პატივცემულო რედაქცია!
გთავაზობთ პატარა ნარკვევს ედუარდ შევარდნაძის პიროვნებასა და პოლიტიკურ მოღვაწეობაზე, რომელსაც 25 იანვარს 90 წელი შეუსრულდებოდა. და, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ვეთანხმები ჰუმანისტურ დედაარსს ცნობილი გამონათქვამისა _ “გარდაცვლილზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს”, მოცემულ შემთხვევაში ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს საქართვველოს პრეზიდენტის პოსტზე ედუარდ შევარდნაძის მრავალწლიანი ყოფნის შედეგების კრიტიკულად შეფასებას, მით უმეტეს, რომ ზემოაღნიშნული გამონათქვამი, რომელსაც მიაწერენ ძველბერძენ პოლიტიკოს ჰილონს, შეუმოკლებელ, ნახევრადმივიწყებულ ვერსიაში სხვაგვარად იკითხება _ “გარდაცვლილებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს, სიმართლის გარდა”. სიმართლე კი, ცნობილია, რომ ყოველთვის არ არის სასიამოვნო…
იმ სამოსთაგან, რომლებითაც ედუარდ შევარდნაძე ჩნდებოდა ხოლმე საზოგადოებაში, ყველაზე ნაკლებად უხდებოდა კამუფლიაჟის სამხედრო ფორმა. შს ყოჩაღი მინისტრისთვის იდეალურად მორგებული მილიციელის მუნდირისა და ცივილური საპრეზიდენტო კოსტიუმის ათობით ვარიაციისგან განსხვავებით, ხალებიანი “ავღანკა” ტომარასავით ადგა ტანზე სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც აშკარად არასასიამოვნო გარეგნობით გამოირჩეოდა აფხაზ ინსურგენტებთან (ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ მოქალაქეთა შეიარაღებული რაზმები _ რედ.) სასტიკი შეხლა–შემოხლისას.
მახსენდება 93 წლის ტელეკადრები: საველე ეკიპირებაში გამოწყობილი ედუარდ ამბროსის ძე მიწაზე წაქცეულ დათოვლილ ხეებსა და ტოტებს შორის იკვლევს გზას ჩამოვარდნის ადგილისკენ რუსეთის მოიერიშე გამანადგურებლისა, რომელიც აფხაზეთის დედაქალაქის ჩვენმა დამცველებმა ჩამოაგდეს ვითომ. ვითომ იმიტომ, რომ მოგვიანებით გამჟღავნებულმა სიმართლემ მტკივნეულად დაარტყა თავდაპირველ ცრუ ვერსიას და რიკოშეტით დაუბრუნდა მის მხარდამჭერს _ საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს.
თვითმფრინავი არავის ჩამოუგდია, მოულოდნელი აეროდინამიკური შეფერხების გამო ჩამოვარდა და წაიყოლა ისედაც მყიფე ავტორიტეტი ქართველი სამხედრო ჩინოსნებისა, რომლებსაც არ შერცხვათ, რიგითი ავიაკატასტროფა ჩვენი სახელოვანი მეზენიტეების წარმატებული გასროლის კამუფლაჟით შეემოსათ. ეჰ, ასე რომ გვეხერხებოდეს ომი! ჩვენ სხვაგვარად ვიბრძოდით. თავდაცვის მინისტრი არცთუ უანგაროდ აგდებდა საბრძოლო საფრენ აპარატებს, ძალაუფლებით აღჭურვილი დამნაშავე, მეთაური “მხედრიონელებისა”, მამობრივად უსვამდა თავზე ხელს სისხლის სამართლის დამნაშავეებს, ედუარდ შევარდნაძე კი ემზადებოდა ორივე თანამოაზრის გისოსებში გამოსამწყვდევად წარუმატებელი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, დამხობის შემდეგ. ამის განმსაზღვრელი პროლოგი იყო იგორ გიორგაძისა და თენგიზ სიგუას მიერ არაერთხელ თქმული ფრაზა: ედუარდ ამბროსის ძის განაჩენი.
“ის ცოცხალი არ მჭირდება!” _ ეს ითქვა საქართველოს პირველ პრეზიდენტზე, მაგრამ როგორი ანგარიშმიუცემლად მძაფრიც უნდა ყოფილიყო ზვიად გამსახურდია თავის პოლიტიკურ ფრივოლურ გადაწყვეტილებებში, ის თავის ლოგინში უნდა მომკვდარიყო ახლობელ-ნათესავების თავშეკავებული ქვითინის თანხლებით და არა სხვის საწოლში, თანაც უცნობია, ვისი ხელით. მისი კილოგრამნახევრიანი სტეჩკინის პისტოლეტი, რომელსაც საკმაოდ ძლიერი უკუცემა აქვს, გასროლის შემდეგ რატომღაც ხელიდან არ გაუგდია. ტყვია კი პრეზიდენტის თავის ქალის მარჯვენა ნაწილში ისეთი უცნაური კუთხით შევიდა, რომ კითხვა _ ვისი ხელიდან გავარდა ტყვია? _ უკვე ოც წელიწადზე მეტია, უპასუხოდ რჩება.
