Home რუბრიკები სამართალი ლალი აფციაური: ციხეებში პატიმრებს სპეციალური დენის ხელსაწყოთი აწამებენ. ამგვარი ელექტროხელსაწყოთი წამების კვალი...

ლალი აფციაური: ციხეებში პატიმრებს სპეციალური დენის ხელსაწყოთი აწამებენ. ამგვარი ელექტროხელსაწყოთი წამების კვალი კარგად ჩანს გარდაცვლილი გოდელაძის ფოტოებზე

911

GEWORLD.GE:
საქართველოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არსებული ვითარების შესახებ «საქართველო და მსოფლიოს» ადვოკატი ლალი აფციაური ესაუბრება.
_ საქართველოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ყველა პატიმარი ხდება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ბოლო წლებში, ციხის თანამშრომლების მიერ გამოჩენილი სისასტიკის შედეგად, უამრავი პატიმარი გარდაიცვალა. პატიმარი უჩა გოდელაძე სასტიკად აწამეს და მოკლეს. მისი წამების ფაქტს, თვით სახელმწიფო ექსპერტიზაც ადასტურებს. ექსპერტმა დაადგინა, რომ პატიმარს თავში ბლაგვი საგნის დარტყმის შედეგად ჰემატომა განუვითარდა.
ციხეებში პატიმრებს სპეციალური დენის ხელსაწყოთი აწამებენ. ამგვარი ელექტროხელსაწყოთი წამების კვალი კარგად ჩანს გარდაცვლილი გოდელაძის ფოტოებზე, რომლებიც ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველებმა გადმომცეს. პატიმარი კახა თედლიაშვილი საკანში ბინტით ჩამომხრჩვალი იპოვეს. არადა, როგორც აღმოჩნდა, მას ბინტი არაფერში სჭირდებოდა, რადგან სხეულზე არანაირი ჭრილობა არ ჰქონდა. მის გარდა, ციხეში ასე ჩამომხრჩვალი ბევრი პატიმარი უპოვიათ, რომლებმაც, ციხის ადმინისტრაციის განცხადებით, ვითომდა თავი მოიკლეს.
 
გაიოზ ზვიადაძე, რომლის ექსტრადირებაც რუსეთის ფედერაციიდან მოხდა, იმავე დღეს სასტიკად აწამეს. როცა ვინახულე, ისეთი ნაწამები იყო, სკამზე ვერ ჯდებოდა, ორიენტაციას კარგავდა. ხელისუფლებამ პოლიტიკური აქტიურობის გამო დასაჯა აკადემიკოსი ვლადიმერ ვახანია, რომელიც ზუგდიდის ციხეში მოწამლული მოიყვანეს. მე პირადად ვნახე ის მოწამლული, უმძიმეს მდგომარეობაში.
პატიმრის აბსოლუტურად ყველა უფლება ირღვევა. პატიმრებს საჭმელში პოტენციის დასაქვეითებელ პრეპარატებს უყრიან. პატიმრები მეუბნებიან, რომ უკვე გაუხსნელ აბებს პოულობენ საკვებში. ამის გამო, არ სვამენ ჩაის და ციხის საკვების მიღებას ერიდებიან. დღევანდელი ქართული საპატიმროები წარმოუდგენელი სისასტიკით გამოირჩევა. ხშირია პატიმრების გაუპატიურების შემთხვევები, ბევრი მათგანი სასჯელის მოხდის შემდეგ დაინვალიდებული ტოვებს ციხეს.
_ გავრცელებული აზრით, პრაქტიკაში არსებობს წამების შემთხვევები, როცა ნაწამები პატიმრის სხეულზე წამების კვალი არ რჩება. ქართულ ციხეებში თუ იყენებენ მსგავს მეთოდებს?
