GEWORLD.GE
იყო დრო, როცა მაყურებლები თბილისიდან რუსთავში დავდიოდით გიგა ლორთქიფანიძის დადგმული სპექტაკლების სანახავად. სპეციალურად დანიშნული ავტობუსებით. კოროსტილევის “ასი წლის შემდეგ”, ედმონდ როსტანის “სირანო დე ბერჟერაკი”…
იყო თეატრის დრო.
_ ნოსტალგია თუ გაქვთ იმ დროის, ბატონო ნოდარ? _ ვეკითხები საქართველოს სახალხო არტისტს, შესანიშნავ ადამიანსა და განუმეორებელ შემოქმედს ნოდარ მგალობლიშვილს, რომლის სახელი ოქროს ასოებითაა ჩაწერილი ქართული (და არა მარტო ჩვენი ქვეყნის) თეატრალური, კინო და ტელეხელოვნების ისტორიაში.
დიახაც _ ტელეხელოვნებაში თეიმურაზ ხევისთავის როლის განსახიერებით სატელევიზიო სპექტაკლში “ჯაყოს ჯიზნები”.
ვილაპარაკებთ ამ არაორდინარულ მოვლენაზეც…
ახლა კი პასუხი მოვისმინოთ ბატონი ნოდარის:
_ რასაკვირველია, მაქვს. წარსულის ნოსტალგია ადამიანს ყოველთვის აქვს _ წუხილის გრძნობა წარსულზე, თავისი დადებითით და უარყოფითით, ფიქრი და განსჯა. ფიქრი იმაზე, თუ რა იყო კარგი და რა არ ვარგოდა, რა იყო საზოგადოებისთვის მისაღები, რაც ცხოვრების გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული.
1967 წელს გაიხსნა რუსთავის თეატრი. ჩვენ _ 24 მსახიობმა, ჩვენს რეჟისორთან, გიგა ლორთქიფანიძესთან ერთად მივატოვეთ მარჯანიშვილის თეატრის უფროსი თაობა და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი თავის პატრონი ჩვენზე ვყოფილიყავით. გვქონდა ახალი იდეები, ახალი მისწრაფება, გატაცება გამომსახველობის ახალი ფორმებით _ ძველის პატივისცემით და ახლის შექმნით.
ყოველი ჩვენი სპექტაკლი იყო სადავო, ხელისუფლების მხრიდან გარკვეული წნეხის ქვეშ მოქცეული. პირველი სპექტაკლი “დეკაბრისტები”, რომლის მომზადების შემდეგ დაახლოებით ორთვენახევრიანი პაუზა გვქონდა _ პრემიერის ნება არ დაგვრთეს.
_ რატომ?
_ გვეუბნებოდნენ, რომ ეს სპექტაკლი გარკვეულ ასოციაციებს იწვევს, თითქოს საბჭოთა კავშირი არის იმ იმპერიის მსგავსი სისტემა, როგორიც დეკაბრისტების დროინდელი რუსეთის სახელმწიფოს რეჟიმი იყო.
დიდი კამათი იყო ამის გამო. მახსოვს, გიგა ლორთქიფანიძეს სულ ცეკაში იბარებდნენ, თეატრშიც იყო შეხვედრები და დიდი ბჭობის შემდეგ, რაგინდ უცნაურად და გაუგებრად შეიძლება გვეჩვენოს, საქართველოს იმ პერიოდის ხელისუფლებამ გაბედა და გაუშვა ეს სპექტაკლი. ხდებოდა ასეთი რამ იმ პერიოდში.
თუნდაც ედმონ როსტანის “სირანო დე ბერჟერაკი”, რომელიც თავისუფლების, სიყვარულის, ნდომისა და სურვილების გამოხატვის ზეობა იყო. ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანის განსახიერება, რომელიც ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში უნდა იყოს.
_ ესე იგი, _ ადამიანი, უპირველეს ყოვლისა.
_ დიახ.
მე მგონია, რომ თეატრი იმ დროს ადამიანების ფიქრისა და სურვილის გამოხატვის ასპარეზი იყო.
იმ პერიოდის მიმართ მაქვს ნოსტალგია. იყო კომუნისტების პერიოდი, მაგრამ შინაგანად თავისუფალი იყო ადამიანი.
_ სამოციანი წლებია.
_ მეოცე საუკუნის სამოციანელების დრო. ქართული პოეზია გაიხსენეთ ან “დათა თუთაშხია” ჭაბუა ამირეჯიბის, როცა “ცისკარმა”, ჯანსუღ ჩარკვიანისა და მისი სარედაქციო გუნდის გამბედაობამ, მზის სინათლე ახილვინა ამ შედევრს…
ნოსტალგია სურვილიცაა _ ძველი დროიდან გამოყოლილი სურვილების გამეორების.
თუნდაც ერთი დეტალი: კიროვის ბაღში, ვერაზე თბილისელთა შეკრებები, ბჭობის, განათლების წარმოჩენის, ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის ერთგვარი საფიხვნო რომ იყო, აზრების გაცვლისა და პოზიციების შეჯერების ერთგვარი ასპარეზი.
_ ახლა “ფეისბუკია” ინტერნეტში.
_ იმ უშუალო შეხვედრებსა და ადამიანურ ურთიერთობებს სხვა ხიბლი ჰქონდა და ასეთი უშუალო კონტაქტებით იქმნებოდა ადამიანების თანაცხოვრების თბილისური ფენომენი.
იყო ურთიერთობის კულტურა, მორიდება, სიყვარულის მალვის ჟამი…
_ რომელიც წავიდა, რადგან გაიაფებული ტურფა ჩირადაც აღარ ღირს… თეატრი? თეატრზე რას იტყვით?
_ ხშირად მეკითხებიან ამას და, პირდაპირ გეტყვით, მერიდება ამ პრობლემაზე საუბარი.
რაც დღეს არის თეატრში, მე მგონი, უნდა განვიხილოთ როგორც ეტაპი, წინა თაობის მონაპოვრის თანამედროვეობაზე გადაბმისა და პერსპექტივის განსაზღვრის.
გასავლელია ეს გზა.
ბევრი რამ, დღევანდელ თეატრში რაც ხდება, არ მომწონს.
მიმბაძველობისკენ ვისწრაფით, მაგრამ ჯერ ვერ გაგვირჩევია, რა არის მისაღები, სარგებლის მომტანი და რაზე უნდა ვთქვათ უარი.
თეატრი ხელის გულზე დევს. ცუდია, როცა მსახიობი კეკლუცობს თავისი ნიჭიერებით, ნიჭიერება თავისთავადაა გამობრწყინება. გადამლაშება რომ არ ვარგა, ეს ყველამ იცის…
_ მაგრამ ჩვენი თეატრალური და სატელევიზიო სივრცით თუ ვიმსჯელებთ, ცოდნა ქცევაში ყოველთვის არ ვლინდება.
_ გადამლაშება დამღუპველია. არც დამცირება ვარგა საკუთარი თავისა და შესაძლებლობების. ეგეც კეკლუცობაა.
_ კონკრეტული პიროვნებები გყავთ მხედველობაში?
_ კი, მაგრამ არ დავასახელებ. არის პერიოდები, როცა კონკრეტულ საუბარს ვიწყებ. არჩევნებისწინა პერიოდებია ასეთი. გამოვდივარ მეზობლების წინაშე, დაახლოებით 5 ათასი მცხოვრებია ჩვენს უბანში და ყველას და ყველაფერს თავის სახელს ვარქმევ. ამ დროსაა კონკრეტიკა ყველაზე მეტად აუცილებელი, ხმის მიცემაში გასარკვევად. ვეუბნები, რომ ეზოში ლუდის სმითა და ჭადრაკის თამაშით ვერაფერს შევცვლით.
_ დაველოდოთ არჩევნებს… მანამდე კი ასეთი შეკითხვა: თეიმურაზ ხევისთავის სახე, რომელიც თქვენ თემურ ჩხეიძის დადგმულ “ჯაყოს ხიზნებში” ტელეეკრანზე განასახიერეთ, შეიძლება ითქვას, საეტაპოა თქვენს შემოქმედებაში. მეთანხმებით?
_ მაშინ 14 კოლეგასთან ერთად უკვე დაბრუნებული ვიყავი მარჯანიშვილის თეატრში.
კარგად მახსოვს, ქუთაისში გასტროლებზე ყოფნისას, როგორ შემოიჭრა ჩემთან ოთახში ცხონებული კოტე მახარაძე და მომილოცა წარმატება ამ ტელესპექტაკლში: ვნახე და ძალიან მომეწონაო.
ეს დადგმა ხმაურიანი განხილვების, განსჯის, გინების საგანი იყო და უსიამოვნო დანალექი დამრჩა ამ ყველაფრისგან.
მაგრამ, მე მგონია, ძალიან საინტერესო იყო. თემურმა შემდეგ “ჯაყო” მოსკოვში დადგა, მერე _ ჩვენთან თეატრში.
ისეთ ფსიქოლოგიურ ნაწარმოებს, როგორიც მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნებია” ძალიან მოუხდა ტელეეკრანის მსხვილი ხედები, საერთოდ გამოსახვის ის სატელევიზიო საშუალებები, რომლებიც თემურ ჩხეიძემ ოსტატურად გამოიყენა. ამან განაპირობა ტელესპექტაკლის წარმატება, თუმცა არც თეატრალური დადგმა იყო წარუმატებელი.
_ თემურ ჩხეიძემ “საქართველო და მსოფლიოსთან” საუბარში თქვა, რომ იგი ყოველთვის ცდილობს, მინიმალური საშუალებებით მიაღწიოს მაქსიმალურ ეფექტს. როცა ჩავეკითხე, “პრინცესა ტურანდოტსაც” ამ პრინციპით მიუდგებოდა თუ არა, მიპასუხა: “იმიტომაც არ ვდგამ “პრინცესა ტურანდოტს”.
თქვენ, ვისაც გიმუშავიათ ბატონ თემურთან, იზიარებთ ამ შემოქმედებით პრინციპს?
_ მსახიობისა და რეჟისორის ურთიერთობა ეფუძნება თვისობრივ თანხვედრას. ბევრ რეჟისორთან მიმუშავია, ძალიან კარგ რეჟისორებთან _ გიგა ლორთქიფანიძესთან, ქალბატონ ლილი იოსელიანთან, ბატონებთან _ არჩილ ჩხარტიშვილთან, ვახტანგ ტაბლიაშვილთან, ბევრთან, მაგრამ ისეთი ურთიერთგაგება, რაც თემურთან მაკავშირებდა, არავისთან მქონია.,
საერთო გვაქვს რაღაც, რასაც სახელსაც ძნელად მოუძებნი _ დაფარულის გამჟღავნება _ რასაც ფარავ, მაგრამ მჟღავნდება.
თუმცა მისი საშუალებები უფრო თავდაჭერილია. სპექტაკლს მშვიდი რიტმით იწყებს, შემდეგ ვითარდება, ისეთ წერტილებს ურტყამს, ფეთქდება სცენა, ფინალში კი ყველაფერი მკრთალდება, თითქოს ქრება და იპარება.
მახსოვს, გერმანიაში, ვაიმარში, “ოტელო” რომ ვითამაშეთ, სპექტაკლი მთავრდებოდა იმით, რომ მივდიოდი, უკანა სკამზე ვჯდებოდი, ისეთი მუსიკა ჟღერდა და ისე ქრებოდა შუქი, ისე ჩანავლდა ფინალი, თითქოს არაფერი მომხდარა.
ტოკიოში ამ ფინალის შემდეგ, ფარდის დახურვის შემდეგ თითქმის ორწუთიანი პაუზა იყო. და უცებ იფეთქა დარბაზმა. ესა აქვს მომადლებული თემურს, განწყობილების რეჟისორია.
_ ეკლესიასტე ამ ცისქვეშეთში ყველაფრის თავის დროსა და ჟამზე რომ მსჯელობს, გვეუბნება, რომ “არის ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა” (ეკ. 3,7).
დგას საქართველოში ჟამი უბნობის?
_ ადამიანს მოჭარბებული აქვს ცდუნების თვისება. ამიტომ ხშირად ავიწყდება, რომ მის ზევით არსებობს ძალა, რომელიც მართავს ყველაფერს. ღმერთი, უფალი. ზოგს ჰგონია, რომ ეს ძალა ეშმაკია, ზოგი დარწმუნებულია, რომ თვითონაა ყველაფერი.
მე მგონია, რომ ადამიანმა დროს უნდა დაუცადოს, და, როცა იგი დადგება, მაქსიმალურად გამოიყენოს.
_ ესე იგი, დავუცადოთ დროს?!
_ უნდა ჩაუსაფრდე ხმის ამოღების დროს. თორემ მე დავიძინებ და, როცა ის დრო მოვა, გამაღვიძეთო, ეგრე არ შეიძლება.
აქუბარდიას რომ ურეკავენ ხოლმე თავის ტელეპროგრამაში და საყვედურობენ _ გააკეთეთ რამეო, არც ეგრეა საქმე. რომ ამადლიან, ერთხელ გამოვედი და რა შეიცვალაო? კაცო, თუ არ გინდა, ნუ გამოხვალ, მაგრამ არჩევნებში, შენ ვისაც გინდა, იმას მიეცი ეგ ოხერი ხმა.
არჩევნებისადმი დამოკიდებულებით ჩანს საზოგადოების დონე…
ხშირად დავდივარ ქუჩაში და ვაკვირდები ადამიანებს, განსაკუთრებით, იმათ, ვინც კაფეებიდან ქუჩებში გამოტანილ მაგიდებს უსხედან. კმაყოფილი სახე, ბედნიერი გამომეტყველება… და ამ დროს რამდენი აქვს სადარდებელი! მივა შემდეგ შინ და ეტყვიან, ეს არ გვქონდა, იმის ფული ვერ ვიშოვეთ, ვერ გადავიხადეთო გადასახადი… გადავა მთელი მისი ყურადღება ამ საყოფაცხოვრებო წვრილმანებზე. თუმცა რაღა წვრილმანებია… აი ის მომენტი, როცა საზოგადოებას სჭირდება ხმის ამოღება, თვალსა და ხელს შუა გაეპარება, რადგან გადატვირთულია სხვა საწუხარით.
_ მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა ერთ-ერთი ტელევიზიით გამოსვლისას (“კავკასია” ან “მაესტრო”), დღევანდელი ხელისუფლების მემკვიდრეობითობაზე რომ ლაპარაკობდა, ასე მიმართა ედუარდ შევარდნაძეს: ბატონო ედუარდ, თუ იცოდით, ესენი ვინ იყვნენ, სახლში რატომ წახვედითო.
ამ ჭრილში მინდა გკითხოთ: რომ გცოდნოდათ, ვინ მოდიოდა შევარდნაძის კვალზე, დაუბრუნებდით ღირსების ორდენს იმდროინდელ პრეზიდენტს?
_ რომ მცოდნოდა, მისი შთამომავალი ვინ მოდიოდა, შეიძლება ტექსტიც მიმეყოლებინა. თქვენმა მკითხველებმა ეგებ არც იციან, როგორ მოხდა ღირსების ორდენის დაბრუნება, ამიტომ მოგიყვებით.
_ ბრძანეთ.
_ ვალერი ასათიანი, კულტურის მაშინდელი მინისტრი, ორი თვის განმავლობაში მეუბნებოდა, რომ ღირსების ორდენი უნდა მოგანიჭონო.
უარს ვეუბნებოდი, რადგან დაკვირვებული ვარ, ადამიანი მთავრობისგან ორდენს რომ მიიღებს, შემდეგ იცვლება, რაღაც ცუდი ემართება.
ამას გავურბოდი ყოველთვის.
გაათავისუფლეს ბატონი ვალერი და მის ადგილზე დანიშნეს სესილი გოგიბერიძე. ერთ დღეს მირეკავს გაიოზ კანდელაკი, ჩვენი თეატრის დირექტორი, და მეუბნება, მოდი, ორდენი უნდა გადმოგცეო. იმან არ იცოდა, რომ ათი დღის წინათ სახელმწიფო კანცელარიიდან დამირეკეს და ორდენის მისაღებად მიმიპატიჟეს. უარი ვუთხარი.
მაინც მივდიოდი თეატრში და შევუარე. გაიოზმა სეიფიდან გამოიღო და წინ დამიდო რაღაც კოლოფი. ორდენიაო. შენ რომ არ მიხვედი, ჩვენი წარმომადგენელი გავაგზავნე და იმას გამოატანესო. ახლა ჩვენმა კანცელარიამ ჩამომიტანა და წაიღეო.
გამიკვირდა: ხომ იცოდნენ, რომ არ ვაპირებდი ორდენის მიღებას და გამომიგზავნეს?!
არ წავიღებ-მეთქი, ვუთხარი გაიოზს.
აუ, ნუ შვები ამას, დააჭერინებ ჩემ თავს და ა.შ.
წავედი სახლში. მივედი თუ არა, ცოლი მეუბნება, რომ ეს-ესაა ტელევიზიით გამოაცხადეს, მგალობლიშვილი ორდენით დაჯილდოვდა, და სად არის, მაჩვენეო…
დილით 9 საათზე მივედი თეატრში და გამოვართვი გაიოზ კანდელაკს ორდენი: კულტურის სამინისტროში მიმაქვს-მეთქი.
რას შვრები, მომეცი, მე შევინახავ! _ აფორიაქდა გაიოზი.
წავიღე, დავუტოვე სესილის: გმადლობთ, მაგრამ არ მივიღებ ამ ორდენს!
ამის შემდეგ ატყდა დიდი ამბავი.
მივედი თეატრში და იქ დამხვდა ნინო ქაჯაია “რუსთავი 2”-დან თავისი ოპერატორით. ორი სიტყვით მითხარით, რატომ დააბრუნეთ ორდენიო. ვიუარე. ამ კერძო შემთხვევიდან სკანდალის აგორება არ მიმაჩნდა მიზანშეწონილად. მეხვეწა: ასეთ საქმეზე პირველად ვარ და გამიწიეთო ანგარიში. იძულებული გავხდი და ვთქვი, რომ ღირსების ორდენს ვუბრუნებ არა ბატონ ედუარდს, არამედ ამ რეჟიმს.
სულ ეს იყო.
_ თქვენ მიერ ბრწყინვალედ შესრულებული კალიოსტროს კინოროლი ზახაროვის ფილმში კრიტიკამ თქვენი შემოქმედების გამორჩეულ მიღწევად შეაფასა.
ეს ცნობილია.
დღეს რომ მიგიწვიონ კინოფილმის გადაღებაზე რუსეთში, შექმნილი პოლიტიკური კონიუნქტურა დაგაბრკოლებდათ თუ არა?
_ არა! რა სისულელეა! ეს მეშჩანობაც კი არ არის. იმ ყველაფრის გაუბრალოებაა, რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობას შეეხება. სომხეთში ან აზერბაიჯანში რომ მიმიწვიონ, არ უნდა წავიდე?
არ ვიცი, რა საფუძველს შეიძლება ემყარებოდეს ადამიანი, მით უფრო, სახელმწიფოს სათავეში მდგარი, როცა ხელოვნებაში საზღვრების დადგენას შეუდგება.
რა თქმა უნდა, არ წავალ ისეთი სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც ჩემი სამშობლოს დისკრედიტაციისთვის იქნება გამიზნული: საქართველო არშემდგარი სახელმწიფოა, რას ჰგავს და ა.შ.
ჩვენთან შემიძლია ვითამაშო ისეთი როლი, რომლითაც დავუპირისპირდები რეჟიმს. რუსეთში ამას არ ვიზამ. იმიტომ კი არა, რომ მე ეს მთავრობა მომწონს, მისი მეხოტბე და მოტრფიალე ვარ. უბრალოდ, იმიტომ, რომ სხვას არ ვეტყვი: შენთან რომ ვარ, იმიტომ ვაგინებ ჩვენს უღირს ხელისუფლებას-თქო.
ეს სახელმწიფო ჩემი შვილია, მეც შვილი ვარ მისი. მამისა და შვილის დავა, როგორც ქვეყანასა და მის მოქალაქეს შორის დავა, საშინაო საქმეა.
სხვა არ უნდა ჩარიო. ეს ხომ ნათელია.
ამიტომ, თუ რამე სათქმელი გაქვს, შენთან უნდა თქვა.
_ რუსეთის ისტორიიდან ვისი როლის განსახიერებას ისურვებდით?
_ დეკაბრისტებისადმი მაქვს განსაკუთრებული სიმპათია. ძალიან საინტერესო ეპოქაა, რომელშიც ყველაფერი გარკვეული არ არის _ ვინაა მართალი, ვინაა მტყუანი? მაგრამ თავისთავად ის მუხტი, რომელიც ადამიანში ან საზოგადოების ნაწილში გროვდება, რომელიც ებრძვის რაღაც ძალას, თუნდაც პროგრესულს, მაგრამ ებრძვის რაღაც მიზნის მისაღწევად, ამის გარკვევაა საჭირო. აი, ასეთ კოლიზიებთან დაკავშირებულ როლს, რა თქმა უნდა, ვითამაშებდი.
_ გქონიათ თუ არა შემთხვევა, რომ მიუწვევიხართ რომელიმე როლზე, სინჯებიც გადაუღიათ და არ დაუმტკიცებიხართ?
_ ბულგაკოვის მიხედვით “Мастер и Маргарита”-ზე ვოლანდის როლზე სინჯები გადამიღეს. ვუთხარი გადამღებ ჯგუფს, თუ გინდათ, რომ ვითამაშო, ორი დღე მომეცით, რათა როლი კარგად გავიაზრო-მეთქი. მივხვდი, რომ ეს ჩემი როლი არ იყო. უარი მითხრეს. მეც ზერელედ მოვეკიდე და შედეგად ჩემს ნაცვლად ოლეგ ბასილაშვილი დაამტკიცეს.
მართალი რომ გითხრათ, მინდოდა ამ როლის თამაში… ჩემმა მოძღვარმა კი მითხრა _ გადარჩენილი ხარო.
_ ბელზებელის როლის შესრულება იგულისხმა უთუოდ.
_ დიახ. მაგრამ ფილმი რომ ვნახე, მაინც და მაინც გული არ დამწყვეტია.
_ ბოლოსკენ მივდივართ, ბატონო ნოდარ, და მითხარით _ ხომ არ გაგონებთ დღევანდელი საქართველო თეიმურაზ ხევისთავს, ღირსებააყრილს, ნაკაცარს?
_ ეს არის მუდმივი თემა, რომელსაც კაცობრიობა ვერასოდეს მოიცილებს. მეტ-ნაკლებად ეს პრობლემა ყოველთვის იქნება.
მე არ მომწონს ისეთი პოზიცია, როცა იტყვიან: მივყვეთ ამ დროს და რაც იქნება, იქნება.
თუ ყოველ წუთში არ შეახსენებ რეჟიმს იმ უკეთურებას, რაც მას ახასიათებს, თუ არ შეებრძოლები, არ შეეცდები, შეცვალო, მაშინ დამთავრებულია ყველაფერი.
მიძინების დრო არ არის.
_ ეკლესიასტეთი დავიწყეთ და მისითვე დავამთავროთ. ეთანხმებით, ბატონო ნოდარ, ბიბლიურ სენტენციას _ “როცა დიდია სიბრძნე, დარდიც დიდია; მრავლის შეცნობა ადამიანს წუხილს უმრავლებს?” (ეკ. 18).
_ ესაა ჭეშმარიტება! ამ წუხილის დაძლევაა ცხოვრების აზრი. ლომს აფთრების სიმრავლის ეშინია. სიმრავლეშია აზრის ძალა. ამის არშემცნობ საზოგადოებას ძინავს. რამე გააკეთე, ადამიანო! ვისაც გინდა, იმის მხარეს დადექი, ოღონდ დადექი!
პოლიტიკის გარეშე ცხოვრება შეიძლება? თუ ასე ცხოვრობ, მაშასადამე, ყაჩაღი ხარ. წართმევაზე ხარ, შენთვის, მხოლოდ შენი სიკეთისთვის.
_ ასე ხომ არ იქცევა ჩვენი ხელისუფლება?
_ რასაკვირველია, ასე იქცევა. რადგან მას ჰგონია, ხალხს თუ წაართმევს, თვითონ გაძლიერდება. არადა, პირიქით _ სუსტდება. როდემდე უნდა წაართვას?
ხომ უნდა მივიდეს იქ? არ ფიქრობს, რა იქნება იქ? _ ჰამლეტის საოცარი შეკითხვა.
ესაუბრა არმაზ სანებლიძე
დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო ამ დიდი მსახიობის მიმართ. საინტერესო იყო ეს ინტრვიუც, თავისთავად. მახსენდება “ოტელოში” ბ-ნ ნოდარის შესრულებული იაგო! ეს სასწაული იყო! პირველი ჩაწვეთება ყურში ოტელოსთვის, რომ დეზდემონა ღალატობს და, მერე მისი წამომართვა ფეხზე! ეს იყო გველის მოძრაობა მსხვერპლის დაგესვლის შემდეგ!! მსგავსი არაფერი მინახავს!
კიდევ ერთხელ მივესალმები ჩემთვის ძვირფას ადამიანს- ნოდარ მგალობლიშვილს!