GEWORLD.GE:
დღეს საქართველო თავისი არსებობის მანძილზე ერთ-ერთ უმძიმეს პირობებში იმყოფება: ერთის მხრივ _ ომგამოვლილი ქვეყანა, განადგურებული სოფლები და ქალაქები, ათიათასობით ახალი დევნილი; მეორეს მხრივ _ დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, შელახული სუვერენიტეტი. მის საზღვრებში ორი ახალი “სახელმწიფო” აღმოცენდა, მაგრამ ყველაზე მეტად საზოგადოების განვითარებას აფერხებს ქვეყანაში არსებული კატასტროფული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობის სულ უფრო მზარდი ტენდენცია და პერსპექტივაში არცთუ ისე სახარბიელო მომავალი.
კატასტროფული მდგომარეობა, რომელიც მივიღეთ, არის შედეგი იმ ანტიეროვნული პოლიტიკისა, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს დაიწყო და სააკაშვილის რეჟიმმა “დიდების ზენიტში” აიყვანა, რომლის უმთავრეს სტრატეგიულ ღერძს ეროვნულ ფასეულობათა საყოველთაო დისკრედიტაცია და სახელმწიფო სუვერენიტეტის ნიველირება წარმოადგენს.
ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი ალექსანდრე ჭაჭია ჯერ კიდევ 90-იანი წლების მიწურულს აფრთხილებდა ქართველ ერს მოსალოდნელ კატასტროფულ შედეგებზე, რაც მოყვებოდა სააკაშვილისა და მისი თანამოაზრე ე. წ. რეფორმატორების მოსვლას ხელისუფლების სათავეში: “მოქალაქეთა კავშირის ე.წ. ახალგაზრდული ფრთა წარმოადგენს იმ ამერიკანიზირებული მასობრივი იდეოლოგიური შტამპის პრიმიტიულ მატარებელს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქართველი ხალხის პატრიარქალურ ყაიდასთან, ტრადიციულობასა და ეროვნულ თვითმყოფადობასთან. ამიტომ ისინი შეეცდებიან, მიზანმიმართულად და მეთოდურად ანგრიონ ეს თვითმყოფადობა მანამ, სანამ არ მიაღწევენ ქართული საზოგადოების დასავლურ უნიფიცირებულ მოდელთან შესაბამისობაში მოყვანას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართველი აღარ უნდა იყოს ქართველი, შესაბამისად, საქართველო აღარ უნდა იყოს საქართველო, ვიქნებით “ჯორჯია 2”. მიუხედავად ბატონი ალექსანდრეს ლოგიკური მსჯელობისა და რაციონალური დასაბუთებისა, მისი ნათქვამი დარჩა “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”, თუმცა ქართველი ერი უკვე იმკის ამ შეცდომის შედეგს, რადგან მოქკავშირის ახალგაზრდული ფრთის ე.წ. რეფორმატორებისა და დღეს უკვე “ნაცმოკრატების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველო ეროვნული დეგრადაციისა და დაშლა-დაქუცმაცების გზას დაადგა. ამერიკანიზირებულმა უსამშობლო კოსმოპოლიტმა “ნაციონალებმა” ეროვნული ფასეულობების ამერიკული “ვესტმისტერული” ფასეულობებით ჩანაცვლების პროცესი წამოიწყეს, რომელიც ყოველგვარი ეროვნულის განადგურებას ისახავს მიზნად. მაგრამ ყველაზე უარესი არის ის, რომ ამ პროცესს ჩვენ, ქართული საზოგადოებრიობა არა თუ ხელს ვუშლით, არამედ ჩვენში დაბუდებული კომფორმიზმის, უვიცობისა და პასიურობის გამო სააკაშვილის ანტიეროვნულ რეჟიმს საქართველოს თანდათან “ჯორჯია 2”-ად გარდაქმნაში “ვეხმარებით” და არც ვუფიქრდებით იმას, რომ სახელმწიფო თანდათან თვალსა და ხელს შუა ხელიდან გვეცლება.
ყველაზე მეტად დღეს სააკაშვილის რეჟიმის დასაყრდენი ჩინ-მედლებით მკერდდამშვენებული და ფინანსურ დოტაციაზე მყოფი ე. წ. კულტურული ელიტაა, საბჭოთა ინტელიგენციის გადმონაშთების ვიწრო ჯგუფი, ფონოგრამისტი “სუპერ ვარსკვლავები”, პოლიტიკურ პროსტიტუციაში გაწაფული პოლიტიკოსები, გრანტიყლაპია კოლაბორაციონისტები “ენჯეოშნიკები”, საკუთარი ხმის ოც ლარად გამყიდველი მოქალაქეები(?) და ა.შ., რომლებისთვისაც ვიწრო მერკანტილური ინტერესების დაკმაყოფილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამართლიანობის უზრუნველყოფა და სახელმწიფო ინტერესების დაცვა. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს ის ფაქტი, რომ საზოგადოების აღნიშნულ ნაწილს სააკაშვილი აგვისტოს ომში განცდილი მარცხისა და ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის დაკარგვის შემდეგაც ქვეყნის გადამრჩენ ერთადერთ პოლიტიკოსად “მიაჩნია” და მზე და მთვარე მასზე ამოსდის. რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ტაშისმკვრელთა ეს გრძელი რიგი ვერ (ან არ) აცნობიერებს, რომ სწორედ სააკაშვილის უგუნურმა და ავანტიურისტულმა პოლიტიკამ მიგვიყვანა აგვისტოს ომამდე და სახელმწიფოს დაშლა-დაქუცმაცებამდე.
ბატონი ალექსანდრე ჭაჭია ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე აკეთებდა შემაშფოთებელ პროგნოზს და ომის დაწყების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავდა, რომელიც, შესაძლოა, გამოეწვია სააკაშვილის ხელისუფლების ღიად დეკლარირებულ ანტირუსულ პოლიტიკას და ნატოსკენ გაუაზრებელ სწრაფვას: “თუ ნატოში საქართველოს გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა წარმოიქმნება, ანუ რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან ნატოს ბაზების განთავსების საფრთხე გაჩნდება, რუსეთის ხელისუფლება, ცხადია, გააფართოებს თავისი უსაფრთხოების ზონას, მათ შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ხარჯზეც. ანალოგიურ ნაბიჯს რუსეთი კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის შემთხვევაშიც გადადგამს, რაზეც ხშირად მსჯელობენ ბრიყვები სააკაშვილის გარემოცვაში. ვფიქრობ, ეს კატასტროფა იქნება როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, ისე ქართველი ერისთვის, როგორც კულტურულ-ისტორიული ფენომენისთვის”. აგვისტოს ომმა მართლაც დააყენა საქართველოს სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა დღესავით ნათელია, რომ სააკაშვილის რეჟიმისთვის აგვისტოს ომი არ გამხდარა მწარე გაკვეთილი, რომლისგანაც უნდა გაეკეთებინა ობიექტური დასკვნები და სახელმწიფოს განვითარების რაციონალური მოდელი შეემუშავებინა. ვინაიდან საგარეო პოლიტიკის მთავარ “ხერხემლად” კვლავ ანტირუსული რიტორიკა და ნატოსადმი “ცალმხრივი სიყვარული” დარჩა.
სწორედ “ცალმხრივი სიყვარული”, რადგან ნატოს კარი ( თუ გული?), მართალია, ღიაა ჩვენთვის, თუმცა შიგნით არ გვიშვებენ. ჩვენ კი ამ ღია კართან სამათხოვროდ ატუზულები ვერც კი ვამჩნევთ, ტანსაცმელი თანდათან როგორ შემოგვაცვდა და უკვე რასმუსენის არათუ დაპირება, არამედ მისი არაფრისმთქმელი ღიმილიც აღგვაფრთოვანებს.
თუმცა დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნატო ქართული საზოგადოებისთვის ისეთივე მიმზიდველი აღარ არის, როგორც აგვისტოს ომამდე იყო, მიუხედავად ამისა, სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლები ნატოზე ოცნებით იძინებენ და იღვიძებენ. ამრიგად, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის აკვიატება უფროა პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად, ვიდრე ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი პოლიტიკური ატრიბუტი.
იყო დრო, როცა საზოგადოების დიდ ნაწილს ნატოში გაწევრიანება საქართველოს უსაფრთხოებისა და დაცულობის გარანტად მიაჩნდა, მაგრამ აგვისტოს მოვლენებმა ეს ილუზია გააქარწყლა, რადგან რუსული სამხედრო ძალის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შემოჭრას ნატოს მკვეთრი რეაქცია არ მოჰყოლია, რასაც ვარაუდობდა საზოგადოება და ოცნებობდა სააკაშვილი, მხოლოდ შეშფოთებით და მწუხარების გამოხატვით შემოიფარგლა, რამაც ქართული საზოგადოების იმედგაცრუება გამოიწვია.
“ნატოში ისეთი პატარა და სუსტი ქვეყნის გაწევრიანება, როგორიც საქართველოა, ფაქტობრივად, სუვერენიტეტის სრულ დაკარგვას, ხოლო ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მასშტაბური სამხედრო კონფლიქტის პირობებში მორიგ მსხვერპლად და სამიზნედ გადაქცევას ნიშნავს. ნატოსთან დაკავშირებულ მთელ ამ ისტორიაში ამერიკელთა ინტერესი გასაგებია: მათ საქართველო პაიკად სჭირდებათ რუსეთთან დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში,” _ აცხადებდა ბატონი ალექსანდრე ჭაჭია.
და მართლაც, უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში ნათელი გახდა, რომ ამერიკის, როგორც “თავისუფლების მედროშე” ქვეყნის, ინტერესის საგანს ნამდვილად არ წარმოადგენს “მეგობარ” ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერა, როგორც ეს ბევრს ჰგონია. თუმცა ეს არცაა გასაკვირი, რადგან თანამედროვე მსოფლიოში მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებები და ქვეყნის თავისუფლება არ არის ისეთი მნიშვნელოვანი “პრობლემა”, რომელიც ქვეყნისადმი მხარდაჭერას განაპირობებს. ამერიკას საქართველოსთან მიმართებაში სულ სხვა მერკანტიკური მიზნები ამოძრავებს. კერძოდ, ამერიკა საქართველოსთან “დამეგობრებით” განავრცობს თავის გავლენას ამიერკავკასიისა და შუა აზიის სახელმწიფოებზე. ამით ერთდროულად “ორ კურდღელს” დაიჭერს: გახდება მონოპოლისტი ენერგორესურსებით მდიდარ კასპიის აუზში, საქართველოს მეშვეობით კი ხელსაყრელ სატრანზიტო დერეფანს მიიღებს, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, ერთდროულად აღმოჩნდება რუსეთისა და ჩინეთის საზღვრებთან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკის მსოფლიო ინტერესებს. ამრიგად, ამერიკას საქართველო თავისი შორსმიმავალი მიზნების უზრუნველყოფის იარაღად სჭირდება, ანუ საქართველო მოწინააღმდეგე მხარის გასანადგურებლად მუდმივად დამიზნებულ ზარბაზანში ჩადებული ყუმბარაა, რომელსაც “კოვბოი ჯეკი”, როცა მოისურვებს, მაშინ გაისვრის.
ქართული საზოგადოების პრობლემა არის ის, რომ ჩვენ არ ვიცით, რა არის ჩვენი რეალური მიზანი _ საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს ღირსეული გაწევრიანება ნატოში თუ ნატოს მფარველობაში გადასვლა? რადგან, თუ ჩვენ ვიბრძვით ღირსეული წევრობისთვის, მაშინ ხელისუფლების პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკურად ძლიერი, პოლიტიკურად სტაბილური, მტკიცე თავდაცვისუნარიანი, ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი, დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც არ ირღვევა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილია, საზოგადოების სოციალური პრობლემები დაძლეულია და ა.შ. მაგრამ ხელისუფლების მიზანი თუ ნატოს მფარველობაში გადასვლაა, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი საკითხი არ იქნება გადაწყვეტილი, მაშინ იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა საქართველო “გეორგიევსკის ტრაქტატზე” ხელმოწერის შემდეგ, რაც დიდი უგუნური ნაბიჯი იქნება.
ამიტომ სპონტანური და გაუაზრებელი ლტოლვა კონკრეტული სახელმწიფოსკენ ან ბლოკისკენ მიუღებელია. ჩვენ ზუსტად უნდა გვქონდეს განსაზღვრული და გააზრებული, ნატოში გაწევრიანება საქართველოსგან რა “მსხვერპლს” მოითხოვს, ანუ რისი დათმობის ხარჯზე მიგვიღებენ ბლოკში ან რას მოვიგებთ ჩვენ ნატოში გაწევრიანებით. კერძოდ, კითხვებზე: რამდენად შეგვეზღუდება სახელმწიფო სუვერენიტეტი? ეროვნულ ფასეულობათა სისტემას რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს? საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური დონე რამდენად გაუმჯობესდება? და რაც ყველაზე მთავარია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რამდენად იქნება შესაძლებელი? _ სააკაშვილის რეჟიმს, სამწუხაროდ, პასუხები არ აქვს.
თუმცა, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება უტოპიის სფეროს განეკუთვნება, რადგან შეუძლებელია, ნატოს წევრი გახდეს სახელმწიფო, რომლის უსაფრთხოების ხელყოფა გალელ კოჭოიას, ხოლო ხელისუფლების ჩამოგდება ცხინვალიდან “ოქრო ბიჭის” მიერ ზილით შემოყვანილ 200 რუს სპეცრაზმელს შეუძლია. პარადოქსია, მაგრამ ამ ანტირუსულ რიტორიკაზე აგებული პიარ-პოლიტიკის შედეგად, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი საკუთარი უუნარობის დასაფარად აწარმოებს, საქართველო არა თუ შემდგარ სახელმწიფოდ, არამედ სახელმწიფოს იმიტაციად წარმოჩინდება.
ზურაბ ჯამბურია