Home რუბრიკები საზოგადოება მაჰმადიანების მამა და ქრისტიანთა მამინაცვალი

მაჰმადიანების მამა და ქრისტიანთა მამინაცვალი

GEWORLD.GE:
«უფლის მორჩილის, მოსეს სიკვდილის შემდეგ უთხრა უფალმა იესო ნავეს ძეს, მოსეს მსახურს: მოკვდა ჩემი მორჩილი მოსე, ახლა ადექი და გადალახე ეს იორდანე მთელი ერითურთ და შედი იმ ქვეყანაში, რომელიც მოგეცათ თქვენ, ისრაელიანებს. ყოველი ადგილი, სადაც კი თქვენი ფეხის ტერფი დაიდგმება, თქვენთვის მომიცია, როგორც ვუთხარი მოსეს უდაბნოდან და იმ ლიბანიდან დიდ მდინარემდე, ევფრატის მდინარემდე ხეთელთა მთელი ქვეყანა. დიდ ზღვამდე და მზის დასავლამდე გექნებათ საზღვრები. ვერვინ დაგიდგება წინ; მთელი შენი სიცოცხლე, როგორც მოსესთან ვიყავი, ასევე შენთან ვიქნები, არ გამოგეცლები და არ მიგატოვებ. გამაგრდი და მტკიცედ დექ, რადგან შენ უნდა დაუმკვიდრო ამ ხალხს ის ქვეყანა, რომლის მოცემასაც შევპირდი მათ მამა-პაპას. ოღონდ გამაგრდი და მტკიცედ დექ მთელი რჯულის აღსრულებაში, რაც გიანდერძა მოსემ, ჩემმა მორჩილმა. არ გადაუხვიო მისგან არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, რომ ყველგან წარმატებით იარო».

ძველი აღთქმის ამ წიგნში უფლის რჩეული ერი არა მხოლოდ რჩეულობით გადარჩება, არამედ რჯულის ჭეშმარიტად აღსრულების პირობით. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება შენი სიტყვით მზეც კი შეაჩერო გამარჯვებამდე და ღირსეულად დაამარცხო მოწინააღმდეგე. ერის წინამძღვრობა თუ გერგო, ისეთივე ძლიერი უნდა იყო, როგორიც ებრაელების გამომხსნელი ეგვიპტის ტყვეობიდან, როგორიც დავით მეფსალმუნე, როგორიც ბრძენი სოლომონი. შენზეა დამოკიდებული, ისტორია რა სახელს დაგარქმევს, გმირი იქნები თუ მოღალატე, წმინდანი თუ ისკარიოტელი. ერს საკუთარი შვილისთვის საკადრისი ადგილი არ დაენანება, მაგრამ, თუ ცოდვამ მადლი გადაწონა, ძნელია, მისი სახე შენი ქვეყნის ბნელ ხვეულებში ჩამალო.
მატიანემ ღალატიც იცის და თავდადებაც, დაცემაც და გამარჯვებაც, ბრძოლაც და ბრძოლის ველიდან გაქცევაც, მაგრამ ყველაფერს საკუთარ სახელს არქმევს. მითუმეტეს, ისეთ უკიდურეს ერში, როგორიც ჩვენ ვართ, ან იქნებ ვიყავით. თუ ვინმე ხმალს აღმართავდა, ყველა ბრძოლის გამარჯვებას მას მივაწერდით, ან კიდევ თუ ვინმეს «უკანონოდ» შეუყვარდებოდა, მოვიკვეთავდით და არც აღაპი უშველიდა. დღეს კი «შურმან შეიპყრო ერი უსწავლელი». ჩვენი უბედურება ამჟამად ეგაა: «ჩვენში მოღალატენი სჭარბობენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავის, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი, თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი _ სარკინოზებს. როცა ხალხს ამდენი მორალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას. თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშრებსა და მსტოვარებს. მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოსები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს. ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი. ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, ამიტომაც მშვენიერს «უცხოს» უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს «ბერძნულს», ხოლო საუკეთესო ცერცვსაც «ბერძნულს». ოდითგან ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები».
