ვიდრე სააკაშვილი პირველკლასელებს აბრიყვებდა და ინგლისური ენის საყოველთაობაზე უყვებოდა ზღაპრებს, ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ ასტრონავტებისთვის რუსული ენის სავალდებულო ცოდნის მოთხოვნა წამოაყენა; ღია კოსმოსში გასვლის, რობოტიზებულ ტექნიკასთან ურთიერთობის და პილოტირების უნარ-ჩვევების გარდა, NASA მოითხოვს, რომ მომავალმა ასტრონავტებმა რუსულად ლაპარაკი და წერა-კითხვა იცოდნენ. თუ რუსული ენის გამოცდას ვერ ჩააბარებს, ასტრონავტი კოსმოსში გაფრენაზე ოცნებას უნდა დაემშვიდობოს.
ეს არც არის გასაკვირი; NASA-ს ასტრონავტები რუსულ ენას ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან სწავლობდნენ, როდესაც ერთობლივ პროექტებს ახორციელებდნენ კოსმოსურ სადგურ “მირზე”. როცა ორიოდე წლის წინ ამერიკელებმა თავიანთი “შატლები” “პენსიაზე გაუშვეს”, რუსული რაკეტები “სოიუზი” საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტებისა და კოსმონავტების ტრანსპორტირების ერთადერთ საშუალებად იქცა.
NASA-ს რომ თავი დავანებოთ, რუსული ენის საჭიროება, პირველ რიგში, თურქებმა იგრძნეს. გორბაჩოვის წყალობით გახსნილ საზღვარს დეფიციტით გაბეზრებული საბჭოელები მიაწყდნენ და ყველაზე მადლიერი მყიდველის ენა თურქებმა სწრაფად აითვისეს. იმავე მიზეზით რუსულენოვანი აბრები და წარწერები გაჩნდა საბერძნეთში, აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთში და შეერთებულ შტატებში. ჩინეთს კი რუსული ენა არც დავიწყებია და არც მომავალში აპირებს.
რუსული არხები, რომელთა მაუწყებლობა საქართველოში აიკრძალა, მსოფლიოს ყველა ქვეყნის სასტუმროებში მომსახურების პაკეტშია შეტანილი. რუსული ისწავლა ყველამ, ვისაც ტურისტთან და მყიდველთან აქვს საქმე. საქართველო აქაც პოლიტიკურ მიდგომას იჩენს: მილიონობით რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტს, რომელიც ყველაზე ხელგაშლილია, “ვიზიტორების” ვირტუალური რაოდენობა ურჩევნია.
თბილისში გავლით მყოფმა ნიკოლა სარკოზიმ ინგლისურისკენ სააკაშვილის სწრაფვას ფრანგული ენის უპირატესობაზე ნათქვამი სიტყვები შეაგება და რაიონებიდან ჩამოყვანილი ქართველები დაარიგა, ფრანგული ენა შეისწავლონ. სააკაშვილსა და სანდრა რულოვსს ფრანგულის ცოდნა შეუქო და ბრძანა: “ეს არის მაგალითი იმისა, რომ ფრანგული ენა საუკეთესო პასპორტია მაღალი თანამდებობის დასაკავებლად”.
საფრანგეთი საკუთარ ენობრივ სივრცეს შეუპოვრად იცავს. ამისთვის სახსრებს და ენერგიას არ ინანებენ. ჩვენი ხელისუფლების წყალობით კი, ქართველმა ყმაწვილებმა რუსული აღარ იციან, ინგლისური კი ისე ისწავლეს, რომ გაქცეული ამერიკელის მობრუნება თუ შეუძლიათ. ასეა თუ ისე, ათასობით ფლეტჩერის შემდეგ ახლა ფრანკოფონიურ დესანტს უნდა ველოდეთ.
რაც მთავარია, ჩვენ კიდევ უფრო ამბიციური პროექტები გვაქვს გასახორციელებელი: შევასწავლოთ ინგლისური (ახლა უკვე ფრანგულიც!) ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას. ქართული მათ არ იციან (არც არავინ იკლავს თავს, რომ შეასწავლოს), რუსულ ენას ქართველებს მეთოდურად ავიწყებენ და რაღა დაგვრჩენია? მარნეულელ “ბაჯის” მწვანილზე ინგლისურად ვევაჭროთ, კარტოფილის ფასზე კი ფრანგულად ვედავოთ ახალქალაქელ “ახპერას”!
1916 წელს დაწერილ ლექსში “საღამო” გალაკტიონი პერსონაჟს ათქმევინებს: “ილაპარაკეთ, გევედრებით… ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ”! ახლა, როგორც ირკვევა, ამერიკელი ასტრონავტებიც კი რუსულ ენას დაეწაფნენ და თუ ჩვენი “ყველაზე მფრინავი პრეზიდენტი” ბიუჯეტის ხარჯზე კოსმოსში გასეირნებას მოისურვებს, პილოტები ეტყვიან, – “ოღონდ რუსულად ილაპარაკეთო”! ქართველმა ბავშვებმა იდარდონ, თორემ სააკაშვილმა ინგლისურთან და ფრანგულთან ერთად, რუსულიც იცის და მის დავიწყებას არ აპირებს. რა იცი, როდის გამოადგება!
რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარო, ჩემი ფიქრით რუსული ენის ცოდნა საჭიროა, რუსეთი თერმობირთვული იარაღის მატარებელი, უზარმაზარი რესურსების მქონე სახელმწიფოა და ბოლოსდაბოლოს ""მტრის"" ენა უნდა იცოდე.