Home რუბრიკები პოლიტიკა ჰენრი კუპრაშვილი: ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე ასი თავით მაღლა დგანან

ჰენრი კუპრაშვილი: ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე ასი თავით მაღლა დგანან

GEWORLD.GE:
პოლიტოლოგი, ჟურნალისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი, მოცურავე, მწვრთნელი, უნიკალური მსოფლიო რეკორდსმენი, პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი, _ ეს ჩამონათვალი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანის, ჰენრი კუპრაშვილის მისწრაფებათა არასრულ სიას წარმოადგენს. იყო დრო, როცა პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად მონაწილეობდა, თუმცა დღეს ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს და ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. წარსულში დაშვებულმა შეცდომებმა განაპირობა მისი ამჟამინდელი არჩევანიც, ამბობს, რომ პოლიტიკურ პროცესებში არათუ მონაწილეობა, არამედ პოლიტიკაზე საუბარიც არ სურს, თუმცა ჩვენთან გამონაკლისს უშვებს… წარსულში დაშვებული შეცდომების, განვლილი გზისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰენრი კუპრაშვილი «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება.

_ თქვენ, როგორც მრავალმხრივი ინტერესების მქონე პიროვნება, იყო დრო, პოლიტიკურ პროცესებშიც აქტიურად მონაწილეობდით, თუმცა, დიდი ხანია, პოლიტიკას ჩამოშორდით. რამ განაპირობა ამ გადაწყვეტილების მიღება?
_ პოლიტიკის გაგონება არ მინდა. იყო დრო, ეროვნულ მოძრაობაში ვმონაწილეობდი, ვიყავი «სახალხო ფრონტის» აქტიური წევრი და ვიბრძოდი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ შემდეგ ისეთი რამ მოხდა, რამაც საერთოდ ხელი ამაღებინა პოლიტიკაზე და დღეს არც ერთი პარტიის სახელის გაგონებაც არ მინდა.
ჩვენ დაგვამხობინეს საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი. მართალია, «ზვიადისტი» არასდროს ვყოფილვარ და არც მის პოლიტიკურ მიმართულებას ვიზიარებდი, მაგრამ ზვიად გამსახურდიას პატივს ვცემდი როგორც ქვეყნის დიდ პატრიოტს. როცა ზვიადის წინააღმდეგ დიდი ტალღა აგორდა, ჩვენც აგვიყოლია, ვინაიდან გამსახურდიას წინააღმდეგ მიმზიდველი ლოზუნგებით _ «ძირს დიქტატურა», «გაუმარჯოს დემოკრატიულ, თავისუფალ საქართველოს» _ დაიწყეს ბრძოლა. ეტყობა, ძალიან გაუთვითცნობიერებლები ვიყავით, რომ ასე ადვილად ავყევით ამ ლამაზ ლოზუნგებს და საბოლოოდ ძალიან ცუდი საქმე გაგვაკეთებინეს, საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი ძალით, უკანონოდ დაგვამხობინეს. საშინელი დანაშაული ჩავიდინეთ ქართველი ერის წინაშე და პირადად მე დღემდე დანაშაულის გრძნობა მაწუხებს.
მხოლოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გავაცნობიერე, რომ მაშინ, როდესაც თავი დიდ ანალიტიკოსად და პრინციპულ ადამიანად მიმაჩნდა, მხოლოდ ვიღაცის მანიპულირების ობიექტი ვყოფილვარ და მეტი არავინ. ყველას ვიღაც, გარეშე ძალა გვმართავდა. ეს ისეთი მწარე მაგალითი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ მას შემდეგ არც პოლიტიკის და არც ერთი პარტიის ხსენებაც არ მინდა.
ამას გარდა, მიმაჩნია, რომ დღეს მოქმედი არც ერთი პოლიტიკური პარტია არ მუშაობს სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ. ახლაც ხშირად ვხედავ, როგორ არის ბევრი პარტია ვიღაცის მანიპულირების ობიექტი. არადა, საზოგადოების ნაწილს სჯერა მათი. ეს ადამიანები კი ხალხის გულუბრყვილობით სარგებლობენ და ქვეყნის საწინააღმდეგო პროცესებში ითრევენ ადამიანებს. ყველა მხოლოდ პირადი ამბიციებით მოქმედებს.
