Home რუბრიკები საზოგადოება ვახუშტი ფარცვანია: “რადიკალურ” ოპოზიციას უცხოელი მისიონერები მართავენ…

ვახუშტი ფარცვანია: “რადიკალურ” ოპოზიციას უცხოელი მისიონერები მართავენ…

GEWORLD.GE:
ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება მოძრაობა “სამშობლოს მაძიებლების” ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახუშტი ფარცვანია.
_ საქმე ისაა, რომ ამ ე. წ. რადიკალურმა ოპოზიციამ იმდენად გააწბილა საზოგადოება, იმდენად ჩაფარცხა ყველა იმედი და ჩაკლა ყოველგვარი რწმენა მოსახლეობაში, რომ მე პირადად მივიღე გადაწყვეტილება, გარკვეული დროით ერთგვარი ტაიმაუტი ამეღო. თუმცა ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ მე და ჩემმა თანამებრძოლებმა ხელი ჩავიქნიეთ, პირიქით, მთავარი, გადამწყვეტი ბრძოლა წინ გვაქვს და კარგად ვაცნობიერებთ, რა განსაცდელი მოელის ქვეყანას ამ მანქურთების ხელში, ამიტომ, არა თუ მოდუნების უფლება არ გვაქვს დღეს ჩვენ, სრულიად ქართველობას, არამედ სწორედ ახლა უნდა ვემზადებოდეთ სააკაშვილისა და მისი ავტორიტარული რეჟიმის ერთხელ და სამუდამოდ დასრულებისთვის. რაც შეეხება ე. წ. ოპოზიციას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საბედნიეროდ, მათი ლუსტრირება უკვე დასრულებულია, საზოგადოებამ იცის, ვინ ვინ არის და სხვათა შორის, ეს პროცესი, ძალაუნებურად სწორედ თვითონ ამ უვარგისი ოპოზიციონერების ხროვამ დააჩქარა. ამისთვის დიდი მადლობა ამ ადამიანებს; თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.

საზოგადოების გაბითურებაში ყველა ერთნაირადაა დამნაშავე, რადგან ყველას მიუძღვის საკუთარი წვლილი ამ სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში. გარდა ამისა, ჩემთვის ეს ე. წ. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პოლიტიკურ ავანსცენაზე ვარსკვლავომანიით არიან დაკავებულნი, აბსოლუტურად ერთი და იგივეა; იმდენად დიდია მათ შორის მსგავსება, რომ ხანდახან ვერც კი ვარჩევ მათ ერთმანეთისგან. ასე რომ, ვიმეორებ, მათ დაყოფას რამე კატეგორიებად და თითოეულ პარტიაზე სათითაოდ საუბარს, ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება და ვინ რამდენად სანდოა, უბრალოდ, აზრი არ აქვს და დღევანდელ ვითარებაში ეს უკვე არც არის საჭირო, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ისედაც ყველაფერი ცხადია…
 
_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ საზოგადოების გაბითურება ძალიან ზოგადი ბრალდებაა. კონკრეტულად რის საფუძველზე აცხადებთ, რომ მთლიანად ოპოზიციური სპექტრი არ არის სანდო და პარტიები, უბრალოდ, ვარსკვლავომანიით ერთობიან?
_ ვფიქრობ, დღეს ამის განმარტება საზოგადოებას ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ, რადგან ჩამეკითხეთ, გიპასუხებთ, _ მე, როგორც ერთ რიგით ქართველს, მაქვს ჩემი პრეტენზიები და მოთხოვნები ოპოზიციის მიმართ, რაშიც ეს ხალხი არა თუ მოიკოჭლებს, არამედ საერთოდ არ არის ამ საკითხებით დაინტერესებული. ახლა რა საკითხებია ესენი: პირველი და უმთავრესი. ამ ადამიანებისთვის არანაირად დიად იდეას არ წარმოადგენს საქართველო, ქართველი ერი, ღირსეული სახელმწიფოს შექმნა, ქართული ღირებულებები და ფასეულობები, ეროვნული იდეა ზოგადად და კონკრეტულად; ესენი საკუთარ თავს, ოჯახს, მიზნებს არ მიიჩნევენ ქართული იდეის ნაწილად, ვინაიდან ამათ მხოლოდ პირადი ინტერესები ამოძრავებთ პოლიტიკაში; ზოგი მათგანი ვიღაცის აგენტია, ზოგიც ხელისუფლებასთანაა გარიგებული, ზოგს ვალდებულებები გარედან აქვს აღებული და შესაბამისად იმართებიან გარე ძალების მიერ; ამათთვის ენა, მამული, სარწმუნოება არ დგას საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახზე, კეთილდღეობასა და ბედნიერებაზე მაღლა; ვერც ერთი მათგანი ვერ დაიტრაბახებს, რომ ისინი გამორჩეულნი არიან პატრიოტიზმით, ერისშვილობით, ერისკაცობით, პოლიტიკური მრწამსით, საქმისა და სიტყვის ერთგულებით; ამათთვის სიმართლე და სამართლიანობა არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს; მათ არ ამოძრავებთ სურვილი, რომ ქვეყანას ახლო მომავალში გაუჩნდეს აღორძინება _ განვითარების სწორი და უტყუარი კურსი; ვერ აცნობიერებენ, რანი ვართ, რა გვინდა, რა გვჭირდება, საით და როგორ უნდა წავიდეთ; მათი უმრავლესობა, ჩვენდა სამწუხაროდ, პოლიტიკოს-ბიზნესმენებად და ვაჭრებად იწოდებიან და ეს ყველაფერი ძალიან ნათლად გამოჩნდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შედეგად. ზოგი მათგანი, ოცი წელია, პოლიტიკაშია, ზოგიც _ თხუთმეტი, ზოგიც _ ათი და ზოგიც _ ხუთი, მაგრამ აბა, ერთი განუმარტონ საზოგადოებას, როდის არ უწყობდნენ ისინი ხელს ამ მთავრობის კურსს.
გარდა ამისა, ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რომ ერის ისედაც გახლეჩილი და დაკნინებული ცნობიერება კიდევ უფრო დაკნინდეს და გაიხლიჩოს; არ ზრუნავენ თაობათა შორის ჩატეხილი ხიდის გამთლიანებაზე; მათ არ აქვთ არანაირი გეგმა, მყარად ჩამოყალიბებული პროგრამა და არც იმის ვაჟკაცობა ჰყოფნით, რომ დაშვებული შეცდომები აღიარონ და ხალხს ბოდიში მოუხადონ; ესენი თავიდან ბოლომდე უცხოელი, კერძოდ, ე. წ. დასავლელი მისიონერების მიერ იმართებიან და შესაბამისად არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა არ მოექცეს გარეძალების გავლენისა და ზემოქმედების არეალში; ვერ ხვდებიან, რეალურად რას გვიქადის არსებული ხელისუფლების პოლიტიკური კურსი, ვერც იმას აცნობიერებენ (თუ, უბრალოდ, არ უნდათ ამის აღიარება, არ ვიცი) რომ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში სრული უაზრობაა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ყოველგვარი მცდელობა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არც ერთი მათგანი არ ამბობს, რომ 2012-13 წლების არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას, პირიქით, ყველას ლიდერობა და თავკაცობა უნდა, იმის ნაცვლად, რომ რიგით ჯარისკაცად დადგეს და ამ ძნელბედობის ჟამს მკერდით დაიცვას თავისი ქვეყანა… ეს რაც შეეხება ოპოზიციას;
ახლა ორიოდე სიტყვას ინტელიგენციაზეც მოგახსენებთ. ძალიან სამწუხარო ფაქტია და ამის აღნიშვნა ნამდვილად არ მსიამოვნებს, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ინტელიგენცია ჰქვია და რომელიც, წესით, ეროვნული იდეის მეციხოვნედ უნდა ევლინებოდეს ერსა და სამშობლოს, სრულ ინდიფერენტულობას იჩენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი; მეტიც, დღეს, ფაქტობრივად, საერთოდ არ ჩანან ეს ჩვენი ე.წ. ინტელიგენტები, ამიტომ, მაპატიეთ, მაგრამ მე მათ ვუწოდებ ცოცხალ მკვდრებს; არაფრის თავი ამ ადამიანებს არ აქვთ, ინტელიგენციას დღეს არაფერი შეუძლია, გარდა იმისა, რომ ირბინოს ერთი პარტიიდან მეორეში, ერთი მთავრობიდან _ მეორე მთავრობაში, ადიდოს და ხოტბა შეასხას ხელისუფლებას და ამით გაისქელოს ჯიბე. ერთი სიტყვით, ურთულეს ვითარებაში ვიმყოფებით და მთავარი ჩვენი უბედურება მდგომარეობს იმაში, რომ, გამოსავლის არქონასთან ერთად, ქვეყანას არ ჰყავს თუნდაც ერთი ისეთი ადამიანი, რომელიც რეალურად შეეცდება გამოსავლის პოვნას, მოძებნას; ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ამ მდგომარეობას ჰქვია აღსასრულის მოლოდინი, ამიტომ, რაოდენ მტკივნეული საკითხიც უნდა იყოს, ამის უარყოფა და არდანახვა, უბრალოდ, თავის მოტყუება იქნება…
_ ძალიან მწვავე განცხადებებს აკეთებთ მთლიანად ოპოზიციის მიმართ და ისიც აღნიშნეთ, რომ ეს განცხადებები აბსოლუტურად ყველას მისამართით კეთდება, მაგრამ საუბარი მეტისმეტად ზოგადი რომ არ გამოგვივიდეს, დაგვისახელეთ თუნდაც ხუთი ოპოზიციური პარტია, რომელთაც თქვენ მიერ ჩამოთვლილი ბრალდებები ყველაზე მეტად ეხება.
_ მე ვინმეს დასახელების ნამდვილად არ მეშინია, რადგან, რასაც ვამბობ, ყველაფერს თავისი მიზეზი და არგუმენტი აქვს, მაგრამ ხუთ პარტიას ან ცალკეულ პიროვნებას ნამდვილად ვერ გამოვყოფ… გითხარით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემ მიერ ჩამოთვლილი პრეტენზიები ეხება უკლებლივ ყველა ე. წ. პოლიტიკურ დაჯგუფებას, პარტიასა თუ გაერთიანებას, მოკლედ, მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს, რომელმაც საზოგადოებაში საბოლოოდ ჩაკლა და ჩაახშო ყოველგვარი რწმენა, იმედი და ბრძოლის ჟინი…
_ კარგი, მაშინ მე დავასახელებ ხუთ პარტიას და, თუ თქვენ თვლით, რომ თქვენ მიერ ჩამოთვლილი ბრალდებები მათაც ეხება, დამეთანხმეთ.
_ კი, ბატონო.
_ ბურჯანაძის პარტია.
_ რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მას ეხება და არამარტო მას, მის ე. წ. თანამებრძოლებსაც;
_ რესპუბლიკელები.
_ თავიდან ბოლომდე ეხება ყველაფერი.
_ “ახალი მემარჯვენეები”.
_ თავისთავად.
_ “ეროვნული ფორუმი”.
_ დიახ, მათაც ეხებათ ეს ყველაფერი, დიდწილად…
_ კოკო გამსახურდიას პარტია…
_ ვფიქრობ, რომ საერთოდ არ ღირს ამაზე საუბარი…
_ ერთ მშვენიერ დღეს ხელისუფლებამ რომ თანამშრომლობა შემოგთავაზოთ, დათანხმდებოდით, თუ დარწმუნებული იქნებოდით, რომ ამით რამე შედეგს მიაღწევდით?
_ იცით რა, უკვე იმ ასაკში ნამდვილად არ ვარ, რაღაც რომანტიზმი და მითუმეტეს ფანტასტიკა მიტაცებდეს. რასაც თქვენ მეკითხებით, დაახლოებით ისეთი რაღაცაა, დამშეული მგლების ხროვას რომ მოეფერო და ცხვარი ანდო სამწყემსად. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამ მანქურთებთან თანამშრომლობას არანაირი აზრი არ აქვს და, თუ კაცი ამაზე მიდის, ორადორი მიზეზით შეიძლება ამას აკეთებდეს _ ან უნდა ეთანხმებოდეს ამ დამაქცევრების პოლიტიკას, ან საკუთარი ჯიბის გასქელება უნდა სურდეს. ერთისგანაც და მეორისგანაც ღმერთმა დამიფაროს. ასე რომ, არავითარ შემთხვევაში სააკაშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, რა თქმა უნდა, არ წავალ; პირადად მე და ჩემი თანამოაზრენიც, სადაც არ უნდა ვიყოთ, რა ვითარებაშიც, ყოველთვის ვიბრძოლებთ არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზანი და ამოცანა ამ ეტაპზე, ვინაიდან, როგორც გითხარით, მიგვაჩნია, რომ “ნაცმოძრაობის” პოლიტიკის პირობებში ეს ქვეყანა განწირულია დასაღუპად…
ესაუბრა 
ჯაბა ჟვანია 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here