პირველი მარტიდან თბილისში მოძრავი მიკროავტობუსები 14 ქუჩაზე მხოლოდ ავტობუსების გაჩერებაზე გააჩერებენ.
შესაბამის საკითხზე თბილისის საკრებულომ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
საკითხი განსახილველად თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ წარმოადგინა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება რუსთავიდან თბილისში მოძრავ სარეისო მიკროავტობუსებსაც შეეხება. მუმლაძის განცხადებით, რუსთავი-თბილისის ხაზზე 300-მდე სამარშუტო ტაქსი მოძრაობს.
ეს ქუჩებია: მერაბ კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, შოთა რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, პეკინის ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ჯორჯ ბუშის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი.
ქუჩებზე უკვე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ხდება ყვითელი ფერის დატანა, რათა მხოლოდ ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა გააჩერონ.