აშშ-ში, ალაბამის შტატი ავტომობილში მოზარდის თანდასწრებით მოწევის აკრძალვას აპირებს. მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპოექტს მხარი სენატმა უნდა დაუჭიროს.
ინფორმაციას CNN ავრცელებს
თუ კანონპროექტი კანონი გახდება, კანონდარღვევად ჩაითვლება 19 წლამდე ადამიანის თანდასწრებით ავტომანქანაში სიგარეტის მოწევა, მნიშვნელობა არ აქვს, მანქანა მოძრაობს თუ გაჩერებულია. კანონდარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქე 100 დოლარით დაჯარიმდება.
CNN სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ ბავშვები უფრო მგრძნობიარენი არიან სიგარეტის მავნე ზეგავლენის მიმართ, რადგან მათი ფილტვები პატარაა, ისინი სწრაფად სუნთქავენ და ნაკლებად განვითარებული იმუნური სისტემა აქვთ.
იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი კანონად იქცევა, ალაბამა შეუერთდება იმ შტატების რიცხვს, ვისაც მსგავსი რეგულაცია აქვს. მათ შორის არის კალიფორნია, ორეგონი, ვირჯინია და მენი. ყველა შტატს განსხვავებული ასაკობრივი ზღვარი აქვს დაწესებული. მსგავსი რეგულაცია მოქმედებს სხვადასხვა ქვეყანაშიც, მათ შორის- ბრიტანეთში, ავსტრალიასა და კანადაში.