_ თუ გქონიათ შემოთავაზება რომელიმე პარტიიდან?
_ ბევრი შემოთავაზება მქონია, რადგან, მოგეხსენებათ, საქართველოში ერთადერთი ვარ, ვინც პოლიტიკურ მეცნიერებაში როგორც საკანდიდატო, ასევე სადოქტორო დისერტაცია დავიცავი, მაგრამ დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტში პოლიტოლოგიაში ლექციებს ვკითხულობ და პოლიტიკისგან შორს ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ ლექტორი არც ერთი პარტიის წევრი არ უნდა იყოს, სხვაგვარად ლექციაზე ობიექტური ვერ იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ედუარდ შევარდნაძესთან სახელმწიფო აპარატში ვმუშაობდი, არასდროს არავის გუნდში და პარტიაში არ ვყოფილვარ. უბრალოდ, სახელმწიფო სამსახურში ჩემს საქმეს ვაკეთებდი. არადა, ვხედავდი, ვიღაცები როგორ ძარცვავდნენ ქვეყანას და საშინლად განვიცდიდი.
_ დღესაც არიან ის ადამიანები პოლიტიკაში?
_ არიან, მაგრამ იმდენი აღარ. ზოგმა ბევრი ფული იშოვა, ჭკუა ისწავლა და ჩუმად არის. როცა ეროვნული უშიშროების საბჭოზე პრობლემებს იხილავდნენ, სულ მიკვირდა, ბიუჯეტი ვერასდროს სრულდებოდა, მილიარდობით ფული ვიღაცების ჯიბეებში მიდიოდა, ამ დროს კი მთავრობის წევრები ისხდნენ და ეროვნული უშიშროების პრობლემებზე მსჯელობდნენ.
_ «სხვაგვარად აზროვნების» გამო, ორჯერ საბჭოთა წყობილების დროს, ერთხელ კი უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში, 2004 წელს, ეროვნული უშიშროების საბჭოში მუშაობისას, დაისაჯეთ. ამანაც ხომ არ განაპირობა, რომ თქვენი ურთიერთობა ხელისუფლებასთან აღარ გაგრძელდა?
_ არა, ეს არ ყოფილა მიზეზი. მიზეზი მხოლოდ ის იყო, რაც ზემოთ აღვნიშნე. პირველად ჯერ კიდევ ჯარში აქტიურობისა და ანტისაბჭოთა გამონათქვამების გამო დავისაჯე. შემდეგ უკვე ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობის დროს მოვიდნენ «კა-გე-ბე»-დან. პირველი ცოლის ბაბუამ მიჩივლა, დამოუკიდებელ საქართველოზე ოცნებობს და ნიცშეს ნაწარმოებებს კითხულობსო. ნიცშე მაშინ აკრძალული იყო, მე ფირებზე გადაღებული ვიშოვე და ვკითხულობდი. მესამედ _ 2004 წელს დავისაჯე. ეროვნული უშიშროების საბჭოში, ანალიტიკური განყოფილების უფროსი ვიყავი, როცა გაზეთ «24 საათში» გამოვაქვეყნე სტატია ეროვნული უშიშროების პრობლემებზე, სათაურით _ «მეფემ არ იცის, თორემ…» მასში ანტისახელისუფლო არაფერი იყო, მაგრამ დამიბარეს და გამაფრთხილეს, ჩვენ გარეშე არაფერი არ უნდა დაბეჭდოო. ეს ჩემთვის არ უნდა გაებედათ. მახსოვს, ადრე იყო და საბჭოთა «კა-გე-ბემ» ორჯერ გამაფრთხილდა და ახლა დამოუკიდებელ საქართველოში, რომლისთვისაც ასე ვიბრძოდი, იგივე მეორდებოდა. ავდექი და მეორე აკადემიური, არაპოლიტიკური სტატიაც დავწერე («ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ასპექტი». გაზეთი «24 საათი»). ამის მერე მეც გამათავისუფლეს და ჩემი სამსახურიც გააუქმეს.