მერე კი ცრუ გმირების გამოგონებას ვცდილობთ, შედეგიც არ აყოვნებს და «ფრანკენშტაინის» მსხვერპლი ვხდებით. ადამიანთა შეფასების ფორმებიც ცვლილებებს განიცდის და ერთი და იგივე პიროვნება შეიძლება წმინდანადაც მოგვევლინოს და პირიქით… გააჩნია ვისი გადასახედიდან. სწორად კი მხოლოდ უფალი აფასებს: «ღმერთისთვის არაფერია სიყვარულზე სასურველი. არაფერი ისე არ ესათნოება უფალს, როგორც ადამიანის გული, რომელშიც მისდამი სიყვარული გიზგიზებს. სიყვარულის გარეშე ადამიანის ყველა ქმედება, რაც არ უნდა კეთილად გამოიყურებოდეს იგი გარეგნულად და თუნდაც დიდებულიც კი გვეჩვენებოდეს, არაფერს ნიშნავს უფლის თვალისთვის და ღმერთს სძულს იგი».
თუ გმირი ხარ, წმინდანიც უნდა იყო. წმინდანის გზა გულისხმობს სულიერის სფეროში ამაღლებას, იგი ფიზიკური თავგანწირვით, ზნეობრივი გმირობით ახდენს უდიდეს ზეგავლენას ერზე და ხელს უწყობს მის მობილიზებას. ამ თვალსაზრისით მისი ზემოქმედების ძალა უნივერსალურია, მართლაც, უზადო არსია. ზემოქმედების წნევა ერთობ მაღალია, თითქოს შადრევანი აიჭრება ცაში ეროვნული სიწმინდისა და მისი კაშკაშით განათებული წყვდიადი შეძრწუნებული იხევს უკან. წმინდანის გზა სწორხაზობრივია _ ქვეყნისა და რწმენისათვის მისი სამსახურის თვისებაა ეს სწორხაზოვნება. იგი მხოლოდ ალტერნატივის წინაშე დგას _ უღალატებს, შეჩვენება ელის, არ უღალატებს? სიკვდილი და წმინდანად შერაცხვა. არჩევანი კატასტროფულად საშინელი ბუნებისაა, ყოყმანის დრო არ რჩება. სიტუაციების შერჩევისა და მოვლენების წარმართვის ტექნოლოგია მასზე არ არის დამოკიდებული. კითხვა დაუსვეს და უმოკლეს დროში უნდა გასცეს პასუხი. ქვეყნისა და ხალხის სამსახურისთვის მას ერთადერთი იარაღი გააჩნია _ რწმენა. სხვა ძალას მტერს ვერ დაუპირისპირებს, ამიტომ ან სანთელივით წმინდა რჩება, ან _ სულწაწყმედილ მონად. წმინდანის არსში ამიტომაც არაფერია საჭოჭმანო, იგი ყოველი მხრიდან განათებულია, სულისკვეთება გაშიშვლებულია და იმთავითვე ცხადი. მთავარია, ტანჯვის, მოკვდინების საშინელებას გაუძლოს. კი არ გაუძლოს, ღირსეულად შეეგებოს… «ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა». თუმცა ტანჯვის გაძლებაც მისი რწმენის ხარისხზეა დამოკიდებული, წმინდა გიორგისთან ერთად მაცხოვარი ეწამებოდა, ამიტომაც ჩაესმოდა დიდმოწამეს უფლის სანუგეშო სიტყვები: «ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთან ვარ». ვინც მოწამეობისთვის ემზადება, მისთვის უფლისთვის ტანჯვა მეტად ასატანი ხდება, ვიდრე ცხოვრება ქრისტეს გარეშე. ქეთევან დედოფალმა საზეიმოდ წარმოთქვა: «სამშობლო _ ქრისტე», რაც ბიძინა ჩოლოყაშვილის სისხლიდან მოედინებოდა _ «არა რაი არს უტკბილეს ქრისტესთვის სიკვდილისა».
