სირიაში განვითარებულ მოვლენებს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, საკუთარ „Twitter” ექაუნთზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თურქეთს ოპერაციის ჩასატარებლად ნებართვა არავისგან სჭირდება.
ასევე განაცხადა, რომ „ზეთისხილის ტოტი“ გაგრძელდება მანამ, სანამ ტერორიზმის საფრთხე რეგიონში სრულიად არ აღმოიფხვრება.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, მის მიერ დაწყებული იერიშით, სირიის რეგიონების სტაბილიზაცია მოხდება, რაც სირიელ ხალხს შესაძლებლობას მისცემს, იცხოვრონ უსაფრთხო პირობებში.
შეგახსენებთ, რომ თურქმა მებრძოლებმა, სირიის რეგიონ აფრინში, ქურთების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე იერიში მიტანეს და მათი პოზიციები გაანადგურეს, 21 იანვარს კი აფრინის რეგიონში მძიმე ტექნიკა შეიყვანეს.
„ოპერაცია აფრინში არა მარტო თურქეთის ინტერესების დაცვისკენ, არამედ სირიის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფაში საკუთარი წვლილის შეტანის, სირიელი ხალხის უსაფრთხოებისა და დაცვისკენაა მიმართული. იდლიბსა და აფრინში სტაბილურობა დამყარდება, ასობით ათას სირიელს ექნება შესაძლებლობა უსაფრთხოების პირობებში იცხოვროს საკუთარ მიწაზე“, – წერს ერდოღანი.