კაცისგან, რომელიც ყოველი მორიგი არჩევნების შემდეგ ამომრჩეველს საქონელს ეძახის, წესით, არაფერი უნდა გიკვირდეს. არც იმისგან, რომელიც 2003 წელს ნინო ბურჯანაძეს ეხვეწებოდა, შენ გახდი პრეზიდენტიო. არც იმისგან, ვისაც საქართველოს ისტორია მანდატების მოსაპოვებლად დაწერილი კონსპექტი ჰგონია. არც იმისგან, ვისაც ეს «კონსპექტი» ორ ნაწილად აქვს გაყოფილი და სიტუაციის მიხედვით ხან ქართველთა სიქველეების «შპარგალკას» ამოაცოცებს ჯიბიდან, ხანაც – 309 სირცხვილისას. გააჩნია, რა სჭირდება გარკვეულ პოლიტიკურ მომენტში.
ლევან სანიკიძე რომ ცოცხალი იყოს, მის ჩამოთვლილ 309 სირცხვილს კიდევ არაერთი დაემატებოდა და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ამ დამატებებში რამდენიმე მისი საკუთარი შვილის სირცხვილი აღმოჩნდებოდა. იგი ხომ ვერ წარმოიდგენდა, რომ გუბაზი «ქართველთა მარშს» სწორედ სოხუმის დაცემის დღეს დაგეგმავდა და 18 წლის დაგვიანებით გამოხატავდა პროტესტს! თუმცა მისი პროტესტი შორს სცილდება აფხაზეთის საკითხს; იგი საზღვრის დემარკაციით დაწყებული, უსამართლობასა და ძალადობაზე, უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებზეც დარდობს. კაცმა რომ თქვას, არც ეს პრობლემებია ახალი, მაგრამ რა კავშირშია ისინი 27 სექტემბერთან, რთული სათქმელია.
ბოლო წლების საქართველოში ყველა ხალხმრავალი აქცია საბოლოოდ ხელისუფლებასთან სარფიანი ვაჭრობის საგანი რომ ხდებოდა, ეს უკვე დიდმაც იცის და პატარამაც. ყველაზე «დიდმა» _ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს სხვაზე ადრე გაიგო, მაგრამ, «ვიკილიქსის» წყალობით, 3-4 წლის დაგვიანებით ჩვენც, «უმცროს ძმებსაც» აგვიხილეს თვალი. ფორმულაში «გრეჩიხას, როცა გინდა, მაშინ იყიდი» პერსონალური მონაცემი ყოველთვის შეგიძლია შეცვალო; მასში დღევანდელი ოპოზიციის უმრავლესობის სახელი რომ ჩაწერო, განსხვავება მხოლოდ ფასში იქნება.
«საქონლად» წოდებული ხალხი აქციებზე რომ აღარ გამოდის, ეს არც იმის ბრალია, რომ ეზარება, და არც იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმს შეეგუა. მას მობეზრდა იმ ლიდერებისგან ლანძღვის ატანა, რომლებიც ხმის «20 ლარად» გაყიდვას ემართლებიან, თვითონ კი იმავე ხელისუფლებისგან გაცილებით მსუყე ლუკმას იღებენ. 30 ვერცხლი რაოდენობას არ ნიშნავს, 30 ვერცხლი გამყიდველობის სიმბოლოა.
ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ გამოცხადებული «ქართველთა მარშის» წინ გუბაზი თან ხალხს უხმობს ქუჩაში და თან მის პატრიოტულ გრძნობებს ასე სცემს პატივს: «საქართველოს უნდა ერქვას რესპუბლიკა ჩუნგა-ჩანგა»! სააკაშვილის მომხრეები რომ სიამოვნებით შესხდებიან პალმებზე, ეს არავის გაუკვირდება, მაგრამ ჩვენი სამშობლო მათი ვოლიერის სახელს რატომ უნდა ატარებდეს?! ან ამ სახელწოდების რესპუბლიკის დასაცავად ვინ გამოვა ქუჩაში და ზონდერებს ვინ დააბეჟინებს გვერდებს?!
მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გამწვავებას გუბაზი ასე აფასებს: «ეს დაბალანსების პოლიტიკა კი არა, შანტაჟია, რასაც სააკაშვილი ხშირად მიმართავს. ხან ერთი ქვეყნის სასარგებლოდ განცხადებების კეთება და ხან – მეორის, სხვა არაფერია, თუ არა შანტაჟის მცდელობა. ვეჭვობ, ფულზე «ჩალიჩობს». ამ ყველაფრის შედეგად კი საქართველო შეიძლება დიდ გაუგებრობაში აღმოჩნდეს. საბოლოოდ ეს განცხადებები ერთ შედეგს მოგვცემს: არც სომხები ენდობიან საქართველოს და არც აზერბაიჯანელები».
ამ ტექსტში საკვანძო სიტყვებია: შანტაჟი, ფულზე «ჩალიჩობს» და არ გვენდობიან. სააკაშვილის რეჟიმი ამაზე უარეს შეფასებებსაც იმსახურებს, მაგრამ მოდით, სხვა თვალითაც შევხედოთ ამ ჩამონათვალს. განა ჩვენი ოპოზიცია იმავე შეფასებას არ იმსახურებს? რა, არ აშანტაჟებს (ხალხსაც და ხელისუფლებასაც), ფულზე არ «ჩალიჩობს» თუ სანდოა?
შანტაჟის საუკეთესო საშუალებად ქართულმა ოპოზიციამ ხალხის დიდი მასის ქუჩაში გამოყვანა იგულა. რაც მეტს გამოიყვანენ, მით უფრო მეტი «ფორა» ექნებათ ხელისუფლებასთან ვაჭრობაში; მით მეტს მოითხოვენ და, სავარაუდოდ, მით მეტს მიიღებენ. ასე იყო დღემდე და ასე იქნება ყოველ შემოდგომასა და გაზაფხულზე. ხელისუფლებასთან გარიგებას ისინი ერთმანეთს ასწრებენ. «შაჰის პირველი ცოლობისთვის» შეჯიბრი კი არ ცხრება ჰარამხანაში.
«ფორუმი არ არის დაინტერესებული პარლამენტში მანდატების მოპოვებით,» _ აცხადებს სანიკიძე. უკაცრავად, აბა, რით არის დაინტერესებული? გამოიცანით, რა შეიძლება მიიღოს პოლიტიკურმა პარტიამ მანდატების ნაცვლად? გაიხსენეთ, ვინ, რა და რამდენი მიიღო ყველა არჩევნების წინ ან მას შემდეგ; ვითომ დიდი მნიშვნელობა აქვს, პირდაპირ ფულს ჩაგახუტებენ, მანდატებს მოგცემენ, «ნაციონალურ» სატელევიზიო ეთერს გაგიხსნიან თუ რამდენიმე კაცს დაგისაქმებენ შემოსავლიან ადგილებზე?
აგერ, მთლად შევარდნაძის სახელისუფლო ტელევიზიის ყოფილმა შეფმა ზაზა შენგელიამ ისე კარგად აუღო ალღო პოლიტიკურ ქარვასლას, რომ რევოლუციის შემდეგ მეორეხარისხოვანი გზების დაგებაზე მოგებული ტენდერებით საკუთარ ოჯახსაც უშველა და «ნაციონალებსაც» მისცა რეგიონებში ტრაბახის საშუალება. ერთი კაცი რომ ამდენს შეძლებს და მოახერხებს, მთელი პარტია რაღას იზამს?
თუ კარგად დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ სააკაშვილს ყველა ოპოზიციონერისთვის მოსაწონი ერთი თვისება მაინც აქვს. ზოგს მისი სიმაღლე მოწონს, ზოგს _ პიარ-ოსტატობა, ზოგსაც – მისი მეუღლე. გუბაზ სანიკიძეს ქუთაისის მერისა და იმერეთის გუბერნატორის ცემა ხიბლავს. რას იზამ, სადაურობა თავისას შვრება! «სააკაშვილი ბოლო ხანს პირადად გადადის ცემა-ტყეპაზე, ქალებს, ბავშვებს, კაცებს ერთნაირად ერჩის. იმერეთის გუბერნატორი და ქუთაისის მერი რომ მიბეგვა ამას წინათ, გაიგებდით, ალბათ. ისე, კარგი კი უქნია, ზოგჯერ მომწონს კიდეც მიშა». ზრდილობითა და თავაზიანობით განთქმულ ქუთაისს ეს უბედურება, კარგა ხანია, შემოეჩვია. ყოფილმა გუბერნატორმა კაკო ბობოხიძემ ჯერ ჟურნალისტის ცემით დაიწყო, პარლამენტში კი სწორედ «ქართული მარშის» ჩატარების დღეს ყოფილ თანამოაზრესა და თანამებრძოლს – ცხრა მთავრობაგამოვლილ პეტრე მამრაძეს პირდაპირ ტრიბუნაზე თავში ჩაარტყა, თან სულ «ახვარი, ნაგავი, ნაძირალა, პროვოკატორი და სირი» უძახა. იქნებ კაკო ბობოხიძეც მოწონს გუბაზს?
27 სექტემბერს «ქართულ მარშზე» ფორუმის ლიდერები საკუთარ შვილებთან ერთად გამოცხადდნენ. როცა 2003 წელს მაშინდელი რევოლუციონერები ბავშვებით გავიდნენ პარლამენტის წინ, ამით იმის ჩვენება უნდოდათ, რომ, «საფრთხის მიუხედავად, თავს სწირავენ», თუმცა ყველამ კარგად იცოდა, რომ შევარდნაძე მათ არ ესროდა _ არც უბავშვოდ და არც ბავშვიანად. დღეს, სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, აქციაზე ბავშვს რომ გაიყვან, ან ის ბავშვი არ გეცოდება, ან შენც იცი, რომ ხელისუფლება ხელს გახლებს.
გუბაზის განცხადებით, «ქართული მარში» ეროვნული ხასიათისაა, რომელიც თავის თავში პოლიტიკურ და სოციალურ თემატიკას აერთიანებს. აქციის მიზანი კი ხალხის მიერ ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილების დემონსტრირებაა. «უნდა დავანახოთ ყველას, რომ საქართველოში ქართველები კიდევ არსებობენ. ეს არის ქართველები საქართველოსთვის», _ დაამატა შარტავამ.
კითხვაზე, თუ რატომ არ მონაწილეობს აქციაში უფრო მეტი ადამიანი, მან უპასუხა, რომ ქართველებს ბრძოლა სწყურიათ და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან. რაც შეეხება იმას, თუ რას გულისხმობს გადამწყვეტი ბრძოლა, შარტავა აცხადებს, რომ ეს «ხელისუფლების ქმედებებზეა დამოკიდებული».
ჯერ კიდევ რევოლუციამდე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე გამოცემულ სააკაშვილის წიგნს სწორედ «გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის» ჰქვია. «მარშის» ორგანიზატორთა გამონათქვამებს თუ დაწურავთ, თქვენც იგივე გამოგივათ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სააკაშვილი საკუთარ ტაქტიკას არასოდეს განსაზღვრავდა იმდროინდელი «ხელისუფლების ქმედებების მიხედვით». რაც შეეხება «ქართველებს საქართველოსთვის», კიდევ ერთი ჭკვიანი ოპოზიციური ლიდერის არ იყოს, ქართველები «ხარისხიანებად და უხარისხოებად» რომ დაყო, არც ეს უნდა იყოს მართებული. აქციაზე ვინც არ გავიდა, ისინი საქართველოსთვის არ იღვწიან? «ჩემი და სხვისი მამაძაღლის» თემა ისე მოყირჭდა ყველას, რომ ამგვარ გამონათქვამებში მეტი სიფრთხილეა საჭირო.
ქართულ ოპოზიციას დღეს ყველაზე მეტად ნდობის დეფიციტის პრობლემა აქვს. ამას არც მარში უშველის და არც გასეირნება. კაცთან ერთად გასეირნებაზე შეიძლება უარი არ თქვა, მაგრამ ვიდრე მასთან ერთად გადამწყვეტ ბრძოლაში გახვალ, ათჯერ დაფიქრდები. მით უფრო, როცა რეცხვაში შემდგარი შალივით შემცირებული «ექვსიანის» წევრებიც კი არ ჩქარობენ ამის გაკეთებას. წინასწარ გთხოვთ, ამდენი იმედგაცრუების შემდეგ ამ მორიგ მსვლელობას «ვარდების» მოედნიდან სამების ტაძრამდე «გამარჯვებად» ნუ შემოგვასაღებთ, როგორც ამას სააკაშვილის რეჟიმი აკეთებს!
თამარ დავითულიანი
P.S. თუმცა არც ეს პიარსვლა არის სააკაშვილის ხელისუფლების გამოგონება; მარცხის გამარჯვებად გასაღება, ერთი და იმავე ლოზუნგების ხშირი გამეორება, ადამიანების გამოთაყვანება, ათასობით წელია, მმართველი რეჟიმების არსენალს შეადგენს. დევიზი «პური და სანახაობა», რამაც კარგა ხანს შეინახა რომის იმპერია, თანამედროვე მმართველებმა გააუმჯობესეს. ისინი ოპონენტებს ახლაც ფულს სთავაზობენ, ჩვენ კი _ სანახაობას. ოღონდ ეგ არის, ჩვენ «ბისს» არ ვიძახით, მაგრამ ისინი მაინც გაუთავებლად იმეორებენ ერთსა და იმავე წარმოდგენას!