_ უამრავი ასეთი მეთოდია, მაგრამ ეს უფრო ადრე ხდებოდა, როცა საპატიმროებში ჯერ კიდევ შიშობდნენ, რომ ნაწამები პატიმრის სხეულზე კვალი არ დარჩენილიყო. დღეს ამ მეთოდებს აღარავინ იყენებს, რადგან აღარ სჭირდებათ, ამ ადამიანებს ისედაც არავინ სჯით. ვინმემ დასაჯა უჩა გოდელაძის, კახა თედლიაშვილის მკვლელები? ამ კვირაში კიდევ ორი პატიმრის გარდაცვალების შესახებ შევიტყვეთ, რომელთაც სხეულზე დაზიანების კვალი აღენიშნებათ.
ყველა ნაწამები და ნაცემი პატიმრის ექსპერტიზის დასკვნა მაქვს, რითაც დასტურდება, რა ვითარებაა დღეს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამდენს ვსაუბრობთ უფლებადამცველები, კონკრეტულ ფაქტებს ვასახელებთ, საჩივრები შეგვაქვს პროკურატურაში, რათა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და გამოძიება დაიწყოს, ამ დრომდე ერთი ადამიანიც კი არ დასჯილა.
_ სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არსებული წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებზე პროკურატურის მხრიდან «საქმის გამოძიება ფორმალურ ხასიათს ატარებს» და ხშირად საქმის შეწყვეტით ან საქმის გამოძიების გაჭიანურებით მთავრდება…
_ სააკაშვილი პიარზე მუშაობს. სააკაშვილს სახალხო დამცველი მხოლოდ იმიტომ სჭირდება რომ მსოფლიოს თავი დემოკრატად მოაჩვენოს, ამიტომ არსებობს დამოუკიდებელი მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს ჩვენ, ყველანი ციხეში ვიქნებოდით.
_ ზოგიერთ უფლებადამცველს საპატიმროებში 24-საათიანი მონიტორინგის დაწესება მიაჩნია ეფექტურად. თქვენ რა გზას ხედავთ ვითარების შესაცვლელად?
_ ვფიქრობ, ციხეებში 24-საათიანი მონიტორინგის დაწესება ვერაფერს შეცვლის, ვინაიდან იმდენი ადამიანის დაშვება საპატიმროებში შეუძლებელია, რომ მათ დღე-ღამის განმავლობაში 45 ათასი პატიმრის მონიტორინგი განახორციელონ. ვფიქრობ, პრობლემა ისაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ცალ-ცალკე ვაქტიურობთ, არ ვართ სოლიდარულები და არ მივმართავთ ერთიან ძალისხმევას ამ ყველაფრის შესაჩერებლად. ალბათ, ერთ დღეს ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, რომ ვიწყებთ ამ ადამიანების უფლებების დაცვას. მეგობრები, ოჯახის წევრები, ნათესავებიც უნდა შემოგვიერთდნენ, 45 ათას პატიმარს თითო პატრონი ხომ მაინც ჰყავს, ყველა უნდა გამოვიდეს და გააპროტესტოს, რაც ხდება ციხეებში. რატომ არ გამოდიან, რისი ეშინიათ? ამ ხელისუფლებამ ძალა თუ არ დაინახა, უკვე უკან აღარ დაიხევს.
_ ადვოკატები ხომ მართავთ სოლიდარობის აქციებს?
_ არ არის საკმარისი. ქვეყანაში 3 500 ადვოკატია. იმ დღეს კი აქციაზე მხოლოდ 150 ადვოკატი ვიყავით; არადა, ყველამ კარგად იცის, რაც ქვეყანაში  ხდება.
_ აგვისტოში ევროსაბჭოსა და ევროკავშირის შენობებთანაც მოაწყვეთ ადვოკატებმა აქციები. ხშირად მიმართავთ საერთაშორისო უფლებადამცველებსაც, თუ მოჰყვება ხოლმე ამ ყველაფერს შესაბამისი შედეგი?
