Home რუბრიკები პოლიტიკა ედუარდ შევარდნაძე: ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ჯერაც აშენებული არ იქნებოდა სამების...

ედუარდ შევარდნაძე: ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ჯერაც აშენებული არ იქნებოდა სამების ტაძარი

GEWORLD.GE:
ნაციონალური ტელევიზიებით თავბრუდამხვევად რეკლამირებული 7 ოქტომბრის _ საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის თბილისში ვიზიტის “ცხელ კვალზე” “საქართველო და მსოფლიომ” კომენტარი სთხოვა ბატონ ედუარდ შევარდნაძეს.
_ ბატონო ედუარდ, როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილება?

_ ასეთი დონის ვიზიტების გაანალიზებას დრო სჭირდება. მაგრამ არც პირველი შთაბეჭდილების საჯაროდ გამოტანაა იოლი საქმე.
ვცადოთ.
ყურადღებით მოვისმინე ბატონ სარკოზის გამოსვლა თავისუფლების მოედანზე და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მისი დამოკიდებულება საქართველოსადმი გულწრფელია.
ვიტყვი იმასაც, რომ ეს იყო ძალიან გონიერი, ჭკვიანი კაცის, სერიოზული პოლიტიკოსის მსჯელობა, ყოველმხრივ გაწონასწორებული სიტყვა.
როცა საქართველოს განსაკუთრებით გაუჭირდა, ურთულეს მომენტში მან, პირდაპირ ვიტყვი, გამოიჩინა გმირობა, კონფლიქტის მოგვარების პასუხისმგებლობა იკისრა და შედეგსაც მიაღწია. როცა ადამიანი სიკეთეს გააკეთებს, მის მიმართ სიმპათიაც გაგიჩნდება და პასუხისმგებლობის გრძნობაც.
მსოფლიო მასმედიაში გაკეთებული პირველი კომენტარების მიხედვით, ორივე პრეზიდენტის გამოსვლა წინასაარჩევნო მუხტით იყო დატვირთული. სააკაშვილმა საქართველოს მიღწევები ჩამოთვალა (როგორც ყოველთვის) და თავი მოიწონა. სარკოზიმ, ისე ჩანდა, თითქოს მისთვის მიწოდებული “შპარგალკიდან” ამოიკითხა იგივე, ანუ ის, რასაც ლამის ყოველ დღე ჩაგვჩიჩინებენ.
_ სტუმრად ჩამოსული სხვა ქვეყნის პრეზიდენტი ჩვენს ლანძღვას ხომ არ დაიწყებდა?! თქვა ის, რა ინფორმაციაც ჰქონდა, და ამით დაასაბუთა, თუ რატომ სცემს პატივს ქართველ ხალხს. საერთაშორისო ურთიერთობებს, მით უფრო, უმაღლეს დონეზე, თავისი ჩარჩოები აქვს, დიპლომატიური ეთიკა… ეს ხშირად გვავიწყდება.
სააკაშვილი კი… გილიოტინაზე თავს ხომ არ დადებდა?! (ეღიმება).
_ ექსპერტები და ხელისუფალნი გვარწმუნებდნენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ნატოში ჩვენს გაწევრებას დაუჭერდა მხარს. ბატონმა სარკოზიმ გვითხრა, რომ საქართველო თავისუფალია თავის არჩევანში _ შეუერთდეს ალიანსს, ეს არისო უნიკალური შანსი.
მეტი არაფერი.
სააკაშვილმა კი იმავე საღამოს ტელეკომენტარში გვაცნობა _ საფრანგეთმა საქართველოს მხარი დაუჭირა და იშვილაო.
დაგვიჭერს თუ არა მხარს საფრანგეთი ახლა მაინც? ბუქარესტის სამიტზე, მოგეხსენებათ, გერმანიასთან ერთად წინააღმდეგი იყო.
_ ვფიქრობ, რომ იმის გათვალისწინებით, როგორი დამოკიდებულებაც დღეს აქვს სარკოზის საქართველოს მიმართ, გამორიცხული არ არის, მხარი დაგვიჭიროს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი საკითხი დადგება ალიანსში. ამაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ ის მოთხოვნები რომ შევასრულოთ, რაც აუცილებელია წევრობისთვის, დიდი დრო გაივლის.
_ ხოლო ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაზე ბატონმა სარკოზიმ განაცხადა შემდეგი: “ევროკავშირთან დაახლოება დამოკიდებულია, უწინარეს ყოვლისა, თქვენს რეფორმებსა და თქვენი დემოკრატიის გაღრმავებაზე”.
