეორე როქირებისას საკრებულოში 2002 წელს მან სააკაშვილს დაუთმო საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელი. როცა ამას შეახსენებენ, შალვა დაღლილი სახით იმეორებს, რომ მას დიდი პოლიტიკიდან სააკაშვილის გარიდება სდომებია, მაგრამ…
სიტყვა «დაღლილზე» არ შეიძლება, ნათელაშვილის ერთ-ერთი მარგალიტი არ გაგახსენდეს; «დაღლილი ვირი» სწორედ მან უწოდა ზურაბ ნოღაიდელს, შემდეგ კი ეს თიკუნი მთელმა საქართველომ აიტაცა. პენსიაზე გასულმა შევარდნაძემაც კი, რომელმაც პირველმა დააწინაურა ნოღაიდელი ფინანსთა მინისტრად, იკითხა: «კი, მაგრამ რამ დაღალაო?», ანუ სახედრობასთან დაკავშირებით კითხვები არ გასჩენია. დღეს ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილს «სოროსი 2» შეარქვა. საეჭვოა, რომ ეს თიკუნი ნოღაიდელისგან განსხვავებით, პოპულარული გახდეს, მაგრამ ყველაზე საცნაური ის არის, რომ ჯორჯ სოროსი სწორედ მემარცხენეა და იქნებ უფრო მემარცხენეც კი, ვიდრე ქართველი ლეიბორისტები.
როდესაც ლეიბორისტები ამტკიცებენ, რომ ივანიშვილი ამერიკული პროექტია, იქვე იმასაც უსვამენ ხაზს, რომ მთელი მსოფლიო ებრძვის ოლიგარქებს, საქართველო კი აქაც მაჩანჩალაა და «გაკიკუებული» ქართველები «მხსნელი» ოლიგარქის იმედზე არიან. თითქოს სწორედ ნათელაშვილმა არ წამოაყენა იგივე ივანიშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად 2008 წლის იანვარში. როგორც ჩანს, მაშინ ის ოლიგარქი არ ყოფილა, რაკი ნათელაშვილმა 3 იანვარს საქვეყნოდ განაცხადა: «ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანდიდატურა, რომელიც შევთავაზეთ საქართველოს, არის ზეპარტიული, არის სრულიად მისაღები ყველა ჩვენი მოქალაქისთვის. მან გაიარა გზა რიგითი ადამიანიდან აი ასეთ სიმაღლეებამდე, ჩაატარა ქველმოქმედება უანგაროდ, ისე, რომ არ მოუთხოვია არანაირი ტაში, თანამდებობა და არ ჰქონია პოლიტიკაში მოსვლის აკვიატებული სურვილი».
თუმცა აქ არის ერთი საინტერესო დეტალი: მაშინ შალვა პრეზიდენტობისთვის იბრძოდა, ხოლო მდიდარი პრემიერი საკუთარი სოციალური პროგრამების განმახორციელებლად სჭირდებოდა. ამიტომაც უსვამდა ხაზს მის თავმდაბლობასა და აპოლიტიკურობას. შალვა ნათელაშვილის «კონსტრუქციულობა» იქამდე მივიდა, რომ მან მედიის საშუალებით მიმართა ივანიშვილს:
«ბატონ ბიძინას ვთხოვთ, დაიწყოს კონსულტაციები ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან ეროვნული ერთიანობის კოალიციური მთავრობის შექმნაზე, რომელსაც შემდგომ მოიწონებს უწმინდესი და უნეტარესი, აგრეთვე, სრულიად საქართველოს წმინდა სინოდი. ეს იქნება ჭყონდიდელის საქართველოს კონცეფციის განვითარება, რასაც ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას».
დღეს ნათელაშვილი ყველაზე მძიმე ცოდვად იმას უთვლის ივანიშვილს, რომ იგი სააკაშვილის ხელისუფლებას ეხმარებოდა, პოლიციას აფინანსებდა, მისი აშენებულით ტრაბახის საშუალებას აძლევდა და ა.შ. მაგრამ ყოველივე ამას ივანიშვილი სწორედ მაშინ აკეთებდა, როდესაც შალვა პრემიერობას სთავაზობდა მას!
როდის გადაიქცა უანგარო და ყველასთვის მისაღები ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად და «სოროსი 2»-ად? ჯერ მაშინ, როცა პრემიერობის შეთავაზებაზე უთხრა თავაზიანი უარი ნათელაშვილს, დღეს კი, როცა შალვას მაშინდელ თხოვნას ასრულებს და ყველა ოპოზიციურ პარტიასთან დაიწყო კონსულტაციები ამ ხელისუფლების შესაცვლელად!
