მანდატურს მოზარდის შეყოვნების შემთხვევაში მშობლისთვის შეტყობინების ვალდებულება ექნება, სამართალდარღვევის აღმოჩენისას კი მან პოლიციას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს. აღნიშნული ცვლილებები “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შედის.
ცვლილებათა პაკეტი შს სამინისტრომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მოამზადა და ის პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.
“სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალების და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს ექნება მოზარდის შეყოვნების და მშობლისთვის და სამართალდარღვევის შემთხვევაში, პოლიციისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება;
მანდატურის სამსახური ხდება გაცილებით დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე – მანდატური თანამდებობაზე დაინიშნება არა სკოლის დირექტორის, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ, რაც მანდატურის დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდის. მანდატურის სამსახურის უფროსს, თავის მხრივ, თანამდებობაზე ნიშნავს განათლების მინისტრი”, – ნათქვამია კანონპროექტში.