GEWORLD.GE:
რაც თავი მახსოვს, ქართულ პოლიტიკაში ერთი-ორი თარგამაძე მუდამ იყო, თანაც ერთ-ერთი მათგან – ყოველთვის გიორგი თარგამაძე. მაშინაც, როცა მედიაში ბრუნდებოდა, მის საქმიანობაში პოლიტიკა მუდამ სჭარბობდა ჟურნალიზმს. თუმცა ეს ორსახოვნება გასაკვირი ვერ იქნება, თუ გავიხსენებთ, რომ დუჩედ ქცევამდე ბენიტო მუსოლინი სწორედ ჟურნალისტი იყო და გაზეთს გამოსცემდა. მაშინ ტელევიზია არ არსებობდა, თორემ ბენიტოც გაუძღვებოდა «დროების» მაგვარ რაიმე ტელეჟურნალს.
პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი უნარ-ჩვევა დროულად წასვლაა. გიორგი თარგამაძე დროულად მიდის ტელევიზიიდან ასლან აბაშიძესთან, ასლან აბაშიძისგან – ბადრი პატარკაციშვილთან, ბადრისგან _ «ნაცმოძრაობასთან». მართალია, არავის სჯერა, რომ სახელდახელოდ შექმნილი «ქრისტიან-ჟურნალისტთა პარტია» ამ ხელისუფლების პირობებში არჩევნებს მოიგებდა, მაგრამ ამავე ხელისუფლების მიერ დაკვეთილ სოციოლოგიურ კვლევებში იგი ჯიუტად ინარჩუნებს მეორე ადგილს.
ასევე ჯიუტად უარყოფენ იმას, რომ მათ პარტიულ ბანკეტებს თავად ვანო მერაბიშვილი ესწრება, ხოლო რევოლუციის შემდგომ წლებში #2 «ქრისტიან-ჟურნალისტის» _ ლევან ვეფხვაძის მეუღლე მტკიცედ ინარჩუნებს სამუშაო ადგილს გიორგი ბარამიძის აპარატში, მეტიც, თანამდებობიდან თანამდებობაზე გადასვლისას მუდამ თან მიჰყვება. ვიდრე გიორგი თარგამაძე და მისი პროდიუსერი – ლევან ვეფხვაძე სააკაშვილის ხელისუფლებას «დროებაში» ამათრახებდნენ, ნათია ჩიქოვანი შინაგან საქმეთა მინისტრის პრესცენტრს ხელმძღვანელობდა, ხოლო მისი ძმა მირიან ჩიქოვანი დღესაც კუდის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსია და სხვადასხვა ღონისძიებებზე სააკაშვილის მომხრეთა მიყვანითა და კონტროლით არის დაკავებული. ჟურნალისტები ღიად წერენ იმაზე, რომ სწორედ ვეფხვაძის ცოლის ძმის მითითებით მოქმედებენ მიშასთან შეხვედრაზე მიყვანილი ადამიანები, რომ იგი ანიშნებს, ვინ უნდა მოეხვიოს მიშას და ვინ არა.
ლევან ვეფხვაძისა და გიორგი თარგამაძის ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როცა ერთი «მოქალაქეთა კავშირის» ახალგაზრდულ ფრთაში – სმაკში მოღვაწეობდა, მეორე კი ასლან აბაშიძის «აღორძინებაში». თუმცა ვეფხვაძეს თარგამაძის გაქანება არც მაშინ ჰქონია და არც ახლა. თარგამაძემ იმდენი მოახერხა, რომ თითქმის ორი წელი – 1997-დან 1999 წლამდე _ ცენტრთან დაპირისპირებული რეგიონის ლიდერის, ასლან აბაშიძის პრესსამსახურსაც ხელმძღვანელობდა და იმავე დროს თბილისში, საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციაში რეჟისორის ასისტენტადაც მუშაობდა და აჭარის განყოფილების საკუთარ კორესპონდენტადაც!
გიორგი თარგამაძის ამბიციურობაზე ჩინებულად მეტყველებს საკუთარ ბიოგრაფიაში მითითებული ცნობა იმის თაობაზე, რომ იგი 1987-1991 წლებში საყმაწვილო გადაცემა «თვალსაწიერის» მთავარი რედაქტორი ყოფილა. ერთი სიტყვით, საბჭოთა ტელევიზიას იგი 14 წლის ასაკში (!) მთავარ რედაქტორად გაუმწესებია. თითქოს არ კმაროდა, რომ იგი ნორჩი ასაკიდან სატელევიზიო წამყვანი იყო, მთავარი რედაქტორობაც მიიწერა! იგი მოკრძალებულად დუმს იმაზეც, რომ მამამისი იმავე ტელევიზიის ტელეოპერატორი იყო. როგორც ერთი ჩემი ხნიერი კოლეგა ამბობს თარგამაძეზე ღიმილით, «დიდი მამაძაღლი ბავშვი იყო».
ბავშვი 1992-1993 წლებში მოღვაწეობას «იბერვიზიაში» განაგრძობს, რომლის დაფინანსებასაც «მხედრიონს» მიაწერდნენ, ხოლო 19 წლის ასაკში უკვე ასლან აბაშიძის კარზე ხვდება. იგი ჯერ აჭარის «დამოუკიდებელი» ტელერადიოკომპანიის დირექტორი ხდება, ხოლო შემდეგ _ აჭარის უზენაეს საბჭოსთან არსებულ ტელერადიოკომპანიას ხელმძღვანელობს. თუმცა მისი საქმიანობა ამით არ შემოიფარგლება, იგი სწრაფად წინაურდება და აბაშიძის კარზე თავისებურად ალაგებს ურთიერთობებს. თბილისიდან ჩასული ჩინოსნებისთვის იგი სწრაფად იქცა «საჭირო კაცად», მას უკვე შეუძლია გააფუჭოს ან გამოაკეთოს ურთიერთობები.
უამრავი ადამიანისგან განსხვავებით, ვინც ამაზე მხოლოდ ჩურჩულით ლაპარაკობდა, გურამ შარაძემ ჩვეული პირდაპირობით ამხილა იგი აბაშიძის სასახლის კარზე ინტრიგების ქარგვაში. თუმცა მოგვიანებით, უკვე პარლამენტის წევრი თარგამაძე სწორედ ინტრიგების მსხვერპლი შეიქნა. რამდენიმე თვის განმავლობაში იგი ფუჭად სტუმრობდა ბათუმს, _ აბაშიძემ აღარ გაიკარა. მაგრამ ეს 2003 წელს მოხდება, მანამდე კი გიორგი თარგამაძე ცოლს ირთავს, საქორწინო მოგზაურობაში იტალიაში მიემგზავრება, თბილისში ბინას ყიდულობს (ბათუმში უკვე აქვს), ბავშვებს მაღალჩინოსნებს ანათვლინებს… ხუთ-ხუთი ნათლიიდან ყველაზე საპატიო – ასლან აბაშიძის ქალიშვილი დიანა, აჭარის ფინანსთა მინისტრი დავით აბაშიძე, აწ განსვენებული ზვიად ცეცხლაძე და აჭარის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე დიმიტრი იყვნენ. დეპუტატ თარგამაძის მეუღლემ _ თათია თოფურიამ ჟურნალისტს ვერ უპასუხა კითხვაზე, თუ რამდენი აქვს ხელფასი მის ქმარს. სამაგიეროდ, თავად სვამს წყენანარევ კითხვას: _ ხომ შეიძლება წელიწადში ერთხელ შოპ-ტურზე მეც წავიდე ევროპაშიო?
იმავე ინტერვიუდან ირკვევა, რომ თეკლას (თარგამაძის ქალიშვილი) და რიკარდოს (ასლან აბაშიძის შვილიშვილი) ძალიან ჰყვარებიათ ერთმანეთი. «თავდაპირველად მათ ბათუმში ცალ-ცალკე ასეირნებდნენ. სულ პატარები იყვნენ და ერთმანეთი ჯერ არ ენახათ. ერთმანეთისკენ გაიწიეს და ჩაეხუტნენ. ალბათ, ბავშვებიც შინაგანად გრძნობენ, რომ ახლობლები არიან,» _ ამბობდა თათია. თუმცა ბავშვების სიყვარულმა უფროსების ურთიერთობა ვერ იხსნა და 2003 წელს გიორგი თარგამაძე ახალი პარტნიორების ძებნას იწყებს.
თავდაპირველად იგი «ახალ მემარჯვენეებთან» ეცადა დაახლოებას, მაგრამ, როგორც ჟურნალისტები წერდნენ, «ახლების» ერთი ნაწილი სასტიკი წინააღმდეგი იყო «ნაასლანარი» თარგამაძის პარტიაში მიღებისა; მეორე ნაწილს თარგამაძის გამო აბაშიძესთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურდა. აქვე ჩნდება პირველად თარგამაძესთან დაკავშირებით ბადრი პატარკაციშვილის სახელი: «გამორიცხული არ არის, რომ გაიხსენონ თარგამაძის ძველი პროფესია, ჟურნალისტობა და იგი მასმედიაში დაასაქმონ. საქმე ის არის, რომ «ყოვლისშემძლე» ბადრი პატარკაციშვილი საქართველოში აპირებს საკუთარი ცისფერი ოცნების ასრულებას. როგორც ამბობენ, «ახლებთან», შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ თარგამაძესთან, ყოფილ გენპროკურორ მეფარიშვილთან ერთად აპირებს სახელმწიფო ტელევიზიის მეორე არხის დაპყრობას. სხვათა შორის, პირველი არხის ეთერიდან გამქრალი გრიგოლია ამჟამად სწორედ დასახელებული ალიანსის სამსახურში აპირებს ჩადგომას. გიორგი თარგამაძეს კი, შესაძლოა, პატარკაციშვილისა და კომპანიის ტელეიდეების კოორდინატორის ფუნქცია მიანიჭონ».
როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა ჩამოთვლილი ფიგურანტის ნაცვლად კვლავ გიორგი თარგამაძე აღმოჩნდა დაწინაურებული. მან «ტელეიმედში» მოხერხებულად გადასწია უკანა პლანზე მასზე ადრე მისული ხელმძღვანელობა და მოკლე ხანში «იმედის» ერთპიროვნულ ლიდერად იქცა. რაკი ტელეკომპანია «იმედის» მკვლელობა პირდაპირ ეთერში ჩემს თაობასაც კი კარგად ახსოვს, ნუღარ შევჩერდებით იმაზე, თუ რა ვერაგობა იკისრა თარგამაძემ და მისმა გუნდმა 2007 წელს. მათ ეყოთ უსინდისობა, რომ ადამიანს, რომელმაც მათ კარიერაც შეუქმნა და უზარმაზარი ხელფასებიც დაუნიშნა, ულტიმატუმი წაუყენეს.
თარგამაძემ პირადად განაცხადა, რომ ტელეკომპანიის დარჩენილი თანამშრომლები მხოლოდ იმ შემთხვევაში განაგრძობენ «იმედში» მუშაობას, თუ პატარკაციშვილი გაემიჯნება «იმედს». ეს განცხადება 2008 წლის 12 იანვარს გაკეთდა, ხოლო ორი კვირით ადრე, 2007 წლის 26 დეკემბერს, გიორგი თარგამაძის მეთაურობით «იმედის» თანამშრომლებმა და ადმინისტრაციამ განაცხადეს, რომ ტელეკომპანია «დროებით წყვეტს» მაუწყებლობას ტელევიზიის მფლობელის, ბადრი პატარკაციშვილისა და ხელისუფლების მიმართ პროტესტის ნიშნად, რათა გაემიჯნოს მათ «ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს».
მოვლენები ისე სწრაფად ვითარდებოდა, რომ ბევრს აღარც კი ახსოვდა თარგამაძის 12 დეკემბერს გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, თუ რა მეთოდებით ახორციელებდა «იმედის» ჟურნალისტებზე ზეწოლას ხელისუფლება. თარგამაძე ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტებს, ერთის მხრივ, ემუქრებიან; მეორეს მხრივ კი, სხვა არხებზე გადასვლას ურჩევენ და ქართული ტელებაზრისთვის არარეალურ პირობებს ჰპირდებიან. «როდესაც ჟურნალისტს ჰპირდებიან იმდენ ხელფასს, რამდენსაც ამერიკული ტელეარხის წამყვანი იღებს, ცხადი ხდება, რომ ასეთი შეთავაზება პოლიტიკურად არის მოტივირებული. ამგვარად, მოსალოდნელია, რომ პრობლემები შეგვექმნას, რადგან ასეთ შანტაჟს შესაძლებელია ჟურნალისტმა გაუძლოს, მაგრამ ვერ გაუძლოს, როცა მის რომელიმე ნათესავს ემუქრებიან,» _ განაცხადა თარგამაძემ.
რას და როგორ ვერ გაუძლო გიორგი თარგამაძემ, საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა, თუმცა გარიგების დეტალები ტელეეკრანზე არავის გამოუტანია. პატარკაციშვილისა და მისი ტელეკომპანიის განზრახ მკვლელობის საფასურად თარგამაძემ და მისმა გუნდმა საპარლამენტო მანდატები მიიღეს და ხალხზე მზრუნველი პოლიტიკოსების მანტიებიც მოირგეს. თავად თარგამაძე, საპარლამენტო მოღვაწეობის პარალელურად, 2010 წელს ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორიც გახდა მასობრივი კომუნიკაციების დარგში.
მისი ნაშრომის ძირითადი შედეგები და მეცნიერული სიახლე ყოფილა «ტელევიზიის მასებზე ზემოქმედების ფსიქოლოგიური ხერხების სახეები: ფრეიმინგი, ანუ ქარგვა, პრაიმინგი, პროგრამის შედგენის თეორია. ჩამოყალიბებულია ქარგვის პროცესისთვის აუცილებელი პირობები – წამყვანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მახასიათებლები, თემის აქტუალობა, სიმძაფრე და მოცემულ ეთნოსთან მითოლოგიურ-კულტურული შესაბამისობა. საკუთარი გამოცდილების ფონზე, ძირითადად, «ტელეიმედის» მაგალითზე, განხილულია საქართველოს ჟურნალისტიკის ისტორია, მისი პრობლემები და ამოცანები».
ქარგვის დიდოსტატის ამ ნაშრომს «ტელეიმედის» მაგალითზე უფრო «ღალატის ანთოლოგია» უნდა ერქვას, მაგრამ, ერთი ენამწარე ადამიანის შეფასებით, ამ «ჰალსტუხიან ხვლიკს» საოცარი რეგენერაციის უნარი აქვს, რაც გინდა მოაწყვიტონ, ისევ და ისევ ამოსდის. ამ მწარე თიკუნის შერქმევის შემდეგ თარგამაძე ერთხანს ჰალსტუხის გარეშე დადიოდა, მაგრამ იმ ენამწარე კაცმა ზურგში მიაყოლა: ხვლიკს ჰალსტუხი მოუხსნიაო!
როგორ და რა მეთოდებით ახერხებს თარგამაძე დასახული მიზნების მიღწევას, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩენამაც ცხადყო; 8 ოქტომბერს თარგამაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის განაცხადი კიდევ უფრო საინტერესოს გახდის წინასაარჩევნო პერიოდს საქართველოში: «რამდენად დადებით შედეგს მოუტანს ეს ქართულ პოლიტიკას, ამ ეტაპზე საუბარი ნაადრევია, ვიდრე არ ვნახავთ, რა კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმით, რომელ ადამიანებთან ერთად აპირებს ივანიშვილი თავისი მიზნების მიღწევას».
ივანიშვილმა 12 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით მიუთითა: «გიორგი თარგამაძის პოლიტიკური საქმიანობა უამრავ საეჭვო მომენტს შეიცავს, დაწყებული ასლან აბაშიძესთან მისი თანამშრომლობით, გაგრძელებული ბადრი პატარკაციშვილის მიმართ ჩადენილი ღალატით და დამთავრებული იმით, რომ ღალატის საფასურად ხელისუფლებამ თარგამაძეს პარტია შეუქმნა, დაუფინანსა და გაყალბების გზით პარლამენტში შეიყვანა».
მხოლოდ ამ განაჩენის შემდეგ გაიხსენა თარგამაძემ, რაც ოთხი დღით ადრე «არ ახსოვდა»: «ივანიშვილი იყო ის კაცი, ვინც მიხეილ სააკაშვილს წლების განმავლობაში აგულიანებდა და აძლევდა ფულს ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ, ტელეკომპანია «იმედის» ჩასაძირად და პატარკაციშვილის გასანადგურებლად». მისი «ძმადნაფიცი» ლევან ვეფხვაძე კიდევ უფრო შორს წავიდა: «2007 წელს სააკაშვილმა ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დახმარებით შეინარჩუნა»!
ვინ ჩაძირა «იმედი» და გაანადგურა პატარკაციშვილი, ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, როგორც ის, თუ როგორ შეანარჩუნებინეს სააკაშვილს ამ გზით ხელისუფლება «ქრისტიან-ჟურნალისტებმა». გიორგი თარგამაძე, როგორც მოვლენა, ერთადერთი რომ იყოს ქართულ პოლიტიკასა და მედიაში, საქართველოსთვის დიდი პრობლემა, შესაძლოა, არც ყოფილიყო, მაგრამ უბედურება ის არის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში «დიდი ხვლიკიანობაა».
თამარ დავითულიანი