_ ოპოზიციის ნაწილი მოლაპარაკების გზით ცდილობს ხელისუფლებასთან შეთანხმების მიღწევას, ნაწილი კი რადიკალიზმის მომხრეა. თქვენ რას ფიქრობთ?
_ რადიკალიზმი უგნური მოქმედებებისკენ უბიძგებს ადამიანს, პოლიტიკას კი საღი გონებით მოქმედება სჭირდება. რადიკალიზმმა ეროვნულ მოძრაობაშიც დაგვღუპა. სწორედ რადიკალურად განწყობილმა ხალხმა მიიყვანა ქვეყანა სავალალო შედეგებამდე. ყოფილი საბჭოთა კავშირის ბალტიის ქვეყნები გონივრულად მოქმედებდნენ, ჩვენთან კი ეროვნული მოძრაობის სათავეში «გიჟები» იყვნენ. ვიღაც რაღაც «ურაპატრიოტულს» დაიძახებდა, იხუვლებდა და აყვებოდა ყველა. მახსოვს, ერთხელ ცხინვალში წავედით, 30 ათასი კაცი ვიქნებოდით, ჩავედით და შესასვლელთან სამასი ოსი დგას (მათ ზურგს უმაგრებდნენ ჯავშანტრანსპორტიორები და კბილებამდე შეიარაღებული სამხედროები) და არ გვიშვებენ. შეიკრიბნენ ლიდერები ავტობუსში და დაიწყეს თათბირი _ რა გავაკეთოთო და თან ვერც თანხმდებოდნენ ერთმანეთში. სწორედ მაშინ დავეჭვდი, ამდენი ხალხი მიჰყავდათ და არაფერი წინასწარ გათვლილი და გადაწყვეტილი არ ჰქონდათ. არადა, ყველა იქ იყო ეროვნული მოძრაობის ხალხი: ზვიად გამსახურდია, გია ჭანტურია, ირაკლი წერეთელი… ნოდარ ნათაძემ თქვა, _ რადგან მოვედით, უნდა შევიდეთ და მიტინგიც ჩავატაროთო. ყველა პოლიტიკურ ნაბიჯს ასე გაუზრებლად დგამდნენ, რამაც სამწუხარო შედეგებამდე მიგვიყვანა.
დავამხეთ ერთი, მეორე ხელისუფლება. რანაირად შეიძლება ამხობდე ყველა ხელისუფლებას და თან იძახდე, დემოკრატი ვარო? დემოკრატიის ძირითადი პრინციპი ხომ ხელისუფლების არჩევნების გზით მონაცვლეობაა.
_ როგორც პოლიტიკური მრჩეველი რას ურჩევდით ხელისუფლებას?
_ ეს სამოქალაქო ჩინი საქართველოს პრეზიდენტმა მომანიჭა 2003 წელს. ამჟამად გადამდგარი პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი ვარ. რჩევისა რა მოგახსენოთ, მაგრამ შეიძლება მე მხოლოდ ჩემი აზრი გამოვთქვა, ისიც _ თუ სჭირდება ვინმეს, ამიტომ თავს ვიკავებ. დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე ასი თავით მაღლა დგანან, რადგან ხელისუფლება პოლიტიკური ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებს ვირტუოზულად ფლობს, ოპოზიცია კი ბრძოლას ისევ მოძველებული მეთოდებით აგრძელებს. ძალიან პრიმიტიული ხერხებით ებრძვიან ხელისუფლებას და არც ვინმე გამოკვეთილი ლიდერი ჩანს, ვინც ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას შეძლებს. ისევ ამ ხელისუფლებას თუ განუდგება ვინმე, ასეთივე მასშტაბისა და შესაძლებლობების მქონე პოლიტიკოსი, თორემ ოპოზიცია ხელისუფლებას ვერ აჯობებს.
_ ხელისუფლებას ხომ განუდგა ირაკლი ოქრუაშვილი, ნინო ბურჯანაძე. ისინი არ ფლობდნენ ბრძოლის ხელისუფლებისეულ ტექნოლოგიებს?
_ ესენი ნაწყენი და გაბოროტებული წამოვიდნენ ხელისუფლებიდან და ორივემ ისევ მოძველებული და «გაცვეთილი» მეთოდებით გააგრძელა ბრძოლა. აღმოჩნდა, რომ ისინი უფრო «მიტმასნილები» იყვნენ და არა _ ამ ხელისუფლების ორგანული ნაწილი.
_ თუმცა დავინახეთ, რომ მოლაპარაკების გზითაც ვერ აღწევს შედეგს ოპოზიცია…
_ ქართველების თვისებაა, რომ ერთ დღეში სურთ შედეგის მიღწევა. ასე არ არის. პოლიტიკა ხანგრძლივი პროცესია. ვიღაცას თუ პირადი ინტერესები ამოძრავებს და ხელისუფლებაში სწრაფად მოსვლა უნდა, ეს სხვაა, მაგრამ პირველ რიგში, სახელმწიფო ინტერესებია მთავარი. თუ პარტია გქვია, არა კონკრეტული პიროვნებების «ხუშტურებისთვის», არამედ პარტიის პროგრამის განსახორციელებლად უნდა იღვწოდე, რაც ხშირად გრძელვადიან, სტრატეგიულ გათვლებს გულისხმობს.
_ თქვენ დარდანელის სრუტე ხელფეხშეკრულმა გადაცურეთ, რისი თქმა გსურდათ ამით?
_ ჩემი ნაბიჯი სამმა ფაქტორმა განაპირობა:  პირველი _ მაშინ ეროვნული უშოშროების საბჭოში ვმუშაობდი, სადაც ჩემი ხელმძღვანელობით შეიქმნა უნიკალური რამ, საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციული უზრუნველყოფის  ავტომატიზებული სისტემა, რომლის ამუშავებაც ნიშნავდა იმას, რომ ყველა სამინისტროს საქმიანობა გამჭვირვალე გახდებოდა, რაც კორუმპირებულ სამინისტროებს არ აწყობდათ და ვიყავი ხელფეხშეკრული. გასაქანს არ მაძლევდნენ. მეორე _ იმ პერიოდში ხალხი ძალიან დათრგუნული იყო, მოხდა საბჭოთა წყობილების ცვლილება, ხალხმა უცებ ადაპტირება ვერ მოახერხა და ქვეყანაში საშინელი სოციალური გაჭირვება იყო. მინდოდა, ხალხისთვის მაგალითი მეჩვენებინა, რომ, როგორც არ უნდა გაგკოჭონ, შეგკრან, სასოწარკვეთას არ უნდა მიეცე, მაინც უნდა გაცურო და იბრძოლო. მესამე _ მსურდა, ქართველ მეომართა სამხედრო-საწვრთნელი ყაიდის _ ხელფეხშეკრული კოლხური ცურვის ოსტატობის ლამაზი კოლხური ლეგენდა გამეცოცხლებინა.
_ ამჯერად კიდევ რით აპირებთ საზოგადოების გაოცებას?
_ მე მაშინვე მსურდა ლა-მანშის სრუტის გადაცურვა, მაგრამ სპონსორი არ გამოჩნდა, ჩემი ხელფასით კი ამას ვერ მოვახერხებდი. თუ გამოჩნდა სპონსორი (ლაგუნა ვერეს ხელმძღვანელობა ხელს ძალიან მიწყობს, რეგულარულად ვვარჯიშობ, ამიტომ კვლავ ფორმაში ვარ), მიზნის მიღწევას შევძლებ. ისე, როგორც მწვრთნელმაც გავაკეთე «რაღაც». ჩემმა მომზადებულმა შ11 კატეგორიის მოცურავემ ნიკა თვაურმა მსოფლიო ჩემპიონატზე (ქ. ალანია, თურქეთი, 04.04.2011) ბრასის სტილით ცურვაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ესაუბრა
შორენა ცივქარაშვილი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here