Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილის «ტიტანიკი» ივანიშვილის აისბერგს შეეჯახა

სააკაშვილის «ტიტანიკი» ივანიშვილის აისბერგს შეეჯახა

GEWORLD.GE:
გასულ კვირას ქართული პოლიტიკური სივრცე ერთდროულად მოაგონებდა კარლ ბრიულოვის ტილოს «პომპეის უკანასკნელი დღე», მხატვრულ ფილმ «ტიტანიკს» მის დასკვნით ნაწილში, ლევ ტოლსტოის მიერ აღწერილ ობლონსკების სახლს, რომელშიც არა მხოლოდ ყველაფერი აირია, არამედ ცეცხლი წაუკიდეს და გასასვლელიც ჩარაზეს, ჰიროსიმასა და ფუკუსიმას ერთ ფლაკონში და ყოველივე ეს ბიძინა ივანიშვილის ერთადერთმა განცხადებამ გამოიწვია. ხომ წარმოგიდგენიათ, რა შედეგები მოჰყვება მის მომდევნო ნაბიჯებს? ფაქტია, ქართულ პოლიტიკაში კაი გვარიანი აპოკალიფსი დაიწყო.

დროებით თავი დავანებოთ «ნაციონალური მოძრაობის» რეაქციას, მის საპარლამენტო პუდელებს და არასაპარლამენტო პეკინესებს და შევეცადოთ, დავადგინოთ, რამდენად მოსალოდნელი იყო ივანიშვილის ნაბიჯი, შეიძლებოდა თუ არა მისი წინასწარ განჭვრეტა? საერთოდ, შეიძლება თუ არა რაიმე მოვლენა ერთდროულად მოსალოდნელიც იყოს და მოულოდნელიც?
ერთი შეხედვით, ეს აბსურდია, თუმცა «საქართველო და მსოფლიოს» 29 ივნისის ნომერში ჩვენ მოკლედ მიმოვიხილეთ ლიბანელი მათემატიკოსის _ ნასიმ თალების «შავი გედის» თეორია; თალები თავის წიგნს შემდეგი ისტორიით იწყებს: ავსტრალიის აღმოჩენამდე მეცნიერები თვლიდნენ, რომ დედამიწაზე მხოლოდ თეთრი გედები არსებობდნენ, ამ აზრს ბუნებაზე დაკვირვება ამყარებდა. ავსტრალიური შავი გედის გამოჩენა მათთვის დიდი სიურპრიზი გახდა. თალები წერს, რომ ჩვენი ცოდნა და მასზე დაფუძნებული ვარაუდები უაღრესად მყიფე რამ არის და ერთ წამში შეიძლება განადგურდეს. ის გვთავაზობს, «შავი გედი» ისეთ მოვლენას ვუწოდოთ, რომელსაც შემდეგი სამი ატრიბუტი გააჩნია: ა) ის უჩვეულოა და მოლოდინების ზღვარს მიღმა მდებარეობს; ბ) მის მიერ გამოწვეული შედეგები ძალზე მასშტაბურია; გ) მსგავსი მოულოდნელი მოვლენებისთვის «უკანა რიცხვით» ისეთ ახსნას ვეძებთ (და ვპოულობთ), რომელიც მას სავსებით ბუნებრივად და ლოგიკურად წარმოაჩენს.
ივანიშვილის ნაბიჯის განხილვას სამივე პუნქტთან მიმართებაში მეტად საინტერესო დასკვნებამდე მივყავართ. ბევრი ომი, რევოლუცია, ფინანსური კატასტროფა თუ ტექნოლოგიური გარღვევა, რომელიც დღეს მოვლენთა განვითარების ლოგიკით განპირობებული გვგონია, იმ დროს, როდესაც ის მოხდა, სწორედ ასეთ, მოულოდნელად შემოფრენილ «შავ გედს» წარმოადგენდა.