ხომ არაფერი გეცნობათ? ვინ უფრო ჰგავს კიკუს – ხალხი, რომელსაც ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვამ იმედი გაუჩინა, თუ ის, ვისაც მისი გამოყენება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის უნდოდა და კოვზი ნაცარში ჩაუვარდა? ივანიშვილის განცხადებამდე ორიოდე დღით ადრე სააკაშვილი ღიმილით ეუბნებოდა ჟურნალისტებს: «სააკაშვილის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვა ლეიბორისტების დამსახურებაც არისო»! მაგრამ როგორც კი ბიძინა ივანიშვილმა ლეიბორისტებიც მართვად ოპოზიციად მოიხსენია, მაშინვე «ამერიკის პროექტი» უწოდეს.
შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა კვლავ ნატოსა და ამერიკაზე ორიენტირებული დარჩება, რაც გამორიცხავს აფხაზეთ-ცხინვალის დაბრუნებას და გააღრმავებს საქართველოს დაშლის პროცესს.
«მას შემდეგ, რაც ამერიკა-ბუშის ვარდებიანი გადატრიალების შედეგად მოყვანილი სააკაშვილი სრულად გაკოტრდა და კრახით ამთავრებს პოლიტიკურ ტრაგიკომედიას, ვაშინგტონმა, რომლის კოლონიაც ჩვენ ვართ, ტრადიციულად, მიიღო ჩამკეტი ზომები სამომავლოდ ხელისუფლებაში ეროვნული ძალებისა და, უპირველესად, ლეიბორისტული პარტიის მოსვლის არდასაშვებად. იციან რა ჩვენი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილის მონური თაყვანისცემა ფულიანი კაცისადმი, გამონახეს «სოროსი 2», ქართული გვარით – ივანიშვილი, რომელიც რეჟიმის ფინანსური ბურჯი იყო ყოველთვის და რომლის მილიარდები ინახება ამერიკა-ევროპის ბანკებში, რაც შესაბამისად, ჩვენი უცხოელი ბატონებისთვის უზრუნველყოფს ამ პიროვნების ასპროცენტიან მართვას. შედეგად, ხალხისთვის წართმეული ქონება კვლავ დარჩება გაბატონებული კლანის ხელში, ძალაუფლება შეუნარჩუნდება მმართველ ელიტას, საგარეო პოლიტიკა დარჩება ნატოსა და ამერიკაზე ორიენტირებული, რაც გამორიცხავს აფხაზეთ-ცხინვალის დაბრუნებას და გააღრმავებს საქართველოს დაშლის პროცესს. 2003 წელს, როცა ხალხმა არ დამიჯერა და გაჰყვა სააკაშვილ-მერაბიშვილს, მივიღეთ დაშლილი საქართველო. იმედია, დღეს მაინც ჩვენი საზოგადოებრის სულიერად მშიერმუცელა ნაწილი არ გაკიკუვდება და კვლავ არ გაყიდის ფულზე ქვეყანას».
ამ ტირადაში იმდენჯერ არის ნახსენები სიტყვა «ფული», რომ რთული მისახვედრი არ უნდა იყოს,  ნათელაშვილსაც და ივანიშვილის კარზე რიგში ჩამდგართა ერთ ნაწილს სწორედ ფულის ფაქტორი რომ არ ასვენებს. ოღონდ რა შუაშია აქ ხალხი და რატომ გვიბედავენ პოლიტიკოსები კიკუსთან შედარებას, როცა კიკუობაში თვითონ არიან შემჩნეული?
რატომ აძლევენ პოლიტიკოსები თავს უფლებას, თავი დაგვაყვედრონ, _ თითქოს ისინი სამშობლოს ჩვენი ხათრით «ემსახურებიან», ან პოლიტიკოსობა იძულებითი შრომა იყოს? გაფრთხილდით, ბატონებო! თქვენი უმრავლესობის დანახვაც კი აღარ უნდოდა ხალხს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილმა არ განაცხადა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ. ხალხი მიამიტი არ არის. იმასაც კარგად ხედავს, რომ «ჩვენ გამო 40 წუთი გულგაჩერებული და გადახერხილი» ნათელაშვილი არც იმ 2003 წელს გამოცხადებულა პარლამენტში, როცა ლეიბორისტებმა ნანატრი სადეპუტატო მანდატები მოიპოვეს. ვიდრე ლეიბორისტები «მემარჯვენეებივით» იმალებოდნენ, სააკაშვილი პარლამენტში შევარდა და მათ მანდატებიც თავზე გადაახია.
ლეიბორისტები ახლაც თან არიან პარლამენტში და თან არ არიან. არც პარლამენტს ტოვებენ და ხელფასებსაც იღებენ. საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენების ნაცვლად კი ყოველკვირეული ბრიფინგებითა და უცხოეთში გამართული საპროტესტი აქციებით იწონებენ თავს.
სააკაშვილის ბრეჟნევიზაციის პირობებში კი ყოველივე ეს წითელ მოედანზე ანჟელა დევისის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ მიტინგს ემსგავსება! სიტყვამ მოიტანა და ბებიაჩემი მიყვებოდა, როგორი სერიოზულობით განიცდიდნენ ამ ამბავს საბჭოთა მშრომელები, მაგრამ არც ერთს არ მოსვლია აზრად, პატიმარი ქალი უმადურობაში ემხილა.
თამარ დავითულიანი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here