GEWORLD.GE:
არის თუ არა ევროპელი მაღალჩინოსნების ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის ერთგვარი უსაფრთხოების გარანტია, რა ვითარებაა საქართველოს სამხედრო უწყებაში და როგორ აისახება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ქვეყნის მომავალზე, «საქართველო და მსოფლიოს» უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი, ასოციაცია «სამართალი და თავისუფლების» ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი ესაუბრება.
_ კვირის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენაა. ამ ფაქტს უკვე მოჰყვა სხვადასხვა შეფასება პოლიტიკოსების მხრიდან, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ინტელექტი და ტონიც დაუწუნეს. თქვენ როგორ შეაფასებთ ივანიშვილის განცხადებას?
_ თუ ხელისუფლება ვინმეს ინტელექტს უწუნებს, თვითკრიტიკით რომ დაეწყო, ყველაზე ადეკვატური იქნებოდა, ვინაიდან ამ ხელისუფლებას, უპირველესად, სწორედ ინტელექტის დეფიციტი აქვს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სტრატეგიას ან ტაქტიკას, ამ ეტაპზე მიჭირს, შევაფასო, მაგრამ იმ ნიჰილიზმის ფონზე, რაც საზოგადოებაში იყო დამკვიდრებული, გაჩნდა იმედი, რომ გამოჩნდა ძალა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში არსებულ დეფიციტს შეავსებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებმა საკმაოდ კრიტიკულად შეაფასეს მისი განცხადება, თუ გავაანალიზებთ, კიდევ ერთი რამ აკლია ქართულ პოლიტიკას _ ეს არის სიმართლის პირდაპირ თქმა და, თუ ბატონი ბიძინა ამ დეფიციტის შევსებასაც შეძლებს, ვფიქრობ, კარგი იქნება. ვინ ვინ არის, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ითქვას. ეს ეხება არამხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ _ პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, კულტურის მოღვაწეებს და ა. შ. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, საკუთარი პოზიციის გამოხატვისას ზომიერება დავიცვათ. როგორც ჩანს, ის ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.
ბიძინა ივანიშვილის განცხადება იყო ის, რისი ღიად მოსმენაც სურდა არა ელიტას, არამედ _ ხალხს. ჩვენ თუ გვინდა, რომ მორიგი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა მოვიდეს, სტანდარტული განცხადებებით, როგორიც არაერთხელ მოგვისმენია ქართველი პოლიტიკოსებისგან, კი, ბატონო, მაგრამ ჩვენ მივიღეთ არაორდინარული წერილი, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ბატონი ბიძინა და მისი პოლიტიკური ძალა იქნება ერთ-ერთი სერიოზული, გამორჩეული ძალა.
ქართულ პოლიტიკაში რეალური, სერიოზული ძალის მოთხოვნილებაა და, თუ ამ ნიშას ბიძინა ივანიშვილი შეავსებს, კმაყოფილი ვიქნები, რადგან დღეს ეს ქვეყანას სჭირდება. მაგრამ ვფიქრობ, ის ამას მხოლოდ ორ შემთხვევაში შეძლებს, თუ გვერდით წესიერ ადამიანებს, პროფესიონალებს დაიყენებს, და მეორე: თუ ის წარმოადგენს სწორ პოლიტიკურ სტრატეგიას და ქვეყნის განვითარების კონკრეტულ გეგმას, სადაც იქნება განსაზღვრული საქართველოს როლი და ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე როგორც რუსეთში, ასევე _ დასავლეთში.
_ საქართველოს ესტუმრა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. მას ხელისუფლებამ საზეიმო დახვედრა მოუწყო. ნოემბერში საქართველოს ეწვევა ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენიც. წარმოადგენს თუ არა აღნიშნული ვიზიტები საქართველოსთვის ერთგვარ უსაფრთხოების გარანტიას?
_ ვიზიტები რომ უსაფრთხოების გარანტია იყოს, ამხელა ჯარის შენახვას სჯობს, პერიოდულად მაღალი რანგის თანამდებობის პირები და ქვეყნების მეთაურები დავპატიჟოთ ხოლმე. მე მიმაჩნია, რომ სარკოზი, ობამა, სააკაშვილი ახალი თაობის პრეზიდენტები არიან, რომლებიც თავიანთ პოლიტიკურ კარიერაში აქტიურად იყენებენ პიარ-ტექნოლოგიებს. სხვა ახსნა იმ შოუს, რომელიც თბილისში გაიმართა, არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აჟიტირებული ხელისუფლება განცხადებას განცხადებაზე აკეთებს, თუ როგორი ბედნიერები ვართ საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტით, სარკოზის რეალურად არც არაფერი უთქვამს კონკრეტული და ღირებული და არც ჩვენ გაგვჩენია იმედი, რომ ქვეყანაში ამიერიდან რაიმე შეიცვლება.
და რაც საყურადღებოა: სარკოზის საქართველოში დემოკრატიის პრობლემებზე ხმაც არ ამოუღია. მე, ადამიანს, რომელიც შეწუხებულია არადემოკრატიული რეჟიმისა და ქვეყანაში პოტენციური დიქტატურის დამყარების გამო, დემოკრატი საფრანგეთის პრეზიდენტისგან კრიტიკა არ მომისმენია. მოვისმინეთ მხოლოდ ქება, რომ თურმე ქართული პოლიცია არის გამჭვირვალე. კარგად დავინახეთ 7 ნოემბერს, 26 მაისს როგორი პოლიციაც გვყავს. ეს ის პოლიცია არ არის და ის ვანო მერაბიშვილი, შტურმით რომ აიღეს ტელეკომპანია «იმედი»?
_ ქვეყნისთვის ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი ავღანეთში ნატოს სამხედრო ოპერაციებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობაა. სექტემბერში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცის, რეზო ბერიძის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ამის მიუხედავად, რატომ ზრდის საქართველოს ხელისუფლება კონტინგენტს ავღანეთში?
_ ჩვენ გვაქვს საქმე ხელისუფლებასთან, რომელიც მხოლოდ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზეა ორიენტირებული. სააკაშვილი მხოლოდ ძალაუფლებაზე ფიქრობს და ავღანეთში ჯარისკაცების გადამეტებული რაოდენობის გაგზავნა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერას ემსახურება.
_ ნატოს გაერთიანებული ჯარების სარდალმა ევროპაში, ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა ქართველი ჯარისკაცების მოქმედებას მაღალი შეფასება მისცა და განაცხადა, რომ ქართველი სამხედროები ყველაზე სახიფათო უბნებზეც კი მამაცურად იქცევიან. ამის მიუხედავად, საქართველოსთვის ნატოს კარი კვლავ დაკეტილია. ქების გარდა, ასეთი მსხვერპლის ფასად, რას იღებს საქართველო?
_ რაც არ უნდა სუპერ-შედეგები აჩვენონ ჩვენმა ჯარისკაცებმა, ეს არ იქნება საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების ბილეთი. დიახ, ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში გარკვეულ გამოცდილებას იღებენ, ჩვენ გვჭირდება ნატოსთან ერთად სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში მონაწილეობა, მაგრამ ავღანეთში გაგზავნილი ჯარისკაცების რაოდენობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების, დემოგრაფიული ვითარებისა და საზოგადოების განწყობის ადეკვატური უნდა იყოს.
_ გარდაცვლილი ჯარისკაცის შესახებ საქართველოს სამხედრო უწყებამ კვლავ დაგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია. რის დამალვას ცდილობს ხელისუფლება?
_ ხელისუფლება ცდილობს, ავღანეთის მისიის გამო საზოგადოების კრიტიკა არ დაიმსახუროს. ფართო საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია არ არის ცნობილი. მსგავს ინფორმაციას იგებს ხალხის მცირე ნაწილი და ისიც მხოლოდ თბილისში. ხალხი საინფორმაციო იზოლაციაშია. გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს აშინებენ, ხმა რომ არ ამოიღონ. მაშინ, როდესაც ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცებს სააკაშვილი გმირებს უწოდებს, გმირებისთვის ღირსეული პატივის მიგება, მათი სახელების ცოდნა, მგონი, აუცილებელია.