პოლიტიკური მოღვაწისათვის ფეოდალურ სახელმწიფოში არ არსებობს სწორხაზობრივი გზა. იგი მიდის ცრემლით, სისხლით, ღალატით, დაუნდობლობით, გაუტანლობით და ათასი სხვა საშინელი თვისებით დახლართულ ლაბირინთში, რათა ქვეყნის სამსახურში ჩააყენოს თავისი ფიზიკური და სულიერი ენერგია. თუ მეფეა, კიდე არაუშავს, მასზეა დამოკიდებული სწორი ორიენტაციის არჩევა, თუმცა ხშირად მეფეთა ორიენტაციაც დაფანტულია, რადგანაც იგი საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებასა და არსებით ტენდენციებზეა დამოკიდებული. მით უფრო, ისეთ ეპოქაში, როცა ყიზილბაშობა უკურნებელი სენივით მოედო ქართულ სულს და მის მიერ ვერაგულად მოქსოვილ ბადეში აბამდა სულიერად მერყევ ადამიანს, მეფე იქნება თუ ერთი უბრალო მეციხოვნე. ასეთ შემთხვევაში, ძნელია, მას მოსთხოვო, იყოს წმინდანი, მაგრამ არც მოღალატეობა ეპატიება.
ყველა ეპოქას თავისი სირთულეები ახლავს, მაგრამ უფრო მეტად პიროვნების სირთულით მძიმდება ეპოქა, გაორებულად ვეგებებით ვიდრე მამლის ხმობამდე გათენებას და არც პეტრეს სინანული გაგვაჩნია «მესთან» შესარიგებლად, რომ უფალს, შენდობა ვთხოვოთ და ავიცდინოთ საბედისწერო სასჯელი. ხელს ვიშვერთ, მაგრამ არა ქრისტესკენ, ხან აღმოსავლეთს და ხან დასავლეთს ვეპოტინებით, რომ გადავრჩეთ, არადა, ბრძოლის ველი ჩვენს გულზე გადის, მაგრამ ამ გულს მამონა მართავს და მის კვარცხლბეკთან მთელი არსებობის ისტორია მიგვაქვს მსხვერპლად. და ასე, გზასაცდენილები, ამაოების ბაზარზე ვიყიდებით ოცდაათ ვერცხლად. «მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე», რომელიც მივივიწყეთ და საკუთარი ქვეყნიდან გაქცეულებმა  მტრის ბანაკს მივაშურეთ, რომ პირველი ისარი სამშობლოსთვის გვესროლა. დოლბანდშემოხვეულები ვერ ვქართველობდით, რადგან «სულში ისლამს გვარჭობდნენ». რაც უფრო მეტად ვაწიოკებდით «საზეპურო ერს», მით მეტი ჯილდო გვერგებოდა. და მაინც, ხშირად ვკითხულობთ, რატომ ვართ ამ დღეში, არც ის გვჯერა, რომ «ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო». გაყიდული ხვიჩათი ხშირად გადარჩენილა ეგვიპტე, მაშინ, როცა ამასიის ზავის თანახმად, საქართველო ირანმა და ოსმალეთმა გაინაწილეს. ნაყიდი ტყვეებით გაივსო სტამბულის ბაზარი, დედას შვილის დაბადება აშინებდა, რადგან ისევ მოადგებოდა გემი ანაკლიას და…
ჯალალ ედ დინის შემოსევებით დაფიქრებული ჟამთააღმწერელი «საქართველოს მოოხრების» მიზეზების გამორკვევას სამართლიანად წარსულში ეძებს: ლაშა-გიორგის ლაღობამ, ქეიფმა და უდარდელმა ცხოვრებამ ქართველთა მოწინავე წრეები დარდიმანდობას, უსაქმობასა და უზრუნველობას მიაჩვია. ისტორიკოსს აღნიშნული აქვს: «მშვიდობა იყო სამეფოსა მისსა და შექცეულ იყო სმასა და ჭამასაო». «დასწერენ მამანი: სამნი არიან მიზეზნი ვნებათანი, რომელთაგან იშვებიან ყოველნი ბოროტნი, გემოთმოყვარება, ვერცხლისმოყვარება და დიდებისმოყვარება, მათნი პირმშონი ნაშობნი არიან: სიძვა, რისხვა, ამპარტავნება»… მეფის ხასიათის ამგვარმა ნაკლულევანებამ, გადამეტებულმა «გემოთმოყვარეობამ» და «ნებისმოდგომილობამ» საქართველოს სამეფოს უმაღლეს წრეებში წესიერება შეარყია და გახრწნა. «ვითარცა წინასწარმეტყველიცა იტყვის; განძღა, განისვენა იაკობ და განუდგა მაცხოვარსა, ეგრეთვე იქმნა ნათესავსაცა ამას შინა ქართველთასა, რამეთუ განძღეს და იშვებდეს და უწესოებად მიდრკეს სიძვათა და მთვრალობათა»-ო (როგორც ჩანს, ისტორია მართლაც მეორდება).
ამ უწესოების სასჯელად, ჟამთააღმწერლის აზრით, ქართველობას მონღოლთა ბატონობა მოევლინა. «აქა იქმნა მოწევნა სრულიადისა ღვთისა რისხვისა და განწირვა ქართველთა ნათესავისა სიმრავლისათვის უსჯულოებათა ჩვენთათვის და იქმნა უკუქცევა სვე-სვიანისა ბედისა მაღლისა და საჩინოსა დავითიანისა დროშისა გამარჯვებულისა, რამეთუ, ვინათგან მიეცა ღვთისა დიდ სვესა და დიდბედსა დავითს გამარჯვება, აქა ჟამამდე სვიანი იყო ბრძოლათა შინა დროშა დავითიანი და გორგასლიანი, ხოლო აქა ვითარ იქმნა ცვალება ბედისა ქართველთა ნათესავისა, არღარა მიეცა ძლევა თათართა ზედა, ვიდრე ჟამამდე ჩვენთა,» _ ამბობს შეძრწუნებული მემატიანე.
ბოროტება შელამაზებული სახითაც შეიძლება მოგვიახლოვდეს, ჩვენ წინ «თავი მოიდრიკოს», «ადამიანებთან მეგობრული დამოკიდებულებით» დაგვატყვევოს, დანგრეული ტაძრები აღადგინოს, ჯვრები აღმართოს.  ეს ყველაფერი როდია, ამ ნიშნებით გამოირჩევა ანტიქრისტეს წინა პერიოდი, მაგრამ «ნეტარ არიან, რომლებიც რეცხავენ თავიანთ სამოსელს, რომ ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭეთი შევიდნენ ქალაქში. მის მიღმა არიან ძაღლები და გრძნეულები, მეძავნი და კაცისმკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყოველი მოყვარული და ჩამდენი სიცრულისა». გარეგნული სანახაობებით, ყურადღების მოდუნებას ახდენს ბოროტი და მთავარი მიზნის განხორციელებას ცდილობს _ «გათიშე და იბატონე». ააშენებს ეკლესიას, ოღონდ შიგნით მლოცველს არ შეუშვებს, დაგაპურებს, ოღონდ ძვირს გადაგახდევინებს, შეგპირდება, მაგრამ მოგატყუებს. საკუთარ ვინაობას დაგავიწყებს და მანქურთად გაქცევს. «მე კი, ქრისტეს მოყვარე და სისრულით შემკულო ძმებო, თავზარი მეცემა გველის ხსენებაზეც კი, ვფიქრობ რა იმ მწუხარებაზე, ადამიანებზე ბოლო ჟამს რომ მოიწევა, ვფიქრობ, როგორი დაუნდობელი და ბოროტი აღმოჩნდება საძაგელი გველი კაცთა მოდგმის მიმართ; რა სასტიკად დასჯის წმინდანებს, რომლებიც მის მოჩვენებით სასწაულებს არ ირწმუნებენ! ბევრი ღვთის სათნომყოფელი ადამიანი აღმოჩნდება იმ ხანებში მოუკლებელი ლოცვითა და გაუსაძლისი გლოვით აღჭურვილნი, ისინი მთებსა და უდაბნო ადგილებს შეაფარებენ თავს და გადარჩებიან… იმ ხანებში, როცა ვეშაპი აღზევდება, დედამიწაზე სიმშვიდე გაქრება, დიდი მჭვუნვარება, ვალალება, გოდება, სიკვდილი და შიმშილი დაისადგურებს ყოველ კუთხეში. თვით უფალმა თქვა თავისი საღმრთო ბაგეებით, რომ ასეთი ჭირი «არა სადა იქმნდა დასაბამითგან».