ჩანს, პასუხი არც არავის სჭირდება, ზვიად გამსახურდიას პირდაპირი შთამომავლებისა და ამ სიკვდილთან ირიბად დაკავშირებული მაკიაველის სტილით ქვეყნის მართვის მომხრეთა გარდა. მაკიაველის სტილს კი ბრწყინვალედ ფლობდა ედუარდ შევარდნაძე. მისი მომხრეები, რა თქმა უნდა, უარყოფენ ნებისმიერ კონსპიროლოგიურ ვერსიას და საქართველოს კომპარტიის ყოფილი პირველი მდივნის აწ უკვე სამუზეუმო–კრიალა ფიგურას ცხვრის ტყავს გადააფარებენ, თითქოს ჩვენ არ ვიცით, რომ ამ პოსტზე ცამეტწლიანი ყოფნა მოითხოვდა სულ სხვა ცხოველის ბიოლოგიურ ჩვევებს.
დიახ, ადამიანს, მგლის მტაცებლური თვისებების გარეშე, თანამდებობრივ ოლიმპზე არაფერი ესაქმება, თუმცა ედუარდ შევარდნაძე ზოოპოლიტიკურ ფოლკლორისტიკაში ცნობილია ნიკით _ “თეთრი მელა”, სხვათა შორის, აბსოლუტურად სამართლიანად. ერთი მხრივ _ ეშმაკი და თეთრი–თეთრი ფაფუკი, მეორე მხრივ _ ცხვირით ქარის მიმართულების გარკვევა, შემდეგ მიმართულების მკვეთრად შეცვლა, არაკეთილსინდისიერი საქმეების კვალის დაფარვა ერთდროულად ორთოდოქს კომუნისტსა და ლიბერალ–დემოკრატ ედუარდ შევარდნაძეს თავის ოთხფეხა Alter ego–ზე უკეთესად შეეძლო. ავიღოთ აფხაზეთი. კომპარტიის პირველი მდივნობისას ის იქ ნაციონალური შეუწყნარებლობის ანტიქართულ კერებს აქრობდა, იყენებდა რა ლიდერობისთვის ბრძოლას აფხაზურ ელიტებს შორის _ გუდაუთისა და ოჩამჩირის. მანვე, უკვე პატივცემულმა პენსიონერმა, დოკუმენტურ ფილმ “ნების არქონაში” პირდაპირ კამერაში თქვა უხეში ტყუილი: “კიტოვანის გვარდიელები აფხაზეთში ჯავშანტექნიკით კი არ შევიდნენ, არამედ ფეხით, წყნარი სვლით მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღით ხელში”. ვისზეა გათვლილი თეთრი ძაფით შავი ნაჭრის ასეთი უხეში კემსვა?! მით უმეტეს, რომ იქვე, ორიოდე კადრის შემდეგ, 92 წლის აგვისტოს საბედისწერო მოვლენების თვითმხილველი, მწერალი გურამ ოდიშარია გვაუწყებს მის მიერ დათვლილ 50 ჯავშანმანქანაზე, რომლებმაც ენგური გადაკვეთეს. მაშინ დაიწყო საქართველოს რღვევა. ეს პროცესი 2008 წლის აგვისტოში წარმატებით დაასრულა მიშა სააკაშვილმა, რომელსაც, შევარდნაძისგან განსხვავებით, ხალხისთვის ბოდიში არ მოუხდია. მალე მიხვდა, რომ აფხაზეთი სამუდამოდ არის დაკარგული და რატომ უნდა მოებოდიშებინა მომავალი თაობებისთვის?!
აფხაზეთიდან მოწყვეტილმა ერთმა თაობამ უკვე გადააბიჯა სრულწლოვანების ზღვარს და ნაკლებად აქვს იმის იმედი, რომ ეს მხარე ოდესმე შემობრუნდება სახით საქართველოსკენ. სამხრეთ ოსეთიც, გინდ სამაჩაბლო უწოდეთ მას, გინდ _ ცხინვალის რეგიონი, სახის საწინააღმდეგო სხეულის ნაწილს გვიჩვენებს და მისი მზერა რუსეთის კეფაზეა მიპყრობილი.
მიშა სააკაშვილი შეეცადა, 180 გრადუსით შემოებრუნებინა სამაჩაბლო, მაგრამ თვითონ იღრძო კისერი. ედუარდ შევარდნაძის უბეში დაფრთიანებული ახალგაზრდა პრეზიდენტ-რეფორმატორის გუნდის ყველა მიღწევა გაფერმკრთალდა შევარდნაძისვე გულის გასახარად: აი მხოლოდ მე არ დამინაწევრებია საქართველო, მხოლოდ ჩემს სპეცრაზმელებს არ დაურბევიათ დემონსტრანტები ხელკეტებით, მხოლოდ ჩემი მმართველობის პერიოდში არ კვდებოდნენ ციხეებში ადამიანები… და აქ ედუარდ ამბროსის ძემ კვლავ მოუბოდიშა ხალხს, უკვე იმისთვის, რომ ხელისუფლება გადასცა ვაშინგტონელი ბატონ–ამხანაგების მიერ ხელდასხმულ მოუქნელ ახალგაზრდას. რა, ხელდასხმულმა ვერ გაამართლა თავისი დანიშვნა?! რა, იგივე ოკეანისგაღმელი ბატონები არ ითმენდნენ შევარდნაძის მიერ ჩვეულებრივი ადამიანური დაღლილობის და, ბოდიშს ვიხდი, მოხუცის ყველაფრისადმი გულგრილობის პირველი ნიშნების გამოვლენას? ჩრდილში გადასვლა ყოველთვის სჯობს კარიერული მზებუდობის პიკზე, როგორც ეს გააკეთა ედუარდ ამბროსის ძემ 1990 წელს. დეკემბერში სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის ხმაურიანი გადადგომის მოტივი გაურკვეველია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კარგი პოლიტიკური ყურთასმენა არ აქვთ. “პერესტროიკა” ჩაფლავდა, ნავთობი გაუფასურდა. საბჭოთა იმპერია მომაკვდავივით ცახცახებდა კონვულსიებში, ედუარდ შევარდნაძე კი შტატიანი მესაფლავეების მოწინავეთა რიგში ირიცხებოდა. ეს ჩვენთან, საქართველოში, სვამენ ჭიქა ღვინით მესაფლავის სადღეგრძელოს, რუსეთში კი, მან კეთროვანიც რომ დამარხოს, ერთ საქებარ სიტყვასაც ვერ დაიმსახურებს. თვითონ მესაფლავეს, როგორც კეთროვანს, შორიდან უვლიან გარს და ზურგში ცუდ სიტყვებსაც კი ესვრიან. ეს იცოდა შევარდნაძემ და ცუდი სიტყვების თავიდან ასაცილებლად პირველი გადგა განზე, ოღონდ არა იმ მხარეს, რომელზეც უნდა დამდგარიყო.
გერმანიის გამაერთიანებლისა და იმ დოკუმენტზე ხელმომწერს, რომლითაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისთვის შემოისაზღვრა ბერინგის ზღვის უზარმაზარი აკვატორია, თვით განგება ურჩევდა მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების უმაღლეს ორგანოებში დამკვიდრებას. ამბობდნენ, რომ ედუარდ ამბროსიევიჩს ხელი შეუშალა უცხო ენების უცოდინარობამ და ამიტომ წავიდა იმ ქვეყანაში, რომლის მთავარი სახელმწიფო ენა არის ქართული. სხვათა შორის, სწორედ საქართველოს კომპარტიის პირველი მდივნის ძალისხმევით ჩაფლავდა ნიკიტა ხრუშჩოვის წამოწყება, რომლის ბოდვითი არსი მან პრიმიტიულად ჩამოაყალიბა: “რაც უფრო ჩქარა დავილაპარაკებთ ჩვენ, ყველა, რუსულად, მით უფრო სწრაფად ავაშენებთ კომუნიზმს”.
ხრუშჩოვ-ბრეჟნევის ცენტრალურ აპარატში მოღვაწე პარტიელებმა კომუნიზმის მშენებლობა ნაციონალური რესპუბლიკების მცოცავი რუსიფიკაციით დაიწყეს, “დიადი და მძლავრი” ენის მეშვეობით “არადიდისა” და “არამძლავრი” ენის განდევნით. აქა-იქ ეს წამოწყება წარმატებით დასრულდა, ოღონდ არა საქართველოში. ხალხმა კრემლში მოკალათებულთ უფლება არ მისცა, ქართული ენისთვის სახელმწიფოებრივი ფუნქცია წაერთმიათ და ედუარდ ამბროსის ძემ ისინი დაარწმუნა, კონსტიტუციურად დაემოწმებინათ მიღწეული სტატუსი. საერთოდ კი, რესპუბლიკის მთავარი კომუნისტი ყოველთვის როდი აღწევდა დასახულ მიზანს, როცა დარწმუნების ძალით მოქმედებდა. მას კომკავშირული სიჭაბუკის ბოლოს იმისთვის არ დაუმთავრებია ორწლიანი უმაღლესი პარტიული სკოლა, რომ არ დაუფლებოდა საქართველოს არაკანონმორჩილი მოსახლეობის გაუცნობიერებელ ფენაზე ძალადობრივი ზემოქმედების ძირითად მეთოდებს. სასარგებლოდ იმოქმედა, აგრეთვე, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობისას შეძენილმა ფასდაუდებელმა გამოცდილებამ, თუმცა შინაგანი სამყარო კორუფციაში ჩაფლულთა უზარმაზარი რაოდენობისა, რომლებიც ედუარდ შევარდნაძემ თავისი მრისხანე მმართველობის პირველ წლებში გისოსებში გამოამწყვდია, უცვლელი დარჩა. დროთა განმავლობაში მმართველობა შემსუბუქდა და ყველაფრის განმსჭვალავი იდეოლოგია ფულის დაგროვებისა კვლავ აფარფატდა ქვეყნის თავზე. ეს კი ნამდვილად არ იყო შევარდნაძის ბრალი. საზოგადოებაში იზრდება ის, რასაც ნერგავს თვით საზოგადოება. ფაქტობრივად, დოტაციაზე მცხოვრები რესპუბლიკა ნელ–ნელა მიეჩვია ნახევრადპარაზიტულ არსებობას. წარმატებული კარიერის თითოეული ეტაპის გავლის შემდეგ ედუარდ შევარდნაძე რწმუნდებოდა, რომ ტოტალიტარულ სახელმწიფოში აუცილებელი იყო რადიკალური ცვლილებები და, სავარაუდოდ, გულწრფელად იმედოვნებდა, რომ კრემლის ორბიტაზე ტრიალით, სახელმწიფოს გარკვეულ სარგებელს მოუტანდა.
სარგებელი მან, რა თქმა უნდა, მოიტანა: ხელი შეუწყო სსრკ-ის უსწრაფესად დანგრევას, თუმცა საბჭოთა იმპერიის კრახის წინ შევარდნაძეს რატომღაც უარი არ უთქვამს, კვლავ ეხელმძღვანელა საგარეო ურთიერთობათა სამინისტროსთვის.
ნუთუ ასე ძალიან არ სურდა სმოლენსკის მოედნის მყუდრო კაბინეტის დატოვება? დანიშვნიდან ერთი თვის შემდეგ მაინც მოუწია კაბინეტთან გამოთხოვება. კიდევ სამი თვე დასჭირდა ბოლომდე დაუხარჯავი ძალების გამოყენების ახალი შესაძლებლობების წერტილის მოძებნას. 1992 წლის მარტში დაუღალავი მშრომელი შევარდნაძე ხელებდაკაპიწებული ჩავიდა მშობლიურ საქართველოში. რომ არ დაბრუნებულიყო, _ როგორც თვითონ შევარდნაძე ამტკიცებდა, _ ქვეყანა დაიღუპებოდა. თუმცა არის სხვა, არაშევარდნაძისეული თვალსაზრისი: ქვეყანა შევარდნაძის დაბრუნების გარეშეც გადარჩებოდა.
სამშობლოში ჩასვლის შემდეგ ედუარდ ამბროსის ძე, სიცილით, როგორც მხოლოდ მას სჩვეოდა, თავის არცთუ უცოდველ სამსახურებრივ წარსულს უნდა გამოთხოვებოდა. შეეცადა. გამოუვიდა, ნამდვილად, სასაცილოდ და ტრაგიკულად… ტრაგედიაზე უკვე ბევრი რამ ითქვა. დავასრულებ მაჟორულ-მხიარულ ნოტზე. ეს სცენა საკუთარი თვალით ვიხილე, რა თქმა უნდა, ტელეეკრანზე: წმინდა სამების ტაძრის მშენებლობა დასასრულს უახლოვდებოდა. პრეზიდენტი შევარდნაძე მრავალრიცხოვანი ამალით თითქოს ინსპექტირებისთვის საუკუნის მშენებლობაზე მივიდა. ნანახმა აშკარად აღაფრთოვანა, თავი მაღლა აწია, მზერა მიაპყრო უზარმაზარ სამებას და ტაში დაუკრა. გარემოცვას გაეღიმა. ედუარდ ამბროსის ძე ცოტა შეკრთა, შეწყვიტა ტაშის დაკვრა და არც ისე მარჯვედ გადაიწერა პირჯვარი. პრეზიდენტს წარსული უკან ექაჩებოდა; მომავალი ცდილობდა, მისთვის წინასწარმეტყველის ღირსეული ადგილი მოეძებნა მის მამულში. ახლა ის მისგან განუყოფელია.
ვახტანგ ბუაჩიძე,
ჟურნალისტი, გაზეთ “არგუმენტი ი ფაქტი–თბილისი”-ს მიმომხილველი