Home რუბრიკები პოლიტიკა ისლამის გარემოცვაში მოქცეულ საქართველოს მხოლოდ ებრაელებთან სამიათასწლიანი ძმობა ვერ დაგვიცავს

ისლამის გარემოცვაში მოქცეულ საქართველოს მხოლოდ ებრაელებთან სამიათასწლიანი ძმობა ვერ დაგვიცავს

იერუსალიმი

გასულ კვირაში რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა განცხადებამ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ის მოჩვენებითი ინტრიგაც მოკლა, რომელიც, ასე თუ ისე, სუფევდალიბერალური რუსეთის”, ანუ იქაური მეხუთე კოლონის ოცნებებში. პუტინის ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის სულერთი დასავლეთისთვის, რადგან .. არასისტემური, გნებავთ, პროდასავლური, ნეოლიბერალური ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატების _ გრიგორი იავლინსკისა და ქსენია სობჩაკის _ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილის მომგვრელია, რადგან იავლინსკისა და სობჩაკს, რომელთა წინასაარჩევნო სლოგანი უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნებაა, არათუ გამარჯვების, არამედ მეორე ადგილზე გასვლის თეორიული შანსიც არ აქვთ.

გაცილებით უარესადაა ძია სემის საქმე რუსეთში რევოლუციური და საპროტესტო მუხტით ვითარების დესტაბილიზაციის მხრივ, რადგან ამ ურეიტინგო (მათი რეიტინგი დაახლოებით ისეთია რუსეთში, როგორიც ჩვენში _ რესპუბლიკელების) კანდიდატების მონაწილეობა მომავალ არჩევნებში მხოლოდ ერთგვარი რეფერენდუმი იქნება, რომლის შედეგებით გაირკვევა, რფ-ის მოსახლეობის რამდენი პროცენტი უჭერს მხარს ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნებას, ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონებას და სხვა ნეოლიბერალურ “ღირებულებებს”…

სიტყვამ მოიტანა და, ქართველი საზოგადოების უმრავლესობისთვის “უხსენებელი” რესპუბლიკური პარტია ვახსენე, რითაც გარკვეულწილად პარალელი გავავლე ჩვენსა და რუსეთს შორის და, აჰა, კიდევ ერთი _ დასავლეთი (აშშ) ზუსტად ისევე ცდილობს ნეოლიბერალური პოლიტიკური ძალების გაძლიერებას რუსეთში, როგორც საქართველოში, მაგრამ, თუ ჩვენში, ამ მხრივ, მეტ-ნაკლებად მიაღწიეს წარმატებას (ეკლესიის დისკრედიტაცია, პატრიოტული სულის ჩაკვლა ახალგაზრდებში და ა.შ), რადგან საქართველოს არ ჰყავს ეროვნული ხელისუფლება (პარლამენტის სპიკერი რომ იტყვის: არ მესმის ქართული ცნობიერება რას ნიშნავსო, საერთოდ, რომელ ეროვნულ ხელისუფლებაზეა საუბარი?!), რუსეთში უკუშედეგი მიიღეს, რადგან კრემლში რუსეთის პატრიოტი ხელისუფლება ზის, რომელსაც ეროვნული ლიდერი ვლადიმერ პუტინი უდგას სათავეში.

აქედან გამომდინარეა, რომ ეკონომიკურმა, აგრეთვე, დოპინგსანქციამ (თუ შეიძლება ასე ითქვას), რომლის ძალითაც რუსეთის ნაკრები სამხრეთ კორეაში გასამართი ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან მოკვეთეს, რაც, ალბათ, უპრეცედენტო ფაქტია, არათუ დასცა ვლადიმერ პუტინის რეიტინგი, არამედ პირიქით _ ეკონომიკური სანქციების გამო შეჭირვებული მოსახლეობა, არათუ ქუჩაში გამოვიდა იაფი ძეხვის მოთხოვნით, რისი დიდი იმედიც ჰქონდათ სანქციების დამწესებელთ, არამედ ლიდერის გარშემო უფრო მეტად შეიკრა. ამას მოწმობს დასავლეთის ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგები, რომელთა მიხედვით რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ენდობა და მხარს უჭერს პრეზიდენტ პუტინს და, რაც მთავარია, ახალგაზრდებს შორის გამოკითხულთა 70%(!) მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას.

რუსი ხალხი მშვენივრად ხვდება, რომ რუსეთისთვის ბოლო პერიოდში დაწესებული ეკონომიკური სანქციები სინამდვილეში პირადად ვლადიმერ პუტინთან ბრძოლაა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში და ამიტომ არ გამოდის წითელ მოედანზე პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. ხატოვნად თუ ვიტყვით, კუჭმა ვერ აჯობა გონებას… ეს _ რაც შეეხება რუსეთში არსებულ პოლიტიკურ მოცემულობას და ახლა ვნახოთ, როგორ გეოპოლიტიკურ ფონზე განაცხადა ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტობის კიდევ ერთ ვადაზე კენჭისყრის სურვილი: უაღრესად დაძაბული ვითარება ჩრდილოეთ კორეაში _ აშშ-ის ქორი პოლიტიკოსები თუ სამხედროები, სრული სერიოზულობით განიხილავენ ამ სახელმწიფოს განადგურების ვარიანტებს, მათ შორის, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით; რუსეთის სამხედრო სარდლობის პატაკი მთავარსარდალ ვლადიმერ პუტინს, რომ მისი ბრძანება სირიის ტერიტორიაზე ისლამისტი ტერორისტების განადგურების შესახებ შესრულებულია. რუსეთის იარაღისა და პოლიტიკის გამარჯვება რეგიონში ავტომატურად აშშ-ის მარცხს ნიშნავს და იქნებ სწორედ ამიტომ “ააფეთქა” დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთი, როცა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა, რათა სირიაში განცდილი პოლიტიკურ-სამხედრო მარცხის ნიველირება პალესტინა-ისრაელის მრავალწლიანი კონფლიქტის ექსკლუზიურად დაშოშმინებით შეძლოს დასავლური სამყაროს თვალში, რომლის უპირობო ლიდერობაზე აშშ-ის პრეტენზიას ბოლო პერიოდში, რომ იტყვიან, წყალი შეუდგა.

ვინც ოდნავ მაინც იცნობს უახლეს ისტორიას, დამეთანხმება, რომ მსგავს “გადათამაშებას” ახლო აღმოსავლეთში ნულოვანი პერსპექტივა აქვს, რადგან მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომში ყოფილ მოკავშირეებზე იოსებ სტალინის აშკარა ზემოქმედებით ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა (1947 წელს), ისრაელში მშვიდობა, როგორც ასეთი, 70 წელიწადია, ერთობ პირობითი ცნებაა _ პატარ-პატარა შეტაკებები არაბთა და ებრაელთა შორის ლამის ყოველდღიური “რუტინაა”, რომლებიც ორჯერ გადაიზარდა ე.წ. ინტიფადაში, ანუ მრავალწლიან პერმანენტულ სისხლიან შეტაკებებში, ტერორისტულ აქტებში, პრაქტიკულად, ომში (პირველად _ 1987-1993 წლებში, ხოლო მეორედ _ 2000-2005 წლებში) და ახლა პალესტინელები მესამე ინტიფადათი იმუქრებიან, რაც, ანალიტიკოსთა აზრით, რეალური პერსპექტივაა საპროტესტო აქციებით მოცულ ისრაელსა და პალესტინაში.

ზემორე თქმულთან კონტექსტშია განსახილველი დაუგეგმავი შეხვედრა პუტინსა და ჩინეთის სამხედრო ხელმძღვანელობას შორის, რომელიც 8 დეკემბერს გაიმართა კრემლში, სადაც, სავარაუდოდ, რუსეთ-ჩინეთის პოლიტიკურ-სამხედრო ერთობლივ ქმედებებზე იქნებოდა საუბარი აშშ-ის მიერ ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო ინტერვენციის დაწყების შემთხვევაში. ცხადია, რომ ერთი მხრივ, ჩინეთს, როგორც კორეასთან ტერიტორიულად ახლო მყოფი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება აშშ-ის შესაძლო სამხედრო ინტერვენცია ჩრდილოეთ კორეაში, მიუხედავად იმისა, ბირთვული იქნება ინტერვენცია თუ არაბირთვული, და, მეორე და მთავარი კი გახლავთ რუსეთი, რომელიც სირიაში სამხედრო-პოლიტიკური გამარჯვებით ტრიუმფით დაბრუნდა გეოპოლიტიკაში, სამომავლოდ ნამდვილად აღარ აპირებს, არც კორეაში და არც სხვაგან შორიდან დამკვირვებლის პოზაში ყოფნას.

ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე ჩინეთის სამხედრო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენერალ-პოლკოვნიკმა ჩჟან იუსიამ რუსეთის პრეზიდენტს ეროვნული გმირი უწოდა და აღნიშნა, რომ 2013 წლიდან დღემდე რუსეთის პრეზიდენტი და ჩინეთის პირველი პირი სი ძინპინი 24-ჯერ(!) შეხვდნენ ერთმანეთს.

ეს _ რაც შეეხება ლამის 1,5-მილიარდიან ჩინეთს, ამას დავუმატოთ დაახლოებით ამდენივე მოსახლეობის მქონე ინდოეთი, რომელთანაც რუსეთს კარგი ურთიერთობა აქვს, და ისიც, რომ რუსეთი დედამიწის ხმელეთის 1/8-ზეა გადაჭიმული და ეს ყველაფერი მცირე ლირიკული გადახვევა გამოვა რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკურ იზოლაციში მოქცევაზე მეოცნებეთა საყურადღებოდ. პოლიტიკაში არ არსებობს შემთხვევითი ქმედებები, მით უმეტეს, ჟესტები, რადგან მათ, როგორც წესი, სიმბოლური დატვირთვა აქვს და, ამ მხრივ, მართლაც სიმბოლურია, რომ ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ნიჟნი-ნოვგოროდიდან განაცხადა. სწორედ ნოვგოროდიდან დაიწყეს დიმიტრი პოჟარსკიმ და კუზმა მინინმა 400 წლის წინათ მოსკოვზე მსვლელობა, საიდანაც კინწისკვრით გაყარეს პოლონელი ინტერვენტები, დაასრულეს “ველიკაია სმუტად” წოდებული მრავალწლიანი განუკითხაობა რუსეთში და დასაბამი მისცეს იმ ძლევამოსილი სახელმწიფოს შექმნას, რომელიც დღეს რუსეთის იმპერიად არის ცნობილი.

ისტორია მეორდება _ 2000 წელს რუსეთის პრეზიდენტად ახალარჩეულმა ვლადიმერ პუტინმა შეძლო სსრკ-ის დაშლის შემდეგ რუსეთში შექმნილი “ველიკაია სმუტას” დასრულება, რომელსაც საპრეზიდენტო პირველი ვადა მთლიანად მოუნდა; შემდეგ, 2007 წელს, მეორე ვადით არჩეულმა, მიუნხენში განაცხადა, რომ რუსეთი ერთპოლუსიან მსოფლიოში აშშ-ის პარპაშის გულხელდაკრეფილი ყურებას აღარ აპირებდა, და ბოლოს, მესამე საპრეზიდენტო ვადის მიწურულს, მთავარი დაპირება შეუსრულა რუს ხალხს _ მისი უსაფრთხოება დაცულია. და ახლა, გეოპოლიტიკაში ღირსეულად დაბრუნების შემდეგ და მეოთხე ვადით არჩევის წინ, ვლადიმერ პუტინისთვის მთავარი გამოწვევა რუსეთის ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაა.

პრეზიდენტობის მეოთხე ვადის მიწურულს პუტინი 72 წლის იქნება, ანუ პოლიტიკოსისთვის გაფურჩქვნის ასაკში და, თუ რუსეთის ეროვნულმა ინტერესებმა მოითხოვა, სრულიად შესაძლებელია, მეხუთე ვადითაც აირჩიონ. მით უმეტეს, რომ მსგავსი “არადემოკრატიული” ნაბიჯის მაგალითი დემოკრატიის მამა აშშ-მა მოგვცა, როდესაც გასულ საუკუნეში ფრანკლინ დელანო რუზველტი ოთხჯერ აირჩიეს აშშ-ის პრეზიდენტად. ჰოდა, სადაც ოთხი, იქ მეხუთეც _ ვლადიმერ პუტინს, მის მიერვე აღმოჩენილი სუვერენული დემოკრატიის დოქტრინის მიხედვით, არც მეხუთე ვადაზე წასვლა გაუჭირდება.

დავით მხეიძე

P.S. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ სად არის ჩვენი ინტერესი და ადგილი ამ უსწორმასწორო გეოპოლიტიკაში? ყოველ შემთხვევაში, არა იქ, რომელზეც ერთმა ქოცმა დეპუტატმა მიგვითითა და გვირჩია, ჩვენისტრატეგიული მოკავშირეაშშის პრეზიდენტის კვალად, სასწრაფოდ გვეღიარებინა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად. არადა, ამის გამო აშშის ვასალმა ევროპამაც კი გაბედა უკმაყოფილების გამოხატვა. აქეთ ისლამური სამყარო დრტვინავს, თურქეთის მეთაურობით. არც აზერბაიჯანი და რფის სუბიექტი ჩრდილოეთი კავკასია დაგვავიწყდეს. ისლამის გარემოცვაში მოქცეულ საქართველოს მხოლოდ ებრაელებთან სამიათასწლიანი ძმობა ვერ დაგვიცავს. მით უმეტეს, რომ ამას წინათ შუაგულ თბილისში ვნახეთ, როგორი დაცულებიც ვართ ისლამისტი ტერორისტებისგან. ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: ერთადერთი, რისი და ვისი აღიარებაც გვარგებს ქართველებს, ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლაა, რაც ხვალ თუ ზეგ უთუოდ წაგვადგება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში.

ხოლო, თუ რუსეთის ფარვატერში ყოფნის სურვილი ან ერთი უხერხული ადგილი არ გვაქვს, მაშინ ამ უხერხული ადგილის თამაშს მაინც დავანებოთ თავი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here