ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ამინა ოკუევას მკვლელობის უკან უკრაინელი სპეცსამსახურები დგანან.
„ნუ ეძებთ დათვის კვალს, როდესაც თვითონ დათვი თქვენს წინაშე დგას! კიევში შესანიშნავად იციან, რომ ნიკიფოროვა (ოკუევას გვარი ისლამის მიღებამდე) საკუთარმა სპეცსამსახურებმა ჩაცხრილეს. როგორც ტარას ბულბა იტყოდა – „მე გშობე, მევე უნდა მოგკლა!“ – დაწერა კადიროვმა Telegram-ში.
მისი თქმით, „უკრაინულმა სპეცსამსახურებმა ერთბაშად არა ორი, არამედ სამი კურდღლის მოკლა გადაწყვიტეს – მოიშორეს მშობლიური ბოროტმოქმედი, დასავლელი პატრონების ყურადღება ანტისამთავრობო მიტინგებისგან სხვა თემაზე გადაიტანეს და რუსეთს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს“.
30 ოქტომბერს კიევის ოლქში უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომელშიც აღმოსავლეთ უკრაინაში ცენტრალური ხელისუფლების მხარეს მებრძოლი ცოლ-ქმარი, ამინა ოკუევა და ადამ ოსმაევი იმყოფებოდნენ.
შემთხვევა კიევიდან 35 კილომეტრის მოშორებით მოხდა. როგორც კი ოსმაევისა და ოკუევას ავტომობილი რკინიგზის გადასასვლელზე გაჩერდა, ბუჩქებიდან უცნობმა პირებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.
ერთ-ერთი ტყვია ამინა ოკუევას თავში მოხვდა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ადამ ოსმაევი კი ფეხში დაიჭრა, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გადარჩენილი ოსმაევი მომხდარში „რუსულ კვალს“ ხედავს.