Home რუბრიკები საზოგადოება რატომ სცოდავენ სამეგრელო ზემო-სვანეთის სააღმსრულებლო ბიუროს თანამშრომლები?

რატომ სცოდავენ სამეგრელო ზემო-სვანეთის სააღმსრულებლო ბიუროს თანამშრომლები?

GEWORLD.GE:
სამსახურებრივი თანამდებობის ბოროტად გამოყენების მოტივით სამიოდე თვის წინ დააკავეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღმსრულებო ბიუროს უფროსი ირაკლი ამანათიძე. მიუხედავად ამისა, ამ ბიუროს თანამშრომლები მაინც არ იშლიან არაკეთილსინდისიერ საქმიანობას. ამის დასტურია ზუგდიდში მცხოვრები ლეილა ნაჭყებიას მიმართ ამ ბიუროს თანამშრომლების _ თამთა გოგიასა და გიორგი ეჯიბიას მიერ ჩადენილი უსამართლო ქმედება.

ლეილა ნაჭყებიამ განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ პროკურორს. მასში ნათქვამია:  «2010 წლის 7 დეკემბერს მოქალაქე ინდირა ზანთარაიასაგან ვისესხე 3000 დოლარი, შედგა სანოტარო წესით წერილობითი შეთანხმება _ გაფორმდა სესხის ხელშეკრულება პროცენტის დარიცხვის გარეშე ოთხი წლის ვადით, ე. ი. მევალეს სესხი უნდა დაბრუნებოდა 2014 წლის შვიდ დეკემბერს. ი.ზანთარაიამ კი ვალის დაბრუნება ვადაზე ადრე, 2011 წლის წლის დასაწყისში მომთხოვა. მე მაშინვე დავუბრუნე 2000 დოლარი, ხოლო დარჩენილი 1000 დოლარის დაბრუნებას შევპირდი ხელშეკრულებით მითითებულ ვადაში, რაზედაც იგი არ დამთანხმდა და ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შეიტანა სარჩელი. სასამართლომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა.
ვინაიდან ოჯახში მქონდა მძიმე ეკონომიური მდგომარეობა და საშუალება არ გამაჩნდა ვალის მთლიანად გადახდისა, ხოლო მევალე წინააღმდეგი იყო, ვალი ეტაპობრივად დამეფარა, 2011 წლის ივნისში ჩემთან სახლში მოვიდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღმსრულებო ბიუროს აღმასრულებელი თამთა გოგია და, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შეადგინა უძრავი ქონების დაყადაღების აქტი. მან აღწერა ოჯახში არსებული ქონება, მაგრამ ყადაღა დაედო მხოლოდ სამ ცალ ვაზას და უნგრული წარმოების საძინებელს _ «ვენეციას». ზანთარაიას ვალის გასასტუმრებლად 1000 დოლარი ვისესხე, მაგრამ ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ჩემი საძინებელი გარნიტური აღმასრულებელ თ. გოგიას აუქციონზე გაუყიდია, ისე, რომ ჩემთვის არაფერი უცნობებია. მის საწყის ფასად დაუდგენიათ 100 ლარი, მაშინ, როდესაც შეძენილი მქონდა 1500 დოლარად. მიუხედავად ყველაფრისა, დარჩენილი ვალი მთლიანად დავფარე. თ. გოგიასგან მიღებული ინფორმაციით, გარნიტურის მყიდველი აღმოჩნდა ვინმე ანა მილორავა, ხოლო შემფასებელი _ სააღმსრულებლო ბიუროს წარმომადგენელი გიორგი ეჯიბია.
მიმაჩნია, რომ თ. გოგიამ და გ. ეჯიბიამ თავიანთი თანამდებობები ბოროტად გამოიყენეს ჩემი ინტერესების საზიანოდ, ავეჯი შეაძენინეს მათთვის სასურველ პიროვნებას. ამასთან, თ. გოგია პირად საუბარში გარკვეულ დაინტერესებას იჩენდა ანტიკვარული ვაზების მიმართ, ხშირად მოდიოდა ჩემთან სახლში და ამოწმებდა, თუ იყო ადგილზე. უნდა ავღნიშნო ის ფაქტიც, რომ ჩემს მევალეს _ ი.ზანთარაიას, ერთი პირობა, უნდოდა 100 ლარად გაყიდული საძინებელი 800 დოლარის ანგარიშში წაეღო, მაგარამ რატომღაც გადაიფიქრა».
გაყიდული საქონელი ამჟამად ისევ ლეილა ნაჭყებიასთან ინახება. სიმართლის გარკვევამდე ის წინააღმდეგია, გასცეს თავისი ქონება, რის გამოც მუდმივი ზეწოლისა და მუქარის ქვეშაა. გავრცელებული ვერსიით, ავეჯის მყიდველს _ ანა მილორავას აქვს მეორადი ავეჯის მაღაზია. მას არც უნახავს ავეჯი, ისე შეიძინა აღმასრულებელ თ. გოგიასაგან, რაც ერთგვარ ეჭვს ბადებს. ლეილა ნაჭყებიას მოთხოვნაა, თამთა გოგიასა და გიორგი ეჯიბიას მიმართ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. იმედი აქვს პროკურატურა დაადგენს ჭეშმარიტებას.
ლადო ქირია
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here