აი ასეთი “კომუნისტური” სულისკვეთების სათაური დავარქვი წინასაახალწლო სტატიას. დიახ, ზუსტად 1988 წელს მოვისმინეთ პირველად ფრაზა იმის შესახებ, რომ მთავარია, თავისუფლების გემო გავიგოთ და, თუ საკვები არ გვექნება, ბალახსაც შევჭამთ ქართველები. ვერაფერს იტყვით, ძალიან იოლად სათქმელი ფრაზაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც შიმშილი რეალურად არასოდეს გამოუცდიათ, მეტიც: ვერც ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ უხელფასობა, უსამსახურობა, შიმშილი და სიცივე ძალიან ახლოს ჩასაფრებული რეალური მოვლენებია.
სწორედ ასეთი იყო “საბჭოთა ქართველების” ის თაობა, რომელიც შემართებით ეტაკა სსრკ-ის, როგორც მათ ეგონათ, “ურყევი ბეტონისგან” ჩამოსხმულ საძირკველს და ნგრევა დაუწყო. სინამდვილეში, ეს ბეტონი უკვე “ზევიდან” იყო დანგრეული. უბრალოდ, მის რეალურ დამანგრევლებს სჭირდებოდათ, ხალხისთვის შეექმნათ ილუზია, რომ ამხელა დიქტატორულ სახელმწიფოს თვითონ ხალხი ანგრევდა და ამით ისტორიული მოვლენების მონაწილე ხდებოდა. დღეს ამას სამოსანი მოსწავლის დონეზე მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანიც კი ხვდება, იმხანად კი სხვა დრო იყო. მაშინ რუსეთს “ბორჯომის” გარეშე დატოვებით სრულიად სერიოზულად ვემუქრებოდით, ხოლო იმ ჭკვიან ადამიანებს, რომლებმაც გაბედეს და გვითხრეს, ამხელა ეკონომიკური კავშირების ასე ხელაღებით და ერთბაშად მოსპობა შიმშილს გამოიწვევსო, უყოყმანოდ დავარქვით ერის მოღალატეები და კრემლის აგენტები.
არაერთ ასეთ “მოღალატეს” ნერვიულობითა და უსამართლო მოპყრობით გულიც გავუხეთქეთ და იმქვეყნად გავისტუმრეთ. სამაგიეროდ, “ბალახის ჭამის” დაწყებიდან ოცდამეათე წელს ჯერაც გვმოძღვრავენ რეალური მედროვეები, მართლა გამყიდველები და ხალხის ბედის ფეხებზე დამკიდებლები. მაგალითად, გასულ კვირაში ტელეეკრანზე თვალი მოვკარი ბატონ გელა ჩარკვიანს. სხვა ბევრ თემასთან ერთად, ჟურნალისტი, რომელიც მისგან ინტერვიუს იღებდა, საქართველოს დამოუკიდებლობის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებსაც შეეხო და… გელა ჩარკვიანმა, არც მეტი, არც ნაკლები, ნამუსზე აგდება დაგვიწყო: “მხვდებიან ადამიანები, რომლებიც მეუბნებიან: რა მოგვიტანა თავისუფლებამ? რად გვინდოდა ეს დამოუკიდებლობა? მხოლოდ შიმშილი მივიღეთ, სხვა არაფერიო! სიმართლე გითხრათ, მიკვირს ასეთი ადამიანების, გაოგნებული ვარ. ჩვენ მივიღეთ ყველაზე მთავარი _ თავისუფლების გემო. თავისუფლებას არც ერთი საჭმლის გემო არ აქვს და ის ყველაზე მაგარი გემოა მათ შორის, რაც შეიძლება ოდესმე გავსინჯოთ!”
ძალიან შთამბეჭდავია, არა, ბატონი გელა ჩარკვიანის პათოსი?! ადამიანები საქართველოში ნამდვილად დაიხოცნენ შიმშილით ამ 30 წლის განმავლობაში. სხვათა შორის, ზოგიერთი “გონებამახვილის” გასაგონად, რომლებიც ამ მძიმე თემაზე ხუმრობასა და ღლაბუცსაც კი კადრულობს, მინდა ვთქვა, რომ შიმშილით სიკვდილი არ არის მხოლოდ ის, როდესაც ადამიანი იმ მოცემულ მომენტში საკვების მიუღებლობით გარდაიცვლება. წლების განმავლობაში არასრულფასოვანი, მწირი კვება ორგანიზმის გამოფიტვასა და უამრავ დაავადებას იწვევს, ხოლო შემდგომ ასეთი ადამიანების სიკვდილი, როგორ ფიქრობთ, შიმშილით სიკვდილის კატეგორიას აღარ მიეკუთვნება? შედეგი კი, რომელიც რეალურად მივიღეთ “ბალახის ჭამიდან” ოცდამეათე წლის თავზე, არის საქართველოს განახევრებული მოსახლეობა. აღარაფერს ვამბობ იმქვეყნად წასულებზე და, ვინც ცოცხალი დავრჩით, ისინიც უცხოეთში წასულებად და სამშობლოში დარჩენილებად ვიყოფით. ემიგრანტები საშინელი ფიზიკური დატვირთვის ფასად შოულობენ ლუკმაპურს, ხოლო აქ დარჩენილები ან ემიგრანტების ხარჯზე ვართ, ან იძულებული ვხდებით, მართლაც მათხოვრულ ანაზღაურებაზე დღე და ღამე გავასწოროთ.
“ბალახი” მართლაც ვერ გამოდგა საკვებად. ეს უკვე დავადგინეთ, რაც შეეხება თავისუფლების გემოს, საკითხავია: ეგ გემო საიდან უნდა გაგვეგო? საბჭოთა უღლისგან გათავისუფლებული საქართველო ახლა უკვე ამერიკის ელჩს უთანხმებს, დილით რომ გაიღვიძებს, საწოლიდან ჯერ მარცხენა ფეხი გადმოდგას თუ მარჯვენა. ეს არის თავისუფლება? ჰოდა, აბა, რანაირად უნდა გაგვეგო იმის გემო, რაც არ გვაქვს და არც არასდროს გვქონია? სიმართლე გითხრათ, ვერც მომავალ უახლოეს თაობებს ვუწინასწარმეტყველებ ასე თამამად თავისუფლების გემოს გაგებას. როგორც ჩანს, ამ გემოს მხოლოდ ისინი იგებენ ხოლმე, ვისაც რეალურადაც არასდროს მოშიებია.
როგორც ჩანს, მწვადითა და დელიკატესებით კარგად “გამოსკდომის” მერე უფრო შეიგრძნობა ეგ გემო, თორემ მშიერი ადამანისგან არასდროს მსმენია, _ თავისუფლების გემო გავიგეო.
საზოგადოდ, დღევანდელ საქართველოში ძალიან მოდურია ყველაფრის გადაბრალება საბჭოთა წარსულისთვის და თავის გასაღება “კომუნისტებისგან დევნილ და შვიწროებულ წამებულად”. დაახლოებით ამავეს ცდილობს ჩარკვიანების, ფანჯიკიძეების, ბუღაძეებისა და სხვა საბჭოთა ნომენკლატურული ინტელიგენციის ოჯახების წარმომადგენლები. ლაშა ბუღაძე კი, ქვას რომ ფეხი წამოჰკრას და დაეცეს, ამასაც “საბჭოთა ინერციას” აბრალებს. საბოლოოდ ირკვევა, რომ კომუნისტების მმარველობის პერიოდში ყველა კომუნისტებს ებრძოდა. აი, ასეთი პარადოქსული ვითარება გვაქვს _ ვინც კი კომუნისტების მთავრობაში იყო, ვისაც კომუნისტები ხელის გულზე ატარებდა, ვაკეში ბინებს აძლევდა, სქელტანიან წიგნებს გამოუცემდა, შემოქმედებით მივლინებებში უშვებდა და წარმოუდგენლად მაღალ ჰონორარებს უწერდა _ აი ესენიც კი “დევნილები” ყოფილან კომუნისტებისგან და თვითონაც ებრძოდნენ თურმე კომუნისტებს! თუმცა, თუ მთავრობაში მყოფებიც, ხელოვნების სფეროში წარჩინებული პიროვნებებიც და, საერთოდ, ყველა სფეროში თანამდებობებზე მომჯდარი ხალხი კომუნისტებს ებრძოდა, მაშ, თვით ეს კომუნისტები ვინღა იყვნენ?! ეს ხალხი საკუთარ თავს ებრძოდა თუ რაშია საქმე?! ეს კომუნისტები რაღაც არამიწიერი სუბსტანცია ყოფილა, რომელსაც ყველა ებრძოდა, მაგრამ ისინი მაინც მართავდნენ ქვეყანას?
საზოგადოდ, “ბრძოლის ჟინი” რომ გვკლავს ქართველებს, როგორც ჩანს, ეს არის ჩვენი მთავარი უბედურება, ანუ, გარდა იმისა, რომ 30 წელიწადი გადის მას შემდეგ, რაც თავისუფლებისა და “ბალახის გემოს” გაგება გადავწყვიტეთ, ამასთანავე, ზუსტად ამდენივე წელიწადი გადის მას შემდეგაც, რაც ჩვენს მტრებს ზედიზედ “ვაჩმორებთ”, მაგრამ საბოლოოდ წაგებული მაინც ჩვენ ვრჩებით.
ერთ საღამოს რომელიღაც ტელეარხმა ქართველთა შორის შეუთანხმებლობასა და აგრესიას მიუძღვნა გადაცემა. ტელევიზორის ხმა გვერდითა ოთახიდან გამოდიოდა, არ მიყურებია და ამიტომ ვერ გეტყვით, რომელი ტელეარხი იყო. მთავარი არის ის, რომ ჩემი ყურით მოვისმინე ფრაზა: “ზვიად გამსახურდია სწორ და ხისტ პოლიტიკას ატარებდა რუსეთის მიმართ. ხომ გახსოვთ, მან აიძულა ელცინი, ჩამოსულიყო ჩვენს ტერიტორიაზე, კერძოდ, ყაზბეგში, აქ გაემართა მოლაპარაკებები და რუსეთი იძულებული შეიქნა, ეღიარებინა საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების კანონიერება”.
სიმართლე გითხრათ, “ქართველა შორის აგრესიის” თემაც, საზოგადოდ, გადაჭარბებული მეჩვენება, რადგან მსგავსი ამბები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ხდება, თუმცა ამ თემის განხილვას ახლა არ ვაპირებ. მინდა, უბრალოდ, თქვენი ყურადღება მივაქციო მოყვანილ ციტატაში სიტყვებს “ელცინი აიძულა” და “რუსეთი იძულებული შეიქნა”. აი, აქ ჩანს ყველაზე ნათლად, რატომ არ აქვს საქმე კარგად ჩვენს ქვეყანას, უკვე 30 წელიწადია, და, თუ ასე განვაგრძეთ, წინ უარესი “პერპსპექტივა” გველის.
აბა, დაუკვირდით: თურმე მაშინ, ჩვენი “დამოუკიდებლობის” გარიჟრაჟზე, ჩვენმა მეზობელმა უზარმაზარმა სახელმწიფომ და ჩვენმა ყოფილმა დამპყრობელმა პატივი კი არ გვცა, მისი მეთაურისგან ჩვენს ტერიტორიაზე მოსალაპარაკებლად ჩამოსვლა ჩვენდამი პატივისცემის გამოხატულება და კეთილი ნების ჟესტი კი არ იყო, არამედ ჩვენ, კონკრეტულად კი ჩვენმა პრეზიდენტმა იგი “აიძულა”, “დააჩმორა”, “ყურით ჩამოათრია” და მერე, ალბათ, “პანღურის კვრითაც” გაისტუმრა, ხო?
ხომ არ გაგონებთ ყოველივე ეს 2008 წლის ამბებს, კერძოდ, იმას, როდესაც ვლადიმერ პუტინმა განკარგულება გასცა ჯერ გორიდან, შემდეგ კი საჩხერის რაიონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის თაობაზე და ორივე შემთხვევაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა და მიხეილ სააკაშვილმა აჟიტირებული განცხადებები გააკეთეს _ აი, რუსეთს შეეშინდა ჩვენი ზეწოლის და ჯარები გაჰყავსო.
თუმცა შედარება მთლად ზუსტი მაინც არ არის, ვინაიდან მაშინ, როდესაც ზვიად გამსახურდია “აჩმორებდა” რუსებს, მართლაც გაცილებით უკეთესი “საწყისი პოზიციები” გვქონდა და სულელურ-მეტიჩრული გამოხდომები რომ არ დაეწყო საქართველოს ხელისუფლებას, შეიძლება უკეთესად წასულიყო ჩვენი საქმე.
იმხანად სოხუმს ჯერ კიდევ სრულად აკონტროლებდა საქართველოს ცენტრალური მთავრობა, ხოლო, ცხინვალის ავტონომიის გაუქმებაზე თანხმობის სანაცვლოდ, რუსეთმა პირობა ჩამოგვართვა, რომ არ ჩავერეოდით მის საშინაო საქმეებში, კერძოდ, ჩეჩნეთის ამბებში და არ გამოვაცხადებდით ჩრდილო-ატლანტიკურ სამხედრო ალიანსში შესვლის სურვილს.
როგორც კი ელცინი საქართველოდან წავიდა, ატყდა ზვიად გამსახურდიას ქება-დიდება: ნახეთ, რა მაგარია ჩვენი ზვიადი, როგორ აიძულა რუსეთის პრეზიდენტი, საქართველოში “ჩამოთრეულიყო” და ჩვენს ყველა პირობაზე დათანხმებულიყოო. მიდი, ზვიად, მიაწექი, აწი ეგეთი შანსი აღარ გვექნება, რუსეთი ბოლომდეა გატეხილი და გადავუაროთო. ამით გაბრიყვებულმა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობაც სცნო და საქართველოში ჩეჩნეთის წარმომადგენლობაც გახსნა, ნატოში შესვლის სურვილიც არ დამალა და რუსეთს მუქარაც კი შეუთვალა. ერთი სიტვით, “ჭკვიანმა” საქართველომ “ბრიყვი” რუსეთის “გადაგდება” სცადა.
საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ რუსეთმა, ცხინვალის გარდა, სოხუმშიც “აგვიფეთქა” სიტუაცია. მოგვიანებით, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, როდესაც კიდევ ერთხელ დავიყოლიეთ რუსეთი, ცხინვალში სიტუაცია “დაეკონსერვებინა”, ხოლო სოხუმში დაეწყნარებინა, ისევ და ისევ ჩავთვალეთ, რომ რუსეთმა განა დაგვითმო, არამედ დავაჩმორეთ. შედეგად სოხუმ–ცხინვალის დე ფაქტო დაკარგვა მივიღეთ.
ხოლო, როდესაც “რუსეთის დაჩმორება” ასევე “წარმატებით” განაგრძო მიხეილ სააკაშვილმა, უკვე ამ ტერიტორიების რუსეთისგან დე იურედ აღიარების ფაქტის წინაშეც დავდექით…
ახლა უცებ რომ ჩამოვიდეს თბილისში ვლადიმერ პუტინი, გვითხრას, დაგიბრუნებთ სოხუმსაც, ცხინვალსაც, მოდით, დავსხდეთ, მოვილაპარაკოთ, ჩვენი ინტერესებიც გარკვეულწილად გაითვალისწინეთ და ვიცხოვროთ მშვიდადო, როგორი რეაქცია ექნება საქართველოს ხელისუფლებას და ქართველთა არცთუ მცირე ნაწილს?
აუცილებლად ატყდება აჟიოტაჟი: “რუსებმა ჩაისვარეს! ნახეთ, ბოლოს და ბოლოს, საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო! რუსეთის იმპერია დავამარცხეთ! დედა ვუტირეთ! პუტინი აქეთ გვეხვეწება მშვიდობას! ე, ბიჯო, ბოლომდე გადავუაროთ, სანამ დროა და სანამ აზრზე მოსულან!”
არა, რა თქმა უნდა, ისეთი გულუბრყვილო არც მე ვარ, რომ პუტინისგან ასეთი ნაბიჯის შესაძლებლობა ამ პირობებში დავუშვა და არც პუტინია მიამიტი, რომ ეს ნაბიჯი გადმოდგას ქართულ სახელმწიფოსთან მრავალწლიანი ურთიერთობის გამოცდილების გათვალისწინებით. უბრალოდ, მინდოდა, დამენახვებინა, რა არის ჩვენი ძირითადი უბედურება და რა პრობლემა გვჭირს ცნობიერებაში ქართველ საზოგადოებას.
ჩვენ არ შეგვიძლია, თუნდაც ფორმალურად, მადლობა გადავუხადოთ მეზობელ და ძლიერ სახელმწიფოს მისი მხრიდან გადმოდგმული კეთილი ნების ნაბიჯის გამო, თუნდაც ამ ნაბიჯს მართლაც განაპირობებდეს არა “კეთილი ნება”, არამედ სხვა ფაქტორები. ის კი არ ვეძახოთ: “დაგაჩმორეთო” და კი არ ვაიძულოთ, პრესტიჟი დაიცვას, არამედ შევაფასოთ ამ სახელმწიფოს ხელისუფლების მხრიდან დათმობები “კეთილ ნებად” და ამით ჩვენც ჩვენთვის სასარგებლო შესაძლებლობების მაქსიმუმი მივიღოთ.
არა, უაზრო სიამაყე ამის უფლებას არ გვაძლევს და აუცილებლად “მტერი დავამარცხეთ!” პოზაში უნდა ჩავდგეთ.
ცნობისთვის: სომხეთმა უკვე მოაწერა ხელი ევროკავშირის ქვეყნებთან ზუსტად ისეთივე ხელშეკრულებას, როგორსაც ჩვენ “შალახო” ვუცეკვეთ თავის დროზე და დიდი სიხარულით ვაუწყეთ ერს, რომ აი, მართალია, სოხუმი და ცხინვალი დაკარგუალია, მაგრამ, სამაგიეროდ, რუსეთთან მკაცრი პოზიციის გამოხატვითა და ყოველგვარ რუსულზე უარის თქმით ისე მოვხიბლეთ ევროპელები, რომ ასეთი “ოქროს ხელშეკრულება” გაგვიფორმეს და ვიზალიბერალიზაციაც მოგვცეს.
არადა, სომხეთს ყარაბახი, დაკარგული კი არა, მოპოვებული აქვს; ხოლო რუსეთთან არათუ, უბრალოდ, რაიმე სტრატეგიული ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, არამედ ერთიანი შეიარაღებული ძალების შექმნაზეც საუბრობს, პარალელურად კი, ევროპასთან ზუსტად ისე მეგობრობს, როგორც ჩვენ.
ვისწავლით ოდესმე ჭკუას? არა მგონია! ჩვენ ხომ ისევ და ისევ დაჟინებით ვიმეორებთ სწორედ იმ “დიადი პოლიტიკოსის” სიტყვებს, რომელმაც თავის დროზე სამტრედიასთან რუსეთს “ბლოკადა” გამოუცხადა მათი “უბორჯომოდ” დატოვების მიზნით და მასავით უაზროდ გავიძახით: “შედეგი გვაქვს უზარმააზარი!”
და თანაც _ გელა ჩარკვიანის მსგავსნი, ყოველთვის ყველა ბოთლზე ფომფლოდ მორგებულები, გვასწავლიან, როგორია “თავისუფლების გემო”…
მრავალ ახალ წელს!
ბაკურ სვანიძე
თითქმის 100%-იანია. თითქმის იმიტომ რომ:
1. (რაშიც მე მგონი ავტორი 100%-ით მეტანხმება) რაც არ უნდა მიუღებელი ყოფილიყო ზვიად გასახურდიას ზოგიერთი ნაბიჯი, საკუთარი სამშობლოსთვის ტყვიის სროლა ყოველთვის იყო და არის უმძიმესი ცოდვა – და რომ საქმე აქამდე მივიდოდა 1991-1992-ში ყველა ნორმალურად მოაზროვნესთვის ცხადი უნდა ყოფილიყო, განსაკუთრებით 1992-ის დეკემბერში. ამ ადამიანებს (“პუტჩისტებს”), ვინც ჯერ კიდევ ამ ქვეყნადაა, კიდევ აქვთ შესაძლებლობა მოინანიონ – ამ სიტყვის ეკლესიური გაგებით.
2. რუსეთთან მომავალი ურთიერთობის საფუძველი ვეღარ იქნება პოლიტიკა. ისე ჩანს, რომ მსოფლიო ისტორია განსაკუთრებულ მეტაფიზიკურ ფაზაში შევიდა – მას სასიცოცხლო ძალების ამოეწურა, რისი პირველი ინდიკატორია ლგბტქ და მეორე მანიშნებელია პოლიტიკურ/ეკლონომიურ/სამხედრო/ეკოლოგიური კატაკლიზმების მოახლოების საყოველთაო განცდა. ერთი ძლიერმა შენჯღრევამ შეიძლება უცბად გამოგვაფხიზლოს ქართველებიც და სხვა მართლმადიდებლებიც – სანამ ისტორიის ფინალური და უკიდურესად დაძაბული ეტაპი დაიწყება. ნეტავი ეს შენჯღრევა სისხლით სავსე არ აღმოჩნდეს.
კი,კი!
30 წელია ხალხს აბოლებენ და ამ აჯაფსანდალში ცხოვრებას მე და საქართველოს 80%-ს ისევ საბჭოთა კავშირი და რუსეთი გვირჩევნია როცა ხვალინდელი დღის არ გვეშინოდა!!უბრალოდ ისეთი სიტუაციაა შექმნილი ხელოვნურად რათქმა უნდა,რომ ხმააღლა ამის თქმა ყველას ეშინია!!!!!
30 წელია ხალხს აბოლებენ და ამ აჯაფსანდალში ცხოვრებას მე და საქართველოს 80%-ს ისევ საბჭოთა კავშირი და რუსეთი გვირჩევნია როცა ხვალინდელი დღის არ გვეშინოდა!!უბრალოდ ისეთი სიტუაციაა შექმნილი ხელოვნურად რათქმა უნდა,რომ ხმააღლა ამის თქმა ყველას ეშინია!!!!! გამომქვეყნეთ!!არ დაბლოკოთ
მე არ მეშინია და ყველგან ვამბობ რომ საბჭოთა კავშირი ქართველებისთვის საუკეთესო ვარიანტი იყო
სან ფრანცისკოს:- კანონიერი ხელისუფლებისთვის ზარბაზნის სროლა ყოველთვის დანაშაულია, ნებისმიერ ვითარებაში. გეთანხმებით.