GEWORLD.GE:
«მეფეთა უკეთესი მსახური და მამულის ყველაზე საიდუმლო დამცველი ისაა, ვინც ღვთის ერთგული გულითა და სუფთა სინდისით ზეციური სამშობლოს ნამდვილ რწმენას ატარებს»… ჩვენი სამშობლო ზეცაშია, მიწა კი მისი ანარეკლი და მხოლოდ ის ნაწილია, რომლითაც იმ პირვანდელ, მივიწყებულ სამყოფელს ვუბრუნდებით. იქ მისვლა კი თავდადების გარეშე ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც აქლემის გაძრომა _ ნემსის ყუნწში.
მატიანემ კი ედემის მეორე მხარეს საქართველო უწოდა, უფრო მეტიც _ მაცხოვრის კვართის საუნჯედ გამოაცხადა და მის დამცველად სვეტიცხოვლის გაუბზარავი კედლები აღმართა. იქ ბრძოლით გათანგული მეფეები იყრიდნენ მუხლს და უფალს მადლობას სწირავდნენ უფლის სახელის შენარჩუნებისთვის. საქართველოს ისტორიაში კი ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს, «ძლევაი საკვირველი» ეწოდა «და იწყო ბნელსა შინა მზემან გამოჩინება, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა». მეფის გული წყლის ნაკადულებია უფლის ხელში.
ასეთი მასშტაბური ომისთვის მზადება ქართველი ადამიანის ცნობიერებაში, ალბათ, საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა. ეს იყო შეტაკება დავით მეფსალმუნისა გოლიათთან. ისრაელის მეფე დავითი სულიერად მომზადებული და ნამარხულევი შეხვდა მოწინააღმდეგეს. უფლის ძალა ჩვენს უძლურებაში ვლინდება და სწორედ გადამწყვეტი ბრძოლისთვის, უმთავრეს იარაღად ღვთის რწმენა გამოიყენა. დიდგორს წინ რუის-ურბნისის საეკლესიო კრება უსწრებდა. «არა გეცრუვენით შენ, ჩვენო სიწმინდით მშობელო წმინდაო კათოლიკე ეკლესიაო! არცა გაგცემთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობავ». კრებაზე წარმოთქმული ეს სიტყვები ქვაკუთხედად დაედო ერის სულიერ და ზნეობრივ აღმავლობას. ადამიანი უფლის შემოქმედების გვირგვინია, რომელმაც შესაქმის დღეებს ლოგიკური ახსნა მისცა.
ხილული და უხილავი სამყაროს შექმნის შემდეგ დაიბადა ადამის იდეა, რომელიც თავის თავში ატარებდა თვითონ დამბადებელს, მეტყველისა და უტყვის ბუნების ზიარებას. ღვთივშვენიერი და დიდებული სამოთხე გააშენა ედემის აღმოსავლეთით, მაგრამ, როდესაც ადამიანმა თვითმფლობელობის საგნად, მისთვის მიცემული სჯული საღვთო ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენა და ეშმაკის შურითა და დედაკაცის ცდუნებით გზას აცდა, განიდევნა სამოთხისა და ღვთისგან ბოროტებისთვის და სიკვდილითა და ხრწნილებით დასჯილი, მრავალი ვნებით იქნა მოცული. ამ ცოდვასთან თანაზიარობა მეტ-ნაკლებად ყველას შეეხო, რამაც ერისა და ქვეყნის ინტერესებზეც ჰპოვა ასახვა. «განიხილა მეფემან სახლნი ღვთისანი, ქუაბ-ავაზაკთა ქმნილ იყვნენ, მწყემსნი არა მწყემსნი, გარნა მგელნი». ამიტომაც გახდა საჭირო კრების მოწვევა და ეკლესიის რეორგანიზაცია, რათა «განამტკიცეს კრებათა დამტკიცებული ჭეშმარიტი სარწმუნოება, უღირსნი განკუეთნეს და დააწესეს ერად, ხოლო ღირსნი საღდართა მათთა დასხნეს».