ერთი ციტატა იმ, 29 ივნისს გამოქვეყნებული, წერილიდან: «ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში, სავარაუდოდ, ჩამოყალიბდა უპრეცედენტო განწყობა, რომელსაც პირობითად შეიძლება «შავი გედის მოლოდინი» ან სულაც «მოულოდნელის მოლოდინი» ვუწოდოთ. ძველი იმედები, პოლიტიკური გათვლები, გაცვეთილ სტერეოტიპებზე დაყრდნობით, მნიშვნელოვანწილად წარსულს ჩაბარდა, თუმცა იმის განცდა, რომ შექმნილი არანორმალური (თითქოსდა გამოუვალი) სიტუაცია არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, დარჩა.
ბევრი ადამიანი ელოდება იმას, რომ «მოხდება რაღაც», რაც სიტუაციას საქართველოში ძირფესვიანად შეცვლის, თუმცა ვერ აყალიბებს, რა ფორმა ექნება ამ «რაღაცას». გამორიცხული არაა, ამ მშფოთვარე მოლოდინმა ახლო მომავალში მართლაც შვას «შავი გედი», რომელიც ძველ დოგმებზე დაფუძნებულ პროგნოზებსა და გათვლებს ნაცარტუტად აქცევს.
ნებისმიერ შემთხვევაში, გამოცდილება, რომელიც ახლო წარსულში დავაგროვეთ, მომავალთან დაკავშირებით უნივერსალური დასკნების გამოტანის შესაძლებლობას (და უფლებას) არ გვაძლევს. ხოლო ის, რომ დღეს სააკაშვილის ხელისუფლება საკუთარ მომავალს ოპტიმისტურად უყურებს, სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ ხსენებულ მომავალს ერთი მოზრდილი შავი გედი ძალიან სწრაფად უახლოვდება». ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ გასულ კვირას ეს, ერთი შეხედვით უცნაური, პროგნოზი ახდა.
კიდევ კარგი, რომ ამ «ნავარაუდევმა მოულოდნელობამ» ბიძინა ივანიშვილის სავსებით ცივილური განცხადების სახე მიიღო. ისეთი არანორმალური პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც საქართველოში გვაქვს, ბევრ სხვა ქვეყანაში შობდა ნაგიჟარ კომანდანტეს თავისი შეიარაღებული მომხრეებით და დეგრადირებული რეჟიმის შეცვლის პროცესი უაღრესად მტკივნეულ, სისხლიან სახეს შეიძენდა. საქართველო, როგორც ჩანს, მეტად იღბლიანი ქვეყანაა, მას ყველაზე კრიტიკულ მომენტში, მშვიდობიანი რევოლუციის, თავგასული რეჟიმის უსისხლო შეცვლის შესაძლებლობა გაუჩნდა. მაგრამ ამ ფაქტის კონსტატაცია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი სკამის შენარჩუნებისთვის ყველაზე ველურ, ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს არ მიმართავს. დაახლოებით ისეთი საჭადრაკო პარტია იქნება, კარპოვსა და კასპაროვს რომ ჰქონდათ ხოლმე, ოღონდაც _ სკამების სროლით. სულ მალე ქართული საზოგადოება იხილავს სააკაშვილის ხელისუფლებას ყოველგვარი ნიღბის გარეშე და, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში ბევრი რამ ნახა, ეს სურათი, სავარაუდოდ, შეძრავს მას.
კონსპიროლოგიურ ვერსიებს იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი სააკაშვილს შეუთანხმდა, სერიოზულად რამდენიმე მიზეზის გამო ვერ განვიხილავთ: ა) არ ჩანს მოტივი, რომლის გამოც ივანიშვილი ამას გააკეთებდა; ბ) არ არსებობს ფაქტები, რომლებიც ამაზე მიუთითებს; გ) ის, რაც ივანიშვილის შესახებ საზოგადოებამ იცის, არანაირად არ მიანიშნებს იმაზე, რომ ის შეიძლება მსგავსი ტიპის გარიგებაზე წავიდეს. ამას შეგვიძლია კიდევ ერთი გარემოება მივუმატოთ: ისტერია, რომელიც ბოლო დღეებში «ნაციონალური მოძრაობის» რიგებში სუფევს, სავსებით გულწრფელი ჩანს და ერთობ მოაგონებს ქვითინს ლეონიდ გაიდაის ცნობილი კომედიიდან: «Все, что нажито непосильным трудом – все пропало. Пиджак замшевый – три штуки, магнитофон заграничный – три, портсигар золотой, отечественный… три портсигара». ხოლო მთავარი, რაც მათ დაკარგეს, სიმშვიდეა. მმართველი პარტიის გეგმები საპარლამენტო არჩევნებთან და ზოგადად მომავალთან დაკავშირებით სასწრაფო შეცვლას საჭიროებს, იგივე მის პარტნიორ ოპოზიციონერებს ეხება. ათიოდე დღის წინ ეს ადამიანები მშვიდად თვლემდნენ უღრუბლო ცის ქვეშ, ანაკლიის «ერთდღიანი ხიდის» ეპიკურ ნანგრევებთან და უცაბედად ჰალსტუხების ღეჭვის ჟამი დაუდგათ.