არც ეს უნდა იყოს დიდად დამაიმედებელი.
_ სარკოზის ეს პოზიცია ჩემს ნათქვამს ემთხვევა: ევროკავშირში რომ შეხვიდე, იმ სტანდარტებს უნდა უპასუხო, რომლებიც მას აქვს დაწესებული. საფრანგეთის პრეზიდენტმა მიგვანიშნა, რომ საქართველოში რეფორმები და გარდაქმნები ინტენსიურად უნდა განხორციელდეს, ანუ დღევანდელი დონე ევროალიანსს ვერ დააკმაყოფილებს.
ვინც ყურადღებით უსმენდა სარკოზის სიტყვას, უთუოდ შენიშნავდა ამ გზავნილს: თუ დადგებით ევროპულ მოთხოვნათა დონეზე, ევროკავშირის კარი თქვენთვისაც გაიღებაო. ევროპის ქვეყნების ურთიერთობაზე ლაპარაკისას, მან, გაიხსენეთ, განსაკუთრებით გამოჰყო საფრანგეთ-გერმანიის _ ევროკავშირის ორი წამყვანი ქვეყნის დამოკიდებულების საკითხი, რომელიც დაძაბულობიდან, დაპირისპირებიდანაც კი კეთილმეზობლურ და ურთიერთნდობის სახელმწიფოებრივ თანამშრომლობად ტრანსფორმირდა. ორივე მხარემ შექმნა თანამშრომლობისა და დაახლოების საუკეთესი პირობები.
ეს, მე მგონი, ერთგვარი მითითებაც იყო რუსეთთან საქართველოს ურთიერთობის საკითხის შესაძლო მოწესრიგების პერსპექტივაზეც: ევროპის უახლესი ისტორიული მაგალითი არის და მისი გათვალისწინება სასარგებლო იქნება ორივე მხარისთვისო.
_ სასარგებლო კი იქნება, მაგრამ არსებული ვითარება ამის საშუალებას რომ არ იძლევა? ჩვენ, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმაც კი, ვისაც სააკაშვილმა გასულ პარასკევს “ჩემო ძვირფასებოთი” მოგვმართა, აშკარად დავინახეთ, როგორ დაუპირისპირდა რუსეთისადმი სააკაშვილის პოზიცია სარკოზისას, რომელმაც განაცხადა, რომ საფრანგეთი რუსეთს მეგობრად და პარტნიორად მიიჩნევს და ჩვენც ამისკენ მოგვიწოდა.
_ სარკოზის განცხადება, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო საქართველოსათვის. იგი ჭკვიანი პოლიტიკოსია და კარგად ხედავს, თუ რა საფრთხეები ელოდება საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის დაულაგებლობის შემთხვევაში. მან ეს თქვა, ერთის მხრივ, სააკაშვილის საყურადღებოდ და, მეორე მხრივ, იმ ხალხისთვის, ვინც 7 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
_ კი თქვა ასე ბატონმა სარკოზიმ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი თავისაზე დგას და საქვეყნოდ აცხადებს, რომ საქართველოში არის რუსეთის მეხუთე კოლონა (მეხუთე კოლონა ვერ გაფაჩუნდაო, _ თქვა მან. ესე იგი, არსებობს. არარსებულის გაფაჩუნება ნონსენსია), ხან გვაიმედებს, რომ პუტინი ამაოდ ცდილობს, საქართველოში იპოვოს დასაყრდენი მეხუთე კოლონის სახით (ესე იგი, არ არსებობს ასეთი კოლონა და პუტინი ამაოდ ცდილობს, იპოვოს).
არის? არ არის?
თქვენ რას იტყვით?
_ მე არ მჯერა მეხუთე კოლონაზე საუბრის. თუ არის ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ძალა, შენ რომ სახელმწიფო ხარ, ძალაუფლება შენს ხელშია, გყავს პოლიცია, უშიშროების სტრუქტურები, გამოავლინე, ამხილე, მიიღე ამ შემთხვევისთვის კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
თორემ ასე ხომ ბიძინა ივანიშვილსაც შეიძლება დააბრალო მეხუთე კოლონის წევრობა? (ეღიმება).
_ სააკაშვილის სარკასტული გამონათქვამი, რომ “ფოჩიანი კანფეტებით” საბჭოთა კავშირში ვერ დაგვაბრუნებენო, ბიძინა ივანიშვილის ბაღჩაში ნასროლი კენჭები ხომ არ იყო, ამ ბიზნესმენისა და მეცენატის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით?
