Home რუბრიკები პოლიტიკა ბატონო ბიძინა, ესეც აშშ-ის ელჩმა გიბრძანათ?

ბატონო ბიძინა, ესეც აშშ-ის ელჩმა გიბრძანათ?

ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ, ანუ სემეკმა, რომელსაცქართული ოცნება” (აქაც და ქვემოთაც, სადაცქართულ ოცნებასვახსენებ, ბიძინა ივანიშვილი იგულისხმეთ და პირიქით) აკონტროლებს, კიდევ უფრო გაგვიძვირა ისედაც გაუსაძლისად მაღალი დენის ტარიფი.

ამის გამო და უფრო იქიდან გამომდინარე, რასაც ქვემოთ შევახსენებ მკითხველს, დიდი ეჭვის ქვეშ დგება ჩემ მიერ სრულიად საქართველოსთვის მილოცვის ლეგიტიმურობა: ერთი მუჭა ნაც-ქოცების, რომლებმაც კოჰაბიტირებულად “ლაჯებში ამოიდეს” ეს ქვეყანა, პლუს ბიძინას ბაგაზე დაბმული ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის გარდა, დანარჩენ საქართველოს მართლა არ ედღესასწაულება, რადგან ქართველი საზოგადოების უმეტესი და უკეთესი ნაწილი 2018 წელს ახალ-ახალი სატკივრის გაჩენას უფრო მოელის, ვიდრე ძველის მოშუშებას.

არადა, აი რას გვპირდებოდა (სხვა დაპირებებზე ქვემოთ) ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის არჩევნების წინ დენის ტარიფზე:

ასეთი დონის გადასახადები, რაც დღეს საქართველოში არსებობს, ხვალიდანვე შეძლება ამის განახევრება (სტილი ყველგან დაცულია. _ ..) ელექტროენერგია საქართველოს აქვს ძალიან იაფი, ბევრი ჰიდროელექტროსადგური გვაქვს და იქედან იაფი დენი იწარმოება, ძალიან დიდი რაოდენობის გაზი გვეკუთვნის უფასოდ, რამდენადაც ეს ტრუბა გადის ჩვენს ტერიტორიაზე, აზერბაიჯანიდან მიღებული კომერციული ფასიც ძალიან დაბალია (ბუნებრივი აირი ადრე გააძვირეს და კიდევ უფრო გაძვირებას დაგვპირდნენ. _ დ.მ.). ეს რომ ერთად დავაჯგუფოთ, უკეთეს შემთხვევაში გაზის გადასახადი დღევანდელის მესამედი გამოვა”.…

ბიძინას მეხოტბე, ქლესა, ე.წ. შემოქმედებით ინტელიგენციას ვეკითხები, ინტელიგენციას, რომელიც მამა-მარჩენალის ყველა ქმედებასა თუ უმოქმედობას “აპრავებს” ყოვლად უსუსური “არგუმენტით” _ “რა ქნას, ამერიკელები მილიარდებს გაუყინავენ”: დენისა და ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირებაც აშშის ელჩმა ბრძანა?

დაინტერესებულ მკითხველს ემახსოვრება, რომ მსგავს თემაზე თქვენი მონა-მორჩილი ზუსტად 2 წლის წინათ ვწერდი სტატიაში “ბიძოკიო” და დღეს შევახსენე საზოგადოებას მხოლოდ იმის საილუსტრაციოდ, რომ მას შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა რიგითი ქართველის ყოფა. აქედან გამომდინარე, სრულიად ლეგიტიმურია ზემოთ თქმული, რომ ქართველი საზოგადოების უმრავლესობას ნაღდად არ “ეპრაზდნიკება”, რადგან ხვალ უარესის მოლოდინი აქვს.

ჯერჯერობით არაფერს ვიტყვი ყოველი უბედურების სათავეზე, ე.წ. კოჰაბიტაციაზე, არასამთავრობო სექტორის ანტიეროვნულ საქმიანებაზე, სამართლიანობის არაღდგენასა და სხვა “უმნიშვნელო” რამე-რუმეზე, რასაც ბიძინა ივანიშვილის მეხოტბენი აშშ-ევროპის დიქტატს აბრალებენ (სამართლიანობა მოითხოვს, ვაღიაროთ, რომ არცთუ უსაფუძვლოდ) და მხოლოდ იმაზე ვისაუბრებთ, რაც ოდენ “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ნებაზე იყო და არის დამოკიდებული.

გახსოვთ, ალბათ, ბიძინა ივანიშვილის დაპირება იაფი ან სულაც უფასო მრავალწლიანი კრედიტების შესახებ.

იაფი კრედიტი კი არა, საქართველოს ბანკებს (ამ ყაჩაღებს, წურბელებს), რომელთა მიერ დაწესებული უზომოდ დიდი პროცენტების მძევალია ნახევარი საქართველო, ახალი ვირთხები დაემატნენ .. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ანუ, უფრო გასაგებად თუ ვიტყვით, მევახშეების სახით, რომლებიც .. სწრაფი სესხების მეშვეობით ბანკებს გადარჩენილ საქართველოს მეორე ნახევარს ხდიან სულს.

ახლა მავანი მეტყვის, _ შენც ნუ აიღებ ამ სწრაფ სესხსო, რაზეც მარტივი პასუხია:

როდესაც სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი გირაოს გარეშე, ინტერნეტით გთავაზობენ ფულს, ძნელია, უმედიკამენტო ავადმყოფმა ან მშიერი შვილების შემხედვარე ჯანმრთელმა კაცმა ცდუნებას გაუძლოს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ერთი კი წაიკნავლა პრემიერმა კვირიკაშვილმა: მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს გავაუქმებთო, მაგრამ, ეტყობა, დროზე მიუთითეს ხელისუფლებაში მოკალათებულმა მევახშეების “კრიშებმა” და კვირიკას კნავილი ტკბილად მოსაგონარ კნავილადვე დარჩა…

ამ კანტორების დახურვასაც აშშის ელჩმა დაადო ვეტო?

სად არის ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი, საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დაპირება საწვავის ფასის დაკლების შესახებ?

სააკაშვილის მთავრობას ბენზინის საფასურისგან ერთი ლარი სახლში მიაქვსო…

სად არის და, როგორც ბოროტი ენები ირწმუნებიან, ბენზინის მაფიოზები მისულან იქ, სადაც ჯერ არს და, რასაც ნაცებს ვუხდიდით, აწი თქვენ გადაგიხდითო! ჰოდა, ამათაც _ ერთი ხალხის დედაცო და ქოცებმა ნაცები ჩაანაცვლეს საზოგადოებისგან უჩუმრად და უმტკივნეულოდ

კიდევ ერთი წურბელა და ქვეყნის დამაქცევარი ე.წ. სითი პარკი.

თავის დროზე ამ შარაგზის ყაჩაღებს აშკარად კორუფციული კონტრაქტი 2025 წლამდე გაუფორმა ქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ, რომელიც ვადაზე ადრე გაათავისუფლეს პატიმრობიდან ნაცების “ნათლიმამის” _ ჯონ მაკეინის უშუალო მოთხოვნით და, კი ბატონო, როგორც ზემოთ შევპირდი ამ უნამუსო ქოცებს, ჯერჯერობით მხოლოდ “ქართული ოცნების” ქმედება-უმოქმედობის შესახებ ვისაუბრებთ _ რა, აშშმა გიბრძანათ, “სითი პარკსხელი არ ახლოთო?

ნიანგის ცრემლების ღვრას ჰგავდა ჯერ ნარმანიას და შემდეგ უკვე კალაძის ტირილი, “სითი პარკს” ვადაზე ადრე რომ გავუწყვიტოთ კონტრაქტი, 25 მილიონის ჯარიმის გადახდა მოგვიწევს და მაგას როგორ ვიზამთ, ხალხის ფულს ვერ გადავყრითო!

მართლაც, რომ იტყვიან, ენას ძვალი არ აქვს და, ჩემი მხრიდან დავამატებ: ქოცების უნამუსობას საზღვარი…

თქვე კაი ხალხო, ჯერ ერთი, რამდენ 25 მილიონს წაიღებენ 2025 წლამდე ეს ნაძირალები და მეორეც _ ხალხის ფულის დაზოგვაზე მაშინ იფიქრეთ, როდესაც ამ მშიერ-მწყურვალ საქართველოში უძვირეს მანქანებს ყიდულობთ, საქმიან მივლინებად წოდებულ “პაეზდკებში” დაეთრევით ევროპა-ამერიკაში და უნამუსოდ უწერთ საკუთარ დიპლიპიტო თავებს იმხელა პრემიებს, რომ უნებლიეთ ნოდარ დუმბაძის ლიმონა გაგახსენდება კაცს, _ მაინც სად მიგაქვთ ამდენი ფული, შპალერებად ხომ არ ხმარობთ, თქვე შობელძაღლებო?!

ბენზინის მაფიისა არ იყოს, ბოროტი ენები იმასაც ირწმუნებიან, რომ “სითი პარკის” შარაგზის ყაჩაღებიც მისულან იქ, სადაც ჯერ არს, და აქაც ქოცებს ჩაუნაცვლებიათ ნაცები…

კახა კალაძის გულშემატკივართა საყურადღებოდ, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ ქალაქის ახალი მერი ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებელ თამაშს ითამაშებს: მიუხედავად იმისა, ერთობ მცირე დრო გავიდა “მილანის” ყოფილი ფეხბურთელის ქალაქის მერად არჩევიდან, “დამოუკიდებელი თამაშის” პირველი “გოლები” უკვე აშკარად ჩანს _ ჯერ ერთი, “მშობლიური” იტალიიდან, “სულ რაღაც”, 3 მილიონ ლარად (ეტყობა, სილვიო ბერლუსკონიმ “გაუჩითა” იაფად) ისეთი განათება ჩამოიტანა საახალწლოდ მათხოვრებით (უუფ, შემეშალა), სიცოცხლით სავსე ქალაქში, რომ გარეთ მტერს უფსებს თვალს გაჩახჩახებული თბილისი და შიგნით _ მშიერ-მწყურვალ მოყვარეს.

და მეორე _ როგორც ჩანს, პრემიებისა და ხელფასზე დანამატების ყბადაღებული თემა სამუდამოდ დახურა “პატარა კახიმ” _ ერთი ხელის მოსმით მოუმატა ხელფასები მერიის თანამშრომლებს და იფიცება: აწი პრემიებს აღარ აიღებენო(?!).

ამის მოფიქრება არ გინდა?! პრემიები ხელფასებად აქცია, რითაც, ერთი მხრივ, საკუთარი გუნდის წევრები მოიმადლიერა და, მეორე მხრივ, სალაპარაკო თემა წაართვა ჟურნალისტებსა და ოპოზიციას.

ამას ჰქვია ორი კურდღლის ერთდროულად დაჭერა…

კატასტროფაა ფარმაცევტიკის სფეროში, რომელსაც, როგორც ყველა ბიზნესს საქართველოში, მაფია მართავს.

პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო ისედაც ლიდერი იყო მედიკამენტების სიძვირის თვალსაზრისით და ამას არა ყურმოკვრით, არამედ საკუთარი გამოცდილებით ვამტკიცებ: წამალი, რომელშიც აქ 240 ლარს ვიხდი, იმ რუსეთში, რომლის ლანძღვა-გინება ჩვენში არავის ეზარება, 100-110 ლარი ღირს.

საერთოდ კი, ბოლო ხანს მედიკამენტების ფასმა საქართველოში 35-40 პროცენტით მოიმატა.

ესეც აშშის ელჩმა ბრძანა, ბატონო ბიძინა?

აღარაფერს ვამბობ პენსიაზე, რომელმაც ვერ მიაღწია შეპირებულ 220 ლარს…

წინამდებარე წერილი ბატონი ბიძინას კიდევ ერთი, ამჯერად არა კონკრეტული, არამედ ზოგადი, მე ვიტყოდი, პოეტური დაპირების ციტირებით მინდა დავამთავრო:

პირველი წელიწადი იქნება რთული. მეორე წელი იქნება საგრძნობლად უკეთესი. მესამე წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი”, _ ეს ივანიშვილმა 2012 წლის 24 დეკემბერს განაცხადა და მართლაც, თუ ბიძინას “პოეზიას” ნაცებს მივუსადაგებთ, ქრონიკულად ქოსატყუილა ბიძინამ ამ შემთხვევაში ტყუილი რა თქვა? ხელისუფლების დაკარგვიდან პირველი წელი მართლაც ძნელად გადაიტანეს ნაცფაშისტებმა, მეორე _ საგრძნობლად უკეთესად, მესამე წელს საკუთარ ჯიბეზე იგრძნეს, რომ არაფერი მოჰკლებიათ, ხოლო მეოთხედან მოყოლებული დღემდე, იმის მაგივრად ციხეში ისხდნენ, ისე კარგად არიან, საარჩევნო ბანერებიდან გვეჯღანებიან, ხოლო ტელეეკრანებიდან ცინიკურად გვიკითხავენ ლექციებს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე

დავით მხეიძე

2 COMMENTS

  1. მართალს ბრძანებ ბატონო დავით მაგრამ რად გინდა არავის ესმის არც ამომრჩეველს არც ამორჩეულს,მიდის ცხოვრება ასე უფერულად და გაჭირვებულად.

  2. ელეონორა ღონღაძე.:
    მე გაძვირებული არ მომსვლია, რას გრმაგოგობთ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here