ყველა დროში შეინიშნება ბოროტის აჩრდილი, რომელსაც ბევრი მიყვება, თუმცა ქრისტეს ერთგულებიც ეყოლება, რომელთა ცხოვრებით რჩეულები გადარჩებიან, ის ერები იხილავენ ღრუბლებზე დიდებით მომავალ იესოს, ვინც სარწმუნოება სისხლით დაამოწმა. ვიცით, რომ ისტორია მეორდება, მაგრამ რამდენჯერ? ან რატომ მხოლოდ გაუკუღმართებული? როგორც აღვნიშნეთ, გაყიდული ქართველები მოწინააღმდეგის მხარეს უფრო მორგებულად იქნევდნენ ხმალს და გაყიდვას, ბუნებრივია, ვერ პატიობდნენ, მშობელ ხალხს, ისე კი, მართალი იოსების ცხოვრება როგორ ძირეულად შეცვლიდა ჩვენს როლს ხალხთა შორის პოლიტიკაში, მაგრამ როსტომ ხანობა უფრო გამოგვივიდა.
ჰო, მართლა, რომელ პერიოდს და, XVII საუკუნეს ჰგავს ჩვენი ეპოქა… სანამ მეფე გახდებოდა, როსტომს ხოსრო მირზას სახელით იცნობდნენ, იგი იყო სიმონ პირველის ძმის, დავითის უკანონო შვილი, «ნაშობი ხარჭისაგან», აღიზარდა ირანში, თავიდანვე მუსლიმანი იყო და შეიძლება ითქვას, გასპარსებულიც. მიუხედავად ამისა, ქართული ენა კარგად იცოდა, საქართველოს საქმეებსაც კარგად იცნობდა. ხოსრო მირზამ შაჰის კარზე თავი გამოიჩინა თავისი გონიერებითა და სიმამაცით და მის სამსახურში დაწინაურდა, იგი მალე შაჰის გვარდიის ყულის ჯარის სარდალი გახდა. როცა შაჰ აბასი გარდაიცვალა, ირანის საქმეებს როსტომს ეკითხებოდნენ. როსტომი ქართლში გამეფებისას 67 წლის ყოფილა, მისი საქმიანობა გამოირჩეოდა დიდი ენერგიულობით, გონიერებითა და ტაქტით, ამასთანავე საკმაოდ ეშმაკი და ცბიერიც ყოფილა.
ქართულ საბუთებში როსტომი თავის თავს «მეფეთა მეფესა და პატრონს უწოდებს, ირანის შაჰის ოფიციალურ საბუთებში კი როსტომი ასეა მოხსენიებული: «ჩემი ძმა ქართლის ვალი, როსტომ ხანი». ქართლში მოსვლისთანავე როსტომმა, თავისი ხელისუფლების განმტკიცების მიზნით, ქართლის ციხეების გამაგრებას მიაქცია ყურადღება (თანამედროვე გაგებით _ პოლიციის გამჭვირვალე შენობები).  ეს იყო მოსახლეობის მორჩილებაში მოყვანის საშუალება. ფარსადან გორგიჯანიძის გადმოცემით, «გორის ნაციხვარი ზომით ლაშქართ დაუყვეს და ოცს დღეზედ ააშენეს» (საინტერესოა, თანამედროვე შემინული გალავნები რამდენ ხანს შენდება?!). ქართლის მთავარ ციხეებში ჯარის ჩაყენებით როსტომის მდგომარეობა განმტკიცდა და, როგორც ფარსადან გორგიჯანიძე გადმოგვცემს, «ქართველთა თავადნი და აზნაურნი სრულ მიუვიდნეს და როსტომ მეფეს ფეხს აკოცეს»… (ასე დეტალურად ისტორია თუ მეორდებოდა, მართლა არ ვიცოდი, ან იქნებ ჩვენ ვართ განსაკუთრებულად ნიჭიერები, რომ ზედმიწევნით ვიმეორებთ ყველაფერს). ივანე ჯავახიშვილის თქმით, «როსტომ მეფე თავისი აღზრდითა და ზნე-ჩვეულებით უფრო სპარსელი იყო, ვიდრე ქართველი, პოლიტიკურადაც სპარსეთის ყმა და მისი პოლიტიკის ერთგული განმახორციელებელი ყმა იყო»…
