Home რუბრიკები პოლიტიკა დავით დარჩიაშვილი: ჩვენი საზოგადოების ნაწილი კვლავ ფეოდალიზმის ხანაში ცხოვრობს

დავით დარჩიაშვილი: ჩვენი საზოგადოების ნაწილი კვლავ ფეოდალიზმის ხანაში ცხოვრობს

GEWORLD.GE:
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის – დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ენების რეგიონულ ენებად აღიარების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. რას ნიშნავს რეგიონული ენის სტატუსი, კონკრეტულად რომელ ეთნიკურ უმცირესობებზეა საუბარი და რას მოუტანს საქართველოს «რეგიონულ ენათა ქარტიის» რატიფიკაცია, «საქართველო და მსოფლიოს» დავით დარჩიაშვილი ესაუბრება.

– ბატონო დავით, თქვენ ახლახან განაცხადეთ, რომ ეთნიკური უმცირესობების ენების რეგიონულ ენებად აღიარების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. რატომ დადგა დღის წესრიგში აღნიშნული საკითხის განხილვა და კარგს რას მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას?
– ევროსაბჭოში გაერთიანების დროს საქართველომ ხელი მოაწერა გარკვეული ვალდებულებების შესრულებას, რომელთა განხორციელებაც დროთა განმავლობაში უნდა უზრუნველყოს. ერთ-ერთი ასეთი ვალდებულებაა «რეგიონულ ენათა ქარტია», რომელიც გულისხმობს ეთნიკური უმცირესობების ენებისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას, ვინაიდან სწორედ ესაა გზა ევროპისკენ, მასში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უმცირესობათა უფლებების, კულტურის, ენის დაცვას, ვინაიდან უმრავლესობა ისედაც თავისივე მდგომარეობით არის დაცული, გაფრთხილება კი რაოდენობრივად მცირე ერებს სჭირდებათ, რაც სავსებით ნორმალური, ადამიანური დამოკიდებულებაა.
დოკუმენტი ჯერ რატიფიცირებული არ არის და საკითხის სასწრაფოდ გადაწყვეტა დღის წესრიგში არ დგას. უბრალოდ, მიმდინარეობს საკითხის განხილვა და, რადგან ამ საუბრების შესახებ ინფორმაციამ გაიჟღერა, ამის გამო აჟიოტაჟის ატეხვა ჩემთვის გაუგებარია.
– მკითხველს განვუმარტოთ: რას ნიშნავს რეგიონული ენის სტატუსი.
– ეს ნიშნავს, რომ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეეძლებათ თავიანთ ენაზე განათლების მიღება, სამართალწარმოება, საგზაო ნიშნები, წარწერები იქნება მათთვის გასაგებ ენაზე. ეს ყველაფერი ისედაც არ არის აკრძალული და ამ ვალდებულებებს სახელმწიფო ისედაც ასრულებს, მაგრამ ამ ყველაფრის მაღალ პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში გადატანა, როგორიცაა აღნიშნული ქარტიის რატიფიკაცია, აუცილებელია.
ამ დროისთვის, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებიდან ყველას არ მოუწერია ხელი ქარტიაზე და გარწმუნებთ, აჩქარებას ამ საკითხში არც ჩვენ ვაპირებთ. ამ ეტაპზე, უბრალოდ, მიმდინარეობს მსჯელობა აღნიშნული საკითხის ირგვლივ და ქარტიის რატიფიკაცია მხოლოდ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის შემდეგ მოხდება. ისინი ისწავლიან ქართულ ენას და საერთოდ ქართულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვან მონაწილეობას შეძლებენ.
– არ ფიქრობთ, რომ «რეგიონულ ენათა ქარტიის» რატიფიკაციამ უკუპროცესები შეიძლება გამოიწვიოს? ხომ არ სჯობს, ქართული ენის სწავლება უზრუნველვყოთ ეთნიკური უმცირესობებისთვის? მით უფრო, რომ საქართველოს ბევრ რეგიონში მცხოვრებმა არაქართველმა მოსახლეობამ ქართული ენა საერთოდ არ იცის?
– როგორც აღვნიშნე, ქარტიის რატიფიკაცია მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვანი ინტეგრაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ერთი პროცესის მეორის გარეშე განხორციელება მიზანშეწონილი არ იქნება.
– საქართველოში რომელ ენებზეა საუბარი?
– ჯერჯერობით ესეც მსჯელობის საგანია. აღნიშნული ქარტია ითვალისწინებს, რომ გარკვეული მუხლების ამოქმედებაზე ხელმომწერს შეუძლია უარი განაცხადოს. ასე რომ, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა და განსაზღვრულ ვადებს არავინ გვიდგენს და გვაძალებს, რომ, გინდა თუ არა, ხვალვე მიიღეთ ეს კანონიო. ეს არის სამუშაო პროცესი.
– ზოგადად, ახლა რამდენად დროული იყო ქარტიის ამოქმედებაზე საუბრის დაწყება? ეს ყველაფერი ხომ არ შეუწყობს ხელს სეპარატიზმის გაღვივებას და არსებობს თუ არა გარანტია, რომ რეგიონული ენის სტატუსს ავტონომიის სტატუსის მოთხოვნა არ მოჰყვება?
– როგორ გითხრათ, ნებისმიერ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც ექსტრემისტული და რადიკალური შეხედულებები აქვთ, ამის საწინააღმდეგოდ სახელმწიფო ყოველთვის მზად უნდა იყოს.
– თქვენ განაცხადეთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, ხომ არ მოხდება ამ კანონის ისევე ნაჩქარევად მიღება, როგორც ეს მოხდა რელიგიური გაერთიანებებისთვის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში?
– რელიგიური გაერთიანებებისთვის სტატუსის მინიჭება ძალიან სწორად და დროულად მოხდა და მეც დავეთანხმე ამ გადაწყვეტილებას. ეს ორი სხვადასხვა თემაა. «რეგიონულ ენათა ქარტიის» ამოქმედების საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და, სანამ საზოგადოება არ იქნება მზად, ქარტიის რატიფიცირება არ მოხდება, თუმცა ყოველთვის საზოგადოებას არ უნდა დაელოდო, რადგან არიან რეტროგრადული ძალები, რომლებსაც ყოველგვარი სიახლის ეშინიათ და არაფრის შეცვლა არ სურთ.
– როგორ მიხვდებით, როდის იქნება საზოგადოება მზად?
– მაგაშია ზუსტად პოლიტიკოსის გამჭრიახობა, მიხვდეს, როდის როგორ  მოიქცეს.
– მოგეხსენებათ, რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებამ საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია. არ ფიქრობთ, რომ ამ კანონის ამოქმედებასაც არანაკლები აღშფოთება მოჰყვება?
– ვიღაცის აღშფოთება შეიძლება მოჰყვა, რადგან საზოგადოების რაღაც ნაწილი არასდროს არაფრისთვის მზად არ იქნება. საზოგადოების ნაწილი კვლავ ფეოდალიზმის ხანაში ცხოვრობს და რა ვქნათ, ჩვენც ფეოდალიზმში დავბრუნდეთ, სამეფო წყობილება და ბატონყმობა აღვადგინოთ?
– მაგრამ გარკვეულ წრეებში მონარქიაზე საუბარი დღეს სერიოზულად და ლამის გადარჩენის გზად განიხილება.
– ვიღაცას შეიძლება უნდა მეფე, მაგრამ მე არ მინდა, ვინაიდან მიმაჩნია, რომ მონარქია საქართველოს დაღუპავს და რაღაც კურიოზების კუნძულად გადააქცევს, რომელიც დამოუკიდებლობასაც მალე დაკარგავს. ამიტომ გარკვეული საკითხების გადაწყვეტის დაჩქარება აუცილებელია. რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაცია არავისთვის საშიში და საფრთხის შემცველი არ ყოფილა, მაშინ, როცა «რეგიონული ენების ქარტია» უფრო რისკებს შეიცავს, რომელსაც  მომზადება სჭირდება.
– «ვიკილიქსის» ინფორმაციით, აშშ-ის ელჩი ჯონ ტეფტი 2008 წლის სექტემბერში ვაშინგტონისთვის გაგზავნილ ტელეგრამაში «სამართლიანად და კანონიერად» მიიჩნევს ეთნიკური სომხების მიერ საქართველოში სომხური ენის რეგიონულ ენად გამოცხადებას… აქედან გამომდინარე, საზოგადოების ნაწილი ხელისუფლების ამ ნაბიჯსაც ამერიკის შეერთებული შტატებისა თუ ევროსტრუქტურების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებად და მათ წინაშე დათმობაზე წასვლად აღიქვამს.
– ჯერ საერთოდ, არაოფიციალურ, მოპარულ დოკუმენტებზე კომენტარები რატომ უნდა გავაკეთო, ჩემთვის გაუგებარია. ამას გარდა, ამერიკისა და ნებისმიერი სხვა ქვეყნის ელჩი ვალდებულია, იმ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, სადაც იმყოფება, თავის ქვეყანას ინფორმაცია მიაწოდოს. ეს მათი სამუშაო პროცესია და არ ნიშნავს, რომ საქართველოს რაიმეს შესრულებას ავალდებულებენ; მითუმეტეს, ამერიკული მხარე ამაზე კომენტარს არ აკეთებს, ხოლო ადამიანები პირად მიმოწერაში რას წერენ, პოლიტიკაში ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია.
ევროპის საბჭოს რაც შეეხება, იქ «რეგიონულ ენათა ქარტია» მიღებულია და ევროსაბჭოში გაწევრიანების დროს ერთ-ერთ ვალდებულებად საქართველომ ამ ვალდებულების შესრულებასაც მოაწერა ხელი. მიმდინარეობს მსჯელობა, როცა გვეკითხებიან, თუ სომხეთმა მოახდინა ქარტიის რატიფიცირება, თქვენ რატომ არ ახდენთო, ჩვენ ვუხსნით, რომ ჩვენი მრავალეთნიკურობა განსხვავებულია სომხეთისგან. არავინ გვახრჩობს, რომ ხვალვე მოვაწეროთ ხელი, მაგრამ საკითხის განხილვა აუცილებელია.
– გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. თურქი მესხების საკითხის განხილვას ხელისუფლება 2011 წელს სერიოზულად აპირებს. რა ვითარებაა ამ ეტაპზე?
– მე მათ «თურქ მესხებს» არ ვეძახი, ჩემთვის ისინი მესხები არიან. მათ ძალიან რთული ისტორია განვლეს და ბევრმა მათგანმა ენაც დაკარგა და იდენტობაც, მაგრამ ისტორიული სამართლიანობა უნდა აღვადგინოთ.
რა თქმა უნდა, აღნიშნული საკითხის განხილვა მიმდინარეობს. გარკვეული ვადები იყო განსაზღვრული, რათა ამ ადამიანებს განცხადებებისა და დოკუმენტების წარდგენა შეძლებოდათ, რომ მართლაც საქართველოდან დეპორტირებულების შთამომავლები არიან და შემდეგ ამ განცხადებების განხილვა უნდა დაწყებულიყო და ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს.
– სარისკო ხომ არაა მათი საქართველოში დაბრუნება – ბევრმა მათგანმა არც ქართული ენა იცის და არც ქართველად მიიჩნევს თავს?
– რისკებმა არ უნდა შეგვაშინოს. იმის გამო, რომ ადამიანი ქართველად არ მიიჩნევს თავს და აქ რომ ჩამოვა, ვაიდა რაღაც მოხდეს, ამის გამო უარი ვუთხრათ საქართველოში დაბრუნებაზე, გაუმართლებელია. აქ ისეთი ვალდებულების შესრულებაზეა საუბარი, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას ეხება. ადამიანი ძალით გააგდეს ქვეყნიდან, სადაც დაიბადა, რომლის მოქალაქეც იყო და ითხოვს, რომ დააბრუნო. ამის არგაკეთება დიდ რისკებს შეიცავს, შეიძლება საქართველო ჩვენი უცხოელი მეგობრების თვალში  არათანამედროვე, არაადამიანურ სახელმწიფოდ გამოჩნდეს. გამოდის, რომ ჩვენ ისევე ვიქცევით, როგორც აფხაზები მოექცნენ ქართველებს. სწორედ ამით განსხვავდებიან ცივილიზებული ქვეყნები არაცივილიზებულებისგან.
საუბარია რამდენიმე ათას კაცზე, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დავასახლებთ და გარწმუნებთ, რომ არსად ისეთ კრიტიკულ ეთნიკურ სურათს არ შექმნის მათი დასახლება, რომ ეს კონფქლიტში გადაიზარდოს. პირიქით, ეს არის უნიკალური რეზერვუარი საქართველოს დემოგრაფიული ვითარების გასაუმჯობესებლად, რათა ჩვენ ერს შეემატოს თავისი შვილები, რომლებიც ერთ დროს დაკარგა.
ესაუბრა
შორენა ცივქარაშვილი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here