თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, წითელ ბაღში ორი მოსწავლის დაჭრაში ბრალდებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბრალდების მხარე 31 იანვრის ღამეს წითელ ბაღში მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებულისთვის პატიმრობას, დაცვის მხარე კი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, სასამართლომ კი პროკურატურის მოთხოვნა გაითვალისწინა.
წარდგენილი 117-ე მუხლი – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, განზრახ მკვლელობის მცდელობით გადაკვალიფიცირდა. პროკურორის განმარტებით, ბრალის დამძიმება მათ მიერ საქმეში წარდგენილმა ახალმა მტკიცებულებებმა გამოიწვია, რასაც ბრალდებულის ადვოკატი არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს.
„პრაქტიკულად, მან დააპატიმრა ბავშვი, რომელიც სწავლობს მე-12 კლასში წარჩინებით, ემზადება ეროვნული გამოცდებისთვის. ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ“, – განაცხადა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ.