გერმანიიდან ნებაყოფლობით წამსვლელებისთვის, რომლებსაც თავშესაფარზე უარი უთხრეს, პრემიის მიცემა არის “ფრიად გონივრული ღონისძიება”, _ განუცხადა Bild –ის კორესპონდენტს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას დე მეზიერმა. “ბოლოს და ბოლოს ეს გერმანელი გადამხდელების ინტერესებშია”, _ აღნიშნა მან და დასძინა, რომ წლეულს გერმანიაში უკვე ჩავიდა 173 ათასი ლტოლვილი.
“დახმარებას ნაღდი ფულით ხელზე კი არ მიიღებენ, არამედ მხოლოდ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. ფული იქ უნდა დახარჯონ ბინის ყიდვაში ან მის კეთილმოსაწყობად”, _ ხაზი გაუსვა მინისტრმა.
თომას დე მეზიერმა განაცხადა, რომ იმ ხარჯთან შედარებით, რომელსაც გერმანია გაიღებს ლტოლვილების დახმარებისთვის ხანგრძლივი დროის განმავლობაში, პრემიების ოდენობა “უმნიშვნელოა”. აქვე დასძინა, რომ ეს თანხა არ უნდა იყოს იმდენად დიდი, რომ “ადამიანები ჩამოვიდნენ ამ ფულის მისაღებად”.