ახლო მომავალში ჩვენ, ალბათ, ვიხილავთ სწრაფ გადაწყობას ბიპოლარულ მოდელზე, რადგან ოპოზიცია (აქ, ალბათ, უნდა ვიხმაროთ ძნელად გამოსათქმელი კონსტრუქცია «ივანიშვილამდელი ოპოზიცია») ძალზე სუსტია იმისთვის, რომ დამოუკიდებელი «მესამე პოლუსის» როლი იტვირთოს. ის სცილასა და ქარიბდას შორის მოექცევა, თანაც ისე, რომ ხომალდის ბორტზე ოდისევსი არ ეყოლება. ზოგი ჩაიძირება, ზოგი კი ამოყვინთავს… მოკლედ, ხსოვნა-არდავიწყება იყოს, უფრო სწორად კი, ბედნიერი მგზავრობა ვუსურვოთ.
დავუბრუნდეთ ეჭვნარევ კითხვებს, კერძოდ შემდეგს: «სად იყო ივანიშვილი აქამდე, უფრო ადრე რატომ არ გამოჩნდა?». ეს, სავარაუდოდ, შემდეგი მიზეზების გამო მოხდა: ა) ადრე ვაშინგტონი სააკაშვილის რეალურ კონკურენტს მთელი თავისი ძლიერებით დაუპირისპირდებოდა, დღეს კი სიტუაცია შეიცვალა; ბ) ხელისუფლებაში მოსვლის, უფრო ფართოდ კი, სისტემური ცვლილებების დაგეგმვას, დიდი დრო და შრომა სჭირდება. ეს არ არის ქუჩაში ჩაქუჩით სირბილი და ღრიალი «მიშა, მოვდივართ»; თავისი სირთულით მსგავსი გათვლები შეიძლება სამხედრო კამპანიის გეგმას შევდაროთ; გ) თუ სიტუაციას ემოციების გარეშე განვიხილავთ, ვნახავთ, რომ ივანიშვილმა პირველი (ხილული) ნაბიჯი პოლიტიკურ ასპარეზზე კარგად შერჩეულ მომენტში გადადგა, არც ნაადრევად და არც დაგვიანებით საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით; დ) გარკვეული დრო წაიღო მოსამზადებელმა სამუშაომ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და საინფორმაციო სივრცეში, მაგრამ ის თვალშისაცემი არ იყო. საერთოდ, როდესაც ივანიშვილის პროექტზე ვსაუბრობთ, აჯობებს, რომ აისბერგის ცნობილი მეტაფორა მოვიშველიოთ, მისი ნაწილი ზედაპირზე კი ჩანს, თუმცა ცხრა იმდენი დამკვირვებლის თვალისთვის დაფარულია.