_ დიახ, მათი გამოხმაურების შედეგი იყო, რომ აღვშფოთდით და შევშფოთდითო. ეს არის სტანდარტული დიპლომატიური პასუხი. ვფიქრობ, უცხოელებიც დავღალეთ, რადგან ისინი ხედავენ, რომ ჩვენ თავად არ ვიბრძვით ჩვენი უფლებების დასაცავად, ჩვენს მაგივრად კი არავინ არაფერს გააკეთებს.
ძალას მხოლოდ და მხოლოდ ძალა შეაჩერებს. ხელისუფლება გათამამდა, რადგან იცის, რომ პასიურები ვართ, ან გვეშინია, ან სხვისი ჭირი არ გვადარდებს. გულგრილად ვუყურებთ, როდესაც ვიღაცის შვილს აწამებენ, კლავენ. ეს კარგად გაიგო უკვე სააკაშვილმა და მისმა კრიმინალურმა ბანდამ.
_ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ახალი პროექტი წარმოადგინა, რომელიც პენიტენციალურ დაწესებულებებში საზოგადოებრივი მოსაცდელების შექმნას ითვალისწინებს. რას შეცვლის ეს წამოწყება?
_ კალმახელიძის აზრით, გარეთ რომ საზოგადოებრივი მოსაცდელი აშენდება, შიგნით პატიმრებს აღარ აწამებენ? ეს რა ლოგიკაა? გარდა იმისა, რომ ბევრი იწერება ციხეებში პატიმრების წამებისა და არადამიანური მოპყრობის შესახებ, ტელევიზით მინახავს, როგორ უსვამს კითხვას ჟურნალისტი მინისტრს ნაწამები ადამიანების შესახებ, მაგრამ კალმახელიძის პასუხი ჯერ არ მსმენია. მან კარგად იცის, საპატიმროებში რაც ხდება, ისევე, როგორც ყველაფერი იცის სააკაშვილმა და მთელმა პარლამენტმა.
_ თუმცა ხელისუფლება სათავეში მოსვლისთანავე აცხადებდა, რომ მისთვის პენიტენციარული სისტემის რეფორმა პრიორიტეტულია.
_ ეს განცხადებები ხელისუფლებას მხოლოდ პიარისთვის სჭირდება. მართალია, ახალი შენობები აშენდა, მაგრამ ეს არ აშენდებოდა, ხელისუფლებას აქედან ფულის «გათეთრების» შანსი რომ არ ჰქონოდა. ყველა ახალაშენებული ციხე ერთ თვეში ნგრევას იწყებს. ზუსტად ერთ თვეში ყველა საპყრობილეში დაიბზარა კედლები, კარებს სახელურები მოსძვრა. სააკაშვილს პატიმრების მდგომარეობა სულ არ ადარდებს, მთავარია, უცხოელი რომ ჩამოვა, იმას მოაწონოს თავი. გაეროს სტატუსით პატიმრების უფლებების დამცველი ვარ და მსოფლიოში თითქმის ყველა საპატიმრო მაქვს ნანახი, ამერიკულ და ევროპულ საპატიმროებთან ჩვენი ციხეების შედარებაც კი არ შეიძლება. თუ ქართული სასამართლო რეფორმირებული ევროპული  სასამართლოა, ამას სტრასბურგის შედეგებიც კარგად გვიჩვენებს ხოლმე.
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ზეწოლა ხდება პატიმრებზე, როდესაც  ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის პირადი, ქონებრივი ინტერესი იკვეთება. უამრავი ასეთი შემთხვევაა ცნობილი, მაგალითად ნუგზარ ბოჭორიშვილის შემთხვევაც გამოდგება, რომელიც ვითომდა ნარკოტრანზიტში იყო ჩაბმული.
ადვოკატების აქცია ჩვენი ერთ-ერთი კოლეგის _ ტარიელ მურმანიშვილის სოლიდარობის ნიშნად გაიმართა, რომელმაც საკუთარი კლიენტის სასარგებლოდ ორმილიონიანი საქმე მოიგო. საქმეში ასევე იკვეთება დეპუტატ რომანოზ ბჟალავას ინტერესები. ისიც ვერ მოინელეს, ადვოკატს თავისი შრომით მიღწეული საფასური მიეღო. გამოდის, რომ, თუ ადვოკატი სოლიდურ გასამრჯელოს მიიღებს, აუცილებლად ხელისუფლებას უნდა გაუყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დააპატიმრებენ.
ყველა სისხლის სამართლის საქმეში რომელიმე მინისტრის ან პარლამენტარის, ან მათთან დაახლოებული პირების ინტერესები იკვეთება. თუ ქვეყანაში ვინმეს 20 ათას ლარზე მეტი შემოსავალი გაუჩნდება, ხელისუფლება არ შეარჩენს. ასეთი ადამიანები კონტროლზე აჰყავთ, მათ გარშემო ათას სიბინძურეს ხლართავენ და საბოლოო ჯამში ისინი ციხეში ხვდებიან. კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეების მეშვეობით კი თითოეული ოჯახის ფინანსური მდგომარეობა კარგად იციან და ამის მიხედვით სდევნიან ოჯახის წევრებს, მათ იჭერენ, ფულს იღებენ და შემდეგ უშვებენ.
ხელისუფლების ინტერესი იკვეთება ყველა ბიზნესმენის საქმეში. მაგალითისთვის ებრაელი ბიზნესმენების საქმეც საკმარისია.
_ როგორ აისახება ებრაელი ბიზნესმენების _ რონი ფუქსისა და ზევ ფრენკელის დაპატიმრება ქართულ-ებრაულ ურთიერთობაზე? მითუმეტეს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ საკმაოდ ცუდ პირობებში ამყოფებენ.
_ პირადად მე, როდესაც შევიტყვე, როგორ ეპყრობოდნენ ამ ადამიანებს ციხეში, ერთ-ერთ რადიოგადაცემაში ბოდიში მოვუხადე ებრაელ ხალხს და ვთქვი, რომ ქართველები არ ვართ ასეთები და ჩემი ხელისუფლების გამო ძალიან მრცხვენია-მეთქი. ყველგან თავი გვაქვს მოჭრილი. ებრაელი ბიზნესმენები უმძიმეს პირობებში იმყოფებიან. მათი ადვოკატის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, როცა პატიმრები #8 საპყრობილიდან ქუთაისში გადაიყვანეს, საჭირო მედიკამენტებიც არ გაატანეს თან.
_ გიორგი დემეტრაძის უფლებებს იცავთ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს მასზე ზეწოლა მიმდინარეობდა და ის თავის მოკვლასაც აპირებდა. რა მდგომარეობაშია ახლა?
_ ვადასტურებ, ნამდვილად ჰქონდა მსგავს ფაქტებს ადგილი. მას შემდეგ, რაც მე ვინახულე, სიტუაცია მოწესრიგდა, ვინაიდან ძალიან მწვავედ გავაპროტესტე მისი მდგომარეობა.
სამწუხაროდ, დემეტრაძის დასაცავად, კახა კალაძის გარდა, ხმა არავინ ამოიღო. ქართველ ფეხბურთელებს იმის ვაჟკაცობაც არ ეყოთ, გაეგოთ მაინც, დამნაშავე იყო თუ არა გიორგი დემეტრაძე. არადა, როგორც ვიცი, ბევრი მეგობარი ჰყავდა. მალე მისი საქმის დასკვნიდან ამონარიდებს შევკრებ, პროკლამაციების სახით დავბეჭდავ და ყველგან გავავრცელებ. სტადიონზე საფეხბურთო მატჩი რომ ჩატარდება, იქაც მივალ და მთელ სტადიონზე მიმოვფანტავ. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე და დაე, განაჩენი თავად გამოიტანოს.
ესაუბრა 
შორენა ცივქარაშვილი
 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here