Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: ევროპელი ვერასდროს გავხდები

ჰამლეტ ჭიპაშვილი: ევროპელი ვერასდროს გავხდები

არ მინდა, საქართველოში კაცი კაცზე და ქალი ქალზე გათხოვდეს…
პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს და ღიად სდებს ბრალს, რომ ხელისუფლებას დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება არ სურს. როგორი პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობისას და რატომ ადანაშაულებს ხელისუფლებას _ ამის თაობაზე «საქართველო და მსოფლიოს» ჰამლეტ ჭიპაშვილი ესაუბრა.

_ თქვენ ცოტა ხნის წინათ გამოაქვეყნეთ წერილი აფხაზეთის თემაზე სათაურით «ხელისუფლება შარით ხარობს, ანუ აფხაზებზე «მზრუნველი» პარლამენტარი მალაშხია», სადაც მწვავედ აკრიტიკებთ ხელისუფლებას და წერთ, რომ «აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არსებობს ზოგიერთი ჯიუტი ქართველის აზროვნებაში და ხელისუფლებაც იძულებულია ანგარიში გაუწიოს მათ, ცხადია, მოჩვენებითი პატრიოტიზმითა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ასევე მოჩვენებითი სურვილით»…
რატომ ფიქრობთ, რომ ხელისუფლების სურვილი მხოლოდ მოჩვენებითია და სინამდვილეში მას დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება არ სურს?
_ ვაკვირდები რა საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, მექმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას აფხაზეთთან დაკავშირებით დღეს არსებული ვითარება აწყობს. ჩვენი ხელისუფლება, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც ამერიკის შეერთებული შტატების გარკვეული წრეების ნაყიდია და მათ დაკვეთას ასრულებს. საქართველო ბრმა იარაღია, სადგისის როლშია და, როცა დასჭირდება აშშ-ის ხელისუფლებას სადგისის, ანუ საქართველოს მეშვეობით ჩხვლეტს რუსეთს. ცხადია, რუსეთს ამით გარკვეული პრობლემები ექმნება, მაგრამ არა ისეთი სერიოზული, რომ ამით რუსეთი წაიქცეს, შედეგად ისევ ჩვენი ქვეყანა ზარალდება.
 

 
 
ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ დააშავა აფხაზებთან დაკავშირებით, რადგან არასერიოზულად ეპყრობოდა საქართველოს ტერიტორიულ პრობლემებს.  4 წლის განმავლობაში, 2004 წლამდე მე ჩართული ვიყავი აფხაზებთან მოლაპარაკებაში და გერმანიაში, აფხაზებთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს, ქარულ-აფხაზური ურთიერთობის გეგმაც კი ჩამოვაყალიბეთ, რომლის მიხედვითაც, ათი წლის განმავლობაში უნდა აღგვედგინა ქართულ-აფხაზური ურთიერთობა, საუბარი იყო ეკონომიკურ-კულტურულ ურთიერთობაზე, ოღონდ არ უნდა გვესაუბრა პოლიტიკურ სტატუსზე. იმ დონემდე მივიდა ჩვენი მოლაპარაკება, რომ აფხაზები იმითაც კი დაინტერსდნენ, იყო თუ არა შესაძლებელი, აფხაზეთის წარმომადგენლობის დასაფუძნებლად თბილისში ფართის შეძენა. მივედი მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნინო ბურჯანაძესთან და ვაუწყე ყველაფერი, მაგრამ ამ საკითხით არც მაშინდელი ხელისუფლება დაინტერესებულა.
შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა სააკაშვილი და აფხაზებს და ოსებს ეგონათ, რომ ის განსხვავებულ პოლიტიკას აწარმოებდა, მაგრამ ის შევარდნაძეზე უარესი გამოდგა. მიხეილ სააკაშვილი რომ სერიოზულად ფიქრობდეს ქვეყნის გაერთიანებაზე, სხვა ნაბიჯებს გადადგამდა, ელემენტარულად, გამომწვევ ტერმინოლოგიას შეცვლიდა.
_ როგორც პოლიტოლოგს, თქვენ რომელი გზა მიგაჩნიათ ეფექტურად დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად?
_ სიმართლე გითხრათ,
დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად დღეს მე გზას საერთოდ ვეღარ ვხედავ. ჯერ შევარდნაძის და შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, შანსი არ დატოვა აფხაზებთან და ოსებთან ნორმალური ურთიერთობის აღსადგენად.  2008 წელს, როდესაც საქართველომ გადადგა ძალიან ცუდი ნაბიჯი, დაიწყო ომი და ძალისმიერი გზით სცადა ტერიტორიების დაბრუნება, ამ ნაბიჯით დაკარგული რეგიონების დაბრუნებას სამუდამოდ წერტილი დაუსვა.
_ ანუ თქვენ იზიარებთ იმ ვერსიას, რომ ომი საქართველომ დაიწყო?
_ ეს ვერსია არ არის, ეს ფაქტია, რომელიც ტალიავინის კომისიამაც დაადასტურა. ვისაც ჩემი არ სჯერა, აღნიშნულ დასკვნას გაეცნოს.
ის ფაქტი, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და ამით მაშინდელი აშშ-ის ადმინისტრაცია იყო დაინტერესებული, ცხადია. მაკკეინს სჭირდებოდა არჩევნებში გასამარჯვებლად გამაღიზიანებელი ფაქტორი რუსეთის წინააღმდეგ და ეს ფაქტორი სწორედ საქართველო აღმოჩნდა.
რა საჭირო იყო ასეთი აგრესია? ღამე მძინარე ცხინვალს რომ დაბომბავ, მერე ვეღარ დაიბრუნებ.
_ საქართველოს პარლამენტის ტერიტორული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიას დემაგოგი და საქმის არმცოდნე უწოდეთ, რატომ დაიმსახურა მალაშხიამ თქვენი კრიტიკა?
_ შოთა მალაშხია თავხედი და უვიცია. როდესაც მალაშხია ამბობს, რომ ყველაფერი რიგზეა და გვარწმუნებს, თითქოს საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს აფხაზეთის არჩევნებს და არავინ ჩამოსულა აფხაზეთში დამკვირვებლად, იტყუება. თავად დავინახე, აფხაზეთის არჩევნებზე ევროკავშირის პარლამენტარი იმყოფებოდა.
_ მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება ხომ არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და, შესაბამისად, არც არჩევნების ლეგიტიმაციას?
_ ეს ახლა, თორემ გავა დრო და აღიარებს. ასე იყო კოსოვოსთან მიმართებაშიც. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, მრავალი წლის წინათ, როდესაც ეთიოპიაში ომი იყო გაჩაღებული, მათაც ჰქონდათ სეპარატისტული რეგიონი ერიტრეის სახით, მთელი მსოფლიო გმობდა მის სეპარატიზმს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც აშშ-ში, ერთ მაღლივ შენობაში აღმოვაჩინე ერიტრეის საელჩო. დღეს კი ერიტრეი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
_ რას ფიქრობთ ექსპერტ მამუკა არეშიძის იდეაზე, რომ საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს?
_ მამუკა არეშიძე უაღრესად ფრთხილი პიროვნებაა და, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი მეუღლე დიდი ხნის განმავლობაში სახელმწიფო კანცელარიაში მუშაობდა და ახლაც სახელმწიფო უწყებაში მუშაობს, ბუნებრივია, ის არ გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რაც მას და მის ოჯახს ავნებს. ვფიქრობ, მას ხელისუფლებამ დაავალა ამ წინადადების გაჟღერება, ვინაიდან ხელისუფლებას უკვე ტვირთად აწევს აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» საკითხი და ნატოში გაწევრიანებაშიც ხელს უშლის, შესაბამისად, მათი აღიარებით ამ პრობლემასაც სამუდამოდ მოიშორებს.
_ ზემოთ პოლიტიკური სტატუსი ახსენეთ, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შემთხვევაში, ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა როგორ გესახებათ?
_ როდესაც ედუარდ შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდა, ჩემდა გასაოცრად, ფოსტამ მომიტანა ვ. არძინბას წერილი, რომელიც შევარდნაძეს სწერდა, რომ სურს, შევარდნაძესთან საქართველოს პოლიტიკურ მოწყობაზე მოილაპარაკოს. არძინბა ორ ვარიანტს სთავაზობდა შევარდნაძეს _ ფედერაციის და კონფედერაციის. მე, ცხადია, ეს წერილი გადავეცი შევარდნაძეს, ამის შემდეგ არძინბამ მეორე წერილიც გამოაგზავნა, მაგრამ ამას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. არძინბას სრულიად მშვიდობიან და კონსტრუქციულ წინადადებას შევარდნაძემ ჯარითა და ძალადობით უპასუხა.
დღეს საქართველო ნებისმიერ ვარიანტზე თანახმა უნდა იყოს, ვინაიდან არჩევანი, უბრალოდ, არ გვაქვს, თუმცა საქართველოში არიან ადამიანები, მაგალითად, ნოდარ ნათაძე, რომლებიც მაინც ამბობენ, რომ არავითარი კონფედერაცია არ გვინდაო.
საქართველოს ისტორიისთვის უცხო არ არის ფედერალური მოწყობა. ფედერაციაც და კონფედერაციაც ავითარებს რეგიონს, მაგალითად აჭარაც გამოდგება.
_ თუმცა ოპონენტებს აქვთ არგუმენტი, რომ ავტონომიები სეპარატიზმის გაღვივების საფრთხეს წარმოშობს, მით უფრო საქართველოში…
_ ფედერაციულ ან კონფედერაციულ მოწყობას არავითარი მინუსი არ აქვს.  ვინც გულში ერთი წუთითაც კი გაივლებს, რომ ასლან აბაშიძეს საქართველოდან გამოყოფა უნდოდა, ერთი ადგილით უნდა დაიკიდოს, რადგან ეს არის მტკნარი სისულელე. როგორ შეიძლება აბაშიძე სეპარატისტად ჩაეთვალა ვინმეს, როცა ის თავს იკლავდა, საქართველოს პარლამენტში უმრავლესობით მოხვედრილიყო?! მართალია, აჭარას ჰყავდა ასლანის სახით მეთაური, მაგრამ ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხს, თუნდაც მინისტრის დანიშვნის საკითხსაც კი, საქართველოს ხელისუფალთან ათანხმებდა. რა ავტონომიაა, თუ დამლაგებელსაც ვერ ნიშნავ დაუკითხავად? ან დღევანდელი აჭარის ავტონომია ავტონომიაა, როცა სააკაშვილი «პრარაბივით» დარბის ბათუმის ქუჩებში?
მაგალითს გეტყვით. ასლანმა თხის ფერმა მოაწყო, ჯერ იყო და მაშინვე სიცილით იხოცებოდნენ თბილისში. რა მოხდა, რა იყო ამაში ცუდი? ეს იყო უნიკალური ჯიშის პროდუქტიული თხები. ასლანი რომ გააგდეს, აღარც ამ ფერმას აქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ ერთმა აჭარელმა კაცმა, ფერმაში მუშაობის დაწყება გადაწყვიტა და იქაურმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა უთხრა, ეს ისეთი საკითხია, თბილისში უნდა გადაწყდესო. წარმოგიდგენიათ? სააკაშვილთან შეუთანხმებლად კაცი თხების ფერმაში მუშად ვერ მიიღეს.
_ ზემოთ ნახსენებ წერილში თქვენ საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებთ საქართველოს ხელისუფლების რეფორმებს, მაგრამ, ბატონო ჰამლეტ, ცუდია, როდესაც გზები იგება და შენობები შენდება?
_ ეს ცუდი არ არის, მაგრამ, როდესაც ანაკლიას აშენებ და მილიონებს ხარჯავ, გვერდით კი ისტორიული ქალაქი ფოთი უწყლობით იტანჯება და მსგავსი პრობლემები აწუხებს ზუგდიდის, ბათუმის, ქუთაისის მოსახლეობას, ეს ნორმალურია? რად მინდა პიაცა, თუ წყალი არ მაქვს? ან ბათუმს პიაცასთან რა კავშირი აქვს? ყველა ქალაქს თავისი იერსახე აქვს და არ სჭირდება ეს ზიზილ-პიპილო რაღაცებით მორთვა-მოკაზმვა.
კარგია მშენებლობები და კონცერტები, მაგრამ ამით ტურიზმის განვითარება წარმოუდგენელია. ტურიზმის განვითარება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და, პირველ რიგში, _ გამართულ ინფრასტრუქტურაზე. დღესდღეობით ისევ ჩვენი მეზობელი სომეხი, აზერბაიჯანელი და ირანელი ტურისტების ხარჯზე გავდივართ იოლად, მაგრამ ამით ტურიზმს ვერ განავითარებ. აქ ევროპელი არ ჩამოვა. ევროპელი ტურისტი ცოტა პრეტენზიულია და მას თურქული პესტიციდებიანი საკვებით ვერ გაუმასპინძლდები.
ამას გარდა, რაც ააშენეს, უხარისხო გამოდგა (ოპერის თეატრისა არ იყოს, ელისო ვირსალაძეს თავზე წყალი რომ ჩამოუვიდა). ხელისუფლება ფულს უაზროდ ხარჯავს. გურიაში ხალხი შიმშილით იხოცება. გურია 450 ათას ტონა ჩაის აწარმოებდა და დღეს 5 ათას ტონასღა აწარმოებს. გურულები  სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ჩაის ბუჩქის რეაბილიტაციისთვის თანხის გამოყოფას ეხვეწებიან, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევთ.
_ თქვენ ამერიკის წინაშე აღებული ვალდებულებები ახსენეთ, თუმცა საქართველოს ევროსაბჭოში შესვლის დროსაც აქვს ხელი მოწერილი გარკვეული ვალდებულებების შესრულებაზე. როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში საქართველო? მაგალითად, პარლამენტარ დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ეთნიკური უმცირესობების ენების რეგიონულ ენებად აღიარების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
_ ეს გამოიწვევს იმავეს, რაც რელიგიის შესახებ კანონში მიღებულმა ცვლილებამ გამოიწვია, რაც ძალიან ცუდი იქნება საქართველოსთვის. ევროსაბჭო რასაც გეტყვის, ყველაფერი არ უნდა შეასრულო, მაგრამ ახლა, რა თქმა უნდა, რთულია ამაზე საუბარი. თავის დროზე უნდა გაეთვალისწინებინათ, რაზე აწერდნენ ხელს. პატივცემული ზურაბ ჟვანია რომ ჩაბრძანდა ევროპაში და განაცხადა, ევროპელი ვარო, სულ არ მინდა, თავი ევროპელად ჩავთვალო, რადგან სულაც არ მიმაჩნია, რომ ევროპა არის ამოსავალი წერტილი და მისაბაძი მაგალითი.
ჩემი მენტალიტეტიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე, მე ევროპელი ვერასდროს გავხდები. არ მინდა აქ კაცი კაცზე და ქალი ქალზე გათხოვდეს, არ მინდა გეი-პარადები, ევროპა კი ამ ყველაფერს მავალდებულებს.
ეს ყველაფერი საქართველოსთვის ძალიან ცუდად შეიძლება დასრულდეს, მითუმეტეს, _ ასეთი ბრიყვი ხელისუფლების ხელში.
_ ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხია მეზობელი სახელმწიფოების თემა. რას ფიქრობთ შოთა არველაძის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ «რუსეთს სურს, მისი გვეშინოდეს, თურქეთი კი პატივისცემით გვეპყრობა. ამით განსხვავდება ეს ორი ქვეყანა».
მიუხედავად იმისა, რომ დღეს თურქეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, იმავე ისტორიულ გამოცდილებას თუ გადავხედავთ, რამდენად საიმედო მეგობარი შეიძლება იყოს თურქეთი ჩვენთვის მომავალში?
_ შოთა არველაძე ვინ არის? მიხედოს ფეხბურთს, მან რა იცის პოლიტიკა? ფეხბურთელები, კალათბურთელები და ზოგიერთი მოცეკვავე-მოხტუნავეები და ტაკიმასხარები პოლიტიკაში არ  უნდა ჩაერიონ. მათი საქმე არაა. მითუმეტეს, რა არველაძის საქმეა პოლიტიკა? გაჩანაგებულ ქართულ ფეხბურთს მიხედოს.
ასეთი აზრები და ფრაზები სააკაშვილის დედისგან მომდინარეობს.  ისტორიული ფაქტებს თუ გადავხედავთ, თურქეთი ყოველთვის ცუდად უყურებდა საქართველოს ტერიტორიას და მისი გავლენის სფეროდ მიაჩნდა. პოლიტიკაში მეგობრობა არ არსებობს, პოლიტიკაში არსებობს ინტერესი. თურქეთის ინეტერსები ძალიან შორსმიმავალია. სააკაშვილის ხელისუფლებას აქვს კონტაქტები ამერიკაში არსებულ თურქულ ჯგუფებთან, რომლებიც მუდამ იმას ქადაგებენ, რომ ძველი თურქული იმპერიის დიდება უნდა აღდგეს.
თურქეთს თავისი ინტერესები აქვს და ძალიან რთულია, ისაუბრო, რომ თურმე თურქეთი მეგობარია და რუსეთი _ მტერი. არველაძე თურქეთში თამაშობდა და, ალბათ, აქედან მომდინარეობს მისი განცხადებაც. მას რომ რუსეთში ეთამაშა, დარწმუნებული ვარ, რუსეთზეც იმავეს იტყოდა. მიმუშავია წლების განმავლობაში და თურქებსაც კარგად ვიცნობ და რუსებსაც, ისეთი ქვეყანა, როგორიც რუსეთია შენ უნდა გამოიყენო საკუთარი ინტერესების დასაცავად ამ მუსლიმანურ გარემოცვაში.
_ თურქეთმა მიტაცებული ისტორიულ-კულტურული ძეგლების დაბრუნებაზე დაიწყო საუბარი, თუ არის სიაში ქართული ისტორიული ძეგლები?
_ არავითარი ისტორიული ძეგლების დაბრუნებაზე საუბარი არაა. თურქეთი, უბრალოდ, ნებას გვრთავს, აღდგენითი სამუშაოები ჩავუტაროთ იმ ისტორიულ ძეგლებს, რომლებიც არის თურქეთის ტერიტორიაზე. სანაცვლოდ კი ულტიმატუმს გვიყენებს _ საქართველოში გრანდიოზული მეჩეთები ავაშენოთ.
არავინ არ დაგვიბრუნებს ისტორიულ ძეგლებს და ესეც ამ ხელისუფლების უჭკუობის ბრალია. რად უნდოდა რესტავრაციის შეთანხმებაზე თურქებთან საუბარი? ამისთვის არსებობს იუნესკო და დაესვა ეს საკითხი ხელისუფლებას. იუნესკო აიძულებდა თურქეთს, რომ მას თავად, თავის ტერიტორიაზე, ყოველგვარი მოთხოვნების გარეშე აღედგინა ძეგლები, რომლებიც მისი უყურადღებობით ხან მეჩეთად, ხან თავლად და ხან ტუალეტად გადააკეთეს.
_ საქართველოს კიდევ ერთი მეზობლისა და მეგობრის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის _ ილხამ ალიევის განცხადებას ავრცელებს ჭიკიLეაკს-ი, სადაც ალიევი ამბობს, რომ საქართევლო მისი უპირობო მოკავშირეა. «რუსეთს სომხეთი ჰყავს, ჩვენ კი _ საქართველო».
_ ალიევი ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი და დიპლომატია, რასაც ვერ ვიტყვით სააკაშვილზე. ის საკმაოდ წარმატებულად ლავირებს რუსეთსა და დასავლეთს შორის. ალიევს კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან და აზერბაიჯანი საქართველოს გულისთვის არავითარ შემთხევევაში რუსეთთან ურთიერთობას არ გაიფუჭებს. რას მისცემს მას საქართველოს ხელისუფლება რუსეთზე მეტს? ერთადერთი, გავლენის სფეროებს თუ მისცემს და ამიტომაცაა, თურქეთის მსგავსად, აზერბაიჯანის გავლენის სფეროები საქართველოში ძალიან რომ გაფართოვდა.
მართალია, ალიევი დროდადრო რუსეთის გამოსაფხიზლებელ განცხადებებს აკეთებს ხოლმე, მაგრამ ეს განცხადებები არ შეიცავს რუსეთის შეურაცხმყოფელ სიტყვებს, როგორიც საქართველოს ხელისუფლებას ახასიათებს.
_ თანამედროვე ქართულ პოლიტიკას რაც შეეხება, ოპოზიცია «ცხელ პოლიტიკურ შემოდგომას» გვპირდებოდა, თუმცა ჯერჯერობით სიმშვიდეა. პოლიტიკოსები დიდად არ აქტიურობენ. შესაძლოა, ოპზოციისგან რაიმე საინტერესო სიურპრიზებს ველოდოთ?
