გენერალ–მაიორი ვახტანგ გვარამია ლაზიშვილების გახმაურებული საქმის შემდეგ 1970-იანი წლების კიდევ ერთ დიდ დანაშაულზე გვესაუბრება. ეს არის “გოსსნაბის” საქმე, რომლის გამოძიების დასრულების შემდეგ 200-მდე ადამიანი დააპატიმრეს, ცენტრალური კომიტეტის ბიუროზე კი ბევრი თანამდებობის პირი სამსახურიდან გაუშვეს. ეს საქმე, რომელიც ბატონმა ვახტანგმა გახსნა, მის კარიერაში “ოქროს ასოებით” ჩაიწერა:
_ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი საქმე იყო “გოსსნაბის” საქმე, უფრო დიდი, ვიდრე “ლაზიშვილების საქმე”. ერთ ეპიზოდს მოგიყვებით და ამით მის მასშტაბებსა და დანაშაულის სიმძიმეს მიხვდებით. ე.წ. გოსსნაბის ანუ საქართველოს მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სახელმწიფო კომიტეტის გახმაურებული საქმის მასშტაბი გაცილებით დიდი იყო, ვიდრე სხვა ნებისმიერი დანაშაულებრივი საქმის. დატაცებული იყო 35 მილიონ მანეთზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონება. გამოძიების დასრულების შემდეგ 200-მდე ადამიანი დააპატიმრეს.
“გოსსნაბის” საქმეში რამდენიმე ეპიზოდი მკვლელობასთან იყო დაკავშირებული. ერთ-ერთს მოგიყვებით.
“გოსსნაბი” ორგანიზაციებთან უკანონო ე.წ. უსაქონლო ოპერაციებს აფორმებდა ასეთი სქემით: “გოსსნაბის” მთავარი მომარაგება-გასაღების სამმართველომ ვითომ რომელიღაც ორგანიზაციას მიაწოდა საქონელი და ირიცხებოდა თანხები. სინამდვილეში საქონელი მიწოდებული არ იყო, აფორმებდნენ ფორმალურად, მაგრამ ორგანიზაციებიდან მაინც ირიცხებოდა საქონლის მთლიანი ღირებულება, რომლის ნაწილსაც დანაშაულში მონაწილე პირებს უნაწილებდნენ.
ყრუ-მუნჯების ნომერ პირველ სასწავლო-საწარმოო წამოწყებაში ბუღალტრად მუშაობდა ვინმე ქალდანი, რომელსაც შეუთანხმდნენ ორგანიზაციაში მოკალათებული პირები და გადმოარიცხვინეს, ვითომ მიწოდებული საქონლის სანაცვლოდ, 150 ათასი მანეთი. როდესაც საგამოძიებო სამუშაოები დავიწყეთ, მხოლოდ 1000 მანეთის გადმორიცხვა ვნახეთ. ეს დიდი თანხა არ იყო, მაგრამ გამომძიებელმა ყრუ-მუნჯთა სასწავლო-საწარმოო წამოწყების ბუღალტერია მაინც დალუქა. ჩვენ იმ მომენტში წარმოდგენა არ გვქონდა, რამხელა დანაშაულს ვხსნიდით. იმხანად თბილისის საგამოძიებო სამსახურის უფროსი ვიყავი. ღამის საათებია და სამორიგეოდან მირეკავენ, მეკითხებიან: “თქვენ დაალუქვინეთ ყრუ-მუნჯთა ნომერ პირველი სასწავლო-საწარმოო წამოწყება?” ვუპასუხე, რომ მე დავალუქვინე. თან ვკითხე, _ რა მოხდა-მეთქი. მითხრეს, რომ მკვლეობა მოხდა, მოკლულია მილიციელი და დარაჯი. მაშინვე წავედით. საშინელი სანახაობა დაგვხვდა: კარი გატეხილი იყო, ეზოში მკვდარი დარაჯი ეგდო, თავი ლომით ჰქონდა გაჩეჩქვილი. შენობაში რომ შევედით, ბუღალტერიის არქივი ღია დაგვხვდა, გამოტანილი იყო აკინძული დოკუმენტები, რომლებსაც ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული, მაგრამ ბოლომდე დამწვარი არ იყო, რადგან სქლად აკინძული ქაღალდები ადვილად არ იწვის… იქვე ეგდო მკვდარი მილიციელიც. ბუღალტერიის არქივი გატეხილი არ იყო, შიფრი ჰქონდათ აკრეფილი და ისე იყო კარი გახსნილი. მაშინვე მივხვდით, რომ კარი იმის გახსნილი იყო, ვინც შიფრი იცოდა. არადა, შიფრი იცოდა ათ ადამიანზე მეტმა.
აქ ლირიკულ გადახვევას გავაკეთებ. ზუსტად მინდა, გავიხსენო დეტალები. შემთხვევის ადგილზე სამინისტროს თანამშრომელი, საკმაოდ დიდი თანამდებობის პირი მოვიდა და განაცხადა, მეძებარი ძაღლი მოეყვანათ. მოიყვანეს კარგი ძაღლი და კინოლოგი. ძაღლმა დაყნოსა ნახელურები და გაიქცა. დავედევნეთ ყველანი _ კინოლოგი, გამომძიებელი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, მეც გავრბოდი… ძაღლმა ორთაჭალჰესამდე ირბინა, იმხანად გვირაბი გახსნილი არ იყო, ძაღლმა ქვემოთ ჩაირბინა, ჩვენც გავყევით, ცუდი გზა იყო, ძნელად გასავლელი, მაგრამ მაინც მივდევდით, არაქათი აღარ გვქონდა, უცებ ძაღლი გვირაბის მეორე მხარეს გავიდა და მოშარდა.
საქმე იმავე დღეს გავხსენით, აღმოჩნდა, რომ დამნაშავე იმ მიმართულებით არ წასულა, სადაც ჩვენ ვეძებდით. ქალდანი შენობის წინა მხარეს გაქცეულა, პატარა სკვერი ჰქონდა გადაკვეთილი, დანაშაულის იარაღი, ლომი, იქვე ვიპოვეთ.
ძიების შედეგად გაირკვა, რომ ბუღალტერი ქალდანი უკანა მხრიდან შესულა შენობაში. არქივი რომ გახსნა და დოკუმენტების მოსპობას შეუდგა, დარაჯს ხმაური შემოესმა და ზევით ავიდა, მილიციელიც აჰყვა. დაბნეულ და შეშინებულ ქალდანს ჯერ მილიციელი მოუკლავს, დარაჯმა გასროლა ვერ შეძლო და ბუღალტერმა ისიც ლომით მოკლა. ქალდანს ეგონა, რომ ჩვენ გადმორიცხულ 150 ათას მანეთს მივაგენით, არადა, მხოლოდ 1000 მანეთი ვიპოვეთ.
ქალდანს დახვრეტის მუხლი ჰქონდა წაყენებული, მაგრამ სატუსაღოში თავი ჩამოიხრჩო. როდესაც მოსამართლე ფხალაძემ დახვრეტის განაჩენი გამოუტანა, განაჩენის გაცნობამდე თავი ჩამოიხრჩო, რადგან სასამართლო პროსეცზე ის ხულიგნური საქციელის გამო, დარბაზიდან გააძევეს, განაჩენი დაუსწრებლად გამოიტანეს.
“გოსსნაბის” დანაშაულებრივი ჯგუფი მოდებული იყო მრავალ ადგილას: ზესტაფონში, ფოთში, ქუთაისში, ავღანეთის საზღვარზე იყო გაგზავნილი საქონელი.
როდესაც საქართველოში ორგანიზაციებისთვის უსაქონლო ოპერაციას მოამზადებდნენ, უხარისხო საქონელს გზავნიდნენ რუსეთის შორეულ ადგილებში, მაგრამ საბუთებით გაგზავნილად აჩვენებდნენ უნიკალურ საქონელს: ხელოვნური აბრეშუმის ვისკოზის ნართებს, სინთეზურ ძვირფას ძაფებს. რეალურად კი აღნიშნული ძვირფასი საქონელი რჩებოდა აქ, იმ საწარმოებში, რომლებიც ე.წ. მარცხენა პროდუქციას უშვებდნენ. “გოსსნაბს” იმხანად ყველაფერი ჰქონდა, ყველაფრის მოძიება შეიძლებოდა. ამ დანაშაულებრივ ოპერაციებში ჩართული აღმოჩნდა რუსთავის ქიმიური ბოჭკოს ქარხანა.
ჩემ მიერ გამოძიებულ საქმეებში სკანდალური იყო “საქქურქბეწვის” საქმეც. ისეთი ძვირფასი ქურქები მზადდებოდა, გადაირეოდით. იარლიყს უცვლიდნენ და უპრობლემოდ ყიდდნენ დიდი რაოდენობით. ბრწყინვალე სპეციალისტი იყო ზაურ ჩადუნელი, საწარმოს ხელმძღვანელობდა ანდღულაძე, ამ საწარმოს პროდუქცია მთელ საბჭოთა კავშირში იყიდებოდა და დატაცებული თანხის ოდენობაც აურაცხელი იყო.
მაგრამ ყველაზე დიდი საქმეები, რომლებიც პირადად გავხსენი, მაინც ლაზიშვილებისა და “გოსსნაბის” იყო. “გოსსნაბის” საქმე ცკ-ის ბიურომ განიხილა და სისტემის ხელმძღვანელები სამსახურიდან გაუშვეს.
კრიმინალური და სამეურნეო დანაშაულები თითქმის შეერწყა ერთმანეთს და ჩვენ ამის შედეგი საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1990-იან წლებში, ვიწვნიეთ, როდესაც რესპუბლიკა მთლიანად გაიძარცვა. ამ ადამიანებს ეროვნული სულისკვეთება არ ჰქონდათ. გაიხსენეთ ჯაბა იოსელიანი და მისი დანაშაულებრივი ჯგუფები. წარმოუდგენელია იმის დავიწყება, რაც მათ ქვეყანაში, განსაკუთრებით _ სამეგრელოში, ჩაიდინეს, როგორ წვავდნენ, ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ ყველაფერს.
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი