Home რუბრიკები პოლიტიკა პოლიტიკოსთა სევდა და ყვარყვარე ბობოხიძის სალტო-მორტალე

პოლიტიკოსთა სევდა და ყვარყვარე ბობოხიძის სალტო-მორტალე

GEWORLD.GE:
ქართველ პოლიტიკოსებს ყველაზე მეტად თავის ქება რომ უყვართ, ეს არავისთვის არის ახალი. არ აქვს მნიშვნელობა, აქვთ თუ არა ქების საფუძველი, მთავარია, ამომრჩეველს მუდმივად ჩააგონონ, რომ მათზე უკეთესი არ არის და არც იქნება. «მმართველი ძალა არის რეალურად ერთადერთი და ყველაზე უფრო ეფექტური ხელისუფლება, რომელიც კი შეიძლება ამ სპექტრიდან აირჩეს,» _ ეს ტირადა, რომელიც სხვადასხვა ვარიაციებით ხელისუფლების ყველა «სახისგან» მოგვისმენია, ამ რედაქციით კაკო ბობოხიძეს ეკუთვნის. იმ ბობოხიძეს, რომელმაც მუშტი-კრივშიც გვანახა თავი და საღორიის ტყეშიც.

კაცმა რომ თქვას, მის სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს; არაფრით გამორჩეულ ამ პოლიტიკოსს იმდენი სკამი აქვს გამოცვლილი ბოლო ოცი წლის განმავლობაში, რომ ნამდვილად აქვს უფლება, «სრულიად საქართველოს პოლიტიკური სპექტრი» შეაფასოს: «იმ პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრიდან, რომელიც დღეს საქართველოშია, აბსოლუტურად ყველას ვიცნობ და არა _ ერთი და ორი წელი. პრაქტიკულად ყველა მათგანია ერთხელ მაინც ხელისუფლებაში ნამყოფი და მიმაჩნია, რომ ყველაა ჩაჭრილი იმ გამოცდაში, რომელიც, როგორც ხელისუფალს, მათ ცხოვრებამ დაუყენა».
თუმცა ამ «ყველაში» იგი არ გულისხმობს სააკაშვილს, რომელიც შევარდნაძის ხელისუფლებაშიც იყო და ახლაც იქვეა. ბობოხიძისთვის იგი ისეთივე «ჩაუჭრელია», როგორც თვითონ: «არაბუნებრივი იქნება, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში არ იყოს. კატეგორიულად მინდა, რომ პოლიტიკაში იყოს». თავად მან მოახერხა, რომ 1990 წლიდან დღემდე პოლიტიკაში ითვლება. მართალია, არავის ახსოვს, კონკრეტულად რა გაუკეთებია კაკო ბობოხიძეს ამდენი ხნის პოლიტიკოსობის განმავლობაში, მაგრამ თვითონ ერთ-ერთ მთავარ დამსახურებად იმას მიიჩნევს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელი აქვს მოწერილი. მერე რა, რომ ამ დოკუმენტზე სხვა არაერთ პირსაც აქვს ხელი მოწერილი, ბობოხიძე ამ არგუმენტით ამყარებს საკუთარ დასკვნას: «ასე რომ, ცოცხალ პოლიტიკოსთა შორის თავს ქართული პოლიტიკის ვეტერანად მივიჩნევ».
ამ «ვეტერანს» 1989 წლის 9 აპრილის აქციაში მონაწილეობა იმიტომ ვერ მიუღია, რომ 8 აპრილს ქუთაისში დაუკავებიათ, თურმე იქ აპირებდა აქციის მოწყობას. ცხადია, 10 აპრილს გამოუშვეს და ისიც თავით გადაეშვა პოლიტიკის მორევში, რომელშიც «ვეტერანის» სტილით დღემდე დაცურავს. 1990 წელს იგი უზენაესი საბჭოს წევრი ხდება. ჭომის მათემატიკურ ინტერნატში ნასწავლ და 1990 წლამდე ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის უფროს ლაბორანტს, 26 წლის ახალგაზრდას შესაშური ალღო აღმოაჩნდა, რომელსაც არც მას შემდეგ უღალატნია მისთვის.
თუმცა «ვეტერანი» მხოლოდ ბობოხიძე არ არის. ეროვნული მოძრაობის სხვა ვეტერანების მოგონებებში იგი არცთუ სახარბიელოდ გამოიყურება: «ეროვნული დროშა ვიღაცამ ჯერ კიდევ 1988 წლის ნოემბრის შიმშილობის დროს დაამაგრა უმაღლესი საბჭოს სახურავზე, მაგრამ მაშინვე ჩამოვახსნევინეთ. ბოლოს უზენაესი საბჭოს არჩევნები ზვიად გამსახურდიამ მოიგო და ეროვნული დროშის უზენაესი საბჭოს თავზე გამოკიდებაც ზვიად გამსახურდიას სახელს დაუკავშირდა. აკაკი ბობოხიძეს ვუთხარით, _ თუკი თქვენ უარყოფთ 1921 წლის კონსტიტუციას და აღიარებთ საქართველოს სსრ კონსტიტუციას, მაშინ რატომ ისევ იმ ნამგალუროიან დროშას არ დაიტოვებთ და რა უფლებით იყენებთ შინდისფერ დროშას, რომელიც 1921 წლის კონსტიტუციის სიმბოლოა? ბობოხიძემ მაშინ ასე გვიპასუხა: მაგ დროშას პატრონი აღარ ჰყავდა და ჩვენც იგი არჩევნების მოსაგებად გამოვიყენეთო».
«უპატრონო დროშის» მოტივი ბობოხიძის პოლიტიკურ ბიოგრაფიას დღემდე მოჰყვება. მერე რა, რომ დღეს იგი გულში მჯიღს იცემს და კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს იმ ინტელიგენციას, რომელთან ერთადაც «საშინელ» გამსახურდიას ებრძოდა, _ ახლა ასეა საჭირო. მაშინ კი, 1990 წელს, ეს ხონელი ბიჭი (ინტერნეტში მას ხშირად ახსენებენ, რომ ყვარყვარე თუთაბერიც ხონელი კაცის დაწერილია, მაგრამ აღარავინ განმარტავს, რომ პოლიკარპე კაკაბაძე, კაკო ბობოხიძისგან განსხვავებით, გენიოსი იყო) დიდ პოლიტიკაში დგამს ნაბიჯს.
თავდაპირველად იგი რესპუბლიკურ პარტიაში ყოფილა, შემდეგ _ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში. შემდეგ კი უზენაესი საბჭოს წევრი გამხდარა. ზოგადად, ეს რესპუბლიკელებისთვის დამახასიათებელი ფანდია: სიტუაციის მიხედვით, ხან რომელ ერთობაში ამოყოფენ თავს, ხან _ რომელში. ხან «მრგვალდებიან», ხან «ნაციონალდებიან», ხანაც ამტკიცებენ, რომ საქართველოს უძველეს პარტიას წარმოადგენენ. ასე იყო თუ ისე, ბობოხიძემ უზენაეს საბჭოში ბევრით ვერაფრით გაითქვა სახელი, მაგრამ, როგორც კი ვითარება დაიძაბა, მომლაპარაკებელთა შორის აღმოჩნდა.
1991 წლის 28 ნოემბერს თბილისის ზღვაზე გაჭრილ თენგიზ კიტოვანთან მოსალაპარაკებლად «მრგვალი მაგიდიდან» ზაურ ქობალია, ტარიელ ფუტკარაძე და ჯემალ გოლეთიანი, ხოლო «დემოკრატიული ცენტრიდან» აკაკი ბობოხიძე, ნოდარ ნათაძე და პაატა კოღუაშვილი მივიდნენ. საუბარი ეროვნული გვარდიის სტატუსს ეხებოდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ იგი სპეცდანიშნულების პოლკად გადაკეთდებოდა და უზენაეს საბჭოს დაექვემდებარებოდა. ზვიად გამსახურდიამ ამ შეთანხმებაზე უარი თქვა.
ეროვნული გვარდიის საკითხზე დავა გკჩპ-ს გამოცხადებისთანავე დაიწყო. ერთადერთი მართებული გადაწყვეტილება, რომელიც მაშინ გვარდიასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გამსახურდიამ მიიღო, მაშინვე მის წინააღმდეგ გამოიყენეს ჯერ თენგიზ კიტოვანმა და შემდეგ დეპუტატებმა. 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა 36 დეპუტატის განცხადება იმის შესახებ, რომ გვარდია უზენაესი საბჭოს დადგენილებით იყო შექმნილი და მისი დაშლის ან რეორგანიზაციის უფლება პრეზიდენტს არ ჰქონდა. ამ ხელმომწერთა შორის ბობოხიძეც იყო.
ეროვნული გვარდიის მიმართ ინტერესი კაკო ბობოხიძეს არც შემდეგ განელებია და ბედმა იმასაც მოასწრო, რომ კანონიერებაზე გადაგებული ეს სამოქალაქო პირი მთელი ცხრა თვე (2006 წელს) ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო საქმისა არაფერი გაეგებოდა. მაგრამ ეს უკვე მეორე «რევოლუციის» შემდეგ იყო, _ სააკაშვილის ხელდასხმით; ხოლო 1991 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით, უზენაესმა საბჭომ 38 დეპუტატს შეუჩერა უფლებამოსილება, მათ შორის _ კაკო ბობოხიძეს. 1992 წელს იგი, როგორც მოსალოდნელი იყო, უკვე სახელმწიფო საბჭოს მრჩეველი ხდება.
1992 წელს კაკო პარლამენტის წევრი ხდება. იმ პარლამენტს ჯანსუღ ჩარკვიანმა «გახავთასირებული» უწოდა, რადგან იმდენ უხამსობას, რამდენსაც დეპუტატი გია ხავთასი ამბობდა, ვერც ერთ პარლამენტში ვერ მოისმენდა კაცი. ამ საქმეში მეორე ადგილზე კაკო ბობოხიძე იყო. უზრდელობა და თავხედობა იყო ის თვისებები, რომლითაც მან საზოგადოებას დაამახსოვრა თავი. შესაძლოა, ამიტომ 1995 წლიდან იგი პოლიტიკაში აღარ ჩანს, თუმცა ბობოხიძემ მაინც იყოჩაღა და 1998 წელს სახალხო დამცველის აპარატში მოეწყო სამუშაოდ. იქაც არაფრით გამოუჩენია თავი, ძირითადად, თავის ბიზნესს უვლიდა, მაგრამ 1999 წელს პარლამენტის მორიგი არჩევნები გაიმართა და მანაც კენჭი იყარა.
არ გაუმართლა ბობოხიძეს და ხონის #55 ოლქიდან მაჟორიტარი დეპუტატი ჯემალ მებუკე გახდა. იმ მიზეზით, რომ ორ უბანზე არჩევნების შედეგები ბათილად იყო ცნობილი, ხოლო «მოქალაქეთა კავშირის» მონდომებით (ახლა პარლამენტში გვერდით რომ უსხედან ბობოხიძეს!), იქ ხელახალი კენჭისყრა არ დაინიშნა. აქ ბობოხიძემ იყოჩაღა და რესპუბლიკელი იურისტებიც დაიხმარა და საკუთარი სამსახურიც: სახალხო დამცველის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ რიგგარეშედ განიხილა და გადაწყვიტა, რომ ხონის აჩევნები არაკონსტიტუციური იყო. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლო მმართველი პარტიის დეპუტატის წინააღმდეგ იღებს გადაწყვეტილებას კაკო ბობოხიძის სასარგებლოდ. ეს ის დროა, რომელსაც დღეს ბობოხიძე ბნელსა და უკუნს უწოდებს!
თუმცა ერთია სასამართლოს გადაწყვეტილება და მეორე – მისი აღსრულება. თითქმის ორი წლის განმავლობაში ზურაბ ჟვანიას პარლამენტი ჯიუტად არ ასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც სავალდებულო ძალა აქვს, კაკო ბობოხიძე კი სახელისუფლო კულუარებში დადის და იხვეწება, პარლამენტში შეუშვან. თანაც ცდილობს, შევარდნაძეს ხმა მიაწვდინოს: _ მე ის კაკო აღარა ვარ! ეს იმიტომ, რომ 1992 წლის პარლამენტში შევარდნაძისთვისაც ჰქონდა შეურაცხყოფა მიყენებული. ასე იყო თუ ისე, მისი უფლებამოსილება ორი წლის დაგვიანებით _ 2001 წლის დეკემბერში ცნო პარლამენტმა.
იმავე წელს ადგილობრივი არჩევნებიც ჩატარდა, მაგრამ შედეგების ცნობა გაჭიანურდა. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისას კენჭისყრაში პარლამენტის 5 მოქმედმა წევრმა მიიღო მონაწილეობა, მათგან ერთი კი _ მიხეილ სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე გახდა. პარლამენტში ამ საკითხზე ძლივს გადეპუტატებული ბობოხიძე იყო მომხსენებელი და შეურიგებელი პოზიცია დაიკავა. «5 დეპუტატის საკითხის გადაწყვეტა მმართველ პარტიას შეეშინდა. მე ვპირდები მათ, რომ ყოველ ასეთ შემთხვევას გამოვააშკარავებ». მართალია, რევოლუციის შემდეგ ასეთი შემთხვევა მრავლად იყო, მაგრამ დეპუტატთა შეუთავსებლობაზე ბობოხიძეს ხმა აღარ ამოუღია.
სააკაშვილს რომ მის წინააღმდეგ მოსაუბრენი არასოდეს ყვარებია, ცნობილია, მაგრამ ბობოხიძემ აქაც შეძლო შეცდომის გამოსწორება და 2002 წლის ბოლოს, როცა სააკაშვილი საკრებულოში გადავიდა, ხოლო მისი ფრაქცია დაშლის საშიშროების წინაშე დადგა, 9-კაციან ფრაქციას კაკომ შესწირა თავი და სააკაშვილის ადგილი დაიკავა: «ბუნებრივია, ამ დღიდან ჩემი პოლიტიკური საქმიანობა «ნაციონალურ მოძრაობას» დაუკავშირდა».
მას შემდეგ კაკო ბობოხიძე სამჯერ იყო პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის მხარეში, ერთხელ – ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი, სამჯერ – დეპუტატი. მის პოლიტიკურ საქმიანობაში ყველაზე თვალსაჩინო ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილისა და დეპუტატ მამრაძის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება რჩება, მაგრამ იგი დაუსჯელია, რადგან კალინინივით, ვისაც სტალინმა ცოლი დაუჭირა, მაინც ბელადს ასხამს ხოტბას. სულ ახლახან მისი ნათესავები და თანამოაზრეები – სულ 11 კაცი დააპატიმრა კუდ-მა ხონში, მაგრამ ბობოხიძემ ზუსტად იცის, რომ ახლა ხმის ამოღების დრო არ არის. უკანონობას მხოლოდ 26 მაისის აქციაზე გასული ხალხი და რობერტ სტურუა სჩადიან. თუმცა ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც ბობოხიძის ივნისში მოცემული დაპირება – თვე-ნახევარში ხორცი გაიაფდებაო!
თამარ დავითულიანი
P.S. კაკო ბობოხიძის კრედო ერთ მის განცხადებაშია: «გამიკვირდება, რომ გავიგო ვინმეზე, რომ პოლიტიკაშია და თურმე მას პოლიტიკაში ყოფნის სურვილი არ აქვს». თუმცა მას სხვა გამონათქვამიც აქვს, რომელშიც «ვეტერანის» პოლიტიკური სევდა გამოსჭვივის: «ხელისუფლებასაც აქვს პლუსი – ამ დროს შენი იდეების რეალიზების საშუალება გეძლევა, მაგრამ, როცა რეალობა და სურვილები ერთმანეთს ვერ ემთხვევა, ზოგჯერ, რეალობიდან გამომდინარე, შედეგის მისაღწევად გიწევს ისეთ ნაბიჯზე წასვლა, რომელიც შინაგანად შეიძლება არც მოგწონდეს».
როგორც ჩანს, მას არც იმნაიშვილის ცემა უნდოდა და არც მამრაძისა, _ «ნაციონალია» და «მოუწია».
 

1 COMMENT

  1. ყვარყვარეებს რა გამოლევს! უხვად იყვნენ,არც ახლა გვაკლია და სამწუხაროდ არც მერე მოგვაკლდება როგორც ჩანს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here