_ რა ვითარებაა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ამ ეტაპზე? მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ სათავეში მოსვლისთანავე პრიორიტეტულად თავდაცვის სფეროს დაფინანსება გამოაცხადა, 2008 წელს საქართველო ომისთვის მაინც მოუმზადებელი აღმოჩნდა.
_ თქვენც ახსენეთ, რომ ნატოს მაღალჩინოსანმა ჩვენი ჯარისკაცების მოქმედება მაღალ დონეზე შეაფასაო, მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი მხოლოდ ჯარისკაცის სიმამაცე არ არის. ქვეყნის უსაფრთხოებას, პირველ რიგში, ადეკვატური საერთაშორისო პოლიტიკა, სწორად განსაზღვრული უსაფრთხოების სისტემა და სტრატეგიულ და ტაქტიკურ დონეზე კარგად ორგანიზებული შეიარაღებული ძალები უზრუნველყოფს.
ომის შემდეგ თავდაცვის სფერო პრიორიტეტული აღარ არის. ეს სფერო პოლიტიზებულია და იმის გამო, რომ კადრების დეფიციტი აქვს ხელისუფლებას, იქაც, ისევე, როგორც ყველა სახელმწიფო უწყებაში, არაპროფესიონალები მუშაობენ, რადგან სააკაშვილს არ ჰყავს კადრი, რომელიც ერთდროულად მისი მონა-მორჩილიც იქნება და პროფესიონალიც. ის, ვინც პროფესიონალია, კარგად ხვდება ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას, აკრიტიკებს მას და ამის გამო «ჩასარეცხების» სიაში ხვდება. ხელისუფლებისთვის მთავარია, ჰყავდეს ბაჩო ახალაია, რომელიც შეიარაღებულ ძალებზე ვიწრო პოლიტიკურ კონტროლს განახორციელებს და სააკაშვილი მშვიდად დაიძინებს იმ იმედით, რომ ჯარი მის წინააღმდეგ ხმას არ ამოიღებს და არჩევნებზეც ხმების 95%-ს მიიღებს.
_ სოხუმი და ცხინვალი კიდევ ერთმა ქვეყანამ _ ტუვალუმ აღიარა. რაც არ უნდა უმნიშვნელო ქვეყნებად მივიჩნიოთ ისინი, რამდენად საფრთხის შემცველია, როცა გაეროს წევრი ქვეყნები აღიარებენ საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობას?
_ სარკოზის ნათქვამს გავიხსენებ. მან განაცხადა, რომ საფრანგეთი და გერმანია, მიუხედავად იმისა, რომ იყო დრო, როდესაც ისინი ერთმანეთს ეომებოდნენ და ტერიტორიებს ართმევდნენ, შერიგდნენ და დღეს საუკეთესო მეგობრები არიანო. მაგრამ ორივე ქვეყნის სათავეში მოვიდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც არ ეომებოდა ერთმანეთს, რაც პირდაპირ მანიშნებელია იმისა, რომ, თუ ჩვენ რუსეთთან დიალოგი გვინდა, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ყველა კარგად ხვდება, რომ სააკაშვილი და პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან ერთად არ დასხდებიან.
_ რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა ხომ განაცხადა, რომ მზადაა, პუტინს დაელაპარაკოს?
_ მზად ვარო, თქვა, მაგრამ შემდეგ ისეთი ტექსტი გააგრძელა, რუსეთის პრემიერისთვის რომ შეეგინებინა, უფრო ადეკვატური იქნებოდა.
_ დასავლეთმა ირანი არაერთხელ გააფრთხილა შესაძლო დაბომბვის თაობაზე. თუ თეირანი ბირთვულ პროგრამას არ შეწყვეტს, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება საქართველო?
_ ასეთ შემთხვევაში საქართველო რომ სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, დარწმუნებული ვარ. ჩვენმა ინტელექტუალმა პრეზიდენტმა ხომ მიიღო გადაწყვეტილება და ირანთან სავიზო რეჟიმი გააუქმა? წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია დაიწყება. ირანიდან წამოსული ლტოლვილები მოაწყდებიან საქართველოს და ქვეყანას ასი ათასობით დევნილი შეემატება. სამაგიეროდ, ჩვენს პრეზიდენტს დასავლეთში მადლობას გადაუხდიან.
ესაუბრა
შორენა ცივქარაშვილი