17 წლის წინ თბილისში მინასიანების ოჯახის რამდენიმე წევრის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა გახსნილია.
მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტისა და შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოვლინდა 1990-იან წლებში საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე საშიში და განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული დანაშაულებრივი დაჯგუფება – ჯგუფის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი ვახტანგ გვრიტიშვილი, მისი ძმა კობა გვრიტიშვილი, გიორგი ოთარაშვილი, გელა ქავთარაძე, რევაზ დემეტრაშვილი, ალექსანდრე რევაზიშვილი და ამჟამად გარდაცვლილი მალხაზ მოდებაძე.
დასახელებულმა პირებმა იცოდნენ, რომ ნეშან მინასიანის ოჯახი მატერიალურად შეძლებული იყო და მისთვის ფულის გამოძალვის მიზნით, 1994 წლის 18 იანვარს 19 წლის ვაზგენ მინასიანი მოიტაცეს, ახლობლებს კი გამოსასყიდის სახით 150 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს. დამნაშავეებს მსხვერპლი 10 დღის განმავლობაში ჰყვადათ დამალული ჯერ ორმოში, შემდეგ კი – დიღომში მდებარე ერთ-ერთ სახლში. 15 000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ ვაზგენ მინასიანი გაათავისუფლეს და ოჯახისაგან მიიღეს პირობა, რომ დარჩენილ თანხას უახლოეს დღეებში გადაუხდიდნენ.
შემდგომში, იმ მიზნით, რომ გატაცების ფაქტი არ გახმაურებულიყო, ჯგუფის წევრებმა დახოცეს ნეშან მინასიანი, მისი მეუღლე – ფლორა და ვაჟი – ვაზგენი. დღესდღეობით დაკავებულია დაჯგუფების სამი წევრი – გიორგი ოთარაშვილი, რევაზ დემეტრაშვილი და ალექსანდრე რევაზიშვილი. მათ თანამზრახველებზე კი გამოცხადებულია ძებნა. გამოძიება აქტიურად მუშაობს ჯგუფის მიერ ჩადენილი სხვა უმძიმესი დანაშაულების გასახსნელად. ძიების შედეგები საზოგადოებას დამატებით ეცნობება