საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჯგუფურად და ყალბი პირადობის მოწმობის დამზადება–გამოყენების ფაქტებზე, ინდმეწარმე მამუკა მაჭარაშვილი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მაჭარაშვილი ბიზნესსაქმიანობის პროცესში, დიდი ოდენობით სასურსათო და სამრეწველი პროდუქციას სისტემატურად, დოკუმენტაციის გარეშე იძენდა. შესაბამისად, უკანონო ჩათვლების მიღებისთვის, ბრალდებულმა განიზრახა ყალბი პირადობის მოწმობის გამოყენებით, ფიქტიური სამეწარმეო სუბიექტის დაფუძნება და ყალბი საგადასახადიო ანგარიშ-ფაქტურების გაწერა. რისთვისაც მოქალაქე იამზე მიქავას დაკარგული პირადობის მოწმობა მიითვისა, მისი სურათი შეცვალა ახლობლის, თეა ჯიქურიძის სურათით და ეს უკანასკნელი დაითანხმ,ა გაყალბებული პირადობის მოწმობით დაერეგისტრირებინა სამეწარმეო სუბიექტი.
ამის შემდეგ მაჭარაშვილი სისტემატურად ამზადებდა ყალბ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, რომლებშიც ფიქტიური სამეურნეო ოპერაციის ამსახველ ინფორმაციას ასახავდა. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად, მაჭარაშვილის კუთვნილ სასურსათო მაღაზიაში (ჩიქოვანის ქუჩა 9/11) ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ვადაგასული სასურსათო პროდუქტი, რომლის რეალიზებასაც ის რეგულარულად ახდენდა.
ძიება დაადგენს, თუ რამდენად საშიშია აღნიშნული ვადაგასული საკვები პროდუქტი ადამიანის სიცოცლისა და ჯანმრთელობისათვის, ასევე ისიც, თუ როგორია სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210–ე მუხლის II ნაწილის ა ქვეპუნქტით და 362–ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც საერთო ჯამში თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს.