Home ახალი ამბები მსოფლიო ტრამპის გადაწყვეტილებამ არაბული სამყარო ყალყზე შეაყენა

ტრამპის გადაწყვეტილებამ არაბული სამყარო ყალყზე შეაყენა

ტრამპი

ლაპარაკია, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან “წმინდა ქალაქში” უნდა გადავიდეს.

The New York Times -ი წერს, რომ საელჩოს იერუსალიმში გადატანას უკვე შეუდგნენ. დონალდ ტრამპის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების გადავადება დაამუხრუჭებდა რეგიონში კონფლიქტის მშვიდობიანად მოწესრიგების საქმეს. ამიტომ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკლ პენსი დღე-დღეზე ესტუმრება ისრაელს, რათა “დაადასტუროს ჩვენი მოვალეობა” ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების თაობაზე.

ამ გადაწყვეტილებამ არაბეთისა და ევროპის ლიდერების უმწვავესი კრიტიკა გამოიწვია. რომის პაპმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილებას შეიძლება მოჰყვეს ძალადობის ტალღა  რეგიონში.

Financial Times -ი წერს, რომ ამერიკის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება არის “დიპლომატიური ვანდალიზმის აქტი”, რომ იერუსალიმის სტატუსი ყოველთვის იყო “დაყოვნებული მოქმედების ბომბი”, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა ცეცხლი მოუკიდა ამ ბომბის პატრუქს. ყველაზე უფრო საინტერესო ის არის, რომ ამ გადაწყვეტილების განხორციელებით არავინ დარჩება მოგებული და უწინარესად კი, თავად ტრამპი დაინტერესებული არ არის მშვიდობის დამყარებით. მან ყველა თავის საწინააღმდეგოდ გააერთიანა თავისი უახლოესი მოკავშირეების ჩათვლით, აღაშფოთა მუსლიმები, გააგულისა ექსტრემისტები და არცთუ პირველად მთელი მსოფლიოს თვალში დაამცირა ამერიკის შეერთებული შტატები. ამასთან ერთად, ისრაელის ინტერესებიც დააზარალა, ზოგიერთი ისრაელიანი არ დაეთანხმა ამგვარ შეფასებას.

თურქეთი დაემუქრა ისრაელს, რომ გაწყვეტს მასთან ურთიერთობას. პალესტინის ავტონომიის წარმომადგენელმა საებ ერეკატმა განაცხადა, რომ, თუ აშშ ამ გადაწყვეტილებას განახორციელებს, იგი უარს იტყვის “ნებისმიერ როლსა და ნებისმიერ ინიციატივაზე სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის მიღწევის საქმეში”. ჰამასის ისლამისტური დაჯგუფება ინტიფადით იმუქრება. იორდანიის მეფე აბდალა II დარწმუნებულია, რომ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადება ხელს აძლევს ტერორისტებს, რადგან დაეხმარება მათ “თავიანთი იდეოლოგიის გავრცელებაში”, _ წერს ბრიტანული გამოცემა.

მეტიც, მიუხედავად მისივე განცხადებისა, რომ იგი არ გამოხატავს თავის პოზიციას დედაქალაქის საბოლოო სტატუსის მიმართ, ტრამპმა, ჩანს, წინ გაუსწრო საკუთარ გეგმას ისრაელსა და პალესტინას შორის შეთანხმების მიღწევის თაობაზე იმით, რომ ერთ-ერთი, ყველაზე  “ფეთქებადსაშიში საკითხი” ისრაელის სასარგებლოდ გადაწყვიტა. უცნაურია, რომ ტრამპმა, რომელიც ამაყობს იმით, რომ არის “შეთანხმებების სწორუპოვარი სპეციალისტი”, ეს “კარტი გაშალა” მოლაპარაკებების დაწყებამდე, _ შენიშნავს The Financial Times -ი.

ტრამპის გადაწყვეტილებამ “სიცოცხლე გაურთულა” საუდის არაბეთსაც, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა რეგიონში თანამოსაუბრედ შეარჩია. საუდის არაბეთიც კატეგორიულად წინააღმდეგია იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების, რადგან საუდის არაბეთის მეფე არის მუსლიმი-სუნიტების თვითგამოცხადებული ლიდერი, ხოლო იერუსალიმის ელ-აქსას მეჩეთი მუსლიმების მესამე უწმინდეს ადგილად არის მიჩნეული, მექასა და მედინას მეჩეთების შემდეგ.

ტრამპმა საფუძველი შეურყია ვაშინგტონის, როგორც “პატიოსანი მომრიგებლის”, სახელსა და ავტორიტეტს, _ ასკვნის The Financial Times -ი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here