_ ბიძინა ივანიშვილს “ფოჩიანი კანფეტებიც” გადმოუყრია და ცოტა მეტიც. ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ჯერაც აშენებული არ იქნებოდა სამების ტაძარი. ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ჩვენი სახელმოხვეჭილი მეცნიერები, შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები _ მწერლები, მსახიობები და ა.შ. უდროოდ დაგვაკლდებოდნენ. ყველა მათგანს ბატონმა ბიძინამ პენსია დაუნიშნა, არა ის მიზერული და სიმბოლური, რომელსაც სახელმწიფო გაიღებს, არამედ საკმაოდ სოლიდური. სიცოცხლეც გაუხანგრძლივა და მუშაობის საშუალებაც მისცა. ბევრი საჭირო საქმე გააკეთა ბიძინამ… იმასაც გეტყვით, რომ პირადად მასთან არც მე დავრჩენილვარ ვალში.
ყველა სიკეთეს, ყველა დახმარებას ბატონი ბიძინა უშურველად გასცემდა და გასცემს. “ფოჩიანი კანფეტების” ცინიზმი სრულიად უადგილოა, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე მინიშნება.
_ პროსახელისუფლო ექსპერტებმა უკვე აუბეს მხარი მიხეილ სააკაშვილს და განაცხადეს, რომ “ივანიშვილი რუსეთის პროექტია”, რომელიც აამოქმედეს ვლადიმერ პუტინის კრემლში მომავალ დაბრუნებასთან დაკავშირებით.
_ ეს ჩვენს სასარგებლოდ ლაპარაკობს. არ გამოვრიცხავ, რომ ექსპერტებს შეიძლება ჰქონდეთ ამის განცხადების საფუძველი. მაგრამ რა არის იმაში ცუდი, თუ რუსეთი ამ გზით ცდილობს საქართველოსთან ურთიერთობის დალაგებას?!
ბატონ ბიძინას შეუძლია რუსეთთან ნორმალური კონტაქტების დამყარება, რაც პერსპექტივაში ბევრი პრობლემის გადაწყვეტას შეუწყობს ხელს, გამორიცხული არ არის კონფლიქტური რეგიონების საკითხის, რაც ყველაზე დიდი სატკივარია ჩვენთვის, მოგვარებისთვის აუცილებელი წინაპირობების შექმნაც.
ხოლო მისი პატრიოტიზმი ეჭვგარეშეა. ამაზე, სხვათა შორის, მიგვითითებს ისიც, რომ მან უარი თქვა რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეობაზე.
_ მაგრამ ბატონ ბიძინას ბადრი პატარკაციშვილის მაგალითი აქვს წინ.
_ ბიძინა ივანიშვილი გაბედული  კაცია, რისკიანი. მაგრამ რახან მან გადაწყვიტა, სერიოზულად შემოვიდეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში _ პარლამენტში, მთავრობაში, იმავე ბადრის მაგალითზე განსაკუთრებით უნდა იფიქროს სრულ უსაფრთხოებასა და დაცვის საუკეთესო ორგანიზებაზე. მიმაჩნია, რომ ეს არის მისი უპირველესი ამოცანა.
არანაკლები, თუ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს იმას, ვის შემოიკრებს თავის გარშემო, ვინ იქნება თანამოაზრეთა გუნდში. ქართველი ხალხი ამას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს.
* * *
ბოლოთქმის მაგიერ:
7 ოქტომბერს, პარასკევს, თავისუფლების მოედანზე ყვითელი ავტობუსებით ნაშუადღევს მიყვანილი ხალხის მასამ საღამოს ოცწუთიან ღონისძიებაზე ცოტა წაუტაშა, ერთი-ორჯერ უღიმღამოდ “საქართველო! საქართველო!” წამოიძახა და იმავე ავტობუსებით დაბრუნდა შინ.
არ გამოვიდა საერთო-სახალხო მხარდაჭერისა და აღტკინების უსაზღვროობის დემონსტრაცია. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილმა ეს იგრძნო და “რუსთავი 2”-ის ეთერით მოგვიყვა, როგორ უნდა გავიგოთ ის, რაც საკუთარი თვალით ვნახეთ და საკუთარი ყურით მოვისმინეთ.
ხოლო, ვისაც სურს, სააკაშვილს დაუჯეროს.
იყო 7 ოქტომბერი, პარასკევი, როცა ხალხის აზრით, ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერ შეწვდები ძეხვს.
ესაუბრა  
არმაზ სანებლიძე 
 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here