აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ვიეტნამში არ შედგება.
ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ტრამპი არ შეხვდება პუტინს ვიეტნამში“, – წერს სააგენტო.
მანამდე ტრამპის თანაშემწის მოადგილემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ენტონმა თქვა, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკურ სამიტზე, საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.
თავად ტრამპი გამოთქვამდა პუტინთან შეხვედრის სურვილს. საუბრის ძირითად თემებად ჩრდილოეთი კორეა, სირია და უკრაინა მოიაზრებოდა.
თეთრი სახლის განცხადებაში შეხვედრის ჩაშლის მიზეზად ის სახელდება, რომ განსახილველი საკითხების ირგვლივ მოლაპარაკება შედეგიანი ვერ იქნება.
ტრამპის პეკინში ყოფნის დროს სახელმწიფო მდივანმა რეკს ტილერსონმა არ დაადასტურა, რომ ლიდერებს შორის შეხვედრა შედგებოდა.