გასულ კვირას სოციოლოგებთან და პოლიტოლოგებთან საუბრებში საკმაოდ ბევრი დრო გავატარე. გამოითქვა უამრავი ვარაუდი იმაზე, თუ როგორ წარმართავენ მხარეები თავთავიანთ კამპანიებს, რა მანევრებს მიმართავენ და ა. შ. საბოლოოდ, ყველა ეს დისკუსია შემდეგი ვარაუდით დაგვირგვინდა: თუ ბიძინა ივანიშვილი ფატალურ შეცდომებს არ დაუშვებს, ხოლო ხელისუფლება ტოტალურ გაყალბებას არ მიმართავს, «ივანიშვილის პარტიას» (პირობითად ასე ვუწოდოთ) არჩევნების მოგების ძალიან დიდი შანსი ექნება. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას ავტომატურად დათმობს და, ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ «ივანიშვილის გეგმა» ხელისუფლების შესაძლო «არაკონვენციურ» მოქმედებებსაც ითვალისწინებს; სხვა შემთხვევაში, წარმატების მიღწევა მეტად სათუო გახდება. არადა, ივანიშვილის მარცხი ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივას, სავარაუდოდ, ხანგრძლივი დროით მოსპობს; მომავალი ბიპოლარული მოდელის ნეგატიური მხარე სწორედ ეს არის, თუმცა რეალობას ვერ გავექცევით; წინასაარჩევნო გადაწყობა ორპოლუსიან მოდელზე, პრაქტიკულად, გარდაუვალი ჩანს. ეს ტრანსფორმაცია, პრინციპში, საპროტესტო ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილის სურვილსაც შეესაბამება.
სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესი საქართველოში იმ სტადიამდე მივიდა, როდესაც ბევრი ამომრჩეველი იძულებულია, ომის ლოგიკით  იხელმძღვანელოს: «თეთრი და შავი», «ჩვენიანი და მტერი», «ან ჩვენ, ან ისინი» და ა. შ. ამ კონტექსტში მცირე ნიუანსები და კითხვები «ივანიშვილმა ასე რატომ თქვა და არა ისე?» ან «ქუდი რატომ არ ახურავს?» ნაკლებად ადეკვატური ხდება; ბრძოლის ველზე რევერანსებით საუბრების დრო და საშუალება არ არის. ზოგადად, ეს სიტუაცია არანორმალურია, თუმცა სააკაშვილის წასვლამდე ამას, სავარაუდოდ, არაფერი ეშველება. თუ ივანიშვილი დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ ის სააკაშვილის შეურიგებელი მოწინააღმდეგეა, ალბათ, საპროტესტო ელექტორატის აბსოლუტურ უმრავლესობას აიყოლიებს. მითუმეტეს, რომ უნდობლობამ სხვა ოპოზიციური ძალების მიმართ პიკს მიაღწია (2008 წლის არჩევნებზე ასე არ იყო). მთავარი ამ ადამიანებისთვის რეჟიმის დასამარების მოულოდნელად გაჩენილი შესაძლებლობა იქნება, გამარჯვება, რომელიც ივანიშვილის გეგმამ და რესურსებმა შეიძლება მოუტანოთ.
ივანიშვილის პირველი მიმართვა, სავარაუდოდ, ცოტა უფრო შორსმიმავალ მიზნებს ისახავდა, ვიდრე სააკაშვილის წინააღმდეგ ბანალური «სიძულვილის მობილიზაცია» გახლავთ. ის შეიცავდა არცთუ ურიგოდ შეფუთულ გზავნილებს რამდენიმე მიზნობრივი ჯგუფის მიმართ. წარმოჩენილი იყო პოზიტიური პერსპექტივა (სოფლის მეურნეობის განვითარება, სამუშაო ადგილები, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ა. შ.), მოკლედ, რეალისტური, თუმცა დღემდე აუხდენელი «ქართული ოცნება», სააკაშვილი კი ამ კონტექსტში განიხილებოდა როგორც დაბრკოლება, რომელიც ამომრჩეველსა და მის ოცნებას შორის დგას. ეს, სტილისტურად ერთობ გაუმართავი, მიმართვა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, საკმაოდ კარგად იყო გააზრებული და მან, მარტივად რომ ვთქვათ, «იმუშავა». ცხადია, ყოვლისმომცველი დასკვნების გაკეთება ჯერჯერობით ნაადრევია; ივანიშვილის კამპანიის ანალიზს გაცილებით მეტი დრო და ფაქტი დასჭირდება, თუმცა აქვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს პერიოდი მეტად საინტერესო, მოვლენები კი ფრიად მოულოდნელი იქნება.
იქამდე კი, ალბათ, ურიგო არ იქნება, ერთი ამოუცნობი ფენომენი გავშიფროთ და გავარკვიოთ, თუ რატომ მოაგონებს ბოლო დროს სააკაშვილის ავლაბრის რეზიდენცია საღამოს საათებში «ტიტანიკის» დაუვიწყარ სილუეტს.
დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here