Home სხვადასხვა დაიჯესტი დასავლეთის სამყარო და მისი სუსტი ლიდერები

დასავლეთის სამყარო და მისი სუსტი ლიდერები

იმპერატორი სი ძიანპინი და დასავლეთის ქვეყნების ზომბი-მთავრობები

ვლადიმერ პუტინი, სი ძინპინი,

დასავლეთის პოლიტიკაში სუსტი ლიდერი უამრავია. წონასწორობა მსოფლიოში ახლა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებს თავისუფლებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები ამ ნაკლის კომპენსირებას.

სანამ სი ძინპინი  თავის მბრძანებლურ პოზიციებს განამტკიცებს, ვლადიმერ პუტინი კი რკინის ხელით მართავს რუსეთს, დასავლეთის სამყარო თავისი სუსტი და შეზღუდული ლიდერებითა და მთავრობებით სულ სხვა კუთხით წარმოგვიდგება. ამაზე  მოკლედ ქვემოთ ვისაუბრებთ.

ევროპა. საფრანგეთის გამოკლებით, სადაც ემანუელ მაკრონს მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა აქვს, ფრიად სამწუხარო საერთო სურათი იხატება: ანგელა მერკელმა სექტემბრის არჩევნებში თავისი პარტიის ისტორიაში უცუდესი შედეგი მიიღო. ტერეზა მეიმ დაკარგა თავისი კონსერვატიული პარტიის უმრავლესობა პარლამენტში, ივნისის არჩევნების შედეგის მიხედვით. ამჟამად იგი ქვეყანას   ჩრდილოირლანდიელი ულტრაკონსერვატორების დახმარებით მართავს და ფრიად დასუსტებულია თავისი კოალიციის შიგაკონფლიქტებით; ხელისუფლების სათავეში დარჩენას მხოლოდ იმიტომ ახერხებს, რომ მის პარტიას სჯერა _ ახლა ლიდერის შეცვლის დრო ჯერ არ არის.

იტალიაში მატეო რენცის გადადგომის შემდეგ ხელისუფლების სათავეში  პაოლო ჯენტილონი მოვიდა, ღირსეული ადამიანი, რომელსაც მხარს არ უჭერენ ამომრჩევლები და რომელსაც არ აქვს საკმარისი ქარიზმა. ესპანეთში მარიანო რახოის პარლამენტში უმცირესობა ჰყავს, მისი მმართველობა კატალონიის პრობლემით _ უდიდესი სახელმწიფოებრივი კრიზისით, ასევე, მისი პარტიის მიმართ კორუფციული ბრალდებებით არის დამძიმებული. ჰოლანდიაში შვიდთვიანი გაურკვევლობის შემდეგ, ეს-ესაა შეიქმნა ახალი სამთავრობო კოალიცია, რომელიც პოლიტიკური აკრობატიკის თვალსაჩინო ნიმუშია, რადგან ერთ საზიდარში ლიბერალები და ქრისტიანი ნეოკონსერვატორები აღმოჩნდნენ ჩაბმულნი. შეთანხმების მისაღწევად მთელ რიგ უწყებებში საჭირო გახდა ორ-ორი მინისტრის დანიშვნა. ავსტრიაშიც რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.

აშშ. აქ პანორამა ოდნავ უკეთესია. ტრამპი, ერთი შეხედვით,  უდიდეს ძალაუფლებას ფლობს. მისი პარტია ორივე პალატაში უმრავლესობით არის წარმოდგენილი, უზენაესი სასამართლო დღევანდელი კონფიგურაციით მის საწინააღმდეგოდ არ არის განწყობილი. და მაინც, ეს ლიდერი თავისუფლად ვერ მოქმედებს. პრეზიდენტად ყოფნის ცხრა თვის განმავლობაში მან ვერ მოახერხა ერთი მნიშვნელოვანი კანონის მიღებაც კი. მას არ ენდობიან უცხოელი პარტნიორები (ისრაელის გამოკლებით) და საერთაშორისო საზოგადოებრიობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ლათინური ამერიკა. აქაც სასიხარულო არაფერია. ერთადერთი გამონაკლისია არგენტინის პრეზიდენტი მაურისიო მაკრი, რომელიც რეფორმატორული ინიციატივებით გამოვიდა და დამაჯერებლად გაიმარჯვა ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოების არჩევნებში. დანარჩენი ქვეყნები დათრგუნულ მდგომარეობაშია. რეგიონული გიგანტი ბრაზილია დაუსრულებელ პოლიტიკურ კრიზისსა და კორუფციულ ქაოსშია ჩაძირული. პრეზიდენტ მიშელ ტემერის რეიტინგი ძალიან დაბალია და 10 პროცენტს არ აცილებია.  გაისად მექსიკაში  არჩევნები გაიმართება, რომელშიც პენი ნეტოს გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.  უკვე დიდი ხანია, იგი “კოჭლ იხვად” ითვლება, ღირსეული კანდიდატი პოლიტიკურ ჰორიზონტზე დღემდე არავინ გამოჩენილა. კოლუმბიაში ხუან მანუელ სანტოსიც თავის საპრეზიდენტო ვადის ფინიშის სწორზე დგას; პედრო პაბლო კუჩინსკის სირთულეები აქვს პერუში; ჩილეში კი არჩევნები ნოემბერში უნდა გაიმართოს და შედეგებს ვერავინ წინასწარმეტყველებს.

ჯასტინ ტრიუდო კანადაში და სინძო აბე იაპონიაში შეიძლება ფართო გაგებით დასავლეთის სამყაროს ძლიერ ლიდერებს შორის მოვიხსენიოთ, მაკრონსა და მაკრისთან ერთად.

ამრიგად, შედეგების შეჯამების შედეგად, ვრწმუნდებით, რომ დასავლეთის სამყაროს პანორამა საკმაოდ სამწუხაროდ წარმოგვიდგება. უეჭველია, რომ ამ სისუსტისა და პოლიტიკური დაწვრილმანების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეკონომიკის დაცემაა.

საინტერესო იქნებოდა, მომავლის დანახვა რომ შეგვეძლოს, მაშინ საკუთარი თვალით დავინახავდით, რას მოუტანს ეს პოლიტიკური სისუსტე დასავლეთის ქვეყნებს და წონასწორობის აღდგენაში რა წვლილს შეიტანს  შესანიშნავი დასავლური ღირებულებები _ თავისუფლება და სამართლერივი სახელმწიფო _ რომლებიც მრავალი წლის, ზოგჯერ კი საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა ხელსაყრელ პირობებს თავისუფალი აზრის, მეცნიერების, მეწარმეობის, ინოვაციების განვითარებისთვის და სიმდიდრის შესაქმნელად.

აშშ-ისა და ევროკავშირის მთლიანი შიგა პროდუქტის მოცულობა ჩინეთისაზე სამჯერ და რუსეთისაზე ოცდაათჯერ მეტია. ნატოს სამხედრო ბიუჯეტი ოთხჯერ აჭარბებს ჩინეთისას, ალიანსის საბრძოლო შესაძლებლობები ჩინეთისაზე გაცილებით მეტია. მსოფლიოს ახალგაზრდობა ოცნებობს, განათლება ოქსფორდსა და ჰარვარდში მიიღოს.

ანდრეა რიცი, ესპანეთი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here