ქვეყანაში სიმშვიდე ჩამოვარდა, «დაიწყეს აშენება, ხვნა-თესვა» (დაუჯერებელი სიზუსტით მივყვებით როსტომის მიერ გაკვალულ ბილიკებს, რამდენი რამ ავაშენეთ, დავამშვენეთ, ვხარობთ, ვთესავთ, ვიმკით, ოღონდ ჯერ არ ვიცით – რას). როსტომმა შემდეგ სამოხელეო აპარატი განამტკიცა, თეიმურაზის მიერ დანიშნული  მოხელეები გადააყენა და თავისი ერთგულები დანიშნა, ამას გარდა, «თანმოყოლილ თავადთა აზნაურთა თავიანთ მამული უბოძა» (თან გულუხვად, რაც გადარჩათ, ჩინელებსაც გაუნაწილეს, როგორც ამბობენ, შატილიც უნდა აათვისებინონ). როსტომი, რომელიც უმთავრესად ყიზილბაშთა ძალას ეყრდნობოდა, დიდი მონდომებით ცდილობდა ურჩ თავადთა უფლებების შეზღუდვასა და ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებას, ცდებმა მალე ფეოდალთა უკმაყოფილება გამოიწვია. პირველი აჯანყდა არაგვის ერისთავი დათუნა, რომელიც საქორწილოდ მიმავალ მეფეს «სურამით დაუბრუნდა», ერისთავი არაგვის ხეობაში შევიდა და გამაგრდა, რამდენიმე ხნის შემდეგ როსტომმა, შერიგების საბაბით, იგი მუხრანს მიიწვია და ღალატით მოაკვლევინა  (არ მინდა, ამდენ მსგავსებაზე ვიფიქრო, მეშინია).
1642 წელს დიდი შეთქმულება მოეწყო როსტომის წინააღმდეგ, მონაწილეობდნენ: ზაალ ერისთავი, იოთამ ამილახორი, ნოდარ ციციშვილი, კათოლიკოსი ევდემონ დიასამიძე და სხვები. გადამწყვეტ მომენტში შეთქმულება გასცა სომხითის მელიქმა. როსტომი გორის ციხეში გამაგრდა, მერე კი შეთქმულებს სასტიკად გაუსწორდა: კათოლიკოსი ჯერ თბილისის ციხეში დაატყვევეს, მერე «დაახრჩვეს და ციხიდამ გადმოაგდეს». წარმოშობით წმინდა ევდემოზი მესხეთის ერთ-ერთ წარჩინებულ დიასამიძეთა გვარს ეკუთვნოდა, წმინდა პატრიარქის შესახებ, საკმაოდ მწირი ცნობები მოგვეპოვება, ვიცით მხოლოდ, რომ მის ძმას ლევანი ერქვა, რომლის ასული ელენე დავითის, თეიმურაზ პორველის ძმის, მეუღლე იყო.
როსტომმა სამღვდელოებას ჯამაგირი დაუნიშნა, ტკბილად ექცეოდა, ეკლესიებსაც აშენებდა, მაგრამ სწორედ მისი მეფობის დროს «იწყო ქართლის წესმან და რიგმან გარდაცვალება, გამრავლდა სიძვა და არაწმიდება, ცოდვა იგი სოდომგომორული და მეძაობა და დედათა თანა აღრევა… შემოვიდა ზოგ-ზოგად ტყვის სყიდვა თავადებისაგან», აღზევდნენ «მეძავნი და ბილწების მოქმედნი» (ამ შემთხვევაში ისტორია კი არ განმეორდა, ჩვენ დავბრუნდით წარსულში). მეფის ფუფუნებისა და ცოდვის მოყვარეობა თანდათან გადაედო ერს. «თვით სამღვდელონიცა და მღვდელმთავარნიცა მიდრკეს კეთილისაგან და აღერივნეს ერთა თანა… მოუძლურდა რჯული და განირყუნა წესი ეკლესიისა, რამეთუ არღარა ეძიებდნენ სულიერსა საქმესა, არამედ ხორცთათვის ზრუნვიდნენ ყოველნივე».
გაუჭირდა ერის სულიერ მამას, მას არ შეეძლო მშვიდად ეცქირა ქართველთა დაცემისათვის, მან რამდენიმეჯერ შეკრიბა ქართლის წარჩინებული ვაჟკაცები სპარსელებთან საბრძოლველად, ევდემოზი არც მეფის პირისპირ ხილვას ერიდებოდა, სადაც კი შეხვდებოდა როსტომ ხანს, ყველგან ეუბნებოდა: «მაჰმადიანების მამა ხარ და ქრისტიანთა მამინაცვალიო». როსტომ ხანი კარგად ხედავდა, კათოლიკოსის ორიენტაციას და ავტორიტეტს, ევდემოზი ყველგან ქადაგებდა და კონკრეტულ გეგმებსაც ადგენდა, ქართლის ტახტზე ქრისტიანი მეფის _ თეიმურაზის დასაბრუნებლად. როსტომ ხანი და მისი თანამოაზრენი პირდაპირ ვერ ბედავდნენ, დაპირისპირებოდნენ უდრეკი კათოლიკოსის ავტორიტეტს, ისინი აშკარა კონფლიქტს ერიდებოდნენ და ფარულად ამჯობინებდნენ მოქმედებას, როსტომი შესაფერის მომენტს ეძებდა, რათა ეკლესიის მწყემსმთავარი გზიდან ჩამოეშორებინა.
შეთქმულების გაცემის შემდეგ, წმინდა ევდემოზი რამდენიმე თვე იყო საკანში, სადაც მხურვალედ ლოცულობდა და მკაცრი ასკეტური წესით ცხოვრობდა. გაბოროტებულმა, ერისა და ეკლესიის მოღალატე როსტომ ხანმა «მწყემსი კეთილი» ციხეში მალულად მოაკვლევინა. მისი დასჯის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი წერს: «შეიპყრა როსტომ მეფემან კათოლიკოს ევდემოს და პატიმარ ჰყო ტფილისს ციხესა, შინაშ მდგომად გარდამოაგდო განჯის ციხის კოშკიდამ». «ქართლის ცხოვრება» კი გვიამბობს: «შეიპყრა კათოლიკოსი ევდემოზ… და წარავლინა ქალაქის ციხეშია და ტყუე ყო და ხანსა რაოდენამე უკანა, მუნვე ციხეში მოაშთობინა».
როგორც ეტყობა, როსტომ ხანს ირანის სამეფო კარზე დამკვიდრებული ტრადიციული დასჯის ხერხი გამოუყენებია _ მშვილდის ლარით და საბლით დაუხრჩვიათ კათოლიკოსი და შემდეგ ცხედარი კოშკიდან გადმოუგდიათ აბანოების მხარეს. ეს იმ როსტომმა გააკეთა, ტაძრებისა და სამრეკლოების აშენებით რომ იწონებდა თავს, ხოლო ანჩისხატის ტაძარში წმინდა ევდემოზის ძვალშესალაგი ქართლის მეფის გაუკუღმართებული ცხოვრების უტყვი მემატიანეა.
წმინდანი ქვეყნისა და სარწმუნოების გადარჩენისთვის ეწამა და ყველა მორწმუნის გულში დაიმკვიდრა საუკუნო განსასვენებელი. ცოდვის ტყვეობაში მყოფი მეფე კი, საკუთარი თავის განდიდების გამო, აშენებდა ქარვასლებსა და ხიდებს, მაგრამ ამით ვერ ამაღლდა.
ძველი აღთქმა ისევ გვმოძღვრავს: «თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, დაიცავ და შეასრულებ ყველა ანდერძს, რომელსაც დღეს გიცხადებ, ქვეყნიერების ყველა ხალხზე მაღლა დაგსვამს უფალი, უფალი შენი ღმერთი. გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა და გეწევა, როცა გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას. კურთხეულიმც ხარ ქალაქად და კურთხეულიმც ხარ ველად! კურთხეულიმც არის შენი მუცლის ნაყოფი, შენი მიწის ნაყოფი და შენი საქონლის ნაყოფი, შენი ნახირის მონაშენი და ფარის ნამატი! კურთხეული არის შენი კალათი და შენი ვარცლი! არ გადაუხვიო არც ერთ სიტყვას, რომელსაც გიცხადებ დღეს, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, არ იარო უცხო ღმერთების კვალზე და არ ემსახურო მათ»…
მამა პეტრე (კვარაცხელია)
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here