Home ახალი ამბები “რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა გაიზარდა”

“რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა გაიზარდა”

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა ორი წლის შემდეგ, პირველად გამოაქვეყნა. 

2017 წელს სულ რეგისტრირებულია 37 944 დანაშაული, რომელთა 53.2% გახსნილია. 2016 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი გაზრდილია 5.4%-ით. 2016 წლის გახსნის მაჩვენებელი 57.4%-ია.

“ქვეყანაში 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 64.5% წარმოადგენს ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ასევე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ და ნარკოტიკულ დანაშაულებს.

გასულ წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაულის ზრდის ტენდენცია, ძირითადად, არის შემდეგ დანაშაულებზე:

  • დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 108-116-ე მუხლები) – 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 2.7% (ამ სახის რეგისტრირებული დანაშაულის ზრდა 2016 წელთან შედარებით – 11.9%-ით);
  • დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 117-126 პრიმა მუხლები) – სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 14.1% (ზრდა 2016 წელთან შედარებით – 14.8%-ით);
  • დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 142-170-ე მუხლები) – სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 2.2% (ზრდა 2016 წელთან შედარებით – 23.2%-ით);
  • დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 177-189-ე მუხლები) – სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 37.9% (ზრდა 2016 წელთან შედარებით – 8.1%-ით);
  • დანაშაული გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 287-306-ე მუხლები) – სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 2.3% (ზრდა 2016 წელთან შედარებით – 127.8%-ით);
  • დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 343-363-ე მუხლები) – სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 6.4% (ზრდა 2016 წელთან შედარებით – 17.5%-ით);
  • დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 377-381პრიმა-2 მუხლები) – სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 2.5% (ზრდა 2016 წელთან შედარებით – 20.5%-ით).

რაც შეეხება რეგისტრირებული დანაშაულის კლების ტენდენციას, ის, ძირითადად, არის შემდეგ დანაშაულებზე:

  • დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 222-239-ე მუხლები) – სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 4.1% (კლება 2016 წელთან შედარებით- 19.5%-ით);
  • ნარკოტიკული დანაშაული (საქართველოს სსკ-ს 260-274-ე მუხლები) – სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 12.5% (კლება 2016 წელთან შედარებით – 8.3%-ით);
  • სატრანსპორტო დანაშაული (საქართველოს სსკ-ს 275-283-ე მუხლები) – სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 6.9% (კლება 2016 წელთან შედარებით – 16.4%-ით).

რაც შეეხება ტენდენციებს ცალკეული მუხლების მიხედვით:

  • სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ძირითადი წილი არის საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა), თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტების უმრავლესობა არ წარმოადგენს თვითმკვლელობამდე მიყვანის კლასიკურ შემთხვევას. სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გამოძიება იწყება მაშინაც, როდესაც არ არის ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელი ყველა ნიშანი (მსხვერპლისადმი მუქარა, სასტიკი მოპყრობა ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირება), მაგრამ სახეზეა გარდაცვლილი ძალადობის ნიშნების გარეშე. ამგვარ საქმეებზე, ხშირ შემთხვევაში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ, დგინდება, რომ გვაქვს არა დანაშაული, არამედ ბუნებრივი სიკვდილი ან სუიციდი.
  • ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული რეგისტრირებული დანაშაულის დიდი ნაწილი არის 126-პრიმა მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ოჯახში ძალადობა). ამ მუხლით რეგისტრირებული დანაშაულის ზრდა გამოწვეულია, ერთი მხრივ, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მასობრივი კამპანიით, რამაც გაზარდა სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვიანობის მაჩვენებელი, მეორე მხრივ, იმის გამო, რომ ადრე არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით, ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების პარალელურად, უმეტეს შემთხვევაში, იწყება გამოძიება.
  • ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ნაწილი არის საქართველოს სსკ-ს 151-ე მუხლით (მუქარა), კერძოდ, 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გაზრდილია 61.7%-ით. მუქარის ფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი ოჯახური კონფლიქტის საფუძველზეა განხორციელებული. გაზრდილია როგორც დაზარალებულთა, ასევე, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა (ახლობლები, ნათესავები, მეზობლები) მხრიდან სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვიანობის მაჩვენებელი. ამასთან, სამართალდამცავი სტრუქტურების შესაბამისი დანაყოფების მხრიდან, ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე მუქარის თითოეულ ფაქტზე მოსალოდნელი მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, დაუყოვნებლივ იწყება გამოძიება მაშინაც კი, როდესაც არ არის დანაშაულის შემადგენელი ყველა ნიშანი.
  • საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის მხრივ მომატებულია უმეტესად საქართველოს სსკ-ს 177-ე (ქურდობა), 180-ე (თაღლითობა) და 181-ე (გამოძალვა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული. ამასთან, სსკ-ს 177-ე მუხლით (ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულის მატების ძირითად ფაქტორს წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით არსებული დიდი სავაჭრო ობიექტებიდან (სუპერმარკეტები, ე.წ. მოლები და ა.შ.) წვრილმანი საყოფაცხოვრებო პროდუქტების ფარულად დაუფლების ფაქტების ზრდა.
  • რაც შეეხება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, კლება ფიქსირდება სისხლის სამართლის კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული ყველა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, გარდა 238-პრიმა მუხლისა (ცივი იარაღის ტარება).
  • კლების ტენდენციაა ნარკოტიკულ დანაშაულში (საქართველოს სსკ-ს 260-274-ე მუხლები). ამასთან, კლება ფიქსირდება ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებულ თითქმის ყველა მუხლზე, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე (273-ე, 273-პრიმა მუხლები).
  • გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა მატება, ძირითადად, არის საქართველოს სსკ-ს 303-ე (ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა), 299-ე (წიაღით უკანონოდ სარგებლობა) და მე-300 (უკანონო თევზჭერა) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.
  • სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის მხრივ მატება განპირობებულია სსკ-ს 381-ე მუხლით (განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, ან/და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა) გათვალისწინებული დანაშაულის ზრდით. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ფაქტების უმრავლესობა წარმოადგენს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების მიერ სასამართლოს იმ გადაწყვეტილების შეუსრულებლობას, რომლითაც მათ მართვის უფლება ჩამოერთვათ,” -ნათქვამია, შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here