_ არაფერს არ უნდა ველოდოთ, ვინაიდან სძინავს როგორც ოპოზიციას, ისე ხალხს. ტკბილად იძინეთ, ქართველებო… რადგან ოპოზიცია, რომელმაც ხალხი უნდა გამოაფხიზლოს, თავადაა გამოსაფხიზლებელი, ის, ფაქტობრივად, შეკრულია ხელისუფლებასთან. ნინო ბურჯანაძისა და ერთი-ორი პოლიტიკოსის გარდა, 18 პარტია იღებს სახელმწიფოსგან დაფინანსებას. მათ შორის თარგამაძის «ქრისტიან-დემოკრატები» პირველ ადგილზეა და წლის განმავლობაში 600 000 ლარს იღებს. ჯონდი ბაღათურიას ერთკაციანი პარტია 90 000 ლარს იღებს წელიწადში. საკმაოდ დიდ თანხას იღებენ ხელისუფლებისგან ლეიბორისტები, შარტავას «ეროვნული ფორუმი»… მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციაზე ბრძენი აღმოჩნდა, მთელი ოპოზიცია იყიდა.
«გრეჩიხამ» ჯერ ხალხი გამოიყვანა ქუჩაში, მერე ივაჭრა ხელისუფლებასთან, მისცეს მილიონები და დააწყნარეს. ოპოზიციამ იჟივჟივა რაღაც საარჩევნო სიებთან დაკავშირებით, ისევ ფული მისცა მიშამ და ისინიც დამშვიდდნენ.
სამწუხაროდ, დღეს ასეთი რელობა გვაქვს: სააკაშვილმა იყიდა ოპოზიცია, იყიდა ინტელიგენცია _ პაატა ბურჭულაძე, ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, მწერლები, მომღერლები, ბიზნესმენები.
გაკვირვებული ვარ, ამხელა ავტორიტეტის მქონე, დიდ მომღერალს ნანი ბრეგვაძეს რა გაუჭირდა ისეთი, რომ სტეფანეს გვერდით არ ეტინგიცა? საკუთარ თავს ხომ უნდა სცე პატივი? რაში სჭირდება პაატა ბურჭულაძეს «ქეთო და კოტეში» სიმღერა? ბუბა კიკაბიძეს რა სჭირს, რომ სააკაშვილს ქებათა-ქება არ შეასხას ყოველ ინტერვიუში? მაგრამ ვალები გაუსტუმრა, საიუბილეო კონცერტის დროს 200 ათასი ლარი აჩუქა და ისიც კმაყოფილია. ნინო ანანიაშვილს, როდესაც ქართული ბალეტი ამერიკაში გასტროლებზე წავიდა, 400 ათასი აშშ დოლარი მისცეს.
_ თუმცა ჩამოთვლილთა შორის პაატა ბურჭულაძეს საქველმოქმედო ფონდი აქვს და ის პირიქით, იქეთ ეხმარება ადამიანებს…
_ ნუ დაგვავიწყდება, რომ ის ქველმოქმედებას კომპანია «ვისოლთან» ერთად ახორციელებს, რომელიც სააკაშვილის ძმის კუთვნილებაა. მშვენიერი საერთო ენა გამონახეს.
რასაც ქართველი ბიზნესმენები კადრულობენ, რა უნდა ვთქვათ. ხელისუფლებამ თავად შექმნა ბიზნესმენები _ როცა უნდათ, ართმევენ, როცა უნდათ, აძლევენ. აბა, გეგენავას ან რურუების ბიზნესმენობა ვის გაუგია? ან კიდევ, ბიზნესმენი კობა ნაყოფია როა, ხომ გადაახდევინეს 40 მილიონი რაღაც ნაგავ ფილმში? სამაგიეროდ, ხალხი არავის ახსოვს. არავინ ფიქრობს, რას ჭამს ქართველი. მდინარე მაშავერა საშინლად დაბინძურებულია, არადა, ამით ირწყვება საქართველოს ვრცელი ტერიტორია, აქედან მიღებული დაავადებული პროდუქტი კი თბილისის ბაზრებზე იყიდება და არავინ ამოწმებს. სამაგიეროდ, ესენი სატინგიცოდ  ფილმებს იღებენ და კონცერტებს აწყობენ.
რა უნდა გვეშველოს, როცა საზოგადოების ნაწილი დაშინებულია, ნაწილი კი _ მოსყიდული? ვის ახსოვს საქართველო? არც არავის!..
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here