დიდგორის წარმატების საიდუმლო, ერისა და ეკლესიის ერთსულოვნებაში მდგომარეობდა, რაც მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობის გაერთიანებაშიც გამოიხატა. საბოლოოდ კი წმინდა მეფე დავითი დიდგორსაც მიადგა. იმდროინდელი საერთაშორისო ვითარება უფრო მეტად დაძაბული იყო, ვიდრე ადრე. გოტიეს მოწმობით, დავით აღმაშენებელმა ბრძოლის დაწყების წინ მოწოდების სიტყვით მიმართა თავის ლაშქარს. «ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ და ერთს რასმეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისთვის კარგი იქნება: ჩვენ ყველამ ხელების ცისკენ აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისთვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ». მეფის ეს სიტყვები, რომელიც მრავალ ბრძოლაზე უმეტესია, მცირერიცხოვან ქართველებს დიდ გულს აძლევდა, რათა მტრის უთვალავი ურდოს შიში არ ჰქონოდა.
დიდგორის ბრძოლა მოგებამდე ათასჯერ მოიგეს და ამიტომაც ეწოდა «ძლევაი საკვირველი». ამ მიმართვაში, რომელიც ძირითადად მოწოდებაა, მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ, ქრისტიანთა თავდადებული ბრძოლისკენ, ეტყობა, დავითს თავის ლაშქარში ჯერ კიდევ ეგულებოდა ისეთები, რომელთათვის მარტოოდენ ღვთის სიყვარული თავდადებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდებოდა. ამგვარი ჩანაფიქრის შემდეგ, მეომრებს ან უნდა გაემარჯვათ, ანდა მტრისთვის ზურგშეუქცეველი სიკვდილით დაემტკიცებინათ თავიანთი თავდადება ღვთისა და მეფისთვის. უთანასწორო ბრძოლაში ღვთის ხელი ერია, რადგან დიდგორის ველზე წყდებოდა ქრისტიანობის ბედი საქართველოში, იქ შედგა საქართველოს ენერგიის უდიდესი გამოცხადება.
რა მოხდებოდა, რომ ქართველებს დიდგორი წაეგოთ? შეკითხვაც კი იმდენად საშიშია, რომ პასუხი არ არსებობს, წარმოდგენით კი, ბიზანტიის იმპერიის ნანგრევებიც გვეცოტავება. დავითის ეპოქა ქრისტეშობიდან თორმეტსაუკუნოვანი ანგარიშის ჩაბარება იყო უფალთან. სუმბათ დავითის ძის მოწმობით, ქართველი მეფეები, უფალს ენათესავებიან. ამ კადნიერ განაცხადში, რომ დაფიქრდე, ჭეშმარიტების მარცვლებია გაბნეული, რომელთა ერთიანობა ქმნის ქართლის ცხოვრებას. რა იყო დიდგორის ბრძოლის გამარჯვების საიდუმლო? _ ქართველების უმეტესობა? სამხედრო აღჭურვილობა? ტაქტიკა? კარგად გაწვრთნილი არმია? მტრის სიმცირე? მზაკვრობა? გაყიდული ან მოსყიდული ომი? წმინდანის როლის თამაში? არაფრის მომცემი ტრაბახი? დასავლეთიდან მობერილი ქარის იმედი? ინსცენირებული პატრიოტიზმი? პირველობის ამბიცია? ძალით ამირსპასარლობა? უცხოტომელების «მხურვალე სიყვარული»? სამშობლოზე მეტად სამშობლოს სიყვარულის ტრფიალი? აქედან, ნეტავ, რომელმა შეასრულა გადამწყვეტი როლი?
ისე კი, მეფე ხშირად განმარტოვდებოდა და თურმე წელიწადში ოცდაოთხჯერ კითხულობდა სამოციქულოს. საეკლესიო კრებასაც, არა როგორც მეფე, არამედ როგორც მონა ესწრებოდა. «თვით მამამან ზეცათამან ჰპოვა დავით და საცხებელი თვისი წმინდა სცხო მას», მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავს უფლებას არ აძლევდა, ეკლესიის დადგენილებებში ცვლილებები შეეტანა. კათალიკოსის წინაშე ქედდადრეკილი იდგა ახალი კურთხევის მოლოდინში და გულის ცრემლებით იწერებოდა «გალობანი სინანულისანი». მისი შინაგანი სამყარო იმდენად სუფთა და ნათელი იყო, როგორც აღმოსავლეთის ვარსკვლავი, უფლის შობის მახარობელი. იმდენად უბრალო და სათნო, როგორც ბეთლემის გამოქვაბული. ამიტომაც ეუბნება მონაზონი არსენი: «ამის შესახებ რას იტყვი შენ, შენი სიბრძნით მთელი მსოფლიოს მეფეთა ერთგვამობის უბრწყინვალესო თვალო, რომელიც ჰაეროვან ხარ, როგორც სამყარო ხილულ სოფელში, საჩინო, როგორც მზე ვარსკვლავთა შორის, ბრწყინვალე, როგორც ეთერიო ნივთიერებათა შორის, ნათლისფერი, როგორც ელვა ღრუბელთა შორის, ცისკროვანი, როგორც აღმოსავლეთი მხარეთა შორის, ტკბილი, როგორც გაზაფხული წელიწადის დროთა შორის, ღვთის სახე, როგორც სიყვარული სათნოებათა შორის, სასურველი, როგორც ოქრო, წიაღისეულთა შორის, ელვარე, როგორც იაკინთი ქვათა შორის, მაღალი, როგორც ფინიკი, ნერგთა შორის, მშვენიერი, როგორც ვარდი ყვავილთა შორის, მტკიცე, როგორც ალმასი განუკვეთელთა შორის, სახელგანთქმული, როგორც ნებრონი გმირთა შორის, ახოვანი, როგორც ისო, მებრძოლთა შორის, კეთილი მისწრაფების მქონე, როგორც ფინეზი მღვდელთა შორის, მხნე, როგორც სამსონი, მსაჯულთა შორის, უძლეველი, როგორც აქილევსი ბერძენთა შორის, ბრძენი, როგორც სოლომონი, მეფეთა შორის, მშვიდი, როგორც დავითი ცხებულთა შორის, შურის მაძიებელი, როგორც იოსია გვირგვინოსანთა შორის, უშიშარი, როგორც მაკედონელი დამპყრობელთა შორის, სამფლობელოთა გამადიდებელი, როგორც ავგუსტოსი კეისართა შორის, კაცთმოყვარე, როგორც ჩემი იესო ღმერთთა შორის, მხურვალე, როგორც პეტრე მოწაფეთა შორის, საყვარელი, როგორც იოვანე, მეგობართა შორის, მკვირცხლი, როგორც პავლე მოციქულთა შორის, უცდომელი ქრისტიანობის სახის დასაწყისის დამდები, როგორც დიდი კონსტანტინე თვითმპყრობელთა შორის, კეთილმსახურების სიმტკიცე, როგორც თეოდოსი სკიპტრისმპყრობელთა შორის».
წმინდა ილია მართალი დავით მეფისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ წერილს ასე იწყებდა: «არ ვიცი, სხვა როგორ ფიქრობს და ჩვენ კი ასე გვგონია, რომ ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს»… «დავიწყება ისტორიისა, მომასწავებელია, ერის სულით და ხორცით მოშლისა… წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო _ მომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზე გადაბმული, რომ ერთი უმეორედ წარმოუდგენელია, გაუგებარი და გამოუცნობია».
დღეს თუ დიდგორს ესტუმრები, მისი სიმაღლიდან ისტორიაში მოთხრობილი ამბები ბაბუის მიერ ბუხრის პირას მოყოლილ ზღაპარს ჰგავს, რაც ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ წმინდა მეფის ცხოვრება, სახარებისეული შეგონებებით სავსე, ღმერთის შესაძლებლობაში გარწმუნებს. თუმცა ის პერიოდი, რომელიც მართლაც იყო აღორძინების ეპოქა, არ უნდა ჩაკეტილიყო რომელიმე კონკრეტულ სივრცეში, არამედ მას კალაპოტი უნდა გადაელახა და აქამდეც მოეღწია. მჯერა, რომ დავითმა იმეფა, მაგრამ არა ამისთვის, რაც დღევანდელი დიდგორიდან მოჩანს. ხელის გულზე მოქცეულ ქართულ მიწასაც კი გვედავებიან და გვართმევენ. ვისაც გინდა, ჰქონია, გაყიდული თუ გასაყიდი საქართველო, მთავარია, «სტუმართმოყვარეები» ვიყოთ. ყველა სიკეთესთან ერთად, «უმადურებიც» ვყოფილვართ და უშინაარსოდ ჩაგვიტარებია «პური და სანახაობა». მეფესაც ვბაძავთ, მაგრამ სვეტიცხოვლიდან გამოსულებს, მეჩეთშიც შესვლას ვუწუნებთ. ქვეყნის გადარჩენა გვინდა, ოღონდ ნატოს არ ვეშურებით. განათლებას ვიღებთ და მაინც «შუშანიკის ეპოქაში ვრჩებით», რაც თანამედროვე აზროვნებისთვის და მომზადების მაღალი დონისთვის «დამაბრკოლებელია».
რატომ უნდა ვიყოთ უკმაყოფილო, მაშინ, როცა ამდენი გზა «იგება», ფასადები «იღებება», ქალაქები «მშვენდება», უშბა «განათდება»?! ჩვენივე ნებით თუ სისხლიც დაიღვარა, არაუშავს, ვიღაცები ლექსებს მოგვიძღვნიან და დიდი შემართებით მოგვიწოდებენ, თუ საჭირო გახდა, სისხლი ისევ დავღვაროთ, მერე კი დაუფიქრებლად გავიაროთ და თავისუფლება ვიზეიმოთ. სისხლის გარეშე ხომ ვერ მივალთ «თავისუფლებამდე»?!
«პირველი ძმის სისხლით ხელშეღებილმა კაენმა მეორე წყევის ღირსი გახადა ქვეყანა, შემდეგ გმირთა სიბოროტემ დამბადებელს შეანანებინა უცხო ცოცხალი კაცის ესოდენ საკვირველებით დაბადება და მიწის პირისაგან ყოველივეს აღმგველი წარღვნის შეჩერება. ამის შემდეგ, გოდოლის მაშენებელთა თავხედობამ, ენათა შერევნით და ტომების დაშლით, მეოთხედ დასაჯა კაცთა მოდგმა. ხოლო კერპთა თაყვანისცემის სიბეცემ და დამბადებლის ნაცვლად დაბადებულის მსახურებამ სრულიად განაშორა და უცხოყო კაცი შემოქმედი ღმერთისგან. სოდომელთა სიბილწით ცხოვრების ღაღადისმა ღმერთი აიძულა, ხუთქალაქის მხარე ცეცხლით დაეწვა. აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი». ამ ყველაფრის მიზეზი უფლის გზას აცდენილი ადამიანის მდგომარეობაა, რომელსაც საკუთარი თავი კერპად გაუხდია და ვინც თაყვანს არ სცემს, შიმშილით სიკვდილი ემუქრება. დაიწყო ურწმუნოთა დევნა, მაგრამ თემურ ლენგმა ჩაიარა ისე, როგორც ჩაივლის, ქარიშხალი, ხანძარი, ომი, შიმშილი, ჭირიანობა, ხოლო სვეტიცხოვლის ხელთუქმნელი ტაძარი დღემდე გადაჰყურებს საქართველოს და მართლმადიდებლურ სამყაროს.
როგორც ნეტარი ავგუსტინე გვასწავლის: «კეთილი თუნდაც ემსახურებოდეს, თავისუფალია, ბოროტი კი, თუნდაც მეფობდეს, მონაა და ამასთან იმის მსგავსია, ვისაც ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ იმდენი ღმერთი, რამდენიც _ ნაკლოვანება».
ზედმეტი თავისუფლება დიქტატურაზე უარესია. ადამიანი, რომელიც ცოდვის ტყვეა, თავისუფალი ვერასოდეს იქნება. ჭეშმარიტი თავისუფლება ქრისტიანული თავისუფლებაა, შინაგანი თავისუფლება და არა გარეგნული, ზნეობრივი და სულიერი, და არა ხორციელი _ მუდამ კეთილისმოქმედი და არასდროს მტანჯველი, რომელსაც შეუძლია, ქოხში იცხოვროს ისევე მოხერხებულად, როგორ დიდებულთა და სამეფო სახლში, სადაც ხელქვეითი ხელქვეითად რჩება და მბრძანებლის დარად ყოველგვარი სიკეთით სარგებლობს.
თავისუფლება ის არის, რასაც ვერც ბორკილები შეზღუდავს და ვერც საპყრობილე… ეს ყველაფერი კი ძალიან შორს არის თანამედროვე გაგებით შემოთავაზებული თავისუფლებისგან. ისტორიას ახსოვს დავით მეფის თავდადებაც ბრძოლის ველზე და გიორგი მეორეს ქმედებაც, რომელმაც ქართველები თურქებს შეატოვა და გასწირა, თვითონ კი აჯამეთის ტყეში ნადირობით ირთობდა თავს… დღეს რომელს უფრო ვგავართ, სხვისთვის თუ არა, ჩვენთვის მაინც ვიცოდეთ, რომ ისევ ბარაბა არ ავირჩიოთ. წმინდა მეფის აღმოჩენილი ქალაქი, «ეროვნულ უმცირესობას» დავუთმოთ, სხვანაირად მათ წინაშე თავს ვერ მოვიწონებთ. არადა, დავით მეფესთან მსგავსებას ვცილდებით, რომელმაც სვეტიცხოვლის მოგუგუნე ზარებით შეაბიჯა თბილისში და დაუბრუნა ქალაქს დედაქალაქობა, რაც დიდგორის ბრძოლის გაგრძელებას წარმოადგენდა.
როცა ეროვნულობას გრძნობ და გახსენდება დიდი ქართველი წმინდანები, შეუძლებელია, შენი მიწისთვის არ მოგინდეს თავდადება, მაგრამ, თუ ეს ყველაფერი დრომოჭმულ ტრადიციად მიგაჩნია და ცდილობ, მისგან გათავისუფლდე, მეტიც, გაღიზიანებს, მაშინ ადვილია, ამდენი გაუბედურებული ადამიანის ხვედრი აიტანო. ძნელია, მშიერი შეამჩნიო, როცა მაძღარი ხარ; ძნელია, მტირალს გაუგო მაშინ, როცა სინანულით არასოდეს გიტირია; ძნელია, სიყვარული იგრძნო მაშინ, როდესაც ამის სურვილი არასოდეს გქონია; ძნელია, დაინახო მაშინ, როცა ბრმა ხარ; ძნელია, სხვისი ტკივილი მოისმინო მაშინ, როცა არ გესმის; ძნელია, მოწყალე სამარიტელის ირწმუნო მაშინ, როცა საკუთარი ხალხისთვის შენი სუფრის ნამუსრევიც გენანება. მაგრამ ამ ყველაფრის დაფარვა არ აღმოჩნდა ძნელი, თუმცა გაცხადება უფრო ძნელი იქნება ჩვენს ეპოქაში.
ტაძრების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მასში მონაწილეობაც დაუფიქრებლად ხდება. შეგვიძლია, ლოგინად მიჯაჭვულ ახლობელს გადავაბიჯოთ და შემოსავალი მშენებლობას შევწიროთ. ღვთის სახლს ვაშენებთ და ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ ავადმყოფის მოვლა, რომელსაც ღვთის ანაბარად ვტოვებთ, რადგან მისთვის საშუალება არ გვაქვს, ტაძრის იატაკია მოსაპირკეთებელი. სულიერების უმაღლესი დონე მოყვასის სიყვარულს სცილდება და რაღაც «ამოუცნობ» სამყაროში გადადის. ეს ამდენი «მორწმუნე» ჩვენი ქვეყნის ისტორიას არ ახსოვს, ამდენი «ქველმოქმედებაც» იშვიათად თუ ხდება, მაგრამ მაინც რაღაც გვაკლია. შაბათ-კვირას აუცილებლად ეკლესიაში უნდა ვიყოთ, მარხვებს ზედმიწევნით კარგად «ვიცავთ», აღსარებას ხშირად «ვამბობთ», ზიარება ცხოვრების წესად გვიქცევია, ბზობას ზეციურ იერუსალიმში შემავალ უფალს ოსანას ვუგალობთ, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის, რომ ცოტა ხანში ჯვარზეც გავაკრათ.
ყველა შემაღლებულ ადგილას მშენებარე ტაძრებითა და აღმართული ჯვრებით ვნუგეშობთ, ამ მხრივ გრიგოლ ხანძთელის ეპოქას «არ ჩამოვრჩებით». გვახარებს მონასტრებისა და ბერ-მონაზონთა სიმრავლე, რომელთა ძირითად საქმიანობად ქვიშა-ცემენტის მოზელვა ქცეულა. სენაკებისა და სატრაპეზოების მოწყობაშიც არ გვყავს ბადალი. დაღლილ-დაქანცულებს თუ შუაღამიანზე არ გამოგვეღვიძა, არაუშავს, მაგის დროც მოვა, ჯერ ზღვა საქმეა მოსაგვარებელი იქამდე. მრევლზეც ზედმიწევნით კარგად ვზრუნავთ, თუ მეტად შეძლებულია, უფრო მეტად გადავყვებით, რადგან მდიდარი ადამიანის ცხონება ადვილი საქმე არ არის. საბოლოოდ კი, ვინ იცის, საით მივდივართ. სამაგიეროდ, ღარიბებთან ურთიერთობაც გამოგვდის, თუ კი ისინი მორჩილებით მიიღებენ იმ ჯვარს, რომლის ტარებაც «ადვილია».
საკუთარი ნაჭუჭიდან ასეთი «ღვაწლით» თავს ვიწონებთ და რა მოხდა მერე, თუკი პრობლემები მაინც არსებობს. ეს ჩვენ არ შეგვეხება, ჩვენ ხომ «წმინდანები» ვართ. «არ არს კაც, რომელიც ცხოვრობს და არა სცოდავს», _ სახარების ამ სიტყვებს ჩვენებურად ვხსნით და ერთმანეთს ვეჯიბრებით ამ სიტყვების გამართლებაში. ამ დროს კი, «აჰა, ესერა სიძე მოვალს შუაღამესა და ნეტარ არს მონა იგი, რომელი იპოვოს მღვიძარედ, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდედებით. იხილე, სულო ჩემო, და ნუ გრულის ძილისათვის, რათა არა გამოვარდე სასუფევლისაგან».
წმინდა მამა ლავრენტი ჩერნიგოველი გვმოძღვრავს: «საჭიროა, ფხიზელი და ფრთხილი იყო, რამეთუ ანტიქრისტე უკვე ახლოა. ერში ყველა როდი წარწყდება, ისევე, როგორც მონასტერში ყველა არ ცხონდება. უკანასკნელ ჟამს ცხონება ძნელი არაა, მაგრამ ბრძნული, ვინც ყველა ამ ცდუნებას გადალახავს, ცხონდება. სამღვდელოებათაგან უდიდესი უმეტესობა, თავისი უდები და მცონარე ცხოვრების გამო, წარწყდებიან! ისინი უღალატებენ წმინდა ეკლესიას და ხალხსაც გაიყოლიებენ, არ იფიქრებენ თავიანთ ცხონებაზე, მეტადრე სხვებისა. ანტიქრისტეს გამეფებამდე ცოტა ხნით ადრე დაკეტილი ტაძრებიც გარემონტდება და არა მხოლოდ გარედან, შიგნიდანაც, მოაოქროვებენ ტაძრებს და სამრეკლოების გუმბათებს, ხოლო როცა დაასრულებენ მთავარს, ანტიქრისტეც გამეფდება. ილოცეთ, რათა უფალმა ეს დრო გაგვიხანგრძლივოს განსამტკიცებლად. საშინელი დროება გველოდება, ტაძრების რესტავრაცია ანტიქრისტეს გამეფებამდე გაგრძელდება და არნახული ბრწყინვალება იქნება მათში. და ხედავთ მთელი ეს მზაკვრობა როგორ მზადდება? ტაძრებში გარეგანი ბრწყინვალება იქნება, მაგრამ იქ სიარული არ შეიძლება, რამეთუ მათში უსისხლო მსხვერპლი აღარ შეიწირება. ის იქნება არა ეკლესია, არამედ «შესაკრებელი ეშმაკისაი». «ვისაც ყური აქვს სასმენად ისმინოს».
და მაინც, რამ მოიგო დიდგორი? _ წმინდა მეფის მხურვალე სიყვარულმა და ღვთის მცნებების ჭეშმარიტად აღსრულებამ; გარეგნულ ტაძრებზე მეტად შინაგანის მშენებლობამ; გლახაკთა მოწყალებამ; მშიერთა დაპურებამ; თავმდაბლობამ და სინანულმა; «სააჯო კარით» ადამიანებისადმი ნუგეშმა წმინდა მამათა დარიგებებით: «უფალს მიუძღვენი ყოველი დღისა და ღამის ნაწილი მადლობა, ლოცვით შესწირე მას წარსულისათვის; სთხოვე კურთხევა მომავალისა და დღის განმავლობაში იმ საათებიდან, რომლებსაც წუთისოფელი და მისი საქმენი გტაცებენ, შეძლებისდაგვარად მიიტაცე წუთები, რათა გაიხსენო უფალი, საიდუმლოდ აღამაღლე მის წინაშე გული და აზრი, ღვთისმოსავი მადლიერებით. და თუ ამაში ყურადღებით და მუდმივად იმეცადინებ, საკუთარ თავში აღმოაჩენ იმას, რაც ფსალმუნში წერია, მიეწიფნეს სახუმილავთა თუალნი ჩემნი». ასეთი გზით იძლია ბოროტი და დაითრგუნა სიკვდილი. მაშინ შინაგანი გვქონდა და ამიტომაც მოვაღწიეთ დღემდე. დღეს კი გარეგნული სანახაობით უფალს ვშორდებით და მამონას მსახური ვხდებით. «დღესდღეობით ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც დიდგორთან სამშობლო გადაარჩინა, მერე კი წიწამურთან ილია მოკლა და კაცმა არ იცის, ამ საქმეთაგან დღეს გული რომლისკენ გაუწევდა. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც, ერთის მხრივ, იოლად და სწრაფად შეიძულა შრომა, როცა საქართველოს შრომა სჭირდებოდა, და, მეორე მხრივ, არნახული შრომისმოყვარეობა გამოიჩინა, როცა საშუალება მიეცა, საქართველო ზურგზე მოეკიდებინა და უცხოეთს წაეღო გასაყიდად.
ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისაც შეუძლია სათნოების სახლის _ ჩვენს გლობალურ უკეთურებაში სიწმინდის ამ ობოლი სხივის _ დარბევას უდრტვინველად უცქიროს და ინსტრუქციის სიმშვიდე და მოთმინება გამოიჩინოს. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისაც საკუთარი ჭკუით გადაწყვეტილება ვერ გამოაქვს და მხოლოდ შეკვეთებს ასრულებს», მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ დავუშვათ ბრძოლა დიდგორის წასაგებად…
მამა პეტრე